კოღოს გარდა, კიდევ რა გზით ვრცელდება ზიკა ვირუსი და რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო
ზიკა ვირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ძირითადად, სამხრეთ ამერიკაში. კონკრეტულად კი ბრაზილიაში. თუმცა მაჩვენებლები სწრაფი ტემპებით იმატებს. ცოტა ხნის წინ მისი არსებობა რუსეთშიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მისი გადამტანი კოღო საქართველოშიც გვყავს. საინტერესოა, არის თუ არა მოსალოდნელი ამ ვირუსის საქართველოში გავრცელება; როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან და რატომაა წითურა ზიკა ვირუსზე გაცილებით საშიში.
პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი): ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული ედეს სახეობის კოღოს ნაკბენით. კოღოსთვის ინფიცირების წყაროს დაავადებული ადამიანი წარმოადგენს. თუმცა, რამდენიმე შემთხვევის მაგალითად უკვე დადასტურებულია, რომ ეს ვირუსი სქესობრივი გზითაც ვრცელდება.
– საქართველოს თუ ემუქრება საფრთხე?
– როცა ვირუსი ვრცელდება, რისკის ქვეშ ჩვენც ვართ. რა თქმა უნდა, თუმცა, ეს რისკი ძალიან მაღალი არ არის, რადგან ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მთელი საქართველო სამხრეთ ამერიკაში, კოპა-კაბანას პლაჟზე ისვენებს, სადაც მისი გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. დიდი არა, მაგრამ შემოტანის რისკი მაინც არსებობს. სამწუხაროდ, კოღოს ეს სახეობა ჩვენთანაც არის. ის პირველად 2014 წელს ვიპოვეთ აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში, ქალაქგარეთ, სადაც ღია საბურავების საწყობია – ერთ წერტილში და სამეგრელოს ტერიტორიაზეც – ერთ წერტილში. ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო პირველად საქართველოში სამოცი წლის წინ დაფიქსირდა, მერე, რაღაც პერიოდი, აღარ ყოფილა და ახლა ისევ გამოჩნდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც გლობალურ დათბობასაც უკავშირდება. იცვლება გადამტანების გავრცელების არეალი.
– თუმცა, ზიკა ვირუსის შემთხვევა რუსეთშიც დაფიქსირდა. ეს არ ნიშნავს საფრთხის მოახლოებას?
– რუსეთშიც დაფიქსირდა და ევროპაშიც რამდენიმე ასეული შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებული შეიძლება, ჩვენთანაც ჩამოვიდეს, მაგრამ მისი გადამტანი კოღოს რაოდენობა იმდენად მცირეა და გავრცელების არეალი შეზღუდული, რომ დაავადების გადატანის ალბათობა პრაქტიკულად, არ არის.
– ვირუსი ნაკლებად საშიშია მოზრდილებისთვის, თუმცა ფეხმძიმეებისთვის დიდ რისკს შეიცავს.
– ეს ვირუსი პრობლემაა ნაყოფისთვის. ძირითადად, მიკროცეფალიას იწვევს, ანუ თავის ტვინი ვერ ვითარდება. პატარაა თავის ქალა, შესაბამისად, ტვინიც პატარაა და ამ დროს ბევრი ნევროლოგიური დარღვევა ვითარდება. ასეთი 300-მდე დადასტურებული და 1 700 გამოსაკვლევი შემთხვევა არსებობს. ამიტომაც, ზოგიერთ ქვეყანაში ურჩიეს მოსახლეობას, რომ სანამ ზიკაა გავრცელებული, ნუ დაფეხმძიმდებიან, რადგან იმდენად შეუმჩნევლად შეიძლება, განვითარდეს ეს ვირუსი, ადამიანმა ვერც გაიგოს, რომ დაავადებულია. გვყავდა გრიპისმაგვარი სიმპტომებით ბრაზილიაში ნამყოფი პაციენტი. გავტესტეთ, მაგრამ ზიკა არ აღმოჩნდა.
– რა სიმპტომებით ხასიათდება ზიკა ვირუსი?
– მას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს. ჩვეულებრივ ახასიათებს: თავის ტკივილი, ცხელება, ზურგის ტკივილი, გამონაყარი და კონიუქტივიტი. თუმცა, მისი ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთშია გამოხატული სიმპტომები. ანუ, ხუთი დაავადებულიდან, ავად შეიძლება, ერთი გახდეს. დაავადებას, ხშირ შემთხვევაში, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა და ის 2-იდან 7 დღემდე გრძელდება.
– პრევენცია თუა შესაძლებელი?
– ჯერჯერობით ზიკა ვირუსის ვაქცინაცია არ არსებობს. პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით, სპეციალური რეპელენტების გამოყენებით. მისი გამავრცელებელი კოღოები ძირითადად დღისით იკბინებიან და ამიტომ მათი გავრცელების არეალში აუცილებელია კოღოების კბენისგან თავდაცვა სპეციალური ბადეების მეშვეობით. გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარება არაკეთილსაიმედო ქვეყანაში მოგზაურობისას და დაცული სქესობრივი კონტაქტი. მკურნალობა სიმპტომების მიხედვით ხდება და რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, დასვენება. საჭიროა ბევრი სითხის მიღება გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად და სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. არ არის რეკომენდებული ასპირინი, სისხლჩაქცევების რისკის გაზრდის გამო.
– კოღოების მიერ გადატანილ სხვა დაავადებების შესახებ რისი თქმა შეიძლება?
– ზიკას ვირუსის გადამტან კოღოებს, ასევე შეუძლიათ, დენგეს, ჩიკუნგუას და ყვითელი ცხელების გადატანა. ესენი უფრო მძიმე დაავადებებია, ვიდრე ზიკა. მაგრამ ზიკა უფრო ფართოდაა გავრცელებული. ევროპაში უკვე დაიფიქსირდა დენგეს შემთხვევები. სამი წლის წინ ჩვენც გვყავდა დენგეთი დაავადებული უცხოელი სტუდენტი, თუმცა ჩვეულებრივად მოვარჩინეთ და არავის გადასდებია. ის უფრო მძიმედ და მეტი გართულებით მიმდინარეობს. თუმცა, იშვიათად, მაგრამ გარდაცვალების მიზეზიც შეიძლება გახდეს. საქართველოში გადამტანების მიერ გავრცელებული დაავადებებიდან, მალარია აღარ გვაქვს. ცოტა ხანში ვაპირებთ სერტიფიცირებას, როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის, რადგან უკვე სამი წელია, მისი ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კიდევ ერთი სახიფათო დაავადებაა ლეიშმანიოზი, რომელიც ცხოველიდან ადამიანს მცირე ზომის მწერის, ფლებოტომუსის საშულებით გადაეცემა. ის კბენს დასნებოვნებულ ძაღლს და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის კბენისას, მას აავადებს. მისი რაოდენობა ბოლო წლებში ორჯერ შემცირდა, მაგრამ მაინც არის. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, ის ლეტალურადაც დასრულდეს.
მძიმე დაავადებაა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ ცხოველებიდან ადამიანზე. საქართველოში ძირითადად, გავცელებულია ხაშურის რაიონში და სამცხე-ჯავახეთში. იშვიათი დაავადებაა, წელიწადში შეიძლება, სამჯერ დაფიქსირდეს, მაგრამ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ახასიათებს სისხლჩაქცევები, სისხლდენა და შესაძლოა, ლეტალურადაც დამთავრდეს.
ასევე, ტკიპების მეშვეობით გადადის ლაიმის დაავადება, რომელიც ჩვენთან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება. თავიდან მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ გართულდა და ნევროლოგიური ფორმა მიიღო, მძიმე შედეგი დგება. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მწერების კბენისგან თავის დაცვა მწერების დამაფრთხობლებით. ტკიპების ხელით მოშორება ყველაზე დიდი რისკია, რადგან სწორედ ამ დროს ხდება, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანის დაავადება.
– ზიკა ვირუსის ფონზე, ნაკლებ საფრთხედ აღიქვამენ წითურას, თუმცა რეალურად, ის უფრო საშიშია, არა?
– ეგ არის ყველაზე გასაოცარი. წითურა თუ ორსულს შეხვდა, გაცილებით მძიმედ აზიანებს ნაყოფს, ვიდრე ზიკა. ზიკას შემთხვევაში, კიდევ არის შანსი, რომ ნაყოფი არ დაზიანდეს, მაგრამ წითურას დროს, ეს გამორიცხულია. საქართველოში ბევრი შემთხვევაა, როცა ორსულს ემართება წითურა და იძულებული ხდება, ორსულობა შეწყვიტოს, რადგან ის იწვევს ბავშვის ფიზიკურ სიმახინჯეებს. ახალშობილი შეიძლება, იყოს უსინათლო, სმენადაქვეითებული ან საერთოდ, დაიღუპოს. არადა, წითურას აცრა არსებობს და ამ ყველაფრის თავიდან არიდება მარტივადაა შესაძლებელი. თუმცა, რატომღაც ზიკასი ეშინიათ და წითურასი არა.