იყო თუ არა ბერიაზე განხორციელებული ტერაქტი თავად მისივე დადგმული
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა და მისი სახელი მილიონობით ადამიანს შიშის ზარს სცემდა. ბერიასთან ასოცირდება თითქმის ყველა სისხლიანი რეპრესია საბჭოეთში და მისი სახელი უკავშირდება მრავალ შავ-ბნელ დანაშაულს. ლავრენტი ბერია ბოროტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და რა საშინელებას არ მიაწერენ მას. ბერია, რა თქმა უნდა, ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც მისი ბიოგრაფიის მკვლევრები ამტკიცებენ, არც ისეთი მონსტრი იყო, როგორადაც ის ხრუშჩოვისეულმა პროპაგანდამ დაგვიხატა. პუბლიცისტი, ისტორიკოსი სამსონ ნოგინსი წერს: „ლავრენტი ბერიას სწრაფ, თავბრუდამხვევ კარიერას ბიძგი, რა თქმა უნდა, სტალინმა მისცა. მაგრამ, ბერიას არასდროს დაუკავებია ისეთი თანამდებობა, რომელიც არ ეკუთვნოდა. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო და საბჭოთა ბელადი ყოველთვის ზუსტად არჩევდა კადრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტალინი თავის ფიგურებს უშეცდომოდ განალაგებდა იმ დაფაზე, რომელსაც საბჭოთა სახელმწიფო ერქვა. ლავრენტი ბერია კი ამ დაფაზე ბელადის მთავარი ფიგურა გახლდათ.
სრულიად ნორჩმა ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ ბაქოში გამოიჩინა თავი. წონიან, მრავლისმნახველ რევოლუციონერ ბოლშევიკ-არალეგალებს ბაქოს იატაკქვეშეთში დაამახსოვრა თავი და უფროსობის აღფრთოვანება დაიმსახურა. 1915 წლის თებერვალში ბაქოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის რეზიდენტი სერგეი კიროვი თბილისში სტალინს სწერდა: „ძვირფასო კობა, გავიგე, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ძღვენი სრულიად მიიღეთ და მშვიდობიანად დააბინავეთ. გილოცავ! მაგრამ აქვე დავამატებ, რომ არა ჩვენი მეგობარი „სხარტი“, შეიძლება, ეგ ძღვენი არც კი მიგეღო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „სხარტი“ ძალიან გონიერი, მამაცი და არტისტული პიროვნებაა. აღფრთოვანებული ვარ მისით და გირჩევ, ყურადღება მიაქციო“.
„სხარტი“ ლავრენტი ბერიას არალეგალური ფსევდონიმი იყო ბაქოს იატაკქვეშეთში, რომელიც მას თავად კიროვმა შეარქვა. 1915 წლის თებერვალში, ბაქოს სამრეწველო ტექნიკუმის სტუდენტი ლავრენტი ბერია ჯერ 16 წლისაც არ იყო და ბოლშევიკ-არალეგალებს დიდ სამსახურს უწევდა. კიროვის მიერ სტალინისადმი მიწერილ დაშიფრულ წერილში კი, ბოლშევიკთა რეზიდენტის აღრთოვანება ბერიას საქციელმა გამოიწვია, როცა იატაკქვეშელები ბაქოდან თბილისში საბრძოლო შაშხანებს უგზავნიდნენ სტალინს. 200 ცალი შაშხანა ბოლშევიკ-იატაკქვეშელებმა კასპიის ზღვით, პატარა ნავით ჩამოიტანეს ბაქოში. ურემზე გადატვირთეს. ფიჩხითა და ნაპობი შეშით შენიღბეს და ველური სანაპიროდან რკინიგზის სადგურში მიჰქონდათ, რომ თბილისისკენ მიმავალ მატარებლებში გადაეტვირთათ. ურემს წვერმოშვებული, გლეხის სამოსში გამოწყობილი სერგეი კიროვი და ბავშვურად ჩაცმული ლავრენტი ბერია მიაცილებდნენ. წინასწარ მოფიქრებული გეგმით, ისინი ვითომ მამა-შვილი იყვნენ და სახლში შეშა მიჰქონდათ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რომ შევიდნენ, ურემში შებმული ხარი უცებ აბღავლდა, გაიწია და რადგან „მამა-შვილმა“ მისი შეკავება ვერ მოახერხა, ბაქოს ნავთობკონსორციუმის ინჟინრის ეტლს დაეჯახა და დააზიანა. შეიქნა ჩოჩქოლი. მოვიდა პოლიცია და „მამა-შვილი“ თავიანთი „შეშიანად“ პოლიციაში მიჰყავდათ. იქ კი ურემს გაჩხრეკდნენ და იარაღს აღმოაჩენდნენ. კიროვი უკვე გაქცევას აპირებდა და ბერიას ანიშნა – წავედითო... პატარა ლავრენტი კი მოულოდნელად ატირდა, ცრემლებს ღვრიდა და პოლიციელს ეხვეწებოდა: „გაგვიშვი რა, ბიძია, გაგვიში... სახლში გაყინული, ავადმყოფი დედა გველოდება და შეშას თუ დავუგვიანებთ, მოკვდება...“ საგულისხმოა, რომ ბერია ამ სიტყვებს უაქცენტო აზერბაიჯანულით ამბობდა. შემდეგ ბერია აკანკალდა, მიწაზე დაეცა და კრუნჩხვები „დაემართა“... კიროვი ამ სცენას თავდაპირველად გაოგნებული მისჩერებოდა. შემდეგ ისიც ჩაერთო თამაშში. „დაკრუნჩხული შვილისკენ“ დაიხარა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა, თან შველას ითხოვდა... ერთი სიტყვით, „მამა-შვილი“ გაუშვეს. მათ იარაღი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს და თბილისში გაგზავნეს. ხოლო, კონსპირაციულ ბინაში რომ დაბრუნდნენ, კიროვმა თავის უმცროს მეგობარს მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– ყოჩაღ, შვილიკო, ყოჩაღ! რა კარგად მოიფიქრე და შეასრულე ყველაფერი. სხარტი ხარ, ნამდვილი სხარტი და სწორედ „სხარტი“ იქნება დღეიდან შენი ფსევდონიმი...
ლავრენტი ბერია თავის „ნათლიას“ დიდ პატივს სცემდა და აფასებდა, როდესაც სერგეი კიროვი მოკლეს, ლენინგრადში, დასაფლავებაზე ჩასული ლავრენტი ბერია მდუღარე ცრემლებს ღვრიდა მის ცხედართან.
სწორედ კიროვის წერილის შემდეგ მიაქცია სტალინმა ბერიას ყურადღება და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა, აანალიზებდა და მასში (ბერიაში) ზუსტად ამოიცნო ის ფიგურა, რომელიც მომავალ დიდ თამაშში გამოადგებოდა. სწორედ ამიტომაც დანიშნა სტალინმა 23 წლის ბერია ჯერ პოლიტიკური სამმართველოს („გეპეუ“) ხელმძღვანელად, ოთხ წელიწადში კი, საქართველოს „ჩეკას“ უფროსობაც უბოძა, ბერიას ყოველ აღზევებას პროტესტითა და გულისწყრომით ხვდებოდნენ საქართველოს პარტიული მმართველი ძველი ბოლშევიკები. მათ სტალინს რამდენჯერმე პროტესტითაც მიმართეს და ბერიას გადაყენება მოსთხოვეს. ბელადმა კი პირიქით გააკეთა და ბერია 31 წლის ასაკში საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშნა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ცეკას პირველი მდივნობაც უბოძა და „სხარტი“ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს 4 წელი ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა ლავრენტი ბერიამ ამიერკავკასია საბჭოეთის მოწინავე მხარედ გადააქცია. თუმცა, არც ძველი მტრები დავიწყებია და ვინც კი მის აღზევებას სტალინთან აპროტესტებდა, ანუ ქართველ ბოლშევიკთა ძველი თაობა, წმენდაში გაატარა და „ჩეკას“ ხელით გაანადგურა.
ბერიას საბრალდებო პროცესზე მის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ ქართული პატრიოტული ელიტის განადგურება იყო. ლავრენტი ბერიას კი საკუთარი მოსაზრება გააჩნდა ამის თაობაზე და ამბობდა: „ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ან მე უნდა დავღუპულიყავი, ან ისინი. მე მათი განადგურება ვარჩიე. მით უმეტეს, რომ ომი სწორედ მათ დამიწყეს, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ...“
ძველ ბოლშევიკთა ქართულ პატრიოტულ ელიტას ლავრენტი ბერია სძულდა. მას არსაიდან მოსულ, პროვინციელს უწოდებდნენ და ჯერ აბუჩად აგდება დაუპირეს. მაგრამ, როცა არ გამოუვიდათ და მიხვდნენ, თუ რა გონიერ, ეშმაკ ადამიანთან, თანაც სტალინის ფავორიტთან ჰქონდათ საქმე, მისი ფიზიკური ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და ტერაქტი მოუწყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ცეკას პირველ მდივანს პირადი დაცვა ეკუთვნოდა, ლავრენტი ბერია პირველ ხანებში დაცვის გარეშე, ფეხით დადიოდა. ის მაჩაბლის ქუჩიდან, სადაც ცხოვრობდა, ფეხით დაეშვებოდა ხოლმე კიროვის ქუჩაზე. ლენინის (ბერიას) მოედნიდან რუსთაველის გამზირს გაუყვებოდა და ჩიტაძის (9 აპრილის) ქუჩის ავლით მიდიოდა ცეკას შენობაში. თან, გზადაგზა ყველაფერს ათვალიერებდა და გამვლელ-გამომვლელებსაც ელაპარაკებოდა. 1936 წლის 8 მაისს ლავრენტი ბერია ჩვეული მარშრუტით მიდიოდა სამსახურში. „პიონერთა სასახლეს“ რომ გაუსწორდა, ერთ-ერთი სვეტიდან მოულოდნელად ოცდაათიოდე წლის მამაკაცი გამოხტა, ხუთიოდე მეტრიდან „მაუზერის“ სისტემის პისტოლეტი მიუშვირა და მხოლოდ ერთხელ მოასწრო სასხლეტზე თითის გამოკვრა და გასროლა. თუმცა, ააცილა... 37 წლის ბერიამ, რომელიც სისტემატურად ვარჯიშობდა და მშვენიერ ფორმაში იყო, გასროლამდე მოასწრო ტაბელური „ნაგანის“ რევოლვერის ამოღება, თან მიწაზე დაწვა, თავდამსხმელს ორი ტყვია მარჯვენა მხარში გაარტყა და იარაღი გააგდებინა. ტერორისტი გაიქცა, თუმცა ბერიას დაცვამ, რომელიც საკმაოდ შორს მიჰყვებოდა მას (ბერიას), თავდამსხმელი დააკავა. ის 34 წლის ვინმე გიზო ხიმშიევი აღმოჩნდა, რომელიც „ჩეკაში“ წაიყვანეს დაკითხვაზე და მისი მეშვეობით გავიდნენ შემკვეთებზე. უახლოესი ორი დღის განმავლობაში „ჩეკამ“ 19 ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის უმეტესობა ძველი ბოლშევიკი იყო, ანუ ყოფილი თანამდებობის პირები, ვინც სტალინს ბერიას გადაყენებას სთხოვდა. ძიება 1937 წლამდე გაგრძელდა, თებერვალში კი ყველა დახვრიტეს, მათ შორის ტერორისტი ხიმშიევიც.
ზოგიერთი „ურწმუნო თომა“ იმასაც კი ამბობს, ბერიაზე თავდასხმა მისივე დადგმული იყოო, მაგრამ გასაიდუმლოებული პარტიული არქივები საპირისპიროზე მეტყველებს – ბერია საკუთარმა სისხარტემ იხსნა.“