რა იწვევს სახსრებში მარილების დაგროვებას და აქვს თუ არა მასთან კავშირი მლაშე საკვებს
მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას. კვება კი ჩვეულებრივი უნდა იყოს, საჭირო არ არის განსაკუთრებული დიეტა. მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის სახით, უნდა შეიზღუდოს საკვები, კერძოდ, პურეული, ტკბილეული, ცხიმი. ბევრი დიეტოლოგის აზრით, არ არის სწორი, თითქოს მლაშე საჭმელი აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. სუფრის მარილი ქლორნატრიუმია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები – კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი – კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილსა და სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენები. ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.
ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია ხანში შესულებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც. ართროზი ხშირად უვითარდებათ იმათ, ვისაც ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი აქვთ. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა და სიმსუქნე. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. გარკვეული როლი აკისრია მემკვიდრეობით ფაქტორსაც.
დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილება. ხშირად მარილის დაგროვებასა და ძვლოვან წანაზარდებს რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ეგრეთ წოდებული სპონდილოართროზის ან ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი კისრის, ზურგის, გულმკერდის, წელის არეში. შესაძლოა, ამ დროს თავის ტკივილიც იგრძნოთ.
სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს სათანადო არეების – მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების და ასე შემდეგ ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია, დამახინჯება, მოძრაობის შეზღუდვა. მძიმე შედეგია სახსართა დარღვევა და კიდურის დამოკლება, რაც მოჰყვება ბარძაყის სახსრის დაზიანების მძიმე ფორმას. განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ადამიანები ნესტიან ამინდში; მათ ტკივილი უძლიერდებათ მუშაობის, სიარულის, დაღლილობის დროსაც.
ამ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს. იმ შემთხვევაში კი, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი ან სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში უნდა წარიმართოს მკურნალი სპეციალისტის რჩევით.
როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა და გამელოტება სწორი კვებითა და მცენარეული ნაყენებით
თმის ცვენის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების ნახარში. კერძოდ, აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით, 1 ჭიქა ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მერე გააცივეთ და გადაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ, თმაში ეს ნახარში შეიზილეთ და შემოიხვიეთ თავსაფარი.
თმის ძირების გამაგრების საუკეთესო საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი, რომელიც დაბანამდე 1 საათით ადრე უნდა შეიზილოთ თავის კანში.
ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა, საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფი ჩართოთ, სვათ სვიის გირჩების ნაყენი და მისი ნახარშით დაიბანოთ თავი.
თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, უნდა იცხოვროთ ჯანსაღი წესით და სწორად იკვებოთ. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს; ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია მინერალური წყლის, მწვანე ჩაისა და წვენების ხშირად სმა. რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. გაითვალისწინეთ, რომ თმას არ უყვარს ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი.
თმა შედგება კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და ფოლიკულში განლაგებული ძირისგან. თმის ბოლქვში მოთავსებული ნერვული ბოჭკოები და სისხლძარღვები მას გამრავლებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. ერთი თვის განმავლობაში თავზე თმა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება, თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეზღუდულია – გარკვეული დროის შემდეგ „ძველი“ ღერები ცვივა და მათ ადგილს ახალი იკავებს. თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.
რომელი საკვები უნდა მიირთვათ ხშირად, რომ დაბერების პროცესი შეაჩეროთ
ადამიანმა საკვებ რაციონში აუცილებლად ყოველდღიურად უნდა ჩართოს ის პროდუქტი, რომელიც, გარდა ჯანმრთელობისა, ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.
*ვაშლი დაბალკალორიული ხილია, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, შედარებით ნაკლებ C ვიტამინს; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას; ის თავიდან აგაცილებთ შეკრულობას, კლავს შიმშილის გრძნობას. ვაშლი მდიდარია პექტინებით, რომლებიც სკლეროზის, კორონარული დაავადების, გულის ინფარქტის საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს. გახეხილი ვაშლის საფენები აჩქარებს ღია და ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცებას.
*ქაცვი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, ორგანულ მჟავებს, ზეთს, შაქარს, A, B1 და B2 ვიტამინებს. ქაცვის ზეთს ოდითგანვე იყენებდნენ კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ის, ასევე, კარგია გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.
*ბრინჯი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.
* სოიას ხშირად განიხილავენ როგორც ხორცეულის შემცვლელ პროდუქტს. მას უნიკალური თვისებები აქვს. ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტისგან განსხვავებით, სოია ჩვენს ორგანიზმს უზრუნველყოფს არა უჯრედისით, არამედ სრულფასოვანი ცილით. სოიისგან ამზადებენ რძესა და რძის პროდუქტების შემცვლელებს – იოგურტს, ხაჭოსა და ყველს. მასში შემავალი ცილა ყველა მცენარეულ ცილასთან შედარებით უფრო სრულფასოვანია, თანაც, ის სოიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცში. ცილის გარდა, სოია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ასევე, შეიცავს ჰორმონის მაგვარ ნივთიერებას – ფიტოესტროგენებს, რაც არც ხორცშია და არც თევზში. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიირთვათ.
*ვიტამინი E, რომელიც ბევრია მზესუმზირას, სიმინდისა და სოიის ზეთებში, ანელებს დაბერების პროცესს. ის შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეწინააღმდეგება ორგანიზმის დაბინძურებას ჟანგვის პროდუქტებით, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს. მარგარინისა და კარაქის მოყვარულებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნური და ნერვული სისტემების მოშლა, ვიდრე მათ, ვინც მცენარეულ ცხიმს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ცხოველური ცხიმების მოყვარულები უფრო აგრესიულები, გაუწონასწორებლები არიან და ცუდად იტანენ სტრესს; მათი კანი მალე ბერდება, კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ქალმა კლიმაქსის პერიოდში რაც შეიძლება მეტი მცენარეული ზეთი უნდა შეიტანოს საკვებ რაციონში, რადგან ის მდიდარია E ვიტამინით, რომლის საშუალებითაც ორგანიზმს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს წამოხურებებსა და ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, რაც ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
სირბილის წინ აუცილებლად ისაუზმეთ
კარგია, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ყოველდღე, ნახევარი საათის განმავლობაში, სუფთა ჰაერზე დარბის. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობით შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.
სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ.
სირბილის დროს, რაც უფრო ფართოა ტანსაცმელი, მით მეტია ჰაერის წინააღმდეგობა. შეარჩიეთ რაიმე მსუბუქი ტანსაცმელი და პრაქტიკული, სპორტული ფეხსაცმელი, რადგან დამწყებ მორბენლებში ტრავმების უმეტესობა ცუდი ფეხსაცმლის ბრალია. კარგი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციას და იცავს წვივ-ტერფის სახსარს.
მშიერ კუჭზე ვარჯიში არ შეიძლება. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე ცხიმის წვა არ ხდება. ამიტომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა და ხილი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ ჭამა კი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული: თუ გახდომა გსურთ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფა, მაგალითად, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია საკვების ჩვეულებრივი ულუფის მიღება.