ვისი მკვლელობა დააბრალეს ნოდარ დუმბაძეს და ვინ გაქრა მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ
„...იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო, – ეხუმრებოდა სოხუმელ ექიმებს და იქით ამხნევებდა: – ნუ გეშინიათ, სანამ ბოლომდე არ გამომწურავს ბუნება, ვიდრე ბოლომდე არ დამაფქვევინებს ბედის წისქვილი ჩემს საფქვავს, სიკვდილი არ მეღირსებაო… – და ხუთი წელი კიდევ იცოცხლა, სასწაულით. მარადისობის კანონიც მაშინ აღმოაჩინა...“ – იხსენებს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, მანანა დუმბაძე. ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს მეუღლეს, ნანული გუგუნავა-დუმბაძესაც: „არსად ნოდარს მამამისი არ ჰყავს ნახსენები – მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამამისი უდანაშაულო იყო. მამამისი, ძველი ბოლშევიკი, ბავშვი შევიდა პარტიაში, 37-ში დაიჭირეს და დახვრიტეს. დახვრიტა ვინ?! – მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში. ნოდარის ბაბუას ბაქოში სასადილო ჰქონდა, ბერია იყო ძალიან ღარიბი და სულ მშიერი, ყოველდღე მიდიოდა და ნოდარის ბაბუა აჭმევდა თავის სასადილოში უფასოდ…“
„მწერლის დღიურებიც, ისევე, როგორც მისი მოთხრობები, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს ამ ადამიანზე გესაუბროთ. 8 წლის იყო, 37-ში მამა რომ დაუხვრიტეს, დედა კი ათი წლით გადაუსახლეს შუა აზიის ბანაკებში. ამ ათი წლის განმავლობაში რაც თავს გადახდა, ნოდარ დუმბაძის მკითხველმა კარგად უწყის, რადგან იგი ყოველთვის თავის ცხოვრებას წერდა და არასოდეს იმას, რაც არ იცოდა. მე კი ანდერძად ეს პატარა კანონი დამიტოვა: მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა; კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და, უფლება არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ნაგრამს, სიკეთე არ ვთესოთო“. (ავტ. – რეზო შატაკიშვილი). 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში და 3 წელი იქ გაატარა, ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს, ბებიასთან და ბაბუასთან გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს, ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სწავლა უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო. სწორედ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კითხულობდა თავის ლექსებს და თანდათან იხვეჭდა პოპულარობას როგორც პოეტი… 22 წლის იყო ნოდარ დუმბაძე, როცა დაოჯახდა. ნოდარი და მისი მომავალი მეუღლე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანული გუგუნავა, ერთმანეთს უნივერსიტეტის კლუბში, ლიტერატურულ საღამოზე გადაეყარნენ. „კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა. ჩავიარე და მომესმა, როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს: „ტი სმოტრი, კაკაია მინიატურნაია დევოჩკაო”… – ნოდარმა უთხრა მეორეს… ნანულის სახეც არ დაამახსოვრდა და კაი ხანს სხვაში ეშლებოდა, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს: „რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე…“
ერთმანეთი ოფიციალურად უნივერსიტეტის კიბეებთან გაიცნეს. „ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურად: „ნოდარ დუმბაძე“, – და ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები და მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში… საოცარი ის იყო, რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი თანაკლასელი და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად… მერე დაბადების დღეზე ვიყავით, იქ რაღაც არ მოეწონა ნოდარს… და მოხდა ისე, რომ ის გოგო საერთოდ წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ კი დავრჩით მეგობრებად. სულ ერთად ვიყავით, ლექცია რომ მიმთავრდებოდა, კართან იდგა და მელოდებოდა, რომ გავეცილებინე. სულელები ხომ არ ვიყავით, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი და ისიც გრძნობდა, რომ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდით… ასე გავიდა ნახევარი წელიწადი. მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავარდა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო. ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე: ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ, რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი? მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება: „ნანული, შენ მე არ გიყვარვარ?“ – იმის მაგიერ, რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ. მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი-მეთქი. შენ თუ ამდენი ხანია, ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ, შენი საშველი არ ყოფილაო, – ეს იყო და ეს…. ამ დროს მე მეორე კურსზე ვსწავლობდი, ნოდარი უკვე ამთავრებდა ეკონომიკურ ფაკულტეტს. დედაჩემს ნოდარი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მამაჩემს არ წარმოედგინა, თუ მე ოდესმე გავთხოვდებოდი და მივატოვებდი ოჯახს. ნოდარი მოვიდა მამაჩემთან ხელის სათხოვნელად და უთხრა – გვიყვარს ერთმანეთი და უნდა შევუღლდეთო. მამაჩემი მე მომიტრიალდა – შენ რას ფიქრობ, ამის ხელში რომ გაგიჭირდება, არ იციო? მერე რა-მეთქი… თან, ნოდარმა თქვა, შეიძლება, ჩემს ხელში შავი პურიც არ ჰქონდესო… მამაჩემი მეუბნება: გესმის, რას ამბობს? მაგასთან, შეიძლება, შავი პურიც არ გქონდესო. მე ვუთხარი: „არა უშავს, ავიტან მაგასაც“. გადაირია მამაჩემი – ჩემს ხელში თეთრ პურსაც არ ჭამ და ამის ხელში შავი პურიც არ გინდაო? მამაჩემი ეკონომისტი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არ გვიჭირდა. უპატიოსნესი კაცი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მაგრამ არმად მანეთიანი არ შემოუტანია ოჯახში. დედა ისტორიას ასწავლიდა სკოლაში, საკმაოდ ცნობილი პედაგოგი იყო. მოკლედ, მამა წინააღმდეგობას გვიწევდა, გვადებინებდა და გვადებინებდა დაქორწინებას. ბოლოს გავიპარეთ და მოვაწერეთ ხელი. გუგუნავას ქალი ვარ, თავადიშვილი და, ვერ წარმომედგინა გვარის შეცვლა, მაგრამ, ხელის მოწერისას რომ მკითხეს, თქვენს გვარს დაიტოვებთ თუ დუმბაძეზე გადახვალთო, ნოდარმა არ მაცალა – დუმბაძეზეო, – უთხრა და ჩამიწერეს დუმბაძე. იქ ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი? წამოვედი, ვიფიქრე, ვის რად უნდა შენი ქაღალდი… ჩამიწერეს დუმბაძე, მაგრამ უნივერსიტეტშიც გუგუნავად დავრჩი და 20 წელი სულ გუგუნავა ვიყავი, მერე პასპორტს ვადა გაუვიდა, მოსკოვში მივდიოდით, სასწრაფოდ ახალი პასპორტი მქონდა ასაღები და ქორწინების მოწმობის მიტანა მომთხოვეს. მივუტანე… მივედი პასპორტის წამოსაღებად, გადავშალე და, ვხედავ, წერია: „ნანული დუმბაძე”. დავიწყე – არა ვარ მე დუმბაძე, გუგუნავა ვარ… ქალბატონო, ხელის მოწერისას თქვენ გადახვედით დუმბაძეზე, ახლა დუმბაძე ხართო, გამომიშვეს… მოვედი სახლში აბღავლებული, ატირებული, ნოდარს ვეუბნები: ეს რა მიქნეს, გვარი გამომიცვალეს-მეთქი… მიყურა, მიყურა და მეუბნება: იცი რას გეტყვი? ახლა შენი ტრიპაჩი თავადი მამა რომ ცოცხალი იყოს, ისიც ჩემს გვარზე გადმოვიდოდაო… ამ დროს ნოდარი უკვე საკავშირო დეპუტატი იყო, გამოსული იყო მისი რომანები, არაერთ ენაზე თარგმნილი, დადგმული სპექტაკლები, გადაღებული ფილმები“…
ნოდარ დუმბაძესა და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ. სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბავშვო პოემა „მანანას წერილის“ დაწერისას. „მანანას წერილმა“ მოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. „იმ კონკურსში გიორგი ლეონიძეც კი იღებდა მონაწილეობას. ნოდარისთვის უნდოდათ, რომ პირველი პრემია მიეცათ, მაგრამ, რაკი ლეონიძეც მონაწილეობდა, პირველი პრემია საერთოდ არ გასცეს და ორივეს მეორე პრემია მისცეს. 5 ათასი მანეთი მოგვცეს. ეს იმხელა ფული იყო მაშინ ჩვენთვის… თან, იმდენი ვალი გვქონდა. გერმანელ ქალს დაჰქონდა ჩვენთან მაწონი, რძე, ქათამი... ფული არ გვქონდა და ვალად ვიღებდით ხოლმე… მთელი ეს პრემია იმ ქალს მივეცით. ბავშვობა მახსენდება ძალიან მხიარულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა. მახსოვს, რა სიხარული იყო, როცა მამაჩემს ვიღაცამ თეთრი ფეხსაცმელები აჩუქა. მახსოვს, ის ფეხსაცმელები დაჩვრეტილი იყო, მამა რომ მოვიდა, შევხედე და ვეუბნები: მამა, მამა, ეს ფეხსაცმელები ბერიამ დაგიხვრიტა? – სულ „ბერია” და „დახვრეტა” მესმოდა... რატომღაც, არავის სჯერა, როცა ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, 2 წლის რომ ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო. დედაჩემი მეუბნება, ასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია, როცა ახლაც თვალწინ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახავს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი – მამა მანდ ვერ გამოეტევა-მეთქი.
25 წლის იყო, გახმაურებული მკვლელობის გამო რომ დააპატიმრეს, დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული. ექვსი თვე იჯდა „გუბერნსკში“, მამა გაამართლეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე სიმართლე დღემდე არაა დადგენილი. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელი არასოდეს მჯდარა ციხეში, მკვლელი ქურდი იყო და თავისი სიკვდილით მოკვდა, ციხის კარი არც უნახავსო. მამა გაამართლეს, როსტომმა (ამილახვარი რომაა „თეთრ ბაირაღებში“) ათი წელი მოიხადა მაგ მკვლელობისთვის. ფაქტი ერთია – ესენი არაფერ შუაში არ იყვნენ, სულ სხვა სუფრაზე მოხდა ჩხუბი, იმათმა ერთმანეთი დაკლეს; ამათზე რომ გადმოვიდნენ, როსტომმა ერთ-ერთს გლიჯა და აირია ყველაფერი – ვიღაც დაჭრილი მამაჩემს გადმოემხო, მოეცხო სისხლი და ესენი დაიჭირეს. ბესო ჟღენტი დარბოდა, კეცხოველი, მწერლები უწერდნენ დახასიათებებს, მაგრამ მოსკოვიდან, საკავშირო პროკურატურიდან რომ არ ჩამოსულიყო გოლსკი და მას არ ეთქვა, ეს კაცი საერთოდ რატომ ზისო, ალბათ, არც გამოუშვებდნენ... მამაჩემისთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, როგორც მწერლისთვის, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ დაიწყო ზეპირი ამბების მთელი სერიები ციხის ცხოვრებაზე, შემდეგ „თეთრი ბაირაღებიც“ დაიწერა. ციხის ამბები ისეთი სიზუსიტით აქვს აღწერილი, რომ ლამის გვარები და სახელებიც ემთხვევა. მამაჩემი მერეც სულ ყვებოდა ციხის ამბებს. ერთხელ, თურმე, როცა ციხის მორიგ ამბებს ყვებოდა, ჭაბუა ამირეჯიბს უთქვამს: ბიჭო, 25 წელი ვხეხე ციხე, გამოვედი და 25 წუთში მოვყევი ყველაფერი, შენ რა ექვსი თვე იჯექი ასეთი, რომ დღემდე ვეღარ დაგიმთავრებიაო. სხვათა შორის, ბებიაჩემი ყვებოდა გადასახლების ამბებს ისე საინტერესოდ, რომ ვერ მოსწყდებოდი…“ – იხსენებს მანანა დუმბაძე. ჭავჭავაძეზე, იმ სახლში, სადაც ადრე დიდი ბინა ჰქონდათ და მერე, როგორც რეპრესირებულის ოჯახს, ერთი ოთახი დაუტოვეს, სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ ნოდარი, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო, პატარა მანანა და პატარა ზაზა. „ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი ღამით წერდა „ილიკო და ილარიონს“. მერე მეუბნებოდა, მშიერ კუჭზე მაქვს „ილიკო და ილარიონი“ დაწერილი და ყველას აჯობაო. „ილიკო და ილარიონის“ წარმატებას ტრაგედია მოჰყვა… პატარა ზაზა დაეღუპათ. „ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმულები დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ 5 წლის ზაზა…“ ამ უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ მწერალი წერს „მე ვხედავ მზეს“, „მზიან ღამეს“ და დგება სიკვდილის პირისპირ – „41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა. არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი მაშინ უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს ძლივს თვალი გაახილა და თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა – მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო: მეც კი მეგონე წასული, მაგრამ, აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. მეორე დღეს მამაჩემმა ცოტა მოიბრუნა სული და ფანჯრისკენაც გაიხედა. კვლავ თოვდა (ეს ის დრო იყო, ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებით რომ ემუქრებოდა). – მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, – თავისთვის ჩაილაპარაკა და პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. მას მერე ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფთა ჭირისუფლებისგან: ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან აფერისტები – კაცი ნახევრად იქით არის, ამათ სიცილ-კისკისს კი ბოლო არ უჩანსო. გურულებმა კაცი აფრინეს ჩოხატაურიდან – ნოდარას ჯანმრთელობის ამბავი ჩამოგვიტანეო. დიდხანს იბრძოდა ის კაცი პალატის კართან, მაგრამ არ შეუშვეს. დედაჩემმა უთხრა – მშვიდად წადი, აწი არაფერი უჭირს, კარგად არისო. მაინც არ მოიშალა და ჩუმად შეძვრა მამასთან. დიდხანს უყურა წამლებით გაბრუებულს, გამოვიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა ჩოხატაურში. მერე გურულები გვიყვებოდნენ: როცა ვკითხეთ, ნოდარა რაფერაა-თქვა, ასე გვითხრა: ნანულია ამბობს, კარგადააო და, ცუდად ყოფნას რას უძახის, მაი არ ვიცი მეო…
...რაღაც ძველებურ საათს ყიდდა მეზობელი. დედაჩემს უნდოდა ყიდვა და აუტყდა მამაჩემს – ვიყიდოთ, ვიყიდოთო. რად გინდა, ქალო, ეს საათი, ციფერბლატი მეზობელთან იქნება და მე გირების კონწიალს უნდა ვუყუროო?.. პირველი ინფარქტის შემდეგ რვა წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა (თუმცა ამას ვერ დავიჯინებ!). მერე დედაჩემს შეეყარა რაღაც უცნაური სენი: თავის ქალის ახდა და ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო მამაჩემმა გამხელილად სიგარეტის წევაც და სმაც. რატომღაც, რუსულად მითხრა: ესლი ვაშა მამა უმირაეტ, პუსკაი ვაშ პაპა ტოჟე უმრიოტო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. დედაჩემი გადარჩა. ოპერაციის მერე მოსკოველმა პროფესორმა კანავალოვმა გვითხრა: „ია ტამ ვსიო ტშჩატელნო პოჩისტილ, ვსიო დოსტალ, ბოიატსა უჟე ნეჩევო”. ჰოდა, მას მერე შეკლული ჰყავდა დედაჩემი – როგორც კი მისთვის რაიმე უსიამოს იტყოდა, მაშინვე მიახლიდა ხოლმე: „კანავალოვის დედა ვატირე, ამოიღო, ხომ, ყველაფერი! აღარაფერი ჩატოვა, ხომ, შიგ!, უ, მაგისი…“
მწერლისთვის მორიგი ტრაგედია იყო სიძის – ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. თუმცა, თავიდან მანანას დაოჯახება განიცადა მტკივნეულად. „რატომ ეგონა, რომ არ გავთხოვდებოდი, არ ვიცი, მაგრამ, დიდი იმედი ჰქონდა რომ არ გავთხოვდებოდი. გავიპარე. ვერც წარმომედგინა, რომ მამაჩემთან ვინმე უნდა მოსულიყო და ეთხოვა ჩემი ხელი. მე ვერ წარმოვიდგინე, თორემ, ჩემმა დამ, ქეთინომ, 18 წლისამ მოიფიქრა მშვენივრად: მოიყვანა თავისი საქმრო მშობლებით და ყველაფერი ოფიციალურად გააკეთა 18 წლის ბავშვმა, მე კი, 24 წლის დედაკაცმა, ეს ვერ მოვიფიქრე, ვერც წარმოვიდგინე… მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს, გიჟდება ჭამაზე, მთელი ბავშვობა სულ შიოდა, ახლა სულ ეშინია, რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს. მამიდაჩემს უთხრა – მომიტანე, მშიაო. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი, მამამ შეჭამა ერთი დედალი, გადავიდა მეორეზე… მამიდამ დედაჩემთან დარეკა: რა ხდება, გამაგებინეთ, ნოდარი რატომაა ეგრე, მეორე დედალზე გადავიდაო. უაზროდ ჭამდა… მერე უთხრა, მანანა გაიპარა, გათხოვდაო. მერე, როცა გაარკვია, რომ ჯემალი ნიაზ დიასამიძის დისშვილი იყო, იცნობდა დედამისს – გუგული დიასამიძეს და, აღმოჩნდა, რომ ოჯახებს ახლობლობა აკავშირებდათ, დაწყნარდა. მერე ძალიან დამეგობრდნენ, ძალიან შეუყვარდა ჯემალი, მისი სულიერი მეგობარი გახდა. მამაჩემისთვის ჯემალი იყო სტიმული და ჯემალისთვის – მამაჩემი. ჯემალის მოთხრობა „გოგია“ რომ წაიკითხა, დილაუთენია 6 საათზე დამირეკა. თავზარი დამეცა – ავადმყოფი მშობლები რომ გყავს, რას იფიქრებ დილაუთენია რომ დაგირეკავენ?! რომ მითხრა, ჯემალს დაუძახეო, მაშინღა მომეშვა გულზე… ჯემალს უთხრა, ნეტა ეს მოთხრობა მე დამეწერაო. ჯემალი ისე გაახარა მამაჩემის შექებამ, ერთი თვე აღარ გამოფხიზლებულა…“