საფრთხე ურთიერთობისთვის
უმრავლესობა ჩვენგანისთვის ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც მას დაემუქრება, კატასტროფად აღიქმება და ვიწყებთ ბრძოლას. ეს ბრძოლა არ არის მარტივი, რადგან, შეიძლება, დაარტყას ჩვენი თვითშეფასების ხარისხს, ჩვენს გაწონასწორებულობას, თვითპატივისცემასა და თავმოყვარეობას; ეჭვიც იქვეა ჩასაფრებული და მზად არის ჩვენს ხელში ჩასაგდებად. სხვათა შორის, რაც უფრო მაღალი წარმოდგენის ხარ საკუთარ თავზე, მით მტკივნეულად აღიქვამ უყურადღებობას პარტნიორის მხრიდან.
ურთიერთობისთვის საფრთხეს წარმოადგენს პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებულება. ამიტომაც, საქმე ღრმა კრიზისამდე რომ არ მივიდეს, აუცილებელია, გქონდეთ საქმიანობის საყვარელი სფერო – ჰობი, რომელიც ისევე მოითხოვს თქვენს დროსა და ყურადღებას, როგორც პარტნიორი – მაშინ თქვენს ურთიერთობას ნაკლები საფრთხე შეექმნება.
ხშირად შეხვდით მეგობრებს და გაერთეთ. ძალიან სასარგებლოა მარტივი გასეირნებაც კი. შოპინგი ხომ ჩვეულებრივი თერაპიაა. სიყვარული, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ თქვენი არსება მთლიანად არ უნდა შთანთქას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უნდა მოგწონდეთ და გინდოდეთ, ოღონდ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პიროვნება სრულყოფილი მაშინ იქნება, როცა მოახერხებს, დრო და სიყვარული თანაბრად გადაანაწილოს პრიორიტეტებზე. არ იცით, ეს რას ნიშნავს? არ უთხრათ უარი საკუთარ თავს, როცა კინოში მეგობართან ერთად წასვლა მოგინდებათ ან დაქალთან ერთად ყავის დალევა... და თუ ზოგჯერ ეჭვიანობა შემოგიტევთ, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ეს კატასტროფააა – ზოგჯერ ეჭვი ბუნებრივია და საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს ურთიერთობისთვის.
ჩხვლეტა... გულში
რომანტიკა კარგია, მაგრამ ყველაფრის გარომანტიულება არ შეიძლება, მაგალითად, ეჭვს ვერაფრით შეფუთავ რომანტიზმის საბურველში. ეს საკმაოდ უსიამოვნო გრძნობა სარეველა ბალახივით არის – ერთხელ თუ მოედო ადამიანის სულს, გულსა და გონებას – მშვიდობით, მოსვენებავ... შეიძლება თუ არა ეჭვის გაკონტროლება? თუკი შევთანხმდებით იმაზე, რომ ეჭვი კლავს ურთიერთობას, მაშინ, უნდა უარვყოთ ის მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ეჭვიანობის გარეშე წარმოუდგენელია. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობენ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი, მესაკუთრე და სუსტი ფსიქიკის ადამიანები, რომლებიც არასდროს არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში და იმაში, რომ მათი შეყვარება შესაძლებელია... ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაზე, რომ ეჭვი რთული გრძნობაა, მძიმე „ინგრედიენტებით“ შედგენილი: მრისხანება, წყენა, შიში, იმედგაცრუება – ეს ყველაფერი ეჭვიანობის შემადგენელი ნაწილებია. ეს არის მტკივნეული ნაჩხვლეტი გულში, რომელიც ისეთ იარას ტოვებს, ძნელად რომ ხორცდება. ცოდვაა ყველა, ვინც ეჭვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა, არის სიტუაციები, როცა ეჭვი აბსოლუტურად ნორმალურ, ჯანმრთელ ემოციურ რეაქციად გვევლინება კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ხედავ საფრთხეს იმ ურთიერთობისთვის, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია... მთავარია, ეჭვმა პათოლოგიური ფორმები არ მიიღოს...
როდის და რა მიზეზით ჩნდება ეჭვი?!
ძირითად შემთხვევებში მას ორი მოტივაცია აქვს: პირველი – პარტნიორის ქცევა (ფლირტი სხვასთან და არაბუნებრივი ინტერესის გამოჩენა); მეორე – არასაკმარისი ყურადღება და სითბო პარტნიორის მხრიდან. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია...
იდეალური და
ბუნებრივი
ზოგჯერ იდეალური ქალებიც უშვებენ შეცდომებს. ქარიშხლისებური ემოციები უცხო არავისთვის არის, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ემოციები ბუნებრიობის ჩარჩოში მოაქციო.
ზოგჯერ იდეალურობისკენ ლტოლვა ძალიან დამღუპველია, მით უფრო, თუ ის ბუნებრიობას ძალიან სცილდება. გსურთ, იყოთ იდეალურები? თვითონ გადაწყვიტეთ. ცოტას დაგეხმარებით და გეტყვით, როგორ უნდა გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი იდეალურობისკენ:
* როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოთ და ეჭვიანობდეთ, არ ამოანთხიოთ მამაკაცზე ყველაფერი, რაც გულში გიდევთ. როცა ჩხუბი გარდაუვლად გეჩვენებათ, უბრალოდ, გაეცალეთ მას.
* არავინ გთხოვთ, წყენა დაივიწყოთ და ისე მოიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ, ჯერ ზუსტად გაერკვიეთ, რა არ მოგწონთ პარტნიორში... დიახ, ეს მნიშვნელოვანია და ნაკლებად სახიფათო.
* ჩხუბი გინდათ? ჩხუბშიც ბუნებრივი იყავით და ეს თითქმის იდეალურობას მიგაახლოებთ.
* შეეცადეთ, ყოველთვის კორექტული იყოთ, მამაკაცთან კი – კონკრეტული; ესეც მიგაახლოვებთ იდეალურობასთან. მამაკაცისთვის ის ქალია იდეალური, რომელთანაც საშუალება ექნება, იყოს ბუნებრივი. არც ქალებს მოსწონთ, როცა აიძულებენ, შეიცვალონ, ბუნებრიობას კი მამაკაცები უფრო აფასებენ. თუ არ სთხოვთ ან თქვენი საქციელით არ აიძულებთ, იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიცვალოს, მისთვის იდეალური ქალი თქვენ იქნებით...
როგორც თოვლის
ზვავი
თოვლის ზვავი გაზვიადებულია, მაგრამ ზოგჯერ თავს რთულ სიტუაციებში ვიგდებთ, მაგალითად, როცა ვიწყებთ ეჭვიანობას საყვარელ ადამიანზე. ამბობენ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია, როცა ყველაფერი გარკვეულია. ამიტომ, თუ არ გინდათ, მთიდან დაგორებული თოვლის შუაგულში აღმოჩნდეთ, დროულად, ეჭვის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიხედეთ საკუთარ ემოციებს და გაარკვიეთ ყველა ნიუანსი, რომ მძიმე შედეგებამდე არ მიხვიდეთ.
ზოგჯერ ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს – ეს არ არის ტრაგედია. წყენა სერიოზული სტრესია: თუ იფეთქებთ, ეს ბუნებრივი იქნება, მაგრამ, ზედმეტი არ მოგივიდეთ – არ მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი და არ ჰკრათ ხელი პარტნიორს; მიეცით შანსი მასაც და საკუთარ თავსაც...
* გაექეცით პრობლემას. ეს ის არ არის, რაც, შესაძლოა, იფიქრეთ; უბრალოდ, პირველ ეტაპზე უნდა დამშვიდდეთ და აზრებს თავი მოუყაროთ... კარგად აწონ-დაწონეთ, სკანდალი უფრო მომგებიანი იქნება თუ პატიება. ზოგჯერ უკან დახევა მარცხი არ არის. გახსოვდეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი – მთავარია, თოვლის ზვავში არ მოყვეთ და ყველაფერი არ გაანადგუროთ.