კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეწერება საქართველოს ექსპორტს თურქული საწარმოების მიერ თურქეთში გატანილი პროდუქცია და რატომ გადაუსწრო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტმა ევროკავშირულს

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლევანდელ იანვარ-აპრილში 8 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა იმპორტის წილი იმდენად აჭარბებს ექსპორტს, რომ ამ ზრდას საგრძნობლად აუფერულებს. ჩვენი ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებში პირველ ადგილასაა სპილენძი და კონცენტრანტები, მეორეზე –  კვლავ ავტომანქანები (რეექსპორტის ხარჯზე) და მესამეზე –  კაკლოვნები და თხილი. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად რჩებიან თურქეთი, კანადა და რუსეთი, ხოლო ექსპორტის მიმართულებაში ლიდერის პოზიცია ჩინეთმა დაიკავა. უფრო დაწვრილებით, თუ რას ვყიდით უცხო ბაზრებზე და რას ვასაღებთ უცხო ბაზრებისას, იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.
– საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილა წელს, ოღონდ ექსპორტი შეგვიმცირდა. ამდენად, ეს ზრდა დადებითი ტენდენციაა თუ უარყოფითი?
– როდესაც ვსაუბრობთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე, უმჯობესია, მონაცემები შევადაროთ წინა წლის ანალოგიური პერიოდისას და თუ ჩვენი ექსპორტი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჩართულობა მსოფლიო ეკონომიკაში იზრდება, უფრო მყარად დგას ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე და აჩვენებს პოზიტიური განვითარების ტენდენციას. თუ ამ ოთხი თვის ტენდენცია შენარჩუნდა წლის ბოლომდე, ცუდი მდგომარეობა გვექნება, იმიტომ რომ, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა არის მხოლოდ 22 პროცენტი.
– გაუარესდა, ესე იგი?
– პირველ ოთხ თვეში ყოველ 100 დოლარ იმპორტზე მოდის 22 დოლარი ექსპორტი, მაშინ, როდესაც 2014 წელს ყოველ 100 დოლარზე მოდიოდა 37 დოლარი, ხოლო 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, 30 დოლარი. ანუ რაღაც პერიოდში გაუმჯობესდა მაჩვენებელი, შემდეგ კი –  გაუარესდა, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა. ჩვენს იმპორტში ძალიან მაღალი წილი უჭირავს მედიკამენტებს. ილფსა და პეტროვს აქვს ასეთი ფრაზა: ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ქალაქში ხალხი იბადებოდა, წვერს იპარსავდა, აღსარებას ამბობდა და მერე კვდებოდაო. ეს შავი იუმორია, მაგრამ მედიკამენტების წილი გაზრდილია იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო დახმარების ხაზით იღებს მედიკამენტების დიდ პარტიას „ცე“ ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად და აი, ეს აღირიცხება, როგორც იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ქართული მხარე არაფერს იხდის.
– იმპორტის მაჩვენებელში რა პროცენტი მიაქვს ამ ტიპის მედიკამენტებს და მის გარეშე როგორი იქნებოდა ჩვენი იმპორტ-ექსპორტის შეფარდება?
– საკმაოდ დიდი თანხაა. მაგალითად, ამ ბოლო ოთხ თვეში 720 მილიონ დოლარზე მეტი  ღირებულების მედიკამენტია შემოსული და ეს ამ ოთხი თვის მთელი იმპორტის 27 პროცენტია. ამიტომ, თუ ამ მაჩვენებელს ამოვაგდებთ, მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდება, მაგრამ მეთოდიკა ისეთია, რომ ეს მედიკამენტები უნდა გავითვალისწინოთ იმპორტის მაჩვენებელში.
– მაგრამ ეს მაინც ვერ ამსუბუქებს იმპორტ-ექსპორტის მიმართვების რეალურ მდგომარეობას.
–  რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანობაში მაინც არ გვაქვს კარგი სურათი. სამხედრო ისტორიკოსებს აქვთ ასეთი ტერმინი: ბრუსილოვის გარღვევა. პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე რუსმა გენერალმა თავისი სამხედრო კორპუსებით მოახერხა მტრის სიღრმეში ღრმად შეჭრა და ეს იყო რუსეთის იმპერიის ბოლო წარმატებული სამხედრო ოპერაცია. ჩვენ ახლა ევროკავშირთან გვაქვს ბრუსილოვის გარღვევა, ოღონდ პირიქით.
– ევროკავშირს აქვს ანუ ბრუსილოვის გარღვევა?
– დიახ, მართალია, ევროკავშირთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ ექსპორტშია საოცარი ჩავარდნა –  28 პროცენტით, მაშინ, როდესაც იმპორტი გაიზარდა 24 პროცენტით.
– ესეც წამლების მიზეზით?
– გარკვეულწილად, მაგრამ ექსპორტი შეგვიმცირდა უმეტესად თხილის ექსპორტის შემცირების გამო.
– თუმცა თხილი და კაკალი ჩვენს ექსპორტში მესამე ადგილზეა.
– მსუბუქი ავტომობილები მეორეზეა, მაგრამ ეს მეორე ადგილიც პირობითია.
– ავტომანქანების ექსპორტის მაჩვენებელი არა ჩვენი ეკონომიკის, არამედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაა.
– ჩვენი ეკონომიკა ვერ გამოსულა ერთი რომელიმე დარგის ან წარმოების ხიბლიდან. ამდენად, საკმარისია, რაღაც წარმოება ამუშავდეს ან გაჩნდეს მოთხოვნილება ამა თუ იმ დარგის პროდუქციაზე, რომ ეს უკვე დიდ გავლენას ახდენს ამა თუ იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, მათ შორის, ექსპორტის სიდიდეზე. მაგალითად: თუ მოსავლიანობის გამო მცირდება თხილის ფასები, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ევროკავშირთან ექსპორტის მაჩვენებელზე; მცირდება ავტომანქანების რეექსპორტი და ექსპორტიც, სხვათა შორის და ესეც დიდ გავლენას ახდენს. ვითარება მაგონებს ქართულ ზღაპარს, როდესაც მეფის მზეთუნახავი ქალიშვილი ბროლის კოშკში ჰყავდათ გამოკეტილი და დილა-საღამოს წონიდნენ. ერთმა ბიჭმა მაინც მოახერხა შეპარვა და აკოცა მზეთუნახავს და როდესაც დილით აწონეს, ერთი კოცნით იყო მომატებული წონაში. ჩვენი ეკონომიკაც, დაახლოებით, ასეთ მდგომარეობაშია: საკმარისია ერთი პატარა გაფაფხურება, მაპატიეთ ამ ტერმინისთვის, და ის უკვე აისახება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე.
რაც შეეხება ავტომობილებს: მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მაჩვენებელში მეორე ადგილასაა, საკმაოდ კნინდება და, თანაც, ექსპორტ-იმპორტის არა მარტო აბსოლუტური მოცულობა, თვით იმპორტირებულ ავტომობილებთან ექსპორტის მაჩვენებელიც იკლებს. ჯერ კიდევ 2013 წელს თითქმის ერთი ერთზე მოდიოდა ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ღირებულების მიხედვით. დღეს ეს მაჩვენებელი შემცირდა 35 დოლარამდე. ანუ ყოველი იმპორტირებული 100 მილიონიდან ექსპორტზე გადის 35 პროცერტი. მასშტაბებიც ძალიანაა შემცირებული. იყო დრო, როდესაც ჩვენ, დაახლოებით, 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები შემოგვყავდა, გასულ წელს კი ამ ციფრმა 460 მილიონზე ოდნავ მეტი შეადგინა. ამ ოთხ თვეში კი კიდევ უფრო ნაკლებია. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დაგვჭირდება ბრძოლა ევროკავშირთან, რომ დაკარგული პოზიციები დავიბრუნოთ. და სანამ ჩვენ ვმსჯელობთ, ექსპორტში პირველ ადგილზე გავიდა ჩინეთი.
– სწორედ ეს უნდა მეკითხა, ექსპორტიორთა სია როგორია იმპორტიორების პარალელურად?
– იმპორტში თურქეთი ლიდერობს 2006 წლიდან. შეიძლება, ერდოღანი შეცვალონ, მაგრამ პირველი ადგილის ლიდერის მაისურს თურქეთი ასე იოლად არ დათმობს საქართველოსთან ვაჭრობაში. და ჩინეთიც გამოჩნდა პირველ ადგილზე ჩვენს საექსპორტო მიმართულებაში.
– რა გაგვაქვს ჩინეთში?
– სასმელები და ჩინური ბაზრის ათვისებას ვცდილობთ. რამდენად წარმატებული იქნება, დრო გვიჩვენებს, იმიტომ რომ, თუმცა ამ ბოლო ოთხ თვეში ღვინის ექსპორტი გაიზარდა წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, დაახლოებით, 5 მილიონით, თითქმის ამდენივეთი შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტი. ანუ, ფაქტობრივად, ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტში უცვლელი სურათია, სტაგნაციაა და მხოლოდ შიგა სტრუქტურა იცვლება.
– აღარ სვამენ ამ ჩვენს წყალს?
– ჩვენ რომ გვგონია, რომ ჩვენი წყალი უნიკალურია, იქ სხვა გემოვნებაა. ნაკლები მინერალების შემცველს ანიჭებენ უპირატესობას და საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. ბევრი „ბორჯომის“ დალევა ისეთივე საზიანოა, როგორც „ბორჯომის“ დალევისგან თავის საერთოდ შეკავება.
– მაგრამ ჩვენ გვაქვს დაბალმინერალიზებული წყლებიც, რომელთა დალევაც ბევრი შეიძლება: „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და სხვა.
– სხვათა შორის, გადის „ნაბეღლავი“ და ჩვენს სამეზობლოში სუფრის ატრიბუტად ითვლება. მაგალითად, აზერბაიჯანში ძალიანაა მიღებული ეს სასმელი. კიდევ ერთი ფაქტისთვის მინდოდა ყურადღების მიქცევა: მედიკამენტების იმპორტში გვაქვს ასტრონომიული ზრდა. თითქმის რვაჯერ გაიზარდა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შედარებისთვის: 2015 წელს ავტომობილების იმპორტი ორჯერ აღემატებოდა მედიკამენტების იმპორტს. ახლა ავტომობილების იმპორტი მედიკამენტებთან 19 პროცენტია. ზემოთ ვახსენე, რომ ექსპორტის იმპორტით გადაფრავაში საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, კანადა, მედიკამენტების გამო და რუსეთი. ყველა ამ ქვეყანასთან ექსპორტ-იმპორტის ძალზე მოკრძალებული თანაფარდობა  გვაქვს, ანუ ეს ქვეყნები არიან ლიდერები იმის გამო, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა არის ძალზე დიდი, ხოლო ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელი ამ ქვეყნებში ძალიან მოკრძალებულია. მაგალითად, რუსეთში ჩვენი ექსპორტი მხოლოდ 27 პროცენტია იმპორტთან შედარებით; კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა თურქეთთან მიმართებაში –  16 პროცენტი, ხოლო კანადასთან –  იმის გამო, რომ იქიდან მედიკამენტების დიდი პარტია შემოვიდა, ექსპორტის იმპორტით გადაფარვა მხოლოდ 6,5 პროცენტს შეადგენს.
– თურქეთში რა გაგვაქვს?
– აჭარაში რამდენიმე საწარმო აშენდა თურქული კაპიტალის მონაწილეობით. ისინი აწარმოებენ მსუბუქი მრეწველობის ტექსტილის პროდუქციას, გააქვთ თურქეთში და ამის ხარჯზეა ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელი თურქეთთან, თუმცა მცირე რაოდენობით გადის ჩვენი მინერალური წყალი და სასმელები.
– ევროკავშირში რა შეგვაქვს?
– აგროსასურსათო პროდუქცია, თაფლი, თხილი, კაკალი, ფეროშენადნობები, აზოტის პროდუქცია… ამ ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტის მაჩვენებელმა დსთ-ს ქვეყნებში გადააჭარბა ექსპორტის მაჩვენებელს ევროკავშირში, რაც მაინცდამაინც კარგი ტენდენცია არ არის.
– ესე იგი, ხარისხი ვერ გავაუმჯობესეთ საევროკავშიროდ?
– ის ნომენკლატურა, რაც ევროკავშირზე იყო ორიენტირებული შემცირდა და რაც რუსეთზე იყო ორიენტირებული, ის ნომენკლატურა გაიზარდა. ამან კი თავისი გავლენა მოახდინა ამ თანაფარდობებს შორის.
– გამოდის, რომ ჩვენ მიერ წარმოებული საქონელი არ გადის ევროკავშირში და არც არსად?
– ჩვენ ვაწარმოებთ აზოტოვან სასუქებს, ფეროშენადნობებს, რეექსპორტის სახით და მცირე რაოდენობით ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებიც გადის, ასევე, ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები.
– გამოდის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ იკლო ექსპორტმა იმ მიმართულებით. რის ბრალია ეს?
– ევროკავშირთან ექსპორტის მონაცემი შემიცრდა ოთხ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ წლის განმავლობაში შეიძლება, გაიზარდოს. ჩვენ ხომ ამ მოცულობას ვითვლით თანხაში, ანუ დოლარებში და თუ ფასი ეცემა, მაშინ, რაც არ უნდა მეტი გაიტანო, შეიძლება, ღირებულებაში მაინც შემცირება გამოვიდეს.
– ლარის კურსმაც იმოქმედა ექსპორტის შემცირებაზე?
– ლარის კურსმაც და მსოფლიო ბაზარზე ფასების მერყეობამაც. მაგალითად, ნავთობპროდუქტების გაიაფების გამო 2015 წელს 400 მილიონ დოლარამდე დავზოგეთ ნავთობპროდუქტების იმპორტზე, 2014 წლის ფასი რომ შენარჩუნებულიყო 2015-ში, მოგვიწევდა 400 მილიონით მეტის გადახდა იმავე მოცულობის ნავთობპროდუქტებში.
– სომხეთსა და აზერბაიჯანში რას ვყიდით და მათგან რას ვყიდულობთ?
– თუ არ ჩავთვლით ნავთობპროდუქტებს, რასაც აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ, მაინცდამაინც, ინტენსიური ურთიერთობა არ გვაქვს არცერთთან. ბოლო წლებში ორიენტაცია იყო ავტომობილებზე, მაგრამ ეს მონაცემი ამჯერად გაუარესებულია. თუ ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ სამას მილიონამდეა, აზერბაიჯანის წილად მოდის 190 და სომხეთისად 120 მილიონი. ჯამში, ორივე ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის წილად მოდის საერთო მაჩვენებლის 9 პროცენტი, მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი თურქეთის წილად, თითქმის 15 პროცენტი. ასე რომ, მჭიდრო კავშირი, რომელთა გარეშეც საქართველო ვერ იარსებებდა, არ გვაქვს.

скачать dle 11.3