გენიტალიების როლი დემოკრატიაში
ანუ „ვის მივმართო, ზიგმუნდ ფროიდი მკვდარია“
ერთ-ერთი, ფლაგმანად წოდებული მედია-საშუალების სასამართლო პროცესი კვლავაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ან კი როგორ არ იქნება, როდესაც სანახაობა კვლავ უფასოა, ხოლო ჩვენ კი ისევ და ისევ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს?!
თუმცა ამ სასამართლო და არასასამართლო გაწევ-გამოწევაში ახალი ტენდენციაც ყალიბდება; კერძოდ, ვინ მეტად იუხამსებს.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ოპონენტის შეურაცხყოფა ლამისაა ნორმად იქცეს და უწმაწურ სიტყვებს ისე უპრაგონოდ ისვრიან წინ და უკან (აქეთ-იქითაც), თითქოს გაცოცხლებული ტარიელები იყვნენ (პათოსით: კაცი მისგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორიო).
და ისე მოხდა, რომ აწ მედია-საშუალების ხელმძღვანელმა, მანამდე კი ნაპროკურორალ, ნამინისტრალ, ნაპარლამენტარმა ბ-ნმა გვარამიამ პრემიერ-მინისტრს შეუთვალა (მომყავს ციტატა): „ჩემში მასკულინობის დეფიციტმა შეაწუხა თუ ჩემი პენისის პარამეტრები არ აკმაყოფილებს მოლაპარაკე ტყემლის ჩირს? შენი დიაგნოზი მწადია… არ ვიცი, ჩემი კაცობის რა ნაწილი აინტერესებს, შეუძლია, შემომითვალოს და პარამეტრების სიზუსტით გავაცნო.”
მეორე ნაწილი მას შემდეგ შეუთვალა, რაც პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კომენტარზე, მოტივით: კაცი რომ იყოს, ვუპასუხებდიო (და, როგორც ჩანს, ბ-ნ გვარამიას კაცობამ მხოლოდ მამაკაცის გენიტალია გაახსენა).
ამის პარალელურად, უფლებადამცველებმა (რომელთა ნაწილის ლექსიკა ისეა გაჯერებული სიძულვილის ენით, ლამისაა თავი მტკვარში დაიხრჩოს ჭეშმარიტმა ლიბერალმა) და ჩემი კოლეგების ნაწილმა განგაშის ზარები დაარისხეს, მაღალი თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება აქვსო.
შესაბამისად, გამოდის, რომ, თუ მედიასაშუალების მფლობელი დედას შეაგინებს მაღალი თანამდებობის პირს, ამ უკანასკნელმა უნდა შესთხოვოს, მამაც მიმიყოლე, მერე ცოლ-შვილი და ბოლოს – თვით სიდედრიო?! იმას გარდა, რომ საჯაროდ საკუთარ გენიტალიებზე ლაპარაკის სურვილი (და მისი რეალიზაციაც) ფრიად საინტერესო საკვლევი თემაა ფსიქოანალიტიკოსებისთვის, მაგრამ, როგორც აშუღი იტყოდა, რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია, ვის მივმართო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში), ზიგმუნდ ფროიდი მკვდარია?! –