პოლიტიკური „ტვიქსი“
წყაროსთან ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო
მართალია, ბევრი გვაიმედეს და, ლამისაა, ჩვენც ბარგი უკვე ჩავალაგეთ და კბილებსაც ვილესავდით უვიზობის მოლოდინში, თუმცა ამ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა (იმიტომ, რომ ცოდვილ 21-ე საუკუნეში პარტნიორი კი არადა, მშობელი დედა აღარაა სანდო?!), ჯერ მთლად ცივი წყალი არა, მაგრამ ნელთბილი უკვე გადაგვასხეს.
სახელდობრ, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი დროებით აფერხებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დამტკიცების პროცესს და, შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიარონ თურქეთმა, უკრაინამ და კოსოვომ (მიზეზად პატივცემულებმა საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებული სიფრთხილე დაასახელეს).
კერძოდ, „როიტერსი“ გვაუწყებს, რომ ევროკავშირი აპირებს, შეიმუშაოს უვიზო მიმოსვლის სწრაფად შეწყვეტის მექანიზმიც (მაგალითად, რუსეთს სულ არანაირი მექანიზმი არ გააჩნია: მოუნდება – დაკეტავს თავის ბაზარს და გამოყრის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოუნდება – გახსნის), მოტივით, 2015 წელს ევროპაში 1,3 მილიონი ლტოლვილი ჩამოვიდაო.
გამოცემა იმასაც დასძენს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეთავაზების წინააღმდეგები საფრანგეთი და გერმანია არიან (განუყრელები – „ტვიქსივით“). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის საფრანგეთი და გერმანიაა, რომლებიც 2008 წლის „ნატოს” სამიტზე საქართველოსთვის „მაფის“ მონიჭების წინააღმდეგები იყვნენ, რის შემდეგაც რფ-მ ცხვირი დაგვინაყა, ნეტავ, ახლა რა მოქმედებებისთვის უნთებენ მწვანე შუქს ჩვენს ოკუპანტს?!
რაც შეეხება ზემონახსენებ ევროკავშირულ სიფრთხილეს: ჩვენთვის ვიზების დათვლის პროცესში იმ მილიონ სამასი ათას აღმოსავლელ ლტოლვილს ცოცხლად არ შემოეჭამონ?! –