შეშინებულები
დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი
თუმცა ერთ დროს ერთურთს რომ თვალში ჩავარდნოდნენ, ხელს არ ამოისვამდნენ, რაკი პოლიტიკა ისეთი რამაა (სიყვარულივით), შენ კი არა, გადარია ტარიელი, ყოფილი თანაგუნდელებიც კი წაეკიდნენ ერთმანეთს, სახელდობრ, აწ უკვე „გირჩელი“ ბ-ნი ჯაფარიძე და კვლავ „ნაციონალი“ ბ-ნი ცისკარიშვილი. მართალია, ყოფილი პარტნიორების დანასისხლად გადაკიდება არახალია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტზე იმიტომ შევაჩერე ყურადღება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მონოლითური რამ იყო, რაც კი ახსოვს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუმცა, როგორც ჩანს, მართლაც უნივერსალურია თეზა, რომ არაფერია მუდმივი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში.
ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მთავარი „გირჩია“ არც „ოცნებას“ ინდობს. კერძოდ, ბ-ნი ჯაფარიძე ბრძანებს, რომ „არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს ხელს საჯარო დებატები ეკონომიკურ საკითხებზე. მათი სტრატეგიაა ერთმანეთის ლანძღვა, გინება და საკუთარი უპირატესობის ამით დამტკიცება“, „გირჩთან“ დებატისა ეშინიათო, რის პასუხადაც ბ-ნმა ცისკარიშვილმა ბ-ნ ჯაფარიძეს „ივანიშვილის სატელიტი 2-პროცენტიანი პარტია” უწოდა. ვალში არც ბ-ნი ჯაფარიძე დარჩენილა, პათოსით: „35-პროცენტზე ხართ გაყინული 4 წელია“ და ისიც შეახსენა, რომ „ნაციონალების“ სამზარეულოს კარგად იცნობს.
თუ გავიხსენებთ, რომ ყოფილი პარტნიორები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკურები), ერთმანეთს უმოწყალოდ უპირისპირდებიან ხოლმე, ერთ მშვენიერ დღეს, თუ ყველაფერს მოგვიყვებიან, ვფიქრობ, ერთად აღებულ თვით ვენესუელურსა და ინდურ სერიალებს ასროლინებენ კუდით ქვას. –