რა პრობლემები უჩნდება ქალს ოცნების მამაკაცთან ქორწინების შემდეგ
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალებს, ქორწინების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემები უჩნდებათ იმიტომ, რომ არასათანადოდ აფასებენ პარტნიორს. მათი მოლოდინები იშვიათად ემთხვევა რეალობას, რაც ქალში იმედგაცრუებასა და შემდგომში, აგრესიას იწვევს. ხშირად მამაკაცი სულაც არ არის დამნაშავე იმაში, რომ მისმა მეორე ნახევარმა ვერ მიიღო ის, რაც სინამდვილეში სურდა. რატომ ვაიდეალებთ მამაკაცს ან რატომ ვეძებთ იდეალურ პარტნიორს, როცა გულის სიღრმეში ვიცით, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ.
თეონა (31 წლის): ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, ვიფიქრე, როგორ გამიმართლა-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე უზომოდ მომეწონა და მე არ ვიყავი გამონაკლისი. ის ისეთი ტიპაჟია, შეუძლებელია, გულგრილი დაგტოვოთ.
– რას ნიშნავს – „ყველასთვის მოსაწონი მამაკაცი“? ცოტა გაურკვეველია ასეთი განმარტება.
– გეთანხმებით, ძნელი წარმოსადგენია, ადამიანი მოსწონდეს ყველას. მაგრამ, ჩემი ქმარი ნამდვილად ასეთია, ოღონდ გარეთ და არა სახლში... ოჯახში სულ სხვა ვინმე მივიღე. ვწუხვარ, რომ ამაზე საჯაროდ მიწევს საუბარი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. ქმართან ჩემი ურთიერთობა დღითი დღე ფუჭდება. რა ხდება, ვერ ვიგებ. ჩვენ ხომ სულ სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი და გული მტკივა იმის გახსენებაზე, რომ ახლა ასე ვარ. მუდმივად დასტრესილი და ნერვებაშლილი... გაცნობისას ჩემს წარმოსახვაში დაიბადა მამაკაცი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი: სერიოზული, გულისხმიერი, მხიარული, განათლებული, ჭკვიანი, საქმიანი... ხელგაშლილი... დახვეწილი.
– ასეთი „სრული კომპლექტი“ არსებობს?
– მე მეგონა, არსებობდა და ვერ ვიჯერებდი, რომ ასე გამიმართლა. იცით, როგორ ახერხებდა ყველა ადამიანთან საერთო ენის გამონახვას? შოკში მაგდებდა თავისი დიპლომატიითა და ადამიანურობით. ეს საოცარი იყო. ვუყურებდი და ვიხიბლებოდი, თან ვამაყობდი, რომ ასეთმა საოცრებამ მე ამირჩია... ხვდებით, რას ნიშნავს ქალისთვის, როცა გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელსაც ყველა ქალი ინატრებდა...
– მე არ მინდა, გვერდით ისეთი მამაკაცი მყავდეს, ყველა ქალი რომ ინატრებდა..
– გასაგებია. ეჭვიანი მეც ვარ და სანამ ქმრის რეალურ სახეს გავშიფრავდი, ძალიანაც ვნერვიულობდი, არავინ წამართვას ჩემი არაჩვეულებრივი-მეთქი. მუდმივ დაძაბულობაში გავატარე შეყვარებულობის პერიოდი. თუმცა, როცა ის ჩემ გვერდით იყო, თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი. „იდეალური“ მამაკაცის ცოლიც გავხდი. ყველა მეგობარს შურდა ჩემი...
– იქნებ თავად გააიდეალეთ მამაკაცი, რომელიც სულაც არ იყო რეალურად ასეთი. გინდოდათ, რომ ყოფილიყო იდეალური, რაც თქვენს სურვილად დარჩა.
– ფაქტია, რომ ზუსტად ასე მოხდა. ალბათ, მეც დამნაშავე ვარ და ამაზეც ვდარდობ. მგონი, მერჩივნა, ცოლად გავყოლოდი კაცს ნაკლოვანებებით და მერე ერთად გვეზრუნა მათ გამოსწორებაზე. შეიძლება, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როცა იდეალი გენგრევა და გინადგურდება ის, რაც შენთვის ყველაზე მთავარი გეგონა... დღეს ჩვეულებრივზე ნაკლებ კაცთან ვცხოვრობ. ძალიან ნაკლებთან და ამის გაცნობიერება მთრგუნავს.
– კონკრეტულად რისი ილუზია გქონდათ და რა მიიღეთ?
– მოკლედ გეტყვით – ჩემი „იდეალური მამაკაცი“ ქორწინებაში რადიკალურად სხვანაირი აღმოჩნდა. თანაც, მტკივნეულად სხვანაირი: ნელ-ნელა, სათითაოდ გაუქრა ის ღირსებები, ასე რომ აღმაფრთოვანებდა. ურთიერთობაშიც უამრავი პრობლემა გაგვიჩნდა და მე მივხვდი – მისი იდეალურობა მხოლდო ფასადი იყო...
– ანუ, თამაშობდა, სანამ ცოლად შეგირთავდათ?
– იცით, რაშია საქმე? – არ თამაშობდა. ის გარეთ ახლაც ასეთია. ანუ, ისეთი, როგორიც შემიყვარდა... მაგრამ სახლში, ჩემთან, სულ სხვანაირია. ვიცი, მკითხავთ, რა არ მომწონს ჩემს ქმარში – ყველაზე ძალიან არ მომწონს ის, რომ საკუთარ თავზე უკეთესი არავინ ჰგონია. ყველა ხომ აღრთოვანებულია მისით და ეს ხიბლში აგდებს. მგონი, სწორედ იმიტომაც იქცევა ასე. სახლში კი... ასეთი უყურადღებო ქმარი, მეეჭვება, კიდევ ვინმეს ჰყავდეს. საერთოდ არ ვაინტერესებ.
– არ უყვარხართ?
– არ ვიცი, ვუყვარვარ თუ არა. მაგაზე უკვე აღარც ვლაპარაკობთ. ისეთი პრობლემები გვაქვს, ვუყვარვარ თუ არა, ნაკლებად მაინტერესებს.
– ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ არის?
– როგორ არ არის, მაგრამ შეიძლება მითხრას, მიყვარხარო – მას ხომ ფასადურობა და ზედაპირულობა ახასიათებს. სიღრმეები საერთოდ არ აინტერესებს... თურმე, ჭკვიანი ქალი ყველანაირად უნდა მოერიდოს „იდეალურ“ მამაკაცთან სერიოზულ ურთიერთობას.
– თვითონ ამბობს, იდეალური ვარო?
– არა. მაგრამ, ეს ვერც ჩემს პრობლემას შველის და ვერც შვებას მგვრის. ხელში შემრჩა უყურადღებო, უხეში, გულგრილად ჭირვეული, რომანტიზმისგან და იუმორისგან დაცლილი მამაკაცი. როგორ ახერხებს სახლის გარეთ ყველას მოაწონოს და შეაყვაროს თავი, ჩემთვის გაუგებარია. საერთოდ არ უნდა გათხოვდე კაცზე, რომელიც იდეალური გგონია.
– რატომ?
– იმიტომ რომ, იმედგაცრუებაა ძალიან დიდი. იდეალურისგან ხომ ყველაფერს იდეალურს ელოდები – მოპყრობას, ქცევის მანერას, ურთიერთობას, საჩუქრებს... დიახ, რატომაც არა – ქალებს ხომ გვაქვს უნარი, მათხოვარი უფლისწულად ვაქციოთ, მაგრამ ფსევდოუფლისწულს რაღა მოვუხერხო?! არ უნდა გავყოლოდი ცოლად, მაგრამ რაღა დროსია. იდეალურობას მარტო იმაში იჩენს, რომ ჩემგან მოითხოვს, ყველაფერი იდეალურად გავაკეთო. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ამას ემატება ისიც, რომ ყველას ჰგონია, ძალიან ბედნიერი ვარ – მე ხომ იდეალური ქმარი მარგუნა განგებამ. ხმა რომ ამოვიღო და ვიწუწუნო, შემჭამენ. ვერავის დავაჯერებ, რომ სულ სხვა რეალობასთან მაქვს საქმე. საშინელებაა ისიც, რომ, როგორც გითხარით, მას სჯერა თავისი იდეალურობის. სახლშიც კი თავაწეული დაიარება... ამბიცია აქვს იმის, რომ გამაბედნიერა.