კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძიმე მრეწველობა მაღალ ქუსლებზე

ნინო წილოსანის ერთი სამუშაო დღე

ნინო წილოსანი: სამუშაო დღე მაღვიძარას ზარით იწყება, რომელიც მამცნობს, რომ ბავშვების გაღვიძების დროა. დილით 3 ბავშვის მომზადება საკმაოდ რთული პროცედურაა, მაგრამ მათივე დახმარებით, დროულად ვართმევთ თავს და ყველა ერთად გავდივართ სახლიდან.
სამსახურში მისვლისთანავე ვუმკლავდები უამრავ მეილს და მხოლოდ ამის მერე მაქვს საშუალება, 1 ჭიქა ყავით გავიმხნევო თავი. დღე საკმაოდ დატვირთულია – დაწყებული ფინანსური მაჩვენებლების ანალიზით, დასრულებული  პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგით. შუალედებში უამრავი შეხვედრა და ყოფითი საკითხების მოგვარება მიწევს. გარდა ამისა, ჩემი თითქმის ყოველდღიური საქმიანობა სამსახურს მიღმა – ქველმოქმედებაა. ეს ყველაფერი კი დღეებს საკმაოდ დატვირთულს, დამღლელს, მაგრამ ნაყოფიერს ხდის. 
თუმცა, სახლში მისულს, ბავშვები ხმაურიანი შეძახილებით რომ მხვდებიან, თითქოს მეორე სუნთქვა მეხსნება. მზად ვარ იგივე დღე თავიდან გავიარო. ამჯერად განრიგი ბავშვების სურვილით დგება. განსაკუთრებით აქტიური 4 წლის მარიამია და საბოლოოდ, ჩვენც მისი პრიორიტეტებით ვმოქმედებთ. მივდივართ კაფეში, ვვახშმობთ, ან მეგობრებთან ვიკრიბებით, სადაც ასევე ბევრი ბავშვი გვხვდება. მოკლედ, დღის მეორე ნახევარიც საკმაოდ აქტიური გვაქვს.
– ქალი ბიზნესში და თან, მძიმე მრეწველობაში – ეს საკმაოდ რთული მისიაა და განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. როგორ ახდენთ კონცენტრირებას, რა გეხმარებათ?
– ზოგადად, არ ვფიქრობ, რომ სამსახურში ქალი და მამაკაცი განსხვავდება. თუ რაღაც საქმეს შეეჭიდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ კარგად გაართვა თავი. ამიტომ თავს ნამდვილად არ ვზოგავ. ვაგონმშენებლობა განსაკუთრებულ ძალებს ისევე მოითხოვს, როგორც ყველა სხვა სამსახური. რასაც აკეთებ თუ გულით აკეთებ და მაქსიმუმს სთხოვ საკუთარ თავს, ყოველთვის ძალიან დიდი შრომის ჩადება გიწევს. მოტივაცია კი ერთია – შენი მისია. ცხოვრებაში ყველას თავისი მისია აქვს  და იმის გაცნობიერება, რომ ეს შენია და უნდა გააკეთო, უკვე დიდი სტიმულია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოტივაცია და არაჩვეულებრივი განცდაა, როცა  წარმოებიდან ახალშექმნილი ვაგონი გამოდის.  მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მის გაკეთებაში არ ვმონაწილეობ, ჩემი ყოველდღიური საქმე ხომ ამ პროცესების დაგეგმვა და ორგანიზებაა. ამიტომ, თითოეული ვაგონი ჩემი პირმშოა.
– ქალბატონო ნინო, საწარმოს მუშაობაზე გვიამბეთ. რას საქმიანობთ ამჟამად და რა მაჩვენებლები გაქვთ?
– ჩემი სამსახური – ვაგონმშენებელი კომპანია, მუდმივი ზრდისა და განვითარების სტრატეგიას ისახავს მიზნად. მზარდი ბაზარი, რომელიც პერიოდულად ახალი მოდელების ვაგონებს, ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების პროდუქციას  საჭიროებს, ჩვენც შესაბამის რეჟიმში გვაყენებს.
ამჟამად ვმუშაობთ ევროსტანდარტის ბორბლებისა და დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ვაგონის მშენებლობაზე, რომლის პრეზენტაციასაც სექტემბერში ვგეგმავთ. იქამდე კი, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საკმაოდ დიდი გზა გასავლელი – ნახაზების დამუშავებიდან საცდელი ეგზემპლარის დამზადებამდე.
– ცნობილია, რომ ეს საწარმო ერთი ოჯახივითაა. როგორ მიგიღეს, როგორც ქალი ხელმძღვანელი?
– ჩვენი კომპანია ნამდვილად ერთი დიდი ოჯახია და ჩემი შემომატებაც ყველას მხრიდან თანადგომით აღინიშნა. ძალიან ძნელია, როცა ხედავ, რომ დღეს უამრავ ადამიანს არასასურველ და სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა  მხოლოდ იმიტომ, რომ თვითგადარჩენისთვის იბრძვის და სხვა ალტერნატივა არ აქვს. მე ვამაყობ, რომ ჩვენთან აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა. აქ ადამიანებს უყვართ საკუთარი საქმე, სამსახური და იციან, რომ მათ პროფესიონალიზმს უდიდეს პატივს სცემენ. შესაბამისად, ეს სიმშვიდე მათ მუდმივი განვითარებისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ათწლეულობით მომუშავე თანამშრომლებს, რომელთა ოჯახის წევრებიც უკვე ჩვენთან მუშაობენ. ეს მმართველობის იაპონური მეთოდია და ვაპირებ, ეს კიდევ უფრო გავამყარო. ამიტომ, ჩემს შემომატებას ამ დიდ ოჯახში  მხოლოდ დადებითად შეხვდნენ.
– თქვენი, როგორც ბიზნესში მოღვაწე ქალის შეხედულება ქართულ ბიზნესზე. მისი განვითარების პერსპექტივებზე...
– ქართული ბიზნესი ჩვენი ბუნებიდან და ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე ვითარდება – ვართ ნიჭიერი, მაგრამ, გარკვეულწილად, ემოციური და აფექტური ხალხი. ეს თვისებები ბიზნესს არ უხდება. მიხარია, რომ ასპარეზზე გამოჩნდნენ გაცილებით განათლებული ბიზნესმენები და უფრო მეტად დაფასდა ბიზნესში მაღალკვალიფიციური მენეჯერები. ეს მოცემულობა, თავისთავად, ზრდის პროფესიული განათლების მსურველთა რიცხვს და ხარისხიანი სწავლების  მოთხოვნას. როგორც თავის დროზე  დიდმა ილიამ აღნიშნა, არც ახლა აწყენდა ჩვენს ერს უფრო მეტი განათლებული ადამიანი და შესაბამისად, მათი გაკეთებული კარგი საქმეები. 
– თქვენი სამომავლო გეგმები...
– სამომავლო გეგმა ბევრია და  თან, საინტერესოც. უპირველეს ყოვლისა, კომპანიას ესაჭიროება ახალი სისხლი – ევროპულ ბაზარზე  უფრო მეტი ორიენტაცია და  განვითარების უკვე სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანა.
გარდა ამისა, ვავითარებთ საქველმოქმედო მიმართულებას – ჩემი ოჯახის დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი წილოსანს“ ვხელმძღვანელობ, რომლის საქმიანობა ამ ეტაპზე გურიის რეგიონზეა ორიენტირებული. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა – სხვადასხვა კუთხის წარმატებული შვილები ბევრ ქვეყანაში ზრუნავენ  თავიანთ მშობლიურ კუთხეზე. დედაც და მამაც გურიიდან არიან და მიხარია, რომ ვაგრძელებ მათ  ტრადიციას და ჩვენს მხარეს ბევრ კეთილ საქმეს ვუკეთებ. 
თუმცა, მინდა, უფრო მეტად მოვიცვათ ის სფეროები, წახალისებას და დახმარებას რომ საჭიროებს. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი განათლების სფერო და სოციალურად დაუცველი ოჯახებია. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოგრაფიის პრობლემა, სამუზეუმო საქმე, სპორტი და სხვა. იმედი მაქვს, უფრო მეტი თანხის მობილიზაციას შევძლებ და მეტი კარგი საქმის კეთების საშუალება მექნება.
– თქვენი თავისუფალი დრო – რაში „ხარჯავთ“ მას?
– თავისუფალი დროში ალბათ სამსახურის მიღმა დროს გულისხმობთ? თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მრჩება – ოჯახი, მეგობრები და ნათესავები და თითქმის ამოიწურა მთელი დღის ლიმიტი. თუმცა, სამსახურიდან გამომდინარე, სისტემატურად მიწევს უცხოეთში გასვლა, რაც ნამდვილად არის რეალური  განტვირთვა და რელაქსი.

скачать dle 11.3