კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაქორწინდა მარიამ კუკუნაშვილი მეუღლეზე ცხრაჯერ და რაში აჯობა მან წლების წინ მიხეილ სააკაშვილს

თუ საქართველოში ვინმეს უნდა მიენიჭოს მოგზაურის სტატუსი, ერთ-ერთი მათგანი ბიზნესლედი მარიამ კუკუნაშვილი იქნება, რომელიც ძალიან დიდ დროს სწორედ მოგზაურობაში ატარებს. ის მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყანაშია ნამყოფი და სამომავლოდ კიდევ არაერთი ქვეყნის დალაშქვრას გეგმავს.
მარიამ კუკუნაშვილი: ბავშვობაში ჩემი მიზნები და ფიქრები თამაშით, გართობით შემოიფარგლებოდა. მაშინ ნამდვილად არ მქონია მატერიალისტური და პროფესიული ოცნებები, ეს უფრო მერე მოვიდა, როდესაც კარიერისთვის ვემზადებოდი. ჩემი ძირითადი მოტივაცია იყო თავისუფლება. საქართველოში ქალი მაინც ცოტა შეზღუდულია მშობლების, შემდეგ – საკუთარი ოჯახის მხრიდან, მაგრამ, როდესაც მატერიალურად და პროფესიულად ძლიერი ხარ, უფრო მეტი თავისუფლება გაქვს. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან იმისთვის, რომ რამე შეზღუდვა დავუწესო – 5 წლისანი არიან. მაქსიმალურად ვცდილობ, შვილებს მივცე მეტი განათლება და არ მივცე ფუფუნების საშუალება – რაც მოეწონებათ, ყველაფერი არ ვუყიდო. მინდა, შრომას მიეჩვიონ და მათთვის ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი არ იყოს. ხომ უნდა ჰქონდეთ სწორი მოტივაცია, რისთვისაც უნდა ისწავლონ და იშრომონ?!
– ძალიან ბევრს დაფრინავთ, ხშირად გიწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ, გარკვეულწილად რთული არ არის?
– ჩემთვის არ არის რთული, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა. უკვე იმდენად შევეგუე, რომ, როდესაც 3-4 კვირა ან თვე-ნახევარი გადის და ფრენა არ მიწევს, დისკომფორტი მეწყება. ძალიან ბევრს დავფრინავ, უკვე 100 ქვეყანაში ვიყავი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მითხრეს, რომ, ოფიციალური მონაცემებით, ფრენისა და ქვეყნიდან გასვლის მხრივ, პირველ ადგილზე მე ვიყავი, მეორე ადგილზე – სააკაშვილი. ჩემთვის მოგზაურობას აქვს განათლების მიღების დანიშნულება: ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობით, მათი კულტურის შესწავლით, ეს ყველაფერი ადამიანის თვალსაწიერს აფართოებს, უკეთესს გხდის. სია მაქვს ჩამოწერილი, სად არ ვყოფილვარ და მომავალი გეგმები უკვე მათ უკავშირდება. ყველა ქვეყანა განსხვავებულია და საინტერესო. თუმცა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ტაილანდი, სადაც მიწევდა მუშაობა. ძალიან გამიჭირდა მათი კულტურული თავისებურებების გაგება. ტაილანდს „ღიმილის ქვეყანას“ ეძახიან, მაგრამ, როცა იქ გიწევს ცხოვრება და მუშაობა, უკვე ბევრ თავისებურებას აწყდები. გგონია, რომ მათი ღიმილი და თავის დაქნევა თანხმობას ნიშნავს, მაგრამ, მერე რომ ერკვევი, იგებ, რომ 12 სახის ღიმილი აქვთ: ერთი ნიშნავს გაბრაზებას, მეორე – წყენას, მესამე – არდათანხმებას და ასე შემდეგ. ტაილანდში ძალიან რთულია უცხოელისთვის მუშაობა, რადგან მათ აქვთ სამი წრე, სადაც ურთიერთობენ. ესენია: ოჯახური წრე, ტაის საზოგადოება და უცხოელები. მათთვის სამარცხვინოა სახის დაკარგვა და ცუდად მოქცევა ტაის საზოგადოებაში ან ოჯახში, თუმცა საერთოდ არ ანაღვლებთ ეს უცხოელებთან. სანამ ბევრ ტაილანდელთან არ დაამყარებ ურთიერთობას და არ გაიგებენ, რომ, თუ შენთანაც ცუდად მოიქცევიან, დაკარგავენ თავიანთ სახეს, მანამდე სრულიად განსხვავებულად იქცევიან ოჯახში და უცხოელებთან. არასდროს ამბობენ სიმართლეს; ვერ იგებ, რატომ ამბობს უარს ისეთ რამეზე, რაზეც არავინ იტყვის უარს. როდესაც შედიხარ მათ წრეში, ანუ ტაის საზოგადოებაში, მერე უკვე გენდობიან და ურთიერთობის დამყარება მარტივია. მაგრამ ამისთვის 4 წელი დამჭირდა. ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა დაუსრულებელი სადილები, ურთიერთობის შენება. ახლა, როცა აზიაში მაქვს საქმე, ცოტა გრძელვადიან ვიზიტებს ვგეგმავ: ჯერ ყავაზე უნდა დავპატიჟო, შემდეგ სადილზე და ნელ-ნელა იხსნებიან. დიდია ოჯახის კულტი; შვილი და მშობლები ერთმანეთთან ძალიან არიან დაკავშირებულები. ამ მხრივ ტაილანდში მიღებული გამოცდილება უკვე კამბოჯაში გამოვიყენე, რადგან ტაილანდის კულტურა ძალიან ჰგავს კამბოჯის კულტურას. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მექსიკამ, რის გამოც ვცხოვრობ აქ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოსახლეობა არ არის მატერიალურად შეძლებული, სხვანაირი მიდგომები აქვთ ცხოვრებასთან: დღევანდელი დღით ცხოვრობენ, სულ იღიმებიან და ხვალინდელი პრობლემებით თავს არ იტკიებენ. აქ მთავარია, ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს, ურთიერთობები ჰქონდეს რეალური; ნაკლებად პრიორიტეტულია პასუხისმგებლობები, მოვალეობები. ეს, რა თქმა უნდა, მუშაობას აძნელებს. მაგრამ, მომწონს ის, რომ ცხოვრების ფასი იციან. მექსიკაში სულ დღესასწაულებია, ბავშვებს ბაღშიც ყოველკვირა უწყობენ დღესასწაულს, სულ რაღაცას ზეიმობენ. გრანდიოზულად აღნიშნავენ მიცვალებულების დღეებს, სუვენირების მაღაზიებში ყველგან ჩონჩხები, გარდაცვლილი ადამიანების სუვენირები იყიდება. მექსიკაში დიდხანს არ ვაპირებ დარჩენას, მაქსიმუმ, ერთი წელი დავრჩე. ერთხელ ცხოვრობ, მოკლეა სიცოცხლე და, რატომ უნდა გაატარო მთელი სიცოცხლე ერთ ქალაქში?!
–  რამ მოახდინა აფრიკაში თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– ველურ აფრიკაში ძალიან მძიმე ცხოვრების პირობებია, განსაკუთრებით – ეთიოპიაში, სადაც სხვადასხვა ტომები ცხოვრობენ. ყოველდღე მიწევდა მათი დასახლებების შეცვლა და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ, ძროხას უხვრეტენ არტერიას და სისხლს იღებენ, რადგან სისხლი დიდი რაოდენობით პროტეინებისა და საკვები ელემენტების შემცველია და დიდხანს ჰყოფნით. კენიაში არის სამბურუს ტომები, რომლებსაც ასეთი ტრადიცია აქვთ: გოგოს ჰყავს ტომიდან ბოიფრენდი, რომელზეც გათხოვების უფლება არ აქვს, რადგან საქმრო მამამისმა უნდა შეურჩიოს. ეს ბოიფრენდი ყიდულობს მისთვის მძივს (რომელიც ერთ-ერთ ფოტოში მეც მიკეთია) და, როდესაც გოგონა დააპირებს გათხოვებას, ეს მძივი უკან უნდა დაუბრუნოს. ქართული გავლენით ვკითხე: გოგონა ქალიშვილია-მეთქი? გაუკვირდათ ამ კითხვის დასმა – პაპუასები ხომ არ ვართო. სექსიც აქვთ, ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, უბრალოდ, მისგან ბავშვი არ უნდა გააჩინოს და შემდეგ გათხოვდეს მამის არჩეულ საქმროზე. ეთიოპიაში ერთი კვირის განმავლობაში არ მქონდა ცხელი წყალი, არ მქონდა საპონი და, ფაქტობრივად, ტალახიანი ხელებით დავდიოდი ერთი კვირა. ყოველდღე გვიწევდა ადგილის შეცვლა, გარეთ მოწყობილ კარვებში ვიძინებდით, გარშემო მაიმუნები რომ დარბიან. ძალიან გამიჭირდა, რადგან მანამდე „კომფორტ თრეველერი“ ვიყავი, საღამოს უკვე ნერვები მახრჩობდა: ანტიჰიგიენა, საჭმელს რომ ვერ შეჭამ, მაგრამ, მაინც ღირდა.
– ჩვეულებრივი აფრიკელი გახდით იმ ერთ კვირაში?
– მთლად ჩვეულებრივი აფრიკელი არა... მახსოვს, პირველად ინდოეთში რომ მოვხვდი, მეგონა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი: ირგვლივ ნაგავი, ჭუჭყი – ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი. მეორედ რომ დავბრუნდი, აღმოვაჩინე ასეთი რამ: საშინელი ნანგრევების უკან შეიძლება იყოს ულამაზესი მუზეუმი ან რესტორანი... ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, თბილი ხალხი, ძალიან მიყვარს ინდოეთი. რაც შეეხება ლათინოამერიკულ ქვეყნებს, იქ ყველაზე მეტად თვალშისაცემია ლამაზი ფერები, სიჭრელე, ლათინური მუსიკა და მსუბუქი ხასიათი – ამ ქვეყნებში ვერანაირად ვერ გაბრაზდები. კოლუმბიაში ტერიტორიის დიდი ნაწილი ტურისტებისთვის დაშვებული ზონა არ არის, რადგან იქ დადიან შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც არარეგალური ბიზნესით არიან დაკავებულები. კოლუმბიიდან სადაც ჩადის თვითმფრინავი, ნებისმიერ ქვეყანაში, ხდება სერიოზული შემოწმება, ჩხრეკა. თოჯინა და სტატუეტები ვიყიდე და, რომ ჩამოვედი კოლუმბიიდან, სამი საათი გამაჩერეს, ბევრი ხვეწნა-მუდარისა და პროტესტის შემდეგ აღარ დამიფშვნეს; ჩემოდნის სარჩულები კი მაინც დაგვიჭრეს.
– რომელ ქვეყნებში მოგზაურობისას მოგიწიათ დიდი სიფრთხილის გამოჩენა?
– ყველა ქვეყანაში საშიშია. ინდოეთში ღამით გარეთ გასვლაა საშიში – იქ დღეში 22 ქალს აუპატიურებენ. ღამით არსად გავდივარ ხოლმე. აფრიკაში ჩემი ბუნგალოდან გამოვედი ერთხელ და შეირაღებული ადამიანი დამხვდა – ახლა ფოცხვერი დადიოდა და ფრთხილად იყავითო. ღამით ამოქოლავდნენ ხოლმე ბუნგალოებს, რომ ცხოველები არ შემოსულიყვნენ. მექსიკაშიც არის კრიმინალი და, ის ადამიანები, ვინც ოდნავ მაინც შეძლებულები არიან, დაცვით, შემოსაზღვრულ ადგილებში ცხოვრობენ. მეც ასეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობ. ყოველ ათ სახლს თავისი დაცვა ჰყავს; რეზიდენციის ტერიტორიის შემოსასვლელსაც – თავისი დაცვა, სადაც პასპორტების, მანქანის ნომრების შემოწმებისა და მასპინძელთან გადამოწმების გარეშე არავის უშვებენ.
– რაში გიყვართ ყველაზე მეტად  ფულის ხარჯვა?
– რამდენი შეძლებული ადამიანია, სახლებსა  და ბრილიანტებს რომ ყიდულობენ, ჩემთვის კი მოგზაურობაა ყველაფერი. საქართველოში რომ არ ენანებათ ფული ბრენდულ სამოსში და აქსესუარებში, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც მექსიკაში ჩამოვედი, არ გამიხდია შორტი და სამუშაოსთვის შეკერილი ჩითის კაბა. ჩემი აზრით, შინაგან დაუცველობას კაბები, ბრილიანტები და მაგარი ავტომობილები ვერ გამოასწორებს. ბათუმში სახლი გვაქვს და ბავშვებთან ერთად ზაფხულში ჩავდივართ ხოლმე. მეუღლემ მითხრა, ბათუმისთვის „პორშეს“ გიყიდიო. არ გამაგონო მანქანა, ბათუმისთვის ველოსიპედი მიყიდე-მეთქი – სპორტი მიყვარს ძალიან. რაშიც არ მენანება ფული და დრო, ეს არის მოგზაურობა, ცეკვა და სპორტი.
– ვისთან ერთად გიყვართ მოგზაურობა?
– მეუღლესთან ერთად ვმოგზაურობ და „ნიუ ლაიფის“ გოგონებთან ერთად. საქმეს რომ მოვრჩებით, სადმე კუნძულზე გადავფრინდებით რამდენიმე დღით და თავს ამით დავიჯილდოებთ ხოლმე. მეუღლე ყოველთვის მეხვეწება: დამასვენე, გამაჩერე ერთ ადგილზეო. მერე კი მოსწონს ხოლმე, მაგრამ, მაინც მთხოვს, ამდენი ფრენა არ შემიძლია, ცოტა დიდი შუალედი გააკეთეო. ამიტომ, ტურების დაგეგმვის ინიციატივა ძირითადად ჩემზეა.
– რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ წელს თავიდან გთხოვდათ ხელს და სხვადასხვა კუნძულზე ქორწინდებოდით. ახლა კიდევ გაქვთ ეს ტრადიცია?
–  ეს ტრადიცია, ასე ვთქვათ, გავაუქმეთ. ცხრაჯერ უკვე მოვასწარით დაქორწინება. უცხოელებს აქვთ ასეთი ტრადიცია – ქორწილის განახლება და ყოველ წელს აწყობენ ასეთ ცერემონიალებს, ჩვენც ეს მომენტი გვქონდა. მაგრამ მერე ვეღარ მოვიცალეთ და, ალბათ, მოგვბეზრდა კიდეც.
– ცეკვას ძალიან დიდი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში.
– ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გავიღვიძე და გავაცნობიერე, რომ არაფერი ოცნება არ დამრჩა აუხდენელი, დეპრესია დამეუფლა: აღარც კაბა მინდოდა, აღარც მოგზაურობა, თითქოს მიზანი აღარ მქონდა. იმ დროს ბრიტანეთში ვიყავი და ერთ ჟურნალისტს ჰქონდა ასეთი სტატია: ვმუშაობ ისეთ ხალხზე, ვისაც ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ აქვს, გარდა იმ პრობლემისა, რასაც საკუთარ თავს თვითონ უქმნიანო. გადავწყვიტე, ახალი რთული მიზანი გამეჩინა, რაშიც მთელ ენერგიას ჩავდებდი. დავიწყე ტანვარჯიში, ცეკვა, რასაც მთელი გულითა და სულით მოვკიდე ხელი, სპორტი კი ისეთია, მიზანს ვერ ამოწურავ და რთულ პერიოდში ძალიან დამეხმარა. მექსიკაშიც ყოველდღე, კვირის გარდა, მექსიკის ჩემპიონთან, უკრაინელ ბიჭთან ერთად ვცეკვავ, არ ვაცდენ.

скачать dle 11.3