კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად „იჭედება” მერაბ მეტრეველი ქალებთან და რას შეელია ის წარსულიდან

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი  პოლიტიკაში წავიდა – ახლა საჯარო სივრცეში უკვე  დებიუტანტი პოლიტიკოსის რანგში ვხედავთ.  პოლიტიკური გაერთიანების „სახელმწიფო ხალხისათვის” ახალ სახეს,  გადაწყვეტილება  ზოგმა   დაუწუნა, ზოგმა  მოუწონა. თავად კი მიიჩნევს, რომ  ქართულ პოლიტიკაში ახალი თამაშის წესების დანერგვას შეეცდება.  როგორი იქნება  მერაბ მეტრეველის პოლიტიკური კარიერა, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ყოფილი კოლეგა, ჩვეული გულწრფელობით  წარსულზე,  კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებსა და იმ ადამიანზე გვესაუბრება, ვინც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.  
– მერაბ, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღე, იოლად შეელიე ჟურნალისტიკას, სადაც დიდი ხანი გაატარე?
– იოლად როგორ შეველეოდი,  ამდენი წელი ვიყავი  ამ საქმეში.  შესაბამისად, მასთან დამშვიდობების გადაწყვეტილება  მარტივად  არ მიმიღია. ემოციების გამოხატვა არ  მაქვს ხასიათში, თუმცა ნამდვილად ვღელავდი. მას შემდეგ,  რაც უნივერსიტეტი დავამთავრე,  სულ ჟურნალისტიკაში ვმუშაობ. პრინციპში, ჩემი პროფესიით – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, ერთი დღეც არ მიმუშავია.  პოლიტიკაში წასვლაზე  ადრეც  ვფიქრობდი,  მინდოდა დავმდგარიყავი ახალი გამოწვევების წინაშე, გამომეცადა  საკუთარი თავი.  როდესაც ამდენი წელია, წერ ანალიტიკურ სტატიებს, აკრიტიკებ ხელისუფლებას – ერთს, მეორეს და ისე გამოდის, თითქოს არაფერი მოგწონს,  ხვდები, კრიტიკა იოლია – მოდი, აბა, თვითონ სცადე, მეც  ავდექი  და ვცადე. (იცინის).
 – ადრე პაატა ბურჭულაძესთან ურთიერთობა გქონია, იცნობდი მას?
– არა, მე ვიყავი მისი  ჩვეულებრივი მსმენელი,  თუმცა  ვერ ვიტყვი, რომ ოპერაში დიდად გარკვეული ვარ.  მოყვარულის დონეზე ვერკვევი საოპერო ხელოვნებაში. მამაკაცების ხმას  ვარკვევ, ვიცი, რომელია ტენორი, ბანი, ბარიტონი. აი, ქალების ხმებში, რომელია სოპრანო და რომელი მეცოსოპრანო – „ვიჭედები”, ლირიკული და ტრაგიკული სოპრანო კი, უკვე ძალიან ამოუხსნელია. მგონი, ეს არაა  დამწყები პოლიტიკოსისთვის დიდი ნაკლი. იმედია, ამის გასარკვევადაც მოვიცლი (იცინის).
– პოლიტიკაში ჩართვამ  როგორ  შეცვალა შენი ცხოვრება? 
–  ერთადერთი, რასთანაც მიჭირს შეგუება ისაა, რომ აქამდე ვიყავი სრულიად  თავისუფალი და ახლა ბუნებრივია,  მომიწევს პარტიულ ჩარჩოში  ჩაჯდომა, რომ არ ავცდე  პარტიულ კურსს და დისციპლინას  და ის არ დამემართოს, რაც დაემართა  თოფაძეს, მეჭიაურს, აგერ  კოღუაშვილს, სულ ახლახან. შეიცვლა ის, რომ გიწევს უსამართლო კრიტიკისა და ლანძღვის ატანა. რის გამო მეჩხუბებიან, ვერ ვხვდები,  უამრავი მესიჯი მომდის ტექსტით, რატომ გავხდი ნაცი. „ქართული ოცნება“ დღეს ისე მოქმედებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა თავის დროზე, მისგან ყველანაირი სიგლახე ისწავლა. ვისიც ეშინია, მას უნდა მიაწებოს იარლიყი. მათთვის მტერია მიხეილ  სააკაშვილი, ამიტომაც მოგვაწებეს იარლიყი, რომ ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის და ნაცების სატელიტები. ის, რომ ოდესაში რაღაც ფოტო აქვთ გადაღებული მიხეილ სააკაშვილს  და პაატა ბურჭულაძეს, თურმე, ეს არის მთავარი მტკიცებულება. თურმე, პაატა ბურჭულაძე ჩავიდა ოდესაში, მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა საიდუმლოდ და მერე ამ საიდუმლო შეხვედრის ამსახველი ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში თავადვე გამოფინეს. როგორ შეიძლება ამ ლოგიკის სჯეროდეს ვინმეს?  არ მინდა პათეტიკური ვიყო, მაგრამ უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი, გავაკეთო მეტი კარგი საქმე ჩემი ქვეყნისთვის. თუ ზოგს ჰგონია, რომ საკუთარი ცხოვრების მოწყობა, ან გამდიდრება მინდა, ეს მისი პრობლემაა. დრო გვიჩვენებს ვინ რას გააკეთებს.  ამდენ კრიტიკას, არ ჯობია  მაცადონ? ის მაინც მაცადონ, დავაშავო რამე (იცინის).   
– არ გეშინია, იმ კოლეგების ბედი გაიზიარო, ვინც პოლიტიკიდან უკან, ჟურნალისტიკაში დაბრუნდა?
– არა! იმიტომ რომ, მე მჯერა ჩემი თავის. მჯერა ჩემი არჩევნის და იმის, რომ არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მერე ჩემ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, როგორც კომპრომატი. არის წითელი ხაზები, რასაც არასდროს გადავკვეთ. პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვითამაშო პატიოსანი თამაში. არ ვიწყებ დონკიხოტობას. ჩვენ ვნახავთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში. მე იმას არ ვამბობ, გამოვალ  და მოვყვები ყველაფერს, რაც ხდება პოლიტიკაში, კადრს მიღმა, მაგრამ ხალხს თვალში  ნაცარს არასდროს შევაყრი, ტყუილებით ფონს გასვლას არასდროს შევეცდები.  მე წესების დარღვევით არასდროს მიცხოვრია.  ყველაფერი, რაც აქამდე იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და რაც ძირითადად, უკავშირდებოდა ჟურნალისტიკას, იყო  თამაშის წესების დაცვა. უღირსად არსად, არასდროს მოვქცეულვარ. ასე ვაპირებ გავაგრძელო მომავალშიც.   ვიცი, რომ რთული პერიოდი ბევრი იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ.
– აქამდე მოსასვლელად რთული გზის გავლა  არ მოგიხდა? 
–  ძალიან რთული წლები გავიარე იქამდე, სანამ ჟურნალისტიკაში მოვხვდებოდი.  სტუდენტობის დროს, სამი წელი ბენზინგასამართ სადგურზე, ბენზინის ჩამსხმელად  ვმუშაობდი, რადგან  ოჯახში ერთადერთი შრომისუნარიანი მე  ვიყავი. დედ-მამა პენსიონრები იყვნენ და მათი პენსია ერთად, 28 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ან სწავლისთვის უნდა დამენებებინა თავი, ან ისეთი სამსახური მეპოვა, რომელსაც სწავლასაც შევუთავსებდი.  ბენზინგასამართი სადგური იყო ბათუმში, გორკის ქუჩაზე. დილით უნივერსიტეტში მივდიოდი, 2-3 საათისთვის – სამსახურში.  ჩემ მიერ გამომუშავებული თანხა გახდა ოჯახში მთავარი შემოსავლის წყარო. დღეს სტუდენტები, ძირითადად, იმის გამო მუშაობენ, რომ საკუთარი ფული ჰქონდეთ, მაშინ ასე არ იყო – 90-იან წლებში,  უმეტესად სტუდენტების ის კატეგორია  მუშაობდა,  რომელთაც უჭირდათ.   არ დაგიმალავ,  ეს იყო  ერთგვარი ტვირთი – როდესაც შენი თანაკურსელები გასართობად მიდიან და შენ უნდა წახვიდე ბენზინგასამართ სადგურზე სამუშაოდ, რადგან ეს ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, იოლი არაა. ქუჩაში ვიდექი ზამთარში, ზაფხულში, სიცივეში, სიცხეში. მაშინ  ახალი შემოსული იყო მომსახურე პერსონალის მიერ ბენზინის ჩასხმა. ფულს ოპერატორს უხდიდნენ, მაგრამ მძღოლები 20-30 თეთრს გვაძლევდნენ ხოლმე.    ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი, როდესაც გარდაიცვალა დედა.
–  გასულ წელს, დედის დღეს განსაკუთრებით  ემოციური პოსტი მიუძღვენი  გარდაცვლილ დედას. 
–  დედაზე საუბარი ჩემთვის მარტივი არაა.  20 წლის ვიყავი, ის რომ გარდაიცვალა.  დედა პროფესიით ექთანი იყო. ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა – გულით ავადმყოფი იყო. როდესაც მე გავჩნდი,  მუშაობას თავი დაანება და მთლიანად ჩემს აღზრდაზე გადაერთო. მაშინ დედაც და მამაც უკვე ასაკში იყვნენ. მე მათი სიბერის ერთადერთი შვილი ვიყავი.  როდესაც დედისერთა ხარ, მშობლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს. მე და დედა, ფაქტობრივად, ერთმანეთს ვუვლიდით. ჯერ კიდევ პატარა ასაკში  ვიცოდი წნევის გაზომვა. დედას ხშირად სჭირდებოდა სასწრაფოს გამოძახება. მაშინ ბუნებრივია, სატელეფონო კავშირი ასე არ იყო.  ჩვენს კორპუსში, რომელიც ახალი აშენებული იყო, საერთად არ იყო სატელეფონო კავშირი. მე მიწევდა მეზობლად, ძველ კორპუსებში გადარბენა, რომ სასწრაფო გამომეძახებინა. თითქმის ყველა ექიმი და ექთანი მიცნობდა. 20 წლის ასაკში ყველაფერი სხვანაირად შეიცვალა – ერთ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ დედა ცოცხალი არ იყო. მე ვიპოვე გარდაცვლილი. ეს ახალგაზრდა ბიჭისთვის იოლი გადასატანი არაა. დედის გარდაცვალების შემდეგ უკვე გადავწყვიტე, თბილისში გადმოსვლა. ამაზე იქამდეც ვფიქრობდი. უკვე ვმუშაობდი ჟურნალისტად, როცა  გამოცხადდა კონკურსი აჭარის ტელევიზიის წამყვანის ვაკანსიაზე. გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მესამე ტურამდე მივედი, მაგრამ შემდეგ გამოაცხადეს, რომ კონკურსი ჩაიშალა. ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. ეს კონკურსი  ჩემი ერთადერთი იმედი იყო. ვფიქრობდი,  მოვშორდებოდი ბენზინგასამართ სადგურს, ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.   კონკურსის ჟიურის წევრი იყო გიორგი თარგამაძე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან შემამჩნია ამ კონკურსის დროს. ის   ეძებდა კადრებს თავისი სტუდიისთვის.  ასე დასრულდა ჩემი მოღვაწეობა  ბენზინგასამართ სადგურზე და აღმოვჩნდი ჟურნალისტიკაში.  როდესაც გიორგი  წავიდა პოლიტიკაში და პარლამენტის წევრი გახდა, მისი სტუდია  დაიშალა.  მე მუშაობა დავიწყე სხვადასხვა გამოცემაში – „დრონი,” „ახალი თაობა.”  ჰონორარებზე ვმუშაობდი, შესაბამისად, ერთდროულად რამდენიმე  გამოცემაში  მიწევდა მუშაობა.    22 წლის ვიყავი, პირველად რომ ჩამოვედი თბილისში, „დრონში” ჩემი დაგროვილი ჰონორარები   უნდა ამეღო. მაშინ ვნახე პირველად თბილისი.   ჩემს მშობლებს არც დრო ჰქონდათ და არც  საშუალება, რომ თბილისში შვილის ექსკურსიაზე წაყვანაზე ეფიქრათ. მთელი ცხოვრება არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ. მამა პოეტი იყო, საქართველოს და აჭარის მწერალთა კავშირის წევრი.  დროდადრო გამოსცემდა ხოლმე ლექსების კრებულს, რომლითაც ბევრ ფულს ვერ იშოვიდი. ამიტომაც მუშაობდა ექსკურსიამძღოლად. ამ საქმეშიც არ იყო დიდი შემოსავალი, სულ რაღაც 120 მანეთი, მაგრამ გვქონდა საკუთარი ბინა, რომელიც  თბილისში წამოსვლის შემდეგ მე და მამამ დავტოვეთ.  ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ძნელი პერიოდი – ჩავალაგეთ მე და მამამ ჩანთები, გამოვკეტეთ ბათუმის სახლი და ბედის ანაბარა წამოვედით თბილისში.  აქ არავინ გვყავდა. სხვადასხვა ადგილას ქირით გვიწევდა ცხოვრება, ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ბინას. მამა ასაკში გახლდათ და ეს არ იყო მისთვის იოლი. მერე ნელ-ნელა ბევრი რამ შეიცვალა. მე დავიწყე მუშაობა „იმედში” და დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. 
– იმ პერიოდში დაოჯახდით კიდეც, ჟურნალისტია მეუღლე –  ნინო წულუკიძე. პროფესიული კონკურენცია  არ გქონიათ?
– არა,  ასეთი პრობლემები არასდროს გვქონია.  ჩვენი მთავარი თემა ჩვენი შვილების განათლებაა და ამასთან დაკავშირებული  ყველა დეტალი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან კარგი მამა ვარ. დავდივარ სკოლაში, მშობელთა კრებებზე. დამყავს ლუკა კინოში, ერთად ვუყურებთ   ფილმებს სუპერგმირებზე, ვკითხულობთ  წიგნებს.  ერთადერთი, რის გამოც გული მეთანაღრება, რომ პოლიტიკაში წავედი ისაა,  რომ ახლა აღარ მექნება ბევრი დრო  ლუკასთვის. თუმცა მასთან ერთად  ყოფნის სიამოვნებას, პოლიტიკის გამოც  ვერასდროს  შეველევი. ლუკა არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება, ღირებულებები მთლიანად შეცვალა. 
– ნინო, როგორ შეხვდი მეუღლის  პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას?
ნინო: რომ გითხრათ, გამიხარდა ან აღფრთოვანებით შევხვდი-მეთქი, არ იქნება მართალი. მომწონდა, როცა ორივე ერთ საქმეს ვაკეთებდით და მშვიდად ვცხოვრობდით. ახლა ეს ყველაფერი დამთავრდება. არ მიყვარს, როცა ჩემი ოჯახი ყურადღების ცენტრში ექცევა. მომწონდა, როცა მეტ დროს უთმობდა ლუკას. მე ძალიან დაკავებული ვარ და ძირითადად, მერაბი ზრუნავდა მის გართობასა და დასვენებაზე.  შაბათ-კვირას ყოველთვის ერთად ვატარებდით. თუ მისი გაპოლიტიკოსების შემდეგ ეს „ოქროს წესი” შეიცვლება  და ალბათ, შეიცვლება, ძალიან გავაპროტესტებ (იცინის).  სახლში საკმაოდ უწყინარი და უპრეტენზიოა. უყვარს საყიდლებზე ჩემთან ერთად სიარული. ნაკლებად ერევა ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში. ეს მე მაქვს მონდობილი. ხელმარჯვეა და თუ სახლში რამე გაფუჭდა, შეუძლია შეაკეთოს, თუმცა წუწუნი მჭირდება... ავიწყდება.  ძალიან კარგი მამაა. გიჟი მამააო, მაგაზეა ნათქვამი. ერთადერთი, რაზეც ზოგჯერ სერიოზულად ვჩხუბობთ, პოლიტიკაა.
– პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, ერთ ბანაკში ხართ?
– არა, პირიქით, აბსოლუტურად სხვადასხვა ბანაკში ვართ, ჩვენს ოჯახში ნამდვილი დემოკრატიაა. ამის შესახებ ყველა ჩვენმა მეგობარმა იცის. უნდა ნახოთ, როგორი მწვავე დებატები გვაქვს ხოლმე. ერთი მხრივ, ეს კარგია, შევაჩვიე ოპონირებას, რაც  მომავალში გამოადგება. „ვემუქრები”, რომ იმ პოლიტიკურ პარტიაში შევალ, რომლის სატელიტობასაც აბრალებენ  და სიურპრიზს მოვუწყობ, რაზედაც  უკვე თავადაც ბევრს ხუმრობს (იცინის).

скачать dle 11.3