თამთა ხმალაძე ბიჭებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბევრჯერ ყოფილა
ულამაზესი თამთა ხმალაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი ახალი მსახიობია, რომელიც „რაგნარას გოგოს“ – ტატას როლს ასრულებს. თამთა თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ეს ეკრანზე მისი გამოჩენის პირველი შემთხვევაა. სერიალის მსგავსად, თაყვანისმცემლების ნაკლებობას მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც არ უჩივის და, როგორც აღმოჩნდა, მის გამო სინამდვილეშიც დაწყებულა ბიჭებს შორის დაპირისპრება. მართალია, ამ თემაზე საუბარი თამთას დიდად არ უყვარს, მაგრამ ცოტა რამ მაინც გვიამბო.
თამთა ხმალაძე: სერიალში ჩვეულებრივ ქასთინგის საშუალებით მოვხვდი. ეს ჩემთვის ეკრანზე გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო. საერთოდ, ქასთინგზეც პირველად ვიყავი. ახლა თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ. ბავშვობიდან ხელოვნების სფეროში ვიყავი: 8 წლიდან ვცეკვავ. თავიდან ანზორ კუპრაძესთან ვიყავი, შემდეგ თეა დარჩიას სტუდიაში ვცეკვავდი, შემდეგ მან „სუხიშვილების“ სტუდიაში მიმიყვანა. ყოველთვის მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემს სურვილს სერიოზულად არავინ უყურებდა – ფიქრობდნენ, რომ სხვა მიმართულებით წავიდოდი. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მაინც გადავწყვიტე, თეატრალურზე ჩამებარებინა და ცეკვასაც თავი დავანებე. ამის გამო გული დამწყდა და ახლა კიდევ უფრო მწყდება, ვიდრე მაშინ. ის დრო მენატრება, მაგრამ, რაც ავირჩიე, ჯერჯერობით არ ვნანობ.
– სერიალისა და სწავლის შემდეგ, თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?
– კიკ-ბოქსინგზე დავდივარ, ვვარჯიშობ და ყველანაირად ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. ვგიჟდები ცხენზე და, ძალიან მინდა, ჯირითისთვის ბევრი დრო მქონდეს. ძალიან მიყვარს გიტარაზე დაკვრა და, პარალელურად, ენებსაც ვსწავლობ. დიდად არ მიყვარს კლუბი და მსგავსი გართობა, მაგრამ ხანდახან მეც მივდივარ ხოლმე იქ მეგობრებთან ერთად. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად ვარ კაფეში – ამით ტატას ვგავარ. ჩემი გმირი ცოტა ზედაპირული გოგოა; მე, მისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს ზედაპირულად არ ვიღებ, მით უმეტეს, როცა საქმე გათხოვებას ეხება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულებაა და, როცა მეუღლის არჩევის დრო დადგება, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ეს იქნება. თუმცა, აქამდე შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. მომწონებია, ვიღაცეებით გატაცებული ვყოფილვარ, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგები.
– შენი გულის მოსაგებად რა უნდა გააკეთოს ბიჭმა?
– წინასწარ არ ვიცი. შეიძლება, რაღაც წარმოდგენა გქონდეს სასურველ ბიჭზე, მაგრამ მერე სულ სხვანაირი შეგიყვარდეს. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ არასდროს შემიყვარდება ის, ვინც ერთგული არ იქნება. არ მიყვარს ნარცისი და უჭკუო ბიჭები. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, სიმპათიური და მიმზიდველი უნდა იყოს; იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს; მხიარული და განათლებულიც უნდა იყოს, თუმცა, ყველაზე მთავარია, ერთმანეთს გავუგოთ. მე მჯერა სიყვარულის და, მგონია, რომ, როცა შემიყვარდება, ძალიან თბილი და მზრუნველი ვიქნები მის მიმართ. ბავშვობაში იყო რაღაც პერიოდები, როცა მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ეს, უბრალოდ, მიჩვევა იყო.
– მანქანა და მსგავსი საჩუქრები რომ მხიბლავდეს, შეყვარებული უკვე მეყოლებოდაო, – საუბრისას მითხარი.
– ასეთი ისტორიები, როგორც ყველა გოგოს, მეც მქონია. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ბიჭები სასაცილო რაღაცეებს აკეთებდნენ ჩემთვის. ბუშტების გაშვება იქნება თუ გულების დანთება, ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ამით არასდროს არავინ შემყვარებია. ჩემი ოთახის აივანთან არაერთხელ მოუწყვიათ სიუპრიზი, მაგრამ მე არ ვიხედები ხოლმე (იცინის). სხვათა შორის, რამდენჯერმე მამაჩემმა გაიხედა, მაგრამ მამა არაა ისეთი, რომ ვინმესთან ჩხუბი დაიწყოს, უბრალოდ, სთხოვდა ხოლმე, რომ აელაგებინათ ის ყველაფერი. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ ფოიერვერკი მოუწყვიათ და მეც გამიხედავს. გააჩნია, ვინ გიკეთებს ამ ყველაფერს. საყვარელი ადამიანისგან, ალბათ, სასიამოვნოა, მაგრამ, ვინც არ გაინტერესებს, მისგან იმდენად არა. ერთი სიურპრიზი განსაკუთრებულად მახსენდება: ეგვიპტეში ვისვენებდი და სასტუმროში ყვავილები მომართვეს. კურიერს ვუხსნიდი, რომ მისამართი შეეშალა, მაგრამ დამარწმუნა, რომ ეს საჩუქარი ნამდვილად ჩემთვის იყო. აღმოჩნდა, რომ საქართველოდან გამომიგზავნა მეგობარმა ბიჭმა.
– საერთოდ არ პასუხობ ხოლმე თაყვანისმცემლების სიურპრიზებს?
– სკოლის პერიოდში ცოტა „სტერვა“ გოგო ვიყავი – ვინც არ მიყვარდა, მათ მიმართ ძალიან გულცივი და ინდიფერენტული დამოკიდებულება მქონდა და მადლობასაც არ ვეუბნებოდი (იცინის), მაგრამ, გავიზარდე და მივხვდი, რომ, როცა ადამიანს მოსწონხარ და უყვარხარ, მისთვის მადლობის მეტი არაფერი გეთქმის. ამიტომ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აღარ მაქვს და მადლობას ვუხდი. ახლა ჩემს როლთან დაკავშირებით ერთი რამ გამახსენდა: ყველა ტატას ლანძღავს სულელური საქციელის გამო. წერენ: ვაიმე, რა დებილი გოგოაო და იმაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, რომ, როგორც კი გათხოვდა, მისი ქმარი მაშინვე შეიცვალა – თუ ქორწილამდე ექვსი ათას ფოტოს „ულაიქებდა“, ცოლად მოყვანის შემდეგ „ფეისბუქი“ საერთოდ გააუქმებინა. რეალურად, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც გათხოვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათი ქმრები აბსოლუტურად განსხვავდებიან იმ ბიჭებისგან, რომლებსაც ქორწინებამდე იცნობდნენ. ბიჭების ამგვარი საქციელი ისეთივე დიდი პრობლემაა, როგორც ტატას სიჩერჩეტე.
– სერიალში შენ გამო კლანებს შორის ომი დაიწყო. რეალურ ცხოვრებაში თუ გამხდარხარ ბიჭებს შორის დაპირისპირების მიზეზი?
– რაღაცეები ყოფილა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. იყო შემთხვევა, რომ მეგობრებს შორის მოხდა ჩემ გამო დაპირისპირება. ვერ ვიტყვი, რომ მე ვიქცეოდი გამომწვევად და ამ ყველაფრის პროვოცირება მოვახდინე, პირიქით, ცხოვრებაში ისე არასდროს მოვიქცევი, რომ ორი და სამი ადამიანი ერთმანეთს გადავკიდო, მაგრამ ასე მომხდარა. ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულა საქმე.
– ტატა ვერც მიხვდა, რომ ყველაფერი მის გამო დაიწყო. შენ თუ ერევი, როცა შენ გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს?
– როგორ არა, რამდენადაც შემეძლო, მიცდია ხოლმე, ერთხელ მამაჩემიც ჩაერია. ზოგადად, მსგავს შემთხვევებს ძალიან განვიცდი, თუმცა, ასეთი რამეები უფრო მეტად სკოლის პერიოდში იყო. ახლა ვცდილობ, თავი შორს დავიჭირო მსგავსი სიტუაციებისგან. ზოგადად, ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ და ამას სხვანაირად იგებენ – მეგობრობა სიყვარულში გადასდით ხოლმე, ამიტომ, ბოლო დროს ცოტა შევიცვალე. მართლა არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო და, ვცდილობ, უფრო დისტანციური ვიყო. ბევრჯერ მომხდარა, რომ ბიჭი მე მეგობრად მიმაჩნდა, მისი მხრიდან კი სხვანაირი დამოკიდებულება ყოფილა.
– ბოლოს, შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი და გვითხარი, როგორი ბავშვი იყავი?
– მშობლები და ორი ძმა მყავს: ერთი 17 წლისაა, მეორე – 2-ის. გარეთ ერთად რომ გავდივართ, პატარა ყველას ჩემი შვილი ჰგონია (იცინის). მე ბავშვობაში სკოლაში პირველ მერხზე რომ სხედან, ეგეთი არ ვყოფილვარ. მათემატიკა, ქიმია და ენები მიყვარდა ძალიან, მაგრამ ხშირად მაინც უკანა მერხზე ვიჯექი და სულ ვიპრანჭებოდი (იცინის). პატარაობისას ომობანას და ფეხბურთის თამაში მიყვარდა. მეუბნებოდნენ, ცოტა განაზდიო და, მერე ისე შევიცვალე, რომ ვეღარ მცნობდნენ (იცინის).