როგორ გახდა ნუკი კოშკელიშვილი „ბულკი“ ცოლი და რას უმალავს ის „წუნია“ ქმარს
ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა, როცა ამერიკელი რჩეულის ვინაობა გაამხილა და საჯაროდ მოყვა თავისი სიყვარულის ისტორია, ბევრმა ეს სკეპტიკურად მიიღო. თუმცა, ფაქტია, დღეს ის ბედნიერია და მიიჩნევს, რომ პირად ურთიერთობებში ძალიან გაუმართლა. ნუკი საყვარელი ადამიანის გვერდით, ამერიკაში ცხოვრობს და თაფლობის თვის ბედნიერი დღეებით ტკბება. რა გეგმები აქვს სამომავლოდ, რაზე ესაუბრება ხშირად მას დედამთილი და რაზე აბრაზებს მას ყველაზე მეტად ქმარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუკი კოშკელიშვილი: ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემში ოჯახის შექმნის მერე. ოჯახური ცხოვრება და ცოლის როლი, საკმაოდ კარგად მოვირგე. მართალია, ამის გამო მომიწია საქართველოს, ოჯახისა და სამსახურის დატოვება, მაგრამ ბედნიერი ვარ ჩემს ქმართან ერთად. ჯერ კიდევ ვერ შევეგუე იმ სტატუსს, რომ გათხოვილი ვარ (იცინის). თუმცა, რომ დავფიქრდები და გავიაზრებ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ახლა გვერდით ის ადამიანი მყავს, ვისთანაც მსიამოვნებს ყოფნა, ყოველი დილის გათენება მიხარია. თან, მეც მიმაჩნია, რომ ბულკივით ცოლი ვარ.
– გათხოვებამდე, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გოგო იყავი. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდი, აქტიურად ცხოვრობდი. ახლა მხოლოდ ოჯახის საქმეებით ხარ დაკავებული?
– მართალია, საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა გათხოვებამდე, მაგრამ ამერიკა რის ამერიკაა, თუ ბედი კარიერაშიც არ სცადე? ქუჩაში რომ გავდივარ, აქაც ხშირად მაჩერებენ., თუმცა, იმის გამო კი არა, რომ მცნობენ, ჩემს სათვალეს აქცევენ ყურადღებას (იცინის). მაჩერებენ და მეკითხებიან, სად იყიდე, ვინ არის დიზაინერიო. რა თქმა უნდა, იხტიბარს არ ვიტეხ და არ ვეუბნები, თბილისის ბაზრობაზე ვიყიდე 5 ლარად. ვეუბნები, ევროპიდან ჩამოვიტანე-მეთქი. ასე რომ, ამერიკაში ჩემი სათვალე უფრო პოპულარული და თვალშისაცემია, ვიდრე მე. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ემიგრანტი შემხვდა ამერიკაში, ტელევიზიიდან მიცნო და თბილად მომიკითხა. ძალიან მინდა მუშაობის დაწყება და ოფიციალურ უფლებას ველოდები. როგორც კი მომივა, მერე აუცილებლად მივხედავ კარიერას. ჯერჯერობით, ხანგრძლივ თაფლობის, უსაქმურობისა და დასვენების თვეში ვარ (იცინის).
– ქმარი თუ განებივრებს რომანტიკული საჩუქრებითა და სიურპრიზებით?
– ქმარი ყოველდღიურად მანებივრებს, მივლის, ჩემზე ზრუნავს. სულ ფიქრობს, რით გამახაროს და როგორ გამაცინოს. იშვიათია ასეთი თბილი ბუნების მამაკაცი და ეს ყველაზე მეტად მიყვარს მასში. საჩუქრები კი, ცოტა პრობლემური საკითხია, ამ მხრივ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. თუ რამის ყიდვა უნდა, გადაწყევიტლებას თავად ვერ იღებს, მოდის და მეუბნება, რაღაც ვნახე და გთხოვ, აბა, შენც ნახე და თუ მოგეწონა ვიყიდოთო. თუ დაინახა, რომ რამეზე თვალი წუთზე მეტად შევაჩერე, ეგრევე ყიდულობს. უბრალოდ, სიურპრიზები, მისი კოზირი არაა (იცინის). ბენი ჩემი საჩუქარია, მაგრამ არ ვეუბნები, მირჩევნია, იცოდეს, რომ მე ვარ მისი საჩუქარი.
– დედამთილ-მამამთილს როგორ შეეგუე და როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან? ერთად ცხოვრობთ?
– ვხუმრობ, ამაში გამიმართლა, დედამთილ-მამამთილი ქმარზე უკეთესი მყავს-მეთქი (იცინის). ერთად არ ვართ. ჩვენ მანჰეტანზე ვხოვრობთ, ისინი – ქალაქგარეთ, მაგრამ ხშირად დავდივართ ერთმანეთთან. უთბილესი ხალხია, ძალიან ყურადღებიანი. არ არსებობს რამე მოგვინდეს მე და ბენს და იმ დღესვე არ გაიქცნენ, არ იყიდონ და არ მოგვიტანონ. აი, სახლში რაღაც რომ მჭირდება ხოლმე და ბენი სამსახურშია, ეგრევე მორბიან, მოაქვთ და მეხმარებიან. მშობლები არასდროს ერევიან ჩვენს ურთიერთობაში. დედამთილი სულ მეუბნება, თუ გაგაბრაზა ბენმა, არ მოუთმინო, შეეწინააღმდეგე, დაანახვე, ვინ არის უფროსი სახლშიო (იცინის). მართლა ძალიან გამიმართლა დედამთილ-მამამთილში. მეოცნებე არ ვარ, მაგრამ ოცნებები ამიხდა – უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა, მაგრამ პირადში რომ ასე გამიმართლა, ეს მთავარია.
– ყველაზე მეტად ვინ და რა გენატრება შენს ქვეყანაში?
– ყველაზე მეტად ოჯახი და მეგობრები მენატრება. და, კიდევ, სარეცხი მანქანა (იცინის). აქ, სახლში არ გვაქვს უფლება, რომ სარეცხი მანქანა დავაყენოთ. ასეთი სულელური კანონია და სულ ვწუწუნებ ამაზე. ჩემი ოჯახი და მეგობრები რომ მყავდეს აქ და სარეცხი მანქანა მქონდეს, ბოლომდე აწყობილი მექნებოდა ცხოვრება. ფეხს ფეხზე გადავიდებდი და ღრმად ამოვისუნთქავდი. მე რომ ამაზე ვჩხუბობ და ვბუზღუნებ, ბენს ეცინება. ბენს ქართულის სწავლა ძალიან უნდა, მაგრამ არ არსებობს არანაირი ონლაინსახელმძღვანელო. მე მეკითხება ხოლმე, ეს ქართულად როგორ არისო და ნელ-ნელა იმახსოვრებს სიტყვებს. გურმანიცაა და კერძების დიდი ექსპერტი. ყველაფერს თვითონ აკეთებს. მე კი მეუბნება, შენ არ იციო. არ ვეწინააღმდეგები, კარგი ხელი აქვს. გემრიელ კერძებს ამზადებს და მეც ვიფერებ (იცინის).
– ყოველთვის ორიგინალური, თამამი ჩაცმის სტილით გამოირჩეოდი. ამ მხრივ ბენი თუ გაძლევს შენიშვნებს ან თუ გიკრძალავს რამეს?
– ბენმა, როგორიც გამიცნო, ისეთი შემიყვარა და მიმაჩნია, რომ არასწორია ადამიანის შეცვლა. თავად ძალიან წუნიაა, უჭირს თავის ტანსაცმლის არჩევა და ჩემთვის სადღა სცალია, მიმოწმოს რას ვიცვამ. ზოგადად, ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც გაიცანი და შეიყვარე. ბენს მოსწონს და ეამაყება ჩემი ჩაცმულობის სტილი. რასაკვირველია, რაღაცეებზე აქვს თავის აზრი, შეხედულება. მაგალითად, მოსწონს, დილას უმაკიაჟოდ რომ ვიღვიძებ. მეფერება და მეუბნება: აი, ასეთი ბუნებრივი ხარ ყველაზე ლამაზი და აღარ წაისვა სახეზე არაფერიო. ამაზე საშინლად ვბრაზდები. ვიცი, რომ მატყუებს. რამდენჯერაც დილით მითხრა, რა ლამაზი ხარო, იმდენჯერ წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე. ისე გამოვიყურებოდი, სარკე გაიბზარა (იცინის). ამიტომ, ქალებო, არ დაუჯეროთ მამაკაცებს, გაიკეთეთ მაკიაჟი და იყავით ლამაზები!
– მახსოვს, თქვი, მინდა, ახალგაზრდა დედა ვიყოო. მერე კი ჩვენება შეცვალე და ამ თემაზე საუბარს თავი აარიდე.
– ბენს ძალიან უყვარს ბავშვები და ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობთ. უბრალოდ, გვინდა, ჯერ არ ავჩქარდეთ, გარემოს შევეგუო, ცოტა ფეხზე დავდგეთ და მერე აუცილებლად ვიყოლიებთ შვილებს. ჯერ, არ ვჩქარობთ.