კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თიკა: დილას გავიღვიძე და ქმარი სახლში არაა. მოვიდა და ახალი მანქანა მომიყვანა

მომღერალი თიკა მახალდიანი და ბიზნესმენი თემო პირველაშვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ და ახლა ოჯახური ცხოვრებით ტკბებიან. წყვილი ხშირად ანებივრებს ერთმანეთს სიურპრიზებით. სულ ცოტა ხნის წინ კი, თიკამ მეუღლისგან ძალიან მაგარი საჩუქარი – სასურველი მანქანა მიიღო.
თიკა: ერთ დილას გავიღვიძე და ქმარი სახლში არაა. დავურეკე და მითხრა, უკვე მოვდივარო. მოვიდა და ახალი მანქანა მომიყვანა. ჩემი ძველი მანქანა გაყიდა და ახალი მიყიდა. ყველაფერი ისე ჩუმად მოაგვარა, ახალი მანქანა რომ დავინახე, გავოცდი და ძალიან გამიხარდა.
თემო: წუწუნებდა, დიდი მანქანის პატრონები მჩაგრავენო. ჰოდა, მეც გავბრაზდი, დილით ადრე ავდექი, წავედი, მისი ძველი მანქანა გავყიდე, ვნახე მანქანა, რომელიც მოსწონდა და თავის „პატარა ვერცხლას“ ნაცვლად „დიდი ვერცხლა“ მოვუყვანე (იცინის).
– პირველი სიურპრიზი გაიხსენე, რომელიც თემომ მოგიწყო.
თიკა: 14 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეს, ერთ-ერთ პიცერიაში შევედით და იქ ჩვენს მაგიდაზე ხელსახოცი იყო „უცნაურად“ გადაფარებული. ავიღე და პატარა ყუთი ვნახე, რომელშიც ულამაზესი ბეჭედი იდო, თან „ტე ამო“ დაუწერინებია. რომ ვნახე, სიხარულისგან ამეტირა. იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით მეგობრებთან ერთად, ძალიან წვიმდა და უცებ თემო შემოვიდა გაწუწული, უამრავი წითელი ვარდით. დაჩოქილმა მომართვა ყვავილები და ყველას თანდასწრებით, განმიცხადა მიყვარხარო (იცინის).  
– შენც მოუწყვე სიურპრიზი დაბადების დღეზე?
თემო: მე დაჩაგრული ვარ. ჩემს დაბადების დღეზე იტალიაში ვიყავი, მაგრამ თიკამ სიურპრიზის გაკეთება მაინც მოახერხა. ჩემს ძმას, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იყო, ტელეფონი გამოატანა ჩემთან. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ტელეფონის კი არა, თვითონ ფაქტის გამო. კიდევ, უაზრო რაოდენობით იცის სუნამოების ყიდვა თავისთვისაც და ჩემთვისაც. ვეუბნები, რად გინდა ამდენი-მეთქი?! სუნამო მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ოთხი და ხუთი რად მინდა ერთად?! (იცინის).
თიკა: მე შემიძლია, ტანსაცმელი არ ვიყიდო, მაგრამ სუნამოზე უარს ვერ ვიტყვი. სიურპრიზებს რაც შეეხება, ხშირად ვუწყობთ ერთმანეთს. ერთხელ სახლში მარტო ვიყავი და რომანტიკული ვახშამი დავახვედრე (იცინის).
თემო: რატომ იტყუები? (იცინის) რომანტიკულ ვახშამს ვერ გამიკეთებს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სახლში არ ვართ, მეორეც, ეს რომ მარტო დატოვო, კატასტროფა იქნება. პატარა ბავშვივით სულ მეკითხება: სად ხარო. მამა რომ სახლიდან გადის და პატარა ბავშვს მალავენ, არ დაინახოს და არ გაეტიროსო, ზუსტად ასეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენც. ხომ კარგი, თუ მის გაღვიძებამდე მოვასწარი წასვლა (იცინის). რამდენიმე დღის წინ, კაცური საქმეები მქონდა – მანქანაზე საბურავები უნდა გამომეცვალა და რამდენიმე საათი მჭირდებოდა. თიკამ გადაიანგარიშა რამდენი საათი მოუწევდა მარტო დარჩენა და მითხრა: არა, მეც წამოვალო. მთელი დღე ჩემთან ერთად ვატარე და ბოლოს დაღლილობისგან გაგიჟდა (იცინის). თავიდან მეგონა, ასე, ეჭვიანობის გამო იქცეოდა, მაგრამ მივხვდი, რომ კი არ ეჭვიანობს, უბრალოდ, უნდა, ერთად ვიყოთ. ჰოდა, ახლა ჯიბეზე უნდა გამოვიკერო (იცინის).
– საქართველოში რით ხარ დაკავებული?
– თუ რამეში ფული იშოვება, ყველაფრით (იცინის). სიტყვა ბიზნესი არ მიყვარს, რადგან ეს კიდევ სხვა რამეა, მაგრამ პატარა საქმეები მაქვს. იტალიიდან პირველად რომ ჩამოვედი, არაფერი გამიკეთებია. შვიდი წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში და ორი თვით ახლობლების სანახავად წამოვედი. ოჯახის შექმნა საერთოდ არ მქონია გეგმაში, მაგრამ თიკა გავიცანი და ორი თვე ექვსად გადაიქცა. ამ დროის განმავლობაში საქმის კეთება არ დამიწყია, უბრალოდ, დროს ვატარებდი, მაგრამ გარემო დავათვალიერე და განვსაზღვრე, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი. აქ ბევრი შესაძლებლობაა, მაგრამ ყველაფერი ძალიან რთულად კეთდება. მეორედ რომ ჩამოვედი, უკვე ჩემი საქმეც დავიწყე, რადგან მეტ-ნაკლებად აქ მიწევს ყოფნა, რაც სულ არ მინდა, მაგრამ თიკას გამო მიწევს. ბევრ რამეს ვაკეთებ, ზარმაცი არ ვარ, მაგრამ საქართველოში ისეთი სიტუაციაა, წინ ძალიან რთულად მიიწევს საქმე. თუმცა, არ ვნებდები და მაინც გავალ ბოლომდე.
– სამომავლოდ, სად გეგმავთ ცხოვრებას?
– ახლა, წესით, უკვე იქ უნდა ვიყო, მაგრამ ცოტა გადავწიე. მინდა, თიკაც თან წავიყვანო, რასაც, ალბათ, ზაფხულში მოვახერხებთ.
თიკა: იტალიაში ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთული იქნება, რადგან, ფაქტობრივად, სულ სახლში უნდა ვიჯდე. იქ ჩემი პროფესიით მუშაობა ძალიან ძნელია, ბევრ ფორმალურ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ჯერჯერობით ასე ვივლით და მომავალში, ვნახოთ.
– თიკა, ეჭვიანი ხარ?
– კი, მაგრამ მეგობრებსა და ყველაზე რომ ეჭვიანობენ, ეგრე ისტერიკულად ეჭვიანი არ ვარ. უბრალოდ, სულ მინდა, ჩემთან ერთად იყოს. ეს ეჭვიანობაა? გიხაროდეს, სანამ ასე ვარ. მერე ნახე, რომ აღარ ვიქნები (იცინის).
– თქვენი ურთიერთობიდან ერთი გამორჩეული დღე გაიხსენეთ.
თემო: ჩემთვის განსაკუთრებული იყო თიკას იტალიაში ჩამოსვლის დღე. რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი და ვერც აღვწერ იმ ემოციებს, რაც მაშინ მქონდა. აეროპორტში გარედან დავინახე და ხელი დამიქნია, მაგრამ სანამ გარეთ გამოვიდა, იმდენი ვინერვიულე, მეგონა, იქვე გავიდა ერთი თვე. როგორც იქნა, კარი გაიღო, თიკა გამოვიდა, უნდა გადავეხვიო და ამ დროს, უცებ მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს შესამოწმებლად, რადგან ქართველი იყო.
თიკა: მთელი ჩემოდანი ამომიყირავეს... სამწუხაროდ, ძალიან გვაქვს ქართველებს სახელი შერცხვენილი, თორემ ჩემამდე ბევრმა გაიარა, მაგრამ მარტო მე გამაჩერეს. იტალიაში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ და დაუვიწყარი ემოციები მივიღე. ერთი დღე განსაკუთრებულად მახსენდება. მატარებლით მივდიოდით სადღაც და თემო ადგა, ტუალეტში გავალო. დიდი დრო გავიდა და აღარ ბრუნდება. მე საერთოდ მშიშარა ვარ, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში, თან იტალიური არ ვიცი და დიდად არც მატარებელი მიყვარს. ამ დროს გამოიარა გამცილებელმა და ბილეთი მთხოვა, რომელიც თემოს ჰქონდა წაღებული. გამცილებელს ინგლისურად ვუხსნი სიტუაციას და მეუბნება, ჩემთან ერთად წამობრძანდითო. ვაიმეე, გული გამისკდა, ამ ქალს სადღაც მივყავარ-მეთქი. უცებ კარი გაიღო და ვხედავ, მაგიდასთან თემო ზის წითელი ღვინის ბოკლებით და მიღიმის. თურმე, მოუწყვია ყველაფერი ბიჭს, მაგრამ სანამ ეს გავიგე, ჩემი დამემართა (იცინის).
თემო: ორივეს გვიყვარს ერთმანეთის გახარება და სიურპრიზები. სიურპრიზია ისიც, რომ 17 წლის შვილი დავახვედრე. უკვე გაზრდილია და დავაჟკაცებული (იცინის).
თიკა: ლაშიკო ძალიან საყვარელი ბიჭია და ჩვენ ვმეგობრობთ. ვერც აღვიქვამ თემოს შვილად, ასაკითაც უკვე დიდია, თან მაღალია და თემოს გვერდით რომ ვხედავ, მეგობრები მგონია (იცინის). ვატყობ, რომ ჩემ მიმართ თვითონაც კარგადაა განწყობილი.
თემო: რამეს რომ ვეტყვი, ის თიკას პირველი დამცველია. თავიდან ცოტას ვფიქრობდი, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი იდეალურად მოხდა.
– თქვენ თუ გეგმავთ ახლო მომავალში შვილის გაჩენას?
თიკა: ჯერ არ ვიცი. ახლა იტალიაში მიდის და მარტო რომ ვიყო აქ ორსული, არ მინდა. აი, რომ ჩამოვა, მერე ვიფიქრებთ. ეს ზუსტად ის თემაა, რომ ამბობენ, როცა ღმერთი ინებებს, მაშინ იქნებაო.

скачать dle 11.3