მოუხელთებელი თბილისელი ბანდიტი ბავშვობის მეგობარმა დააპატიმრა
გაქცევა
1959 წლის 16 აპრილს თბილისის 1 მაისის რაიონული სასამართლოდან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი, 39 წლის პავლე ნოდარის ძე ჭელიძე, მეტსახელად „პაშკა“ გაიქცა. გაქცეული ჭელიძე სამჯერ იყო ნასამართლევი ძარცვა-ყაჩაღობისთვის და ციხეში 12 წელი ჰქონდა გატარებული. პაშკა მეოთხედაც ძარცვა-ყაჩაღობისთვის დააპატიმრეს და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის 15-წლიანი მუხლი ჰქონდა მიყენებული. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ მას მაქსიმალურ სასჯელს გამოუტანდნენ, განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში გაამწესებდნენ და ციმბირში, გაუსაძლის პირობებში მოუწევდა სასჯელის მოხდა 54 წლამდე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, ფაქტობრივად, პავლე ჭელიძე ან პატიმრობაში დალევდა სულს, ან ისე მძიმედ დაავადდებოდა, რომ ვერც გათავისუფლების შემდეგ იცოცხლებდა დიდხანს...
პაშკას გაქცევა კარგად იყო ორგანიზებული და გამოირჩეოდა პატიმრის მხრიდან განსაკურთებული თავხედობითა და თანმიმდევრული, უზადო შესრულებით. 16 აპრილის სასამართლო სხდომა ბოლო იყო და მოსამართლეს მცირე დეტალების დაზუსტების შემდეგ განაჩენი უნდა გამოეტანა ჭელიძისთვის. სხდომის პირველი ნაწილის დასრულებისთანავე, პაშკამ სასწრაფოდ ტუალეტში გაყვანა მოსთხოვა ბადრაგს. ტუალეტი სასამართლო შენობის მეორე სართულზე მდებარეობდა და უფანჯრო იყო, ანუ პატიმარი ვერსად გაიქცეოდა. ბადრაგმა ჯერ ტუალეტი შეამოწმა გულდასმით, შემდეგ პატიმარს ხელბორკილები მოხსნეს და ტუალეტში შეუშვეს, ორი მცველი კი იქვე დადგა. ტუალეტში შესულმა ჭელიძემ უნიტაზის საკანალიზაციო მილში ჩაყო ხელი და სქელ ძუაზე მიბმული ცელოფნის პაკეტი ამოიღო. ძუა უნიტაზის კიდეზე წინა ღამით მიამაგრა პაშკას თანამზრახველმა და მასზე გამობმულ პაკეტში „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი მოათავსა, ანუ, ცეცხლსასროლი იარაღი ამგვარად შენიღბა, რადგან ბადრაგი არასდროს ამოწმებდა ხოლმე კანალიზაციის მილს. პაშკამ იარაღი მოიმარჯვა და ტუალეტის კარზე დააკაკუნა. ბადრაგმა გარედან ჩაკეტილი კარი გააღო. პავლე ჭელიძემ ერთი ნაბიჯი გადადგა, პირველ ბადრაგს პისტოლეტის ტარი ყბაში ჩასცხო და გონება დააკარგვინა. მეორე ბადრაგს კი მუცელზე მიადო „ტეტე“, ხელები ააწევინა და კედელზე ააყუდა. შემდეგ პისტოლეტი აართვა, კეფაში პისტოლეტის ტარი ჩასცხო და ისიც გათიშა. შემდეგ პირველ გათიშულ ბადრაგსაც აართვა იარაღი და, 3 ცალი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებული, სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე, ქუჩაში გავიდა, ოციოდე მეტრი გაირბინა და „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილით გაეცალა იქაურობას, რომელიც მას წინასწარ ელოდებოდა...
მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ პაშკას ტუალეტიდან გამოსვლიდან „მოსკვიჩში“ ჩაჯდომამდე სულ რაღაც 25 წამი დასჭირდა, თან, მან ორი ბადრაგიც გათიშა და მათ ტაბელურ იარაღებსაც დაეუფლა. ეს იმდენად ელვისებური გაქცევა იყო, რომ ჭელიძეს, ფაქტობრივად, თვალიც კი ვერავინ შეასწრო. იმავე დღეს პაშკაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და მთელი მილიცია ფეხზე დადგა.
მოუხელთებელნი
1920 წელს დაბადებული პავლე ჭელიძე ნაფრონტალი იყო – 3 წელი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და ბერლინის აღებაში გამოჩენილი მამაცობისთვის წითელი ვარსკვლავის ორდენით იყო დაჯილდოებული. ფრონტზე პაშკა 1942 წელს ციხიდან საკუთარი განცხადებით წავიდა, ციხეში კი ის პირველ პატიმრობას იხდიდა ძარცვა-ყაჩაღობისთვის 1940 წლიდან (ის 20 წლის ასაკში დაიჭირეს). ომის დამთავრების შემდეგ პავლე ჭელიძე თბილისში დაბრუნდა და ერთხანს მუშაობაც კი დაიწყო გარაჟში, მაგრამ გარაჟის გამგესთან მომხდარი კონფლიქტის გამო ჭელიძე გაათავისუფლეს, მან კი ძველი მეგობრები მოძებნა და ადრინდელ საქმიანობას დაუბრუნდა. 1948 წელს ჭელიძე დააპატიმრეს და იუველირის გაძარცვისთვის 12 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით კი, ომში მიღებული ორდენის გამო სასჯელი გაუნახევრეს, თუმცა ჭელიძემ მოახერხა და 3 წელიწადში დატოვა საპყრობილე. მესამედ იგი 7 წელი იჯდა ციხეში, რადგან ბრალად ედებოდა ორგანიზებული ჯგუფის შექმნა და დიდი რაოდენობით ქონების მითვისება. სასჯელის გამოტანისას მოსამართლეებმა კვლავ მხედველობაში მიიღეს ჭელიძის ომში დამსახურება და მხოლოდ 7 წელი აკმარეს. ციხიდან პაშკა1958 წელს გათავისუფლდა და მეორე დღესვე გაძარცვა ცნობილი თბილისელი სტომატოლოგი. შემდეგ ძველი და ახალი მეგობრები შემოიკრიბა, ორგანიზებული ბანდა ჩამოაყალიბა და 10 თვის განმავლობაში მთელ აღმოსავლეთ საქართველოს შიშის ზარს სცემდა. ამ ხნის განმავლობაში პაშკას ბანდამ 30 ძარცვა-ყაჩაღობა ჩაიდინა და მილიონი მანეთის ქონებას დაეუფლა. მილიციამ მუშაობა გააძლიერა და ნახევარი ბანდა დააპატიმრა, მათ შორის იყო ჭელიძეც, რომელიც ერთ-ერთ პლეხანოველ სპეკულანტს ძარცვავდა და ის ალყაში მოაქციეს. სწორედ ამ საქმეზე ასამართლებდნენ პაშკას, როდესაც მან სასამართლოს შენობიდან მოახერხა გაქცევა...
საკავშირო ძებნილმა პავლე ჭელიძემ ციხიდან თავის დაღწევის შემდეგ თვისობრივად ახალი ტიპის ბანდა შექმნა, რომელსაც მანამდე პრეცედენტი არ ჰყავდა საბჭოთა კავშირში. ბანდა იყო მრავალრიცხოვანი, თან, მკაცრი იერარქიით და, უსიტყვოდ ემორჩილებოდა მეთაურს – პავლე ჭელიძეს. იგი მარჯვედ მართავდა ხელქვეითებს და ისინი, ფაქტობრივად, მოუხელთებელნი იყვნენ. ბანდის არაორდინარულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, შეიარაღებული კრიმინალების პარალელურად, მასში ეგრეთ წოდებული „საქმის მიმცემებიც” იყვნენ, რომლებიც საიუველირო მაღაზიებსა და შემნახველ სალაროებში მუშაობდნენ. სწორედ მათი წყალობით გეგმავდა პაშკა თავის საქმეებს და ისე ასრულებდა, რომ „კუდზე დამჯდარ” მილიციას ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა. ბანდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობას და ხან შემნახველ სალაროს ესხმოდა თავს და პირწმინდად ასუფთავებდა მას, ხან კი საიუველირო მაღაზიიდან მიჰქონდა ძვირფასეულობა. თავისი დანაშაულებრივი მოღვაწეობის განმავლობაში, მოუხელთებლებმა 60-ზე მეტი მსხვილი ძარცვა ჩაიდინეს, ხოლო მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 4 მილიონ მანეთს გადააჭარბა... საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი შექმნეს მოუხელთებლების მოსახელთებლად და მის უფროსად მაიორი გივი ჭანტურია დანიშნეს. ეს იყო ბედის ირონია, რადგან გივი და პაშკა თანაკლასელები და ძველი მეგობრები იყვნენ...
ბანდის აღსასრული
პაშკა და გივი ჭანტურია ერთ უბანში გაიზარდნენ და ბავშვობიდან მეგობრობდნენ. შემდეგ ერთად სწავლობდნენ და ღვიძლი ძმებივით ედგნენ ერთმანეთს გვერდში. მათ შორის შავმა კატამ კი მაშინ გადაირბინა, როდესაც მათ სკოლაში, მეცხრე კლასში, შორენა გაბუნია გადავიდა. ტანწერწეტა, პირმშვენიერი შორენა ორივეს ერთდროულად შეუყვარდა და ძმაკაცები ერთმანეთს დაეტაკნენ. ეს შუღლი სკოლის დამთავრებამდე გაგრძელდა. შორენას პაშკა უყვარდა, საბოლოოდ კი გივის გაჰყვა ცოლად – ისინი სკოლის ბანკეტიდან გაიპარნენ. სწორედ ამ შემთხვევამ იქონია გავლენა პავლეზე და ის კრიმინალურ გზას დაადგა. ახალდაქორწინებულები კი მოსკოვში გაემგზავრნენ სასწავლებლად და იქვე დამკვიდრდნენ.
ჭელიძესთან შედარებით, გივი ჭანტურიას დიდი უპირატესობა ჰქონდა, რადგან პაშკამ არ იცოდა, ვინ ნადირობდა მასზე. გივი ჭანტურია კი საკუთარი ხელისგულივით იცნობდა ბავშვობის მეგობარს და მასზე ნადირობას შეუდგა.
1961 წლის მაისში, ანუ „მოუხელთებელთა“ ფუნქციონირების 2 წლის და გივი ჭანტურიას დანიშვნის 3 თვის თავზე, მაიორი თავის სამ უახლოეს ხელქვეითთან ერთად მოულოდნელად გამემგზავრა თბილისში. ოთხივე გადაცმული მილიციელი 16 მაისს კუკიის სასაფლაოზე ავიდა და, როგორც კი შებინდდა, ისინი ერთ-ერთი საფლავის შორიახლოს შეუმჩნევლად ჩასაფრდნენ. საქმე ის იყო, რომ 16 მაისი პაშკას დედ-მამის ავარიაში დაღუპვის დღე იყო და ჭანტურიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჭელიძე იქ აუცილებლად მივიდოდა მაიორმა იცოდა, რომ პავლე ყოველთვის ადიოდა მშობლების საფლავზე. დაახლოებით ღამის 11 საათზე, დაცარიელებულ სასაფლაოზე ყვავილების თაიგულით გამოჩნდა პაშკა, რომელიც მარტო მოდიოდა. როგორც კი მშობლების საფლავს მიუახლოვდა, ბუჩქებიდან ჭანტურია გამოხტა, ბავშვობის მეგობარი მიწაზე დააგდო და კოლეგების დახმარებით მას ხელბორკილები დაადო. პაშკა ისე იყო გაოგნებული, რომ პისტოლეტის ამოღებაც კი ვერ მოასწრო, მაგრამ, როდესაც გივის მოჰკრა თვალი და ყველაფერს მიხვდა, ჩაილაპარაკა: „ბავშვობაში შორენა წამართვი, ახლა – თავისუფლება, ბარემ ჩემი სულიც წაიღე“...
პაშკას დაპატიმრებიდან ორ თვეში მთელი ბანდა აიყვანეს და სხვადასხვა ვადით გამოამწყვდიეს ციხეებში, პაშკას კი 15 წელი მიუსაჯეს და განსაკუთრებული რეჟიმის ციხე „ბელი ლებედში“ ჩასვეს, სადაც ის 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა.