დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-21(804)
– გისმენ.
– შენი საქმე მაინც წასულია მას მერე, რაც ჩაიდინე – ან ამერიკელები გაგაქრობენ, ან რუსები ამოგხდიან სულს. ამიტომ, შენი დანაშაული შენვე უნდა გამოისყიდო. მართალია, დიდი იმედი არ მაქვს, რომ რუსები ღალატს გაპატიებენ, მაგრამ მიზერული შანსი მაინც გაქვს. ვფიქრობ, აუცილებელია, ცენტრს, ანუ მოსკოვს შევატყობინო, რომ „გრუს“ მთელი ანტიტერორისტული ქსელი „ჩააგირავე“ და ვასო რუხაძეც მოკალი.
– რას ამბობ, ვარლამ! – შეჰკივლა შეშინებულმა გაგნიძემ.
– მშვიდად მომისმინე. აბა, რა გეგონა, ასეთ ღალატს რომ სჩადიოდი?! – თქვა კაკუბავამ, – „გრუში“ ინფორმაციასთან ერთად რეკომენდაციასაც გავუშვებ, რომ არ მოგკლან. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ოპერაცია შეიმუშაონ მათი მზაკვრული გეგმების გამოსააშკარავებლად. ხოლო, რომ არ გაიქცე და ისევ ღალატი არ ჩაიდინო, კვლავ კოტიკოს კარტს გავათამაშებთ. აი, რატომ გკითხე კოტიკოზე. ძალიან მიმძიმს ასეთი საქციელი, მაგრამ სხვა გზა არაა. შენ არასანდო ხარ. სასწორზე კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე დევს, შენი წყალობით და ასეთი უკიდურესი ზომა ამისთვისაა საჭირო. შენს ვაჟს „გრუ“ აიყვანს მძევლად და იძულებული იქნები, ის გააკეთო, რასაც დაგავალებენ.
– ცოლ-შვილის გამო, მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო, მაგრამ შურისძიების გამო, რომ კოტიკო მომიკლან?! – ისტერიკაში იყო გაგნიძე.
– ისტერიკას მოეშვი. შენ ხარ მოსაკლავი და არა შენი შვილი. ვფიქრობ, კოტიკოს არავინ არაფერს ეტყვის, თუ შენ იქნები ჭკვიანად, – კაკუბავამ საათს დახედა, – პეტრე შანიძეს უნდა დავხვდე. დაველაპარაკო და მისი მეშვეობით გავიდე მოსკოვზე. ვფიქრობ, პეტრე შენსავით მოღალატე არ იქნება. ჩვენ წავალთ, შენ კი აქ, ჭკვიანად იჯექი.
***
რეზო და ვარლამი კაკუბავას მანქანით დაეშვნენ წყნეთიდან და მხოლოდ მაშინ უთხრა ჩიტომ ვარლამს:
– შეიძლება, გკითხოთ, ბატონო ვარლამ?
– გისმენ, – მიუგო კაკუბავამ.
– რუსებზე მუშაობთ?
– ქართველებზე, – მიუგო კაკუბავამ ჩიტოს და ჰკითხა:
– ვერაფერს ხვდები?
– პირიქით. ყველაფერს.
– მაინც, რას?
– ყველაფერს, – გაიმეორა რეზომ და დააყოლა, – ყურადღებით გისმენდით და სულელი ხომ არ ვარ, დასკვნა ვერ გამომეტანა?
– აბა, რატომღა მკითხე?
– უბრალოდ, დაზუსტება მინდოდა.
– მერე, დააზუსტე?
– დიახ.
– რა?
– რა და ის, რომ საქართველოსთვის მუშაობთ, – ეშმაკურად ჩაეცინა რეზოს.
ვარლამმა მანქანა გზის პირას შეაჩერა და რეზოს უთხრა:
– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ. მე შენ არაფერს გაძალებ და შეგიძლია, ახლავე თქვა უარი ჩემ გვერდით დგომაზე. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შენ თუ ასე არ ფიქრობ, შეგიძლია, გვერდში არ დამიდგე და ამის გამო არ დაგზრახავ.
– რას ბრძანებთ, ბატონო ვარლამ, მოღალატე ხომ არ ვარ.
– ერთსაც გეტყვი. მინდა იცოდე, რომ შეიძლება, ძალიან დიდ შარში აღმოვჩნდეთ იმის გამო, რასაც ახლა ჩავდივართ. თუ გავიშიფრეთ, ციხე იქით იყოს და გამორიცხული არაა, ჩვენგან სველი ადგილიც არ დატოვონ – შარშანდელი თოვლივით გაგვაქრონ.
– მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, – თქვა ჩიტომ.
– შენი სიტყვები როგორ გავიგო?
– თქვენ გვერდით ვარ, ბატონო ვარლამ. აი, ასე უნდა გაიგოთ.
– მტკიცედ გადაწყვიტე?
– დიახ, წყალი არ გაუვა.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა სამსახურში დაგტოვებ და მე აეროპორტში წავალ. შემდეგ გამოგივლი და ისევ წყნეთში ავიდეთ.
– როგორც იტყვით, – უპასუხა რეზომ და კაკუბავამაც მანქანა ადგილიდან დაძრა.
კაკუბავამ ჩიტო პროკურატურასთან დატოვა, თვითონ კი აეროპორტში წავიდა ერევნის რეისის დასახვედრად, რომელსაც მოსკოვიდან წამოსული პეტრე შანიძე უნდა ჩამოჰყოლოდა. ვარლამმა მანქანა მოხერხებულად დააყენა და რეისს დაელოდა. ნახევარი საათის შემდეგ ერევნიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის მგზავრებიც გამოჩნდნენ. მათ შორის იყო პეტრე შანიძეც. ის ტაქსის გაჩერებისკენ გაემართა. ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ვარლამმა პაუზა გააკეთა, აინტერესებდა, უთვალთვალებდა თუ არა ვინმე პეტრეს. მერე კი მის ტაქსს ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით გაჰყვა. შანიძე აეროპორტის გზატკეცილზე, თავის ერთ-ერთ რესტორანთან ჩამოვიდა. ტაქსი გაუშვა და რესტორანში შევიდა. ვარლამმა კიდევ ხუთიოდე წუთი მოიცადა და რომ დარწმუნდა, შანიძეს „კუდი“ არ მოჰყოლია და არც მას „აძოვებდა“ ვინმე, თავისი მანქანა რესტორანთან გააჩერა და შენობაში შევიდა. იქ კი ერთ-ერთი მცველი მოიხმო და ჰკითხა:
– პეტრეს ნახვა სად შეიძლება?
– როგორ მოვახსენო ბატონ პეტრეს, ვინ კითხულობს? – თავაზიანად მიუგო მცველმა ვარლამს.
– უთხარით, ვარლამია-თქო. აქ დამიბარა და მელოდება, – თქვა კაკუბავამ.
მცველი წავიდა, სამიოდე წუთის შემდეგ კი პეტრე შანიძე პირადად გამოეგება ვარლამს, მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– ჩემს კაბინეტში შევიდეთ.
– სუფთა ჰაერზე გასეირნება ჯობია, – მოკლედ მოუჭრა ვარლამმა მასპინძელს, ხელკავი გამოსდო და გასასვლელისკენ წაიყვანა.
გარეთ რომ გავიდნენ, შანიძემ ვარლამს უთხრა:
– ტყუილად არ მოხვიდოდი, აშკარად რაღაც „ჩეპე“ მოხდა. აბა, მოკლედ მითხარი.
– მოკლედ არ გამოვა, დიდი ხნის სალაპარაკოა.
– მაშინ, ჩემს კაბინეტში დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
– შენი კაბინეტი შეიძლება არასაიმედო იყოს.
– რას ამბობ, გამორიცხულია... – გაეცინა პეტრეს.
– მოკლედ, აქ მირჩევნია და ყურადღებით მომისმინე, – უთხრა ვარლამმა შანიძეს და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
მოსმენის დროს შანიძეს ფერი ეცვლებოდა სახეზე – ხან თეთრდებოდა და ხან წითლდებოდა, ხან ლურჯდებოდა, ბოლოს კი კაკუბავას უთხრა:
– გამოდის, რომ პარალიზებულები ვართ და ამერიკელებს ისე ვყავართ გამომწყვდეულები, როგორც საცდელი ბოცვრები?
– კი, თითქმის ასეა.
– მერე, რას აპირებ?
– ცენტრს უნდა დავუკავშირდეთ.
– მოსკოვს გულისხმობ?
– აბა, მეტი ვის? – კითხვითვე მიუგო ვარლამმა პეტრეს.
– დაიშოკებიან, – წამოწითლდა შანიძე და ცივმა ოფლმა დაასხა.
– მაგის დრო არაა ახლა. მთავარია, სწრაფად ვიმოქმედოთ და შენთანაც ამიტომ მოვედი. რას იტყვი, შეგიძლია, ვინმე საიმედოსთან დამაკავშირო?
– ასეთ შემთხვევაში ვასო რუხაძისთვის უნდა მიგვემართა, მაგრამ ვასო მკვდარია, – თქვა შანიძემ. მერე დაფიქრდა და დაამატა: – თუმცა, ვფიქრობ, ერთი სვლა მაინც გვაქვს.
– რა სვლა?
– როგორმე ოკუპირებულ ცხინვალში უნდა შევაღწიოთ.
– იქ რა გვინდა?
– იქ „გრუს“ ფილიალი აქვთ რუსებს, მათი უფროსი უნდა ვნახოთ და დაველაპარაკოთ. ერთხელ სწორედ მისი თანხლებით ჩავედი მოსკოვში არალეგალურად. მოკლედ, ის კაციც საქმეშია და, ის თუ დაგვეხმარება, მეტს ვერავის ვენდობი. მთელი ქსელი „ცეერუს“ ხელში ყოფილა და აქ არავის ნდობა არ შეიძლება. ის კი არა და, ალბათ, ჩვენც „მეშოკში“ ვყავართ ამერიკელებს. ვინ იცის, ახლაც კი გვისმენენ და გვითვალთვალებენ და უკვე გაშიფრულებიც კი ვართ. ჰმ, უყურე შენ მერაბს, იმ „გნიდას“. ეს როგორ ჩაიდინა?
– დრო არ ითმენს, წავედით. თუ კუდზე გვასხედან, მაინც ვერ ჩავაღწევთ იქ, უმოქმედობა კი არ შეიძლება.
– წავიდეთ, მაგრამ, ბლოკ-პოსტს ხომ არ მივადგებით? ამერიკელებს იქ სათვალთვალო სისტემა ექნებათ და დაგვაფიქსირებენ, რაც არ ივარგებს.
– ჯერ იქამდე ჩავაღწიოთ, – ჩაეცინა კაკუბავას და დაამატა: – თუ იქამდე მშვიდობიანად ჩავედით და „კუდი“ არ მოგვყვა, მე ვიცი, როგორ მოვხვდეთ ცხინვალში.
– როგორ?
– როგორ და, რუსებმა რომ ახალი მავთულხლართი გაიყვანეს სახნავ-სათეს მიწებზე, იქ გადავალთ. პატრული დაგვაკავებს და სწორედ ისინი ჩაგვიყვანენ ცხინვალში.
– მაშინ, ჩემი „ჯიპით“ წავიდეთ, – თქვა შანიძემ და რესტორანში შებრუნდა, შემდეგ „ტოიოტას“ ახალთახალი „ჯიპი“ გამოიყვანა სადგომიდან და ვარლამთან ერთად ოკუპირებული ცხინვალისკენ აიღეს გეზი.
დღის პირველი საათი სრულდებოდა, როდესაც პეტრე შანიძემ თავისი „ჯიპი“ მავთულხლართებიდან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით დატოვა და კაკუბავასთან ერთად ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლისკენ აიღო გეზი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ვარლამი და პეტრე ახალგამოჩეკილ „ოსურ ტერიტორიაზე“ მიაბიჯებდნენ და შეიარაღებული რუსული სამხედრო პატრულის გამოჩენას ელოდნენ, რომელიც იგვიანებდა...
– ასე თუ გაგრძელდა, მოსკოვამდეც ჩავალთ, – გაეცინა შანიძეს და სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ბუჩქებიდან ოციოდე წლის, ავტომატებით შეიარაღებული, კომუფლირებულ უნიფორმაში გამოწყობილი ორი ჯარისკაცი გამოძვრა, ომლებმაც რუსულად მიმართეს:
– შეჩერდით, თორემ გესვრით!
„საზღვრის დამრღვევები“ შეჩერდნენ და ვარლამმა მათ რუსულადვე ჰკითხა:
– ბიჭებო, ცხინვალამდე აქედან შორია?
– ვისთვის როგორ... ვინ ხართ და სად მიდიხართ? – იკითხა ერთ-ერთმა.
– შვილო, აქ მარტო თქვენ ხართ თუ უფროსიც გახლავთ? – ჰკითხა ვარლამმა. ჯარისკაცმა კი შეუღრინა:
– რა შენი საქმეა? აბა, ხელები მაღლა და არ გაინძრეთ! უნდა გაგჩხრიკოთ.
– დავაშავეთ რამე? – გაეცინა ვარლამს.
– სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეთ, – სერიოზული სახით „აუხსნა“ ვარლამს მეორე ავტომატიანმა ღლაპმა და დაამატა: თუ არ გინდათ, უსიამოვნებაში გაებათ, დაგვიტოვეთ, რაც ფული გაქვთ და აქედან მოუსვით. გაწყობთ?
– არა! – დაამატა შანიძემ, – ცხინვალში მიგვეჩქარება და იქნებ დაგვეხმაროთ იქ მოხვედრაში.
– თქვენ რა, დაბოლილები ხართ თუ მთვრალები? – იკითხა პირველმა ჯარისკცმა, მაგრამ ამ დროს უფროსი ლეიტენანტი გამოძვრა ბუჩქებიდან და ავტომატიანმა მას უთხრა:
– ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, აი, საზღვრის დამრღვევები დავაკავეთ და, მე მგონი, არაფხიზლები არიან.
– მთვრალები თუ კაიფში? – იკითხა ოფიცერმა. ვარლამმა კი ის ხელით მოიხმო, დაიმარტოხელა და უთხრა:
– ლეიტენანტო, ბევრი ლაპარაკის არც დრო მაქვს და არც სურვილი. სასწრაფოდ ცხინვალში წაგვიყვანე, გადაუდებელი საქმე გვაქვს... მიდი!..
– რა საქმე? – იკითხა დაბნეულმა ოფიცერმა.
– ამას იქ გეტყვით. ახლა კი წავედით. მანქანა არ გყავთ?
ოფიცერი იმდენად დაიბნა, რომ სულელივით იყურებოდა, მაგრამ ბოლოს თავის ხელქვეითებს გასძახა, რომ სასწრაფოდ მანქანა მოეყვანათ.
– ვაკავებთ, ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო? – იკითხა პირველმა რიგითმა.
– გააკეთე, რასაც გეუბნებიან, შენი დედაც... – შეუღრინა ოფიცერმა ხელქვეითს. „უაზი“ რომ მოაყენეს, ჯარისკაცები „პოსტზე“ დატოვა. „საზღვრის დამრღვევები“ კი მანქანაში ჩაისვა, საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ოციოდე წუთის შემდეგ მანქანა ცხინვალს მიადგა და შანიძემ რუს ოფიცერს უთხრა:
– იცი, შტაბის მწვანე შენობა სადაა?
„მწვანე შენობის“ ხსენებაზე უფროს ლეიტენანტს ფერი ეცვალა, რადგან იცოდა, რომ იქ „გრუს“ ფილიალი მდებარეობდა და პეტრეს თავი დაუკრა. მან კი უთხრა:
– ჰოდა, იქით დაგაზე, აბა, ცოცხლად!
ოფიცერმა სისწრაფეს მოუმატა და ათიოდე წუთში უკვე „გრუს“ ფილიალს მიაყენა მანქანა და ძრავა ჩააქრო, შანიძე კი გადავიდა და სამორიგეო ჯიხურთან მჯდარ გუშაგს უთხრა:
– პოლკოვნიკ ლოგინოვს უხმე!
პოლკოვნიკი სერგეი ლოგინოვი სამიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა. პეტრე რომ დაინახა, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა:
– აქ როგორ მოხვდით, მოხდა რამე?
– „ჩეპეა“, – მიუგო შანიძემ ლოგინოვს და ვარლამზე მიუთითა, – ორნი ვართ და თქვენთან სასწრაფო საქმე გვაქვს.
– ჩემს კაბინეტში ავიდეთ, – თქვა ლოგინოვმა და ახალმოსულებთან ერთად „გრუს“ ცხინვალის ფილიალის შენობაში შევიდა.
– ეს ვარლამ კაკუბავაა, ჩვენი მეგობარი, – უთხრა შანიძემ ლოგინოვს, რომელმაც ხელი ჩამოართვა ვარლამს და, როდესაც ყველა სავარძლებში მოკალათდა, პოლკოვნიკმა პეტრეს ჰკითხა:
– აბა, რა „ჩეპე“ მოხდა?
– ვარლამს მოუსმინეთ, – მიუგო შანიძემ. როდესაც კაკუბავა ყველაფერს დაწვრილებით მოყვა, თვალებგაფართოებულმა პოლკოვნიკმა თქვა:
– კატასტროფაა!
– სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, რომ უარესი რამ არ მოხდეს. ასე ექსტრემალურად ამიტომ ჩამოვედით აქ, – უთხრა პოლკოვნიკს ვარლამმა, – რომ მოსკოვს უნდა შეატყობინოთ ყველაფერი, რომ სამოქმედო გეგმა გვაცნობონ. ალბათ, ასეთი ექსტრემალური სიტუაციისთვის სათადარიგო ვარიანტი ექნებათ შემუშავებული.
– გავალ და მოსკოვს დავუკავშირდები. თქვენ კი აქ დამელოდეთ. თუ გშიათ, საჭმელს მოვატანინებ, – თქვა პოლკოვნიკმა და წამოდგა.
– ყავას დავლევ და, აქ თუ ეწევით, მოვწევ, თუ შეიძლება, – თქვა ვარლამმა.
– მოწიეთ, – მიუგო ლოგინოვმა.
– მეც მხოლოდ ყავა მინდა, – დაამატა შანიძემ.
– ახლავე მოგიტანენ, – თქვა პოლკოვნიკმა და კაბინეტიდან გავიდან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში