სწორი სისტემა
კვების ეს სისტემა სწორედ ის შემთხვევაა, როცა შეგიძლიათ, ჭამოთ და, მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ, მაინც გახდეთ. ყველაზე მიმზიდველი კი იმ დიეტაში ის არის, რომ არ გჭირდებათ არც კალორიების დათვლა, არც მკაცრი აკრძალვები და, რაც მთავარია, არანაირი ზიანი არ ადგება ჯანმრთელობას.
სისტემა – ნახშირწყლები, ცხიმები, წახემსება – გერმანელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს. მისი ძირითადი იდეაა – საუზმესა და სადილზე მხოლოდ ნელი ნახშირწყლებისა და ცხიმების დაბალი შემცველობის კერძების ჭამა. ვახშმის დროს კი – ნახშირწყლები მთლიანად უნდა გამორიცხოთ; სამაგიეროდ, შეგიძლიათ, სასარგებლო ცხიმები და ცილები მიირთვათ. ძირითად კვებებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 4 საათი, მაგრამ შუალედებში სასურველია მსუბუქი წახემსებები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
თუ გსურთ, რომ გახდეთ წონის აღდგენის გარეშე, ნუ გამოიფიტავთ სხეულს შიმშილით; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დიეტა აუცილებლად ჩაფლავდება, გარდა ამისა, დაკარგულ კალორიებსაც სწრაფად აღიდგენთ. ეგრეთ წოდებული „იო-იოს“ ეფექტი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. არ უნდა დაივიწყოთ „მშიერი პაიკის“ შესახებ – ის მონდომებით იწყებს მარაგის დაგროვებას. ამიტომ, თუ იგრძენით, რომ ძალიან მოგშივდათ, წაიხემსეთ.
ამ დიეტის შემმუშავებლები გვაფრთხილებენ: თუ ზუსტად დავიცავთ მათ სისტემას, ორ თვეში საკუთარი თავისთვის შეუმჩნევლად დავიკლებთ 5-6 კილოგრამს. დიახ, ერთი შეხედვით, ეს არც ისე ბევრია, სამაგიეროდ, დაკარგული კილოგრამები აღარასოდეს დაგიბრუნდებათ.
რა უნდა ვჭამოთ, რომ გავხდეთ, ანუ, რის ჭამას გვირჩევენ გერმანელი დიეტოლოგები?
პირველ საუზმეზე – ფაფები ან მიუსლი უცხიმო რძით; ცეხვილი პურის ნაჭერი ჯემით (კარაქის გარეშე).
მეორე საუზმეზე (წახემსება) – უცხიმო იოგურტი, ბოსტნეულის კატლეტი, მსუბუქი სალათა ან ხილისა და რძის კოქტეილი.
სადილად – მოხარშული კარტოფილი უცხიმო ხაჭოთი, მაკარონი ან ბრინჯი ბოსტნეულით.
სადილსა და ვახშამს შორის ისევ წაიხემსეთ. საბოლოოდ, საღამოს, რეკომენდებულია მოხარშული თევზი ან უცხიმო მოხარშული ხორცი სალათით ან მოშუშული ბოსტნეულის გარნირით. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ცხიმებისა და ცილების მონელება დიდხანს გრძელდება, ამიტომ ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. მეორე დილით საკვების მიღებამდე კი უნდა გავიდეს არანაკლებ 8 საათისა.