კითხვა-პასუხი
კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ შინაური რეცეპტი სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად და ანთების ჩასაქრობად.
პასუხი: ამ პრობლემების მოგვარებაში გიშველით ბაბუაწვერა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მაგნიუმს, რკინას, მარგანეცს და ყველა ამ ნივთიერებას ინარჩუნებს როგორც ნედლი, ისე გამხმარი ყვავილი. ამიტომ, ნიღბები გაიკეთეთ გაზაფხულზე და ზაფხულში ბაბუაწვერას ყველა ნაწილისგან, ზამთარში კი – გამხმარი ფესვებისგან (იყიდება აფთიაქებში).
ნიღაბი მოამზადეთ შემდეგნაირად: ყავის საფქვავში დაღერღეთ ბაბუაწვერას 5-8 ცალი ფოთოლი. თუ მშრალი კანი გაქვთ, მიღებულ მასას შეაზილეთ 2 სადილის კოვზი ხაჭო. სხვა ტიპის კანისთვის დაღერღილ ფოთლებს შეურიეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნიღაბი მოიშორეთ ჯერ მაწონში დასველებული ტამპონით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კითხვა: გამიგია და თქვენს რუბრიკაშიც წამიკითხავს, რომ ჭინჭარი ძალიან კარგია თმისთვის. მაინტერესებს, რა ტიპის თმისთვის უნდა გამოვიყენოთ ჭინჭარი და როგორ?
პასუხი: ჭინჭარი შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ფოლიუმისა და ძმრის მჟავებს, რაც ამცირებს თმის ცხიმიანობას. მისი გამოყენება კარგია ცხიმიანი თმისთვის. ძირების გასამაგრებლად საკმარისია, შევიზილოთ მისი ახალგამოწურული წვენი (გამოწურეთ წვენსაწურში). 2-3 სადილის კოვზი წვენი მასაჟის მოძრაობით გადაანაწილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ ცელოფნის ქუდი და გაიჩერეთ 1 საათი. თავი დაიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნითა და კონდიციონერით.
შეგიძლიათ, მოამზადოთ ნიღაბი თმის გასაზრდელად: ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ჭინჭრის ფოთლებისა და ოროვანდის ფესვების ნახარში, შეიზილეთ დაბანილი თმის ძირებში და 5 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.