კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიგმალიონი

დაბალი ტანის ბიჭს – განიერი მხრებით, შავგვრემანი ფართო სახით, გადაბმული წარბებით, მრგვალი შავი თვალებით, სქელი ტუჩებით, განზე გასული ყურებით, შუბლზე ჩამოყრილი გრუზა თმითა და ჯინსის შარვალში ჩატანებული, წელში გამოყვანილი კოპლებიანი პერანგით, ყოველდღე დაინახავდით უცხო ენების ინსტიტუტის წინ, თეთრი ვარდით ხელში.
– აი, შენი „პიგმალიონი” მოსულაო! – სიცილით ეუბნებოდნენ დაქალები სიბრაზისგან აჭარხლებულ გოგოს.
ბიჭი მივიდოდა, ვარდს ხელში მიაჩეჩებდა, არაფერს ეტყოდა, შებრუნდებოდა და წავიდოდა.
– გამიჭირა საქმე, ერთი უნდა გავლანძღოო! – იმუქრებოდა ყოველდღე, მაგრამ მაინც ართმევდა ვარდს.
– რას გიშავებს, ყვავილს გჩუქნისო!
– მოიცა ერთი, რას ჰგავს, მრცხვენიაო!
***
„გეპეიში” გაქანებული სესიების პერიოდი იყო, მაგრამ სტუდენტები მაინც შეიკრიბნენ 23 იანვარს, ჯგუფელის დაბადების დღეზე. პირველად იქ ნახა. იუბილარის მეზობლად უცხოვრია. გარეგნობამ, დახვეწილმა მანერებმა, მოსწრებულმა სიტყვა–პასუხმა, აჟღერებულმა გიტარამ, უცხო ენაზე ნამღერმა მოხიბლა ბიჭი... და, შეუყვარდა, შეუყვარდა უნუგეშოდ, ისე, როგორც კვაზიმოდოს უყვარდა ესმერალდა. არა, უფრო უნუგეშოდ – კვაზიმოდო ელაპარაკებოდა მაინც, ამას ხმაც არ გაუცია.
***
საქართველოში თავისუფლების სიომ დაბერა. აპრილის იმ მზიან დღეებში მთელი საქართველო რუსთაველზე დაეტია. ხვევნა, კოცნა, სიყვარული, სიხარული... ერთიანი და ძლიერი საქართველოს სული ბობოქრობდა. მთავრობის სასახლის კიბეებზე, მარჯვნივ და მარცხნივ, მოშიმშილეთა კარვები იყო განლაგებული. შუაში რუპორიანი ორატორები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. რუსთაველის პროსპექტი ხალხს ვერ იტევდა. კიბეების ძირში კოცონი ბურბურებდა – ხალხი პარტბილეთებს წვავდა. შიში დაძლეული იყო. მომიტინგეებს რაიონებიდან ემატებოდა ახალ–ახალი ნაკადები.
– ზესტაფონი ჩვენთანააო!
– აბაშა ჩვენთანააო!
– თელავი ჩვენთანააო!
– მთელი აჭარა ჩვენთანააო! – მქუხარე ტაში. გამოდიან რაიონების წარმომადგენლები, ხალხს ესალმებიან. ისევ ორატორები:
– საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიააო! საქართველო უნდა გამოეყოსო! ჩვენ ამერიკა დაგვიცავსო! – ეს რა ესმის ყურებს! დროდადრო რუსლან მიქაბერიძე გამოდის მოსწრებული ლექსით, ხალხს ამხიარულებს. მერე ისევ ორატორები გამოდიან:
– რუსეთის მოდერნიზებული იმპერია უნდა დავანგრიოთ, მატარებლები არ უნდა შემოვუშვათ, რუსეთს ბლოკადა გამოვუცხადოთ. ღვინოს, ციტრუსებს, ჩაის და „ბორჯომს” ევროპაში გავყიდით, იმ ფულით ნავთობს აზერბაიჯანიდან შემოვიტანთ, პურს კანადიდან შემოვიტანთო!
– შენი დედაო! – დაუყვირა ორატორს ხალხში მდგარმა შეზარხოშებულმა შუა ხნის მამაკაცმა.
– რატომ აგინებ? კრემლის აგენტი ხარო! – შეუძახეს აქეთ–იქიდან.
– თქვენ მე მასწავლით? ჩემი შვილია, სახლის ქვეშ გვაქვს პურის მაღაზია, იქიდან ვერ ამოუტანია, ეგ კანადიდან არის პურის შემომტანიო?!
ისევ ორატორთა გამოსვლები:
– ხალხის ნაწილი ღამით  უნდა დარჩეს, რომ მილიციამ მოედანი არ დაიკავოსო!
ღამით შუა რუსთაველის პროსპექტზე კოცონი დაანთეს.
– აპრილია, ღამით მაინც სუსხიაო! – კოცონის გარშემო გოგო–ბიჭები ცეკვავენ.
***
– ვარდი მიყვარსო. წითელი ვარდი სიყვარულის მანიშნებელია, თეთრი – მეგობრობისო!
და ვარდები... ყოველდღე თეთრი ვარდი, წითელს ვერ შეჰბედავს... კოლმეურნეობის მოედანზე იყიდის, ვაკეში გავა, დაელოდება, მივა, ხელში მიაჩეჩებს, შემობრუნდება და წამოვა. უკან არ მიიხედავს, რომ არ დაინახოს, როგორ მოისვრის გოგო ვარდს სანაგვე ურნაში.
***
შემდეგ დღეებშიც იგივე მეორდება: იგივე ორატორები, იგივე მოწოდებები, იგივე შემართება. მხოლოდ მოშიმშილეთა ზემოთ გაკრულ პლაკატზე იცვლება წარწერა: „შიმშილობის მეორე დღე, შიმშილობის მესამე დღე, შიმშილობის მეოთხე დღე”...
8 აპრილის საღამოს რუსთაველის პროსპექტზე, ლენინის მოედნის მხრიდან, დადგა ტანკებისა და ბრონირებული მანქანების კოლონა, რომლის წინაც განლაგდნენ ჩაფხუტიანი და ლითონისფარიანი სამხედროები. ცაში ტრიალი დაიწყეს სამხედრო ვერტმფრენებმა.
პატრიარქი გამოჩნდა ტრიბუნაზე:
– მე შემატყობინეს, რომ ცოტა ხანში შეტევაზე გადმოვლენ, საფრთხე რეალურია, გთხოვთ, წავიდეთ ეკლესიაში და იქ ვილოცოთო!
– არაო! – თქვა ერთ–ერთმა ორატორმა.
– არაო! – გაიმეორა ხალხმა.
– მამაო ჩვენო! – დაიწყო ორატორმა.
– მამაო ჩვენო! – გაიმეორა ორატორის ნათქვამი პატრიარქის თხოვნის უგულებელმყოფელმა ხალხმა...
9 აპრილს, დილის 4 საათზე გადმოვიდნენ შეტევაზე. წინ ჯარი მოუძღოდა ფარებზე ხელკეტების ბრახუნით, უკან ტანკების კოლონა მიჰყვებოდა.
– „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს!..” – ზარივით წკრიალებდა ჰაერში ბრმა ქალის სიმღერა. მომწამვლელი გაზის ბალონები გადმოყარეს, არემარე მწარე ბოლში გაეხვია. ალესილი ნიჩბებით დაიწყეს მომიტინგეების ჩეხა. გოგონა ხალხის ნაკადმა ქაშუეთის ეკლესიის წინ მიაგდო. გრუზა თმებითა და კოპლებიანი პერანგით იცნო. თავზე ჭრილობიდან სისხლი ასხამდა, სახე წითლად ჰქონდა შეღებილი, ზურგზე ქალი ჰყავდა მოკიდებული და ქაშუეთის ეკლესიისკენ მიათრევდა. შეიყვანა, გამოვიდა, პროსპექტი გადაკვეთა, სხვა წამოიკიდა ზურგზე და წაათრია. ეკლესიამდე ვერ მიაღწია, ჩასასვლელთან ჩაიკეცა.
– ვაიმე, პიგმალიონოო! – დაიკივლა გოგომ და ბიჭისკენ გაიწია. არ აცალეს, ხალხის ნაკადმა გაიტაცა...
***
ბიჭს საავადმყოფოში გაეღვიძა. არ ახსოვდა, აქ როგორ მოხვდა. დაბინტული თავი უფეთქავდა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. პალატა მოათვალიერა. მარცხენა მხარეს, ტუმბოზე, ლარნაკიდან წითელი ვარდი უღიმოდა.

скачать dle 11.3