როგორ ზრდის 11 შვილს სოფო კვაშილავა დამხმარის გარეშე და აპირებს თუ არა ის მე-12 შვილის გაჩენას
ირაკლი – 22 წლის, ამირანი – 20-ის, ანა – 17-ის, დავითი – 16-ის, ნიკოლოზი – 13-ის, გიორგი – 11-ის, პეტრე – 9-ის, ნინო – 7-ის, ეკატერინე – 5-ის, იოანე – 3-ის და ბარბარე – 1 თვის – ეს მელიების დიდი ოჯახია. სოფო კვაშილავამ და ბაჩო მელიამ ოჯახი 23 წლის წინ შექმნეს და ახლა უკვე თერთმეტი შვილის მშობლები არიან. სოფო 41 წლისაა, თუმცა, თუ უფალი ინებებს, მეთორმეტე შვილის გაჩენასაც აპირებს. სითბო, სიყვარული, სილაღე და მზრუნველობა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ ოჯახში სტუმრობისას იგრძნობთ.
სოფო კვაშილავა: ვიდრე ბარბარე დაიბადებოდა, მშვიდად ვცხოვორობდით. ბარბარეს შემდეგ გაიგეს, რომ 11 შვილის დედა ვარ და მოსვენება დაგვეკარგა. ზოგადად, ამ ჩემს ინტერვიუებს იმით ვამართლებ, რომ ხალხს ვურჩევ და ვეუბნები, მრავალშვილიანობაში არაფერი არ არის რთული. 11 ისე ჟღერს, რომ ყურში მოგხვდება, თორემ, სირთულეს მართლა ვერ ვხედავ. მეათე რომ გამიჩნდა, აზრი გამიჩნდა, უკვე ორნიშნა იყო და, შეიძლება, რაღაც შეცვილიყო, მაგრამ, არა – როგორც მეათეზე, ასევე მეთერთმეტეზე, გარდა სიხარულისა, არაფერი შეცვლილა. სირთულე არის ის, რომ მეტი შრომა, მეტი საქმე და მეტი ფინანსებია სჭირო გასაზრდელად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიგვაჩნია, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ. სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ ეს რაღაც შეუძლებელი და გმირობის ტოლფასია.
– დამხმარე გყავთ?
– დამხმარე გვყავს, ოღონდ, ბავშვებთან არა – ის მხოლოდ საჭმელს აკეთებს და სახლს ალაგებს. ბავშვებთან ხშირად არიან ბებიები, რომლებიც გვეხმარებიან მეცადინეობაში და წაყვანა-წამოყვანაში. ასე რომ, ამ დიდ ამბავში ჩვენი სისხლი და ხორცი – ბებია-ბაბუები არიან ჩართულნი.
– ანუ, თერთმეტივე შვილს მხოლოდ თქვენ ზრდით?
– დიახ, თუ ბებია-ბაბუების დახმარებას არ ჩავთვლით. ასევე, ჩემი მეუღლე მეხმარება ძალიან. მე და ჩემი მეუღლე მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობთ. გარდა ბებია-ბაბუისა, ჩემი და და მული გვიდგანან მხარში. გარშემო ყველა ცდილობს, მხარი დაგვიჭიროს. თავად ბავშვებიც დიდები არიან და ერთმანეთს თავად ეხმარებიან. ანა 17 წლისაა და უმცროსებს ის ამეცადინებს ხოლმე. პრობლემა მაშინ უფრო იყო, როცა პატარები იყვნენ და სახლიდან გასვლისას მათი დატოვება მიჭირდა, თან, მათ შორის ორი-სამი წელია შუალედი. ეს საკითხი მართლა აქტუალური იყო ჩვენთან, მაგრამ, ახლა გაიზარდნენ და ერთმანეთს თავად უვლიან.
– როგორ ახერხებთ, თერთმეტივეს სათანადო ყურადღება მიაქციოთ – ჩაიბაროთ გაკვეთილები, გააკონტროლოთ და ასე შემდეგ?
– სულ ვფიქრობდით, რა შეგვეძლო, ბავშვებისთვის დაგვეტოვებინა ისეთი, რაც მომავალში გამოადგებოდათ. ეს არის განათლება. ჩვენი მიზანია, თითოეულ მათგანს მივცეთ კარგი განათლება, რადგან მასში ჩადებული ინვესტიცია არასდროს დაიკარგება. ბავშვები დადიან ძალიან ბევრ წრეზე. დიდები კომაროვში სწავლობენ – მე და ჩემს მეუღლესაც კომაროვი გვაქვს დამთავრებული და მათემატიკის სიყვარული ამათაც გამოჰყვათ. ეკატერინე ბაღში დადის, დღის განმავლობაში იოანე და ბარბარე მყავს სახლში. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ არის მრავალშვილიანებზე. წრეებზე, სადაც ბავშვები დადიან, დიდი მხარდაჭერა გვაქვს. როცა იგებენ მრავალშვილიანები ვართ, თუ სამი დადის რაგბიზე, ორისას გვახდევინებენ და ასე შემდეგ – ყველა ცდილობს, რაღაც შეღავათი გაგვიკეთოს. რაც უფრო ბევრი შვილი გყავს, მენეჯმენტში ისე იხვეწები, ვერც ერთი კურსის სერტიფიკატი ვერ შეედრება (იცინის). დროის განაწილება თავიდან არის რთული, სექტემბერი გვიჭირს ხოლმე, როცა ახალი დაწყებული გვაქვს სკოლა და წრეებზე სიარული. ყველა ვიმახსოვრებთ ერთმანეთისას, რომ ვინმეს რამე არ გამორჩეს; ოქტომბრიდან ვდგებით რეჟიმში.
– ოჯახი რომ შექმენით, ან – მანამდე, გქონდათ სურვილი, მრავალშვილიანი დედა ყოფილიყავით?
– არა. ეკლესიური ცხოვრება რომ დავიწყეთ, მაშინ მივხვდით ნელ-ნელა, რომ ეს იყო სწორი გზა. ჩემი მეუღლის მოძღვარი მამა ბესარიონია (მენაბდე – ავტორი), რომელსაც 12 შვილი ჰყავს. ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის – სამი. მათ გვასწავლეს და გვითხრეს, რომ მრავალშვილიანობაა ცხოვრების სწორი გზა. ჩვენც მიგვაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მართალია, ბევრნი არიან, მაგრამ, სასიამოვნოა, დიდ სიხარულსა და სიყვარულს გვაძლევენ. ხმაურსაც მივეჩვიეთ (იცინის). ბებიები სტუმრად მოდიან და, ვიდრე არ დაიღლებიან, აქ არიან, მერე წავლენ დასასვენებლად და ისევ მოდიან. ჩემს დედამთილს დასჩემდა ასეთი რამ: ბოლო ოთხის დაბადებისას, თითოეულზე ამბობდა, ეს პატარა განსაკუთრებით მიყვარსო. მეოთხეზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, გვყავდა ირაკლი, ამირანი, ანა და, ყველა გაკვირვებული იყო და გვეუბნებოდა: გოგოც გყავთ, ბიჭიც და რაღას აჩენთო. ხუთის მერე აღარავის უკვირდა, პირიქით, მოლოდინი ჰქონდათ.
– ეკლესიური ცხოვრება რატომ დაიწყეთ?
– ოჯახი რომ შევქმენით, ძალიან რთული პერიოდი იყო – 93-94 წლები. ეს, ის დრო იყო, როცა საშინელი გაჭირვება მძვინვარებდა ქალაქში. ომიანობის შემდეგ გარშემო არაფერი იყო დარჩენილი. ერთადერთი ადგილი, სადაც არც კორუფცია, არც ცუდის და კარგის გარჩევა არ იყო, აღმოჩნდა ეკლესია. ჩვენთვის ტაძარი ნავსაყუდელივით გამოჩნდა, სადაც ცხოვრების სწორი მიმართულება მოგვცეს. მას შემდეგ ჩაბმულები ვართ ეკლესიურ ცხოვრებაში. რამდენად გამოგვდის – ეს ცალკე თემაა, მაგრამ, ვცდილობთ.
– როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
– კომაროვში ვსწავლობდით ორივე, კლასელები ვიყავით. დავოჯახდით უნივერსიტეტში სწავლისას, მეორე კურსზე. იქაც ერთად ვსწავლობდით: ბაჩო – მათემატიკურზე, მე – საინჟინრო-ეკონომიკურზე. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ადრე იყო ასაკობრივად, მაგრამ, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, დავარღვიეთ ყველა სტერეოტიპი და გავუძელით ყველაფერს (იცინის). 24-ე წელია, დაოჯახებულები ვართ.
– ამ პერიოდის განმავლობაში რთული ეტაპი თუ გქონიათ?
– რთული ეტაპი იყო, როგორ არა. თუნდაც, ფინანსური პრობლემები და სანერვიულო, მაგრამ ძალიან კრიტიკული მომენტი არ მახსენდება. ჩვენ სიყვარულით შევქმენით ოჯახი და ერთობით ყველაფერი გადავიტანეთ. წარმოიდგინეთ, როცა ორი, სამი, ოთხი კაცი ცხოვრობს ოჯახში როგორმე უძლებენ გასაჭირს. რაც მეტი წევრია ეს გაჭირვება იყოფა თითოეულ მათგანზე და უფრო ბევრი მხარდამჭერი გყავს. უფროსი ბიჭი რომ ოჯახდებოდა, მაშინ გვქონდა ბინის პრობლემაა, მაგრამ ესეც მოგვარდა და თავიანთი ბინა აქვთ. მყავს შვილიშვილიც. იოანე და დემეტრე, ანუ, ბიძა და ძმისშვილი, ტოლები არიან. ახლა გამოდის, რომ მამიდა უფრო პატარაა, ვიდრე ძმისშვილი (იცინის).
– ძალიან კარგად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას?
– ეს თავისთავად გამოდის. ამათ ხელში დიდად ვერც დროს გამოუყოფ საკუთარ თავს და ვერც კოსმეტიკურ საშუალებებს გამოიყენებ. ძალიან დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მაძლევენ და ესეც აისახება ჩემზე.
– მთელი ცხოვრება ოჯახსა და ბავშვებს რომ დაუთმეთ, კმაყოფილი ხართ?
– დიახ, ნამდვილად ასეა და კმაყოფილი ვარ, რადგან სიყვარული და ბედნიერება არ მაკლია. მრავალშვილიანი დედა რომ არ უნდა მუშაობდეს და ცუდად უნდა გამოიყურებოდეს – ეს რეალობას არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ მამა ბესარიონის მეუღლემ დაგვიბარა მრავალშვილიანი დედები და გამოგვიცხადა, რომ, სადაც გავიხედე, მრავალშვილიანობა სოციალურად დაუცველობასთან ასოცირდება და, აქედან გამომდინარე, იქნებ ჩვენ მაინც შევცვალოთ შეხედულებები და ხალხს დავანახვოთ, რომ ეს არ არის გაჭირვებასთან ასოცირებულიო. ამიტომაც შევქმენით ორგანიზაცია „გენი ქართული”, სადაც დავიწყე მუშაობა – მონაცემთა ბაზების საკითხს ვკურირებ.
– მეთორმეტეს გაჩენასაც აპირებთ?
– თუ იქნება, წინააღმდეგი არ ვარ. ბარბარესა და იაონეს შორის სამი წელია შუალედი და უკვე მოთხოვნა იყო: ბავშვები ისე გვიყურებდნენ – დიდი ხანია, პატარა არ გვყოლიაო. ირაკლი რომ გაგვიჩნდა, მაშინ ძალიან ახალგაზრდები და წიწკვი მშობლები ვიყავით, ახლა ბარბარესთვის ასაკოვნები ვართ. პირადობის ასაღებად რომ მივედი, მკითხეს – თქვენ ბავშვის დედა ხართო? მაშინ მივხვდი, რომ მთლად კარგად არ მქონდა საქმე. ანას აქედანვე ვეუბნები, ბარბარეს კრებებზე სკოლაში შენ უნდა იარო-მეთქი (იცინის).