რატომ მოხვდა საქართველო გზებზე სიკვდილიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე
გასულ კვირას ავტოსაგზაო შემთხვევების ახალი სტატისტიკა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულ მაჩვენებელს აღწევს. ექსპერტები ამ საგანგაშო სტატისტიკის მიზეზებზე საუბრობენ და ზაფხულის პერიოდისთვის, უფრო მძიმე ვითარებას ელიან. რა არის ასეთი სტატისტიკის მიზეზი და რატომ მოვხვდით პირველ ადგილზე ევროპის ქვეყნებს შორის, გზებზე სიკვდილიანობის მიხედვით, ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დათო მესხიშვილს გავესაუბრეთ.
დათო მესხიშვილი: ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა, რაც გასულ კვირას გახდა ცნობილი, საგანგაშოა. ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო, გზებზე სიკვდილიანობის მიხედვით, პირველ ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის. უკან ჩამოვიტოვეთ სერბეთი, სადაც ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემები იყო და ამისთვის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ დაადანაშაულეს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მხრივ – თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მალე მსოფლიო ქვეყნების სამეულშიც მოვხვდებით. 2015 წელს გარდაიცვალა ექვსასზე მეტი ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო 10 000-მდე ადამიანმა. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ ფიქსირდება ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა, ყველა ტრავმა და დაზარალებული.
– რა არის ასე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გაზრდილი სტატისტიკის მიზეზები?
– მიზეზი არის რამდენიმე. მთავარია ის, რომ რეალურად არ ჩანს ნება სახელმწიფოს მხრიდან, ეს პრობლემა აღიქვას. ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად, სახელმწიფოს უნდა დაეწყო ზრუნვა გარკვეულ პოლიტიკაზე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა, როგორც ტრანსპორტის პოლიტიკასთან, ასევე საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან, რაზედაც დღეს მხოლოდ და მხოლოდ საუბარი მიდის. რეალურად კი, არაფერი კეთდება. უცხოელი ექსპერტები, მათ შორის მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც, გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც იზრუნებდა პრევენციაზე. საპატრულო პოლიცია რეაგირებს მომხდარ დარღვევებსა და ავტოსაგზაო შემთხვევებზე, მაგრამ სამსახური, რომელიც იზრუნებდა, თავიდან აგვეცილებინა ასეთი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არსებობს. მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ჯინ გრინმა დაწერა სტრატეგია, რომელიც შემოიდო თაროზე სხვადასხვა უწყებაში. პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრება ძირითად დარღვევებზე, რომელთა გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, „გაიჭედა” პარლამენტში, რადგან საარჩევნო წელს მისი მიღება არ აწყობთ. სწორედ ამ პოლიტიკას ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მივედით იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომლის გამოსწორებაც თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
– როგორ შეცვალა ვითარება ადმინისტრაციული ჯარიმების შემცირებამ, რაც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა.
– დიდი შეცდომა იყო, როცა ხელისუფლებამ გაანახევრა ჯარიმები, იმ დარღვევებზე, რაც ძირითადად, იწვევდა სიკვდილიანობას. ქართველ მძღოლებზე ლიბერალური სანქციები ცუდად მოქმედებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ შეიცვალა უსაფრთოების ღვედის გამოყენების მიმართ დამოკიდებულება, რაც დასჯადი გახდა. ვინ გაიკეთებდა ღვედს, რომ არა ადმინისტრაციული სანქციები? სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა მოდის სიჩქარის გადაჭარბებებზე, არასწორ მანევრირებაზე, რომელთა შორის ღერძულა ხაზის გადაკვეთაა ყველაზე ხშირი და ნასვამი მძღოლების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ ვებრძვით მიზეზებს. რომელთა გამოც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ასე გაიზარდა. ქვეყანაში არის ეგრეთ წოდებული „შავი წერტილები”, სადაც ერთ თვეში შეიძლება, ასამდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. ასეთი წერტილებია რეგიონებში, ტრასებზე, სამეგრელოში, გურიაში, კახეთში, თბილისში. მაგალითისთვის გეტყვით, ასეთია პირველი არხის მოპირდაპირე ტერიტორია, მტკვრის სანაპირო, ელიავას ბაზრობასთან, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების კვეთაზე. ასეთი ადგილები მთელ მსოფლიოში არსებობს. ეს მისტიკური ადგილები კი არაა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, არა! ექსპერტებთან ერთად უნდა ხდებოდეს ასეთი ადგილების შესწავლა, რატომ ხდება ერთი და იგივე ადგილზე თვეში ასი ავტოსაგზაო შემთხვევა. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის მოხვევის კუთხე, მოცურების მაღალი რისკი, იქნებ არ ჩანს შუქნიშანი, ან საგზაო ნიშნებია არასწორად დაყენებული. დღეს ეს ვინ უნდა გააკეთოს? არ არსებობს ასეთი სამსახური. შესაბამისად, ასეთ ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევები, ძირითადად, მძღოლების ბრალეულობით სრულდება.
– ის, რომ მძღოლებიც სცოდავენ და ძალიან გაიზარდა „აგრესიული მძღოლების” რიცხვი, არ არის მთავარი ფაქტორი? თბილისი მსოფლიოს ქალაქების სამეულშია, სადაც მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ.
– კი, ეს ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული გამონათქვამია: კანონი არსებობს იმისთვის, რომ უნდა დაარღვიო. ეს მოხდა იმიტომ, რომ წახალისდა მძღოლი ჯარიმების განახევრებით. როდესაც მძღოლმა იცის, რომ 700 ლარის საფასურად, ის თავიდან აიღებს მართვის მოწმობას, რომელიც მას ნასვამობის გამო ჩამოერთვა, რა თქმა უნდა, კვლავ გაიმეორებს იმავეს. რა დააშავა ასეთ დროს პატიოსანმა მძღოლმა, რომელსაც უწევს „ბრძოლა” გადაადგილებისთვის ურჩ და აგრესიულ მძღოლებთან? ყველაფრის თავი და თავი, მაინც დაუსჯელობის სინდრომია. აღდგომის პერიოდში საავადმყოფოები გადავსებული იყო დაშავებულებით, იმიტომ რომ, საპატრულო პოლიცია არ ადმინისტრირებდა საგზაო დარღვევებს. როგორც ცნობილია, საპატრულო პოლიცია საარჩევნო წელს ყოველთვის ლოიალური ხდება. ეს ახალი არ არის და ჩვენთან ბოლო წლებში, სულ ასეა. ის ახალი ცვლილებები, რაც ეხება ქულათა სისტემას, ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თუ მარტო ფურცელზე გვეწერა და პატრულმა რეაგირება არ მოახდინა, აზრი არ ექნება ასეთ ცვლილებებს.
– უფრო მძიმე პროგნოზს აკეთებთ ზაფხულისთვის?
– საზაფხულო პერიოდში, როცა საგზაო მოძრაობა რეგიონებში ინტენსიური ხდება, ავტოსაგაზო შემთხვევები ყოველთვის იზრდება. ახლა, როცა არც სხვა სეზონებში გვაქვს კარგი მდგომარეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს კატასტროფული ვითარება შეგვექმნება. საჭიროა, გზებზე საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა, დარღვევებზე რეაგირება. რეგიონებში გადაადგილებისას ჩვენ გვიწევს შესვლა დასახლებებში. ზოგადად, ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევევის უმეტესობა – 90 პროცენტი ხდება ქალაქებში და ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში. როცა ტრასიდან უცებ შედიხარ დასახლებულ პუნქტში, სადაც პრაქტიკულად, არ გხვდება დამატებითი კონტროლი, ეს იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის ზრდას. ჩვენი განსაკუთრებული პრობლემაა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ეგრეთ წოდებული „მარშრუტკები“, რომლებიც მთელი საქართველოს მიმართულებით მოძრაობენ. ამ მხრივ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც აგარა-გომის მონაკვეთზე დედა და ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა სამარშრუტო ტაქსიში. აქ პირდაპირ უნდა გამოვყოთ დამნაშავე ორგანიზაციები, ის ცენტრები, რომლებიც აძლევენ ტექდათვალიერების საბუთს გადაკეთებულ, თვითნაკეთ „მარშრუტკებს”; სადგურებს, რომლებიც ამაზე თვალს ხუჭავენ და ხაზებზე უშვებენ ეგრეთ წოდებულ ტაბურეტკაჩაჭედებულ „მარშრუტკებს”; რომელთაც მართავენ გაურკვეველი კვალიფიკაციის მძღოლები. ჩვენ ვიცით, როგორ არღვევენ ტრასებზე „მარშრუტკები”, საერთოდ არც კი გაუგიათ და ანაღვლებთ ევროდირექტივები, რომელთაც ჩვენ ამ მხრივ ვიღებთ. ეს იწვევს კიდეც იმ მძიმე სტატისტიკას, რაზედაც ვისაუბრეთ. სასწრაფოდ არის მისაღები კანონი გამკაცრებული სანქციებით. უნდა დავიწყოთ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ამოქმედება, რაც თაროზეა შემოდებული უნდა დაიწყოს აგრესიული კამპანია დარღვევების წინააღმდეგ. ტელევიზიებით გავიდეს კლიპები, რაც ერთხანს ჩვენთანაც გადიოდა და რამაც გაამართლა. როდესაც ტელეეკრანზე ხედავ, როგორ იღუპება პატარა ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ეს, ალბათ, არავისთვისაა იოლი სანახავი. თუმცა, სანქციების გამკაცრების ტენდენცია, ნამდვილად ყველაზე კარგ შედეგს მოგვცემს.