როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მთვრალაშვილი
გადმოცემის თანახმად, გვარი მთვრალაშვილი კერვალიშვილების გვარიდან იღებს სათავეს. ვინმე პეტრე კერვალიშვილი, წარმოშობით რაჭველი, მეფე ერეკლესთან მზარეულად მსახურობდა. კარგი და კეთილი კაცი ყოფილა და ერეკლეს ძალიან ჰყვარებია. პეტრეს 12 წელი შვილი არ ჰყოლია და ერთ მშვენიერ დღეს ვაჟი შესძენია. ღვინოს არ ეტანებოდა, მაგრამ იმ დღეს სიხარულისგან გათამამებულა, დაულევია და მთვრალს ჩასძინებია. როცა მეფეს მზარეული მოუკითხავს, უთქვამთ, მთვრალია და სძინავსო. ერეკლეს მეორე დღეს დაუბარებია პეტრე, მასაც მოკრძალებით უთქვამს, ვაჟი შემეძინა და ამის გამო დავთვერიო. მაშინ მეფეს უბრძანებია, ბავშვს გვარად მთვრალაშვილი მიეცით და გაათავისუფლეთ ყველა ბეგარისგან, მამული კი სოფელ პატარძეულში მიეცითო.
გვარის შეცვლის გამო კერვალიშვილები ძალიან გაბრაზებულან და სიონის ეკლესიაში პეტრე შეუჩვენებიათ.
მიუხედავად ამ ისტორიისა, მთვრალაშვილები შემდგომ კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათ გვარი თვით მეფე ერეკლემ მისცა.
მას შემდეგ მთვრალაშვილებს რაჭაში არ დაედგომებოდათ და სხვაგან გადასახლებულან. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმომადგენლები ონის რაიონის სოფელ სიორიდან უნდა იყვნენ პირვანდელი წარმოშობით.
მთვრალაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 103 მთვრალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 90, საგარეჯოში – 9, ოზურგეთში – 4.
მირუაშვილი
გვარის ფუძე სათავეს იღებს სახელიდან მირიანი. მირიანის მოფერებით-კნინობითი ფორმებია: მირო, მირონ, მირონა, მირუმა, მირუა.
„მირუა კარშაგარს მცხოვრები, მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს 1537-1538 წლებში“.
„მირუაშვილი გულეულს მცხოვრები მამულით ერგო როსტევან ჯანიაშვილს 1537-1538 წლებში“.
„მირუაშვილი შაჰყულა მოწმეა ბოლნელ აბრამ ბარათაშვილის მიერ გიორგი შანშიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1621 წელი“.
საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 294, კასპში – 15. არიან სხვაგანაც.
ზარაფიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზარიფა.
დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და თავისი ვაჟიშვილი იოთამი თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა – განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ.
ასევე, ისტორიულ წყაროებში წერია, რომ ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე სოფელ ქვემო და ზემო მაჩხაანში ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ ხდებოდა. ისინი, ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს თავიანთ დახმარებას.
საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით