მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად დილა-საღამოს ლოცვებს თუ არ წავიკითხავ დროის უქონლობის, სიზარმაცის ან სხვაგან ყოფნის გამო?
პასუხი: დილა-საღამოს ლოცვების წაუკითხაობა ცოდვად ნამდვილად გეთვლებათ, მით უმეტეს, თუკი მას სიზარმაცის გამო არ კითხულობთ. ეს ლოცვები ადამიანს უფალთან აახლოებს, სულს უმშვიდებს და ყოველგვარი ხიფათისგან იცავს. მათი წაკითხვა ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც ვთქვათ, დილით ხელ-პირის დაბანა.
კითხვა: მაწუხებს სახსრები და ლოცვის დროს მიჭირს მეტანიის (მუხლმოყრის) სრულყოფილად შესრულება. ცოდვად ჩამეთვლება თუ არა ეს?
პასუხი: ღმერთი არ ითხოვს ჩვენი ძალების ზომაზე გადაჭარბებულად დაძაბვას. ამიტომ, მუხლმოყრაც შეასრულეთ თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად.
კითხვა: ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ორივენი გარდაცვლილები არიან. ლოცვებში მათ ერთად მოვიხსენიებ და პანაშვიდსაც ერთად ვუხდი. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: დიახ. თქვენ შეგიძლიათ ლოცვისა და პანაშვიდის დროს, ორივეს ერთად მოხსენიება.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ სახელი იესო. ეს მკრეხელობად ხომ არ ჩაგვეთვლება?
პასუხი: საქართველოში იესოს ჩვეულებრვი მოკვდავისთვის დარქმევის ტრადიცია არ ყოფილა. ქართველი ადამიანი კრძალვით შეჰყურებდა უფლის სახელს და მისი შვილისთვის დარქმევას ერიდებოდა. სასურველია, ეს ტრადიცია ახლაც გაგრძელდეს. ეს სახელი საბერძნეთში იყო ფართოდ გავრცელებული.
კითხვა: ჩემი წინაპარი იყო მღვდელი და სახლში გვაქვს საეკლესიო ლიტერატურა, წიგნები. უნდა დავუბრუნო თუ არა ისინი ეკლესიას?
პასუხი: თუ ეს წიგნები ფართო სასულიერო მოხმარების ლიტერატურაა, როგორც ვთქვათ, „სახარება“ ან „წმიდა მოციქულთა ცხოვრება“, შეგიძლიათ, შეინახოთ სახლში. თუმცა, თუ არ გამოიყენებთ, უმჯობესია, ისეთ ადამიანს უძღვნათ, ვინც სათანადოდ მოიხმარს. ხოლო, თუ თქვენს ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება მკაცრად საეკლესიო დანიშნულების წიგნები – ისინი ეკლესიაში მიიტანეთ.