რა მოტივებით არიან დაინტერესებულები დასავლეთი და ჩრდილოეთი საქართველოში არეულობით და როგორ აპირებს რუსეთი საქართველოს დასჯას ვაზიანში ამერიკული ტანკების გამოჩენის გამო
კორცხელის ინციდენტმა ცხადყო, რომ დაპირისპირება წინასაარჩევნოდ კულმინაციას მიაღწევს, თუმცა ცეცხლზე ნავთს ისიც ასხამს, რომ ამჯერად ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მსგავი მასშტაბური ცემა-ტყეპა არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ისტორიის არქივები „ნაციონალების“ მიერ შესრულებული, ცემა-ტყეპას ვინ ჩივის, უფრო მძიმე კადრებითაა სავსე. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა აშკარაა, სამწუხაროდ, როგორც ერთი, ისე, ჩვეულებისამებრ, მეორე მხრიდან. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ არეულობით საქართველოში, უპირველესად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იხეირებს, რადგან არეული საქართველო მას ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაჭრაში დაეხმარება: „ნატოს“ გაფართოების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება და ევროკავშირთან ინტეგრაციისაც, კავკასიაში მისი გავლენის განმტკიცებაც გაძლიერდება, რაც დასავლეთს ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე შეავიწროებს. თუმცა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე უფრო შორს მიდის და არც სირიის სცენარის გამეორებას გამორიცხავს, თუ რატომ, ამას თავად მისგან შევიტყობთ.
– რა საშიშროება დაინახეთ ამ დაპირისპირებით ძალიან უმნიშვნელო საარჩევნო უბანზე?
– თუ ჩვენ ამოვალთ ამ ინციდენტიდან, აბსოლუტურად გაუგებარია „ნაციონალების“ ყველა გავლენიან ლიდერს რა უნდოდა კორცხელის საარჩევნო უბანზე. ეს იყო გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ, კანონით, არჩევნების დღეს საარჩევნო აგიტაცია და ამომრჩევლის მიმხრობა დაუშვებელია. ხოლო იმის გარკვევას, იყო თუ არა დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ ათი ყველაზე გავლენიანი ლიდერი არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ, აბსოლუტურად მიუღებელია სპორტსმენების დესანტი კორცხელის საარჩევნო უბანზე. დავუშვათ და, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც გეგმავდა პროვოკაციებს თავისი ზონდერ-ჯგუფების მეშვეობით, მაინც გაუგებარია, რა უნდოდა სპორტსმენების ჯგუფს, იმიტომ რომ, ამის აღსაკვეთად არსებობენ სამართალდამცველები და მედია, რომელიც უნდა აფიქსირებდეს ყველაფერს. ოღონდ მედიაში არ ვგულისხმობ პარტიულ მედიას. ამდენად, აქ ორივე მხრიდან იმთავითვე იყო გადაცდომა ჩადებული. თუ ამ პერიპეტიებიდან ამოვალთ, დავკარგავთ მთავარს: რა არის საზოგადოების ინტერესი და რა საფრთხე ემუქრება მას და ქვეყანას? საზოგადოების ინტერესია, რომ საქართველოში დამკვიდრდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრაქტიკა, რაც არ გვეღირსა 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ. თუ ასეთი ექსცესებით წავა პროცესი, ისევ დავკარგავთ შანსს, ჩავატაროთ ევროპული არჩევნები საქართველოში.
– და ვისთვის არის ხელსაყრელი, რომ არ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში?
– გვეუბნებიან, არჩევნები ისე უნდა ჩაატაროთ, რომ უეჭველად გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელიც დასავლეთს უნდა. მეც მინდა, რომ არჩევნების შედეგად გაიმარჯვოს პროდასავლურმა ძალამ, ანუ ისეთმა ძალამ, რომელიც ცივილიზაციის თანამედროვე სტანდარტებისკენ წაგვიყვანს შეუქცევადად. მაგრამ მე არ მინდა, ეს მოხდეს ძალადობით პოლიტიკურ პროცესზე, რისკენაც გვიბიძგებს ყველა: დასავლეთიდანაც და ჩრდილოეთიდანაც. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს და არ ექნება მნიშვნელობა, რა ექსცესები მოხდება. ღმერთმა ნუ ქნას, იყოს საფრთხე იმისა, რომ პრორუსულმა ძალამ გაიმარჯვოს საქართველოში. თუმცა ზოგიერთ ძალას აქვს რუსეთისკენ მეტი გაწევის პერსპექტივა. მე პრორუსულ ძალას ვერ ვხედავ და რომც გამოჩნდეს, ქართველმა საზოგადოებამ უარი უნდა ვუთხრათ და მხარი დავუჭიროთ რაციონალურ პროდასავლურ ძალებს და არა პირწავარდნილ პროდასავლელებს, რადგან ეს პირწავარდნილები უკან არაფერზე იხევენ, მათთვის მთავარია ძალაუფლება და შემდეგ ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაც შეუძლიათ. კორცხელის ინციდენტში მე დავინახე მარიონეტების თეატრის გაგრძელების საფრთხე. ამიტომ ეს ინციდენტი აღსაკვეთია საფუძველშივე და უნდა გამოირიცხოს მისი გამეორება.
– ჩემი აზრით, რუსეთს ჰაერივით სჭირდება არეულობა საქართველოში, რადგან „ნატოს“ გაფართოების საკითხიც მოიხსნება, ევროკავშირთან ინტეგრაციისაც, კავკასიაშიც საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხს და ჩაუკეტავს დასავლეთს ახლო აღმოსავლეთს.
– მოტივებამდე მე აქ ვხედავ ძალიან სახიფათო ტენდენციას. საქართველოში დესტაბილიზაცია ხელს აძლევს ძალიან ბევრ ძალას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. უპირველესად, რუსეთს, რადგან მას აქვს „ნატოს“ გაფართოების შეჩერების ამოცანა და თუმცა ამჟამად გადართულია უკრაინაზე, არ დატოვებს უპასუხოდ ვაზიანში, წვრთნებზე, ამერიკული ტანკების გამოჩენას. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ ადამიანების გატაცებითა და ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით. მას უნდა, რომ დასაჯოს საქართველო, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი საზოგადოება საკმაოდ მოწიფულია პოლიტიკურად. რუსეთს კავკასიაში ჩარევის ერთადერთი საშუალება აქვს: დესტაბილიზაცია, ყარაბაღის გაცოცხლება და საქართველოს კონფლიქტებით მანიპულირება; ასევე, ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოს თემით თამაში. თუმცა ეს ჯერ კოზირებამდე არ მისულა. ანუ რუსეთია დესტაბილიზაციის სერიოზული მოსურნე; მეორე – ის პარტიები, რომელთაც ოქტომბრის არჩევნებზე არ აქვთ შანსი და ასეთი ბევრი პარტიაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, რომელმაც, თავისი ათი პროცენტი რომ ოცამდეც აიყვანოს, მაინც არ ჰყოფნის. ამას გარდა, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალის პოპულარობა შემცირებულია, მათ მაინც ჰყავთ მხარდამჭერები და ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ მაინც პირველ ადგილზე გავა, მაგრამ ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. ეს ვითარება კი, მაინცდამაინც, არ უნდა აძლევდეთ ხელს ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს. მათ გაცილებით მეტი უნდათ და მეტის იმედი აქვთ.
– თქვენ არ გამორიცხავთ სირიის სცენარის გამეორებას საქართველოში. ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევთ?
– რომ შევაჯამოთ ეს ხაზი: რუსეთი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დიდი იმედი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების, დაინტერესებულნი არიან იმით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში. ძალიან არ მინდა, მოხდეს რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება მცდელობა, ჩაიშალოს ტურისტული სეზონი საქართველოში. ეს უნდა რუსეთს, რადგან ის პირდაპირ ვერ ეტყვის თავის მოქალაქეებს, არ წახვიდეთ საქართველოში და იქაურ მწარმოებლებსა და მოქალაქეებს ნუ გაამდიდრებთ ჩვენი ფულითო, მაგრამ რა ინტერესი აქვს რუსეთს, რომ ამ ტურისტული სეზონით იხეირონ ჩვენმა შეჭირვებულმა მოქალაქეებმა?! არანაირი, მაგრამ ამას ვერ ეუბნება, ამიტომაც კბილებს აღრჭიალებს და სხვა გზებს ეძებს; დასაყრდენს აქაურ როგორც ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ, ისე ეგრეთ წოდებულ პრორუსულ პარტიებში. იქნებ მათ გააკეთონ ის, რასაც თავად ვერ აკეთებს?! და, რა თქმა უნდა, ტურისტული სეზონის ნორმალურად ჩავლა იქნება წინასაარჩვენო პლუსი ხელისუფლებისთვის და შეიძლება, არჩევნებზე ცოტა მეტი კეთილგანწყობა გამოხატოს ამომრჩეველმა მმართველი პარტიისადმი. ეს ოპოზიციას ხელს აძლევს? რა თქმა უნდა, არა. ხედავთ, რა სერიოზული ძალებია მოსურნე საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაშლით?! და ამ ყველაფერს ემატება კორცხელის პროვოკაციაც. ეს არის ისეთი რამ, რაც, უპირველესად, კვირიკაშვილს უნდა აღელვებდეს, რადგან ის პირველი პირიცაა და საარჩევნო სუბიექტი ლიდერიც. მაგრამ ეს ჩვენი საფიქრალიცაა, იმიტომ რომ, მე, როგორც მოქალაქესა და ანალიტიკოსს, თქვენ, როგორც ჟურნალისტსა და მოქალაქეს და სხვებს, ჩვენნაირებს, არსად წასასვლელი არ გვაქვს და არც ვართ წამსვლელები. ამ ქვეყნის მომავლისთვის თავის დამდები ხალხი ვართ, თორემ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყანაში: ვინც შემოსავლების ნაკლებობას განიცდის და უმუშევრები არიან, იმ ძველ დროზე ოცნებობენ, რომელიც შეუძლებელია, დაბრუნდეს და რუსეთის იმედი აქვთ, რომელიც წარმოუდგენელია, რამე სიკეთის მომტანი იყოს. ამის დასტურია ყირიმის მაგალითი. მეორე მხარეს კი არის ეგრეთ წოდებული პროდასავლური ელიტა, უაღრესად მცირერიცხოვანი, მაქსიმუმ, 100 000 კაცამდე, რომლებიც სარგებლობენ იქაური გრანტებით, მომსახურებით, წასვლა-მოსვლით, ინგლისურენოვანი ფენა. ისინი ებღაუჭებიან იმას, უფრო აქტიურად შემოვიდეს დასავლეთი, რომ ეს თავიანთი მაღალი ხელფასები და გრანტები შეინარჩუნონ. ანუ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ორივე მხრიდან მატერიალური საფუძველი ამოძრავებს, რაც მე მაშინებს.
– მაგრამ სირიის აქ განმეორება, უფრო უარეს შედეგს არ მოიტანს?
– აღმოსავლეთმცოდნე არ ვარ, მაგრამ კარგად ვარ ჩახედული ამ რეგიონში და ვიცი, რა ხდებოდა სირიაში 5 წლის წინ – რა ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს, რა არის ახლო აღმოსავლეთი, როგორ არის ის რამდენიმე ადამიანის მიერ რუკაზე დახაზული, მიუხედავად ამ ხალხების წარსულისა და რომ საზღვრების გადაკეთება არის პერმანენტული სისხლისღვრა. სირიაში 5 წელიწადში 300 000 ადამიანია დახოცილი და რამდენიმე მილიონი დევნილია. მეორე მხრივ, საქართველოშიც არანაკლები ფაქტორებია. კარგად თუ იმუშავებს რომელიმე ქვეყნის დაზვერვა, არაჩვეულებრივად გაღვივდება ნებისმიერი კონფლიქტი. ადიგენში ახლახან ხალხი სასაფლაოს გამო დაუპირისპირდა ერთმანეთს.
– თან, ქართველი ქრისტიანები და ქართველივე მუსლიმანები.
– დიახ და ეს ვერ მოგვიგვარებია. მე მივმართე ეროვნული უშიშიროების საბჭოს, რომ აჭარაში ვითარება არის რთული. იქ ერთი პატრიოტი ქართველების ჯგუფი აპირებს ოსმალთაგან აჭარის გათავისუფლების იუბილესადმი მიძღვნილი სტელის აღმართვას. ეს თავისთავად ძალიან კარგია, მაგარამ ამ ოსმალთაგან ეს რეგიონი გაათავისუფლა რუსეთმა.
– ქართველების აქტიური მონაწილეობით.
– რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი რუსის ჯარი იყო და ამის ხაზგასმა დღეს, როდესაც თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ მგონია კარგი. შეიძლება, თურქეთს რაღაცეები ეშლება, ექსპანსიის ელემენტებია აჭარაში, მაგრამ თურქეთს არცერთხელ არ შეუქმნია ჩვენთვის პრობლემა აფხაზეთთან მიმართებაში. ამიტომ, როდესაც უზარმაზარ მემორიალს აკეთებ, ცოტა დავფიქრდეთ, რამდენად წაადგება ის ჩვენს სუვერენიტეტს. მე ვურჩიე კიდეც იმ ადამიანებს, იქნებ დაარქვათ აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების მონუმენტი და სიტყვა ოსმალო არ ვახსენოთ-მეთქი. ეს კონტექსტებია გასაანალიზებელი. ამ კონტექსტისვე მატარებელია კორცხელის ინციდენტიც. საქართველოს გაცილებით მეტი ღირებულება აქვს დასავლეთისთვის არა იმის გამო, რომ აქ იდება მაგისტრალები, არამედ იმის გამო, რომ გარშემო ავტორიტარული რეჟიმების საუფლოა და თუ აქ შენ, ქართული ბუნებისთვის დამახასიათებელ დემოკრატიას დაამკვიდრებ, ეს უზარმაზარი მაგალითი იქნება ყველასთვის ჩვენს სამეზობლოში. ამაში უნდა დაგვეხმარონ და არა იმაში, რომ რაღაც ჯგუფს დაარქვან რეფორმატორები, დასვან ხელისუფლებაში და მათ გინდა 26 000 კაცი ჩაუსვამთ ციხეში, გინდა ქონება წაურთმევიათ ათასობით ადამიანისთვის, გინდა სამასი ათასი პრობაციონერად უქცევიათ, მაინც უწოდონ რეფორმატორები და ყველა დანარჩენს ეჭვის თვალით უყურონ. მე შინაგანად ვარ ევროპელი და ამერიკელი, მაგრამ არ მინდა, ვიღაცის დირექტივებით ვცხოვრობდე და ქართველებს არ უსმენდნენ. არადა, ასეთი პრაქტიკა ევროპაში არ არის. პატარა ნიდერლანდებმა უარი ათქმევინა ევროკავშირს საერთო კონსტიტუციაზე. ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატია უნდა შევქმნათ, ოღონდ არა ინსტრუქციებით და არა სარისკო თემების თავსმოხვევით.