„გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები“
ანუ ბითურები ბითუმად?!
კორცხელის ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ჩვენს მომავალ არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში აყენებს ჩრდილს, კოზირად ქცევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, რომ არ ცდილობდეს, ის იქნებოდა სწორედ გასაკვირი.
რატომ? იმიტომ, რომ სკამის ეშხით ყველაფერი მოსულა, მით უფრო, მშობლიურ პოლიტიკაში!
მეტიც, აწ განდგომილმა, მაგრამ, როგორც ჩანს, სულით კვლავ „ნაციონალმა“ (როგორც შოთა ბრძანებს – თავსა ახლად ვერვინ იშობსო) გიორგი ვაშაძემ (მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავტოვე, მაგრამ მათ გვერდით ვარო!) ბრძანა, რომ კორცხელის მსგავსი მასშტაბური ინციდენტი არ მომხდარა ქვეყანაში! ბუნებრივია, ამასვე აცხადებენ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც (და მერე რა, რომ სატელევიზიო არქივებში მრავლადაა ამის საპირისპირო მასალა და თვითმხილველებიც კი ცოცხლები არიან?!). და არანაკლებ ბუნებრივია, რომ განაცხადებენ კიდეც, ვინაიდან, მეორე მხარე, ანუ ხელისუფლებიდან ვიღაც დიდად წაეხმარა (ვგულისხმობ მას, ვის ტვინშიც კორცხელის საარჩევნო უბანზე სპორტსმენების მივლინება მომზიანდა).
თუმცა ჩვენ კვლავ ბ-ნი ვაშაძის ფენომენს დავუბრუნდეთ, უფრო ზუსტად, მის თეზას: აროდეს მომხდარა კორცხელის მსგავსი მასშტაბური ინციდენტიო! მეორე მხრივ, არ მომხდარა და ტყუილი თქვას? ვერ იტყვის, ან კი როგორ იტყვის ამ არჩევნების წინ?! ვერ კი არა, არ იტყვის, იმიტომ, რომ არ იკადრებს!
ხოლო მისი ნათქვამი კი იმ ერთადერთ შემთხვევაშია ჭეშმარიტი, თუკი მსმენელი, როგორც ერთხელ ჩვენმა პრეზიდენტმა ბრძანა, დებილიზმის მსუბუქი ფორმითაა შეპყრობილი. იმიტომ რომ, ხალხური სიბრძნის თანახმად, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს, თუ, რა თქმა უნდა, მთლად ბითუმად ბითური არ ბრძანდება, რადგან, წყალგაუსვლელი ჭეშმარიტებაა, რომ ყველაზე მეტს ნადირობისას, ომის შემდეგ და არჩევნებამდე იტყუებიან. –