კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან შეხვედრა მოითხოვა გიორგი გოცირიძემ ათდღიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ და რა წაშალა მისმა მეხსიერებამ

„კომედი შოუს“ მსახიობი გიორგი გოცირიძე 27 აპრილს ღამით, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მსახიობი უმძიმესი მდგომარეობით ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც 9 დღე უმძიმესი მდგომარეობით, რეანიმაციაში იყო უგონოდ. თუმცა, საბედნიეროდ, მეათე დღეს გონს მოვიდა და ნელ-ნელა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ კი, სახლშიც გამოწერეს. გიორგის შინ ვესტუმრეთ და ამ უბედური შემთხვევის შესახებ მას და მის დას ვესაუბრეთ.
გიორგი გოცირიძე: ყველაფერი 27 აპრილს მოხდა. იმ დღის მხოლოდ ნახევარი მახსოვს. ოთხშაბათი იყო, სამსახურში ჩაწერა მორჩა და წამოვედი. ავარია დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომივიდა, დაახლოებით საღამოს 11-12 საათზე. იქ მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარში ვიყავი. მაგრამ, საერთოდ არ მახსოვს, არც იქ მისვლის და არც წამოსვლის მომენტი. სრულიად ფხიზელი ვიყავი, მაგრამ ავარიამდე რამდენიმე საათი და ავარიის მომენტი, მეხსიერებიდან წაშლილი მაქვს. არც მომდევნო 10 დღე მახსოვს, რადგან უგონოდ ვიყავი.
ანი გოცირიძე: პირველი ოპერაცია თითქმის 5 საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არაფერი უთქვამთ. ოპერაციის შემდეგ ექიმი 15 წუთი გვიხსნიდა სათითაო ორგანოზე, რა სჭირდა. გულმკერდის ფიცრის გარდა, ყველაფერი ჩამოთვალა და გვითხრა, რომ ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. ისეთი მდგომარეობა იყო, თვითონ ექიმიც ნერვიულობისგან ცახცახებდა.
– ავარიის მომენტს იხსენებდა განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო და ძალიან მძიმედ აღწერდა მომხდარს.
გიორგი: კი, მეც წავიკითხე მისი მონათხრობი და ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მართლა ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. თუმცა, მითხრეს, რომ მანქანის დაჯახების შემდეგ, თავიდან გონზე ვიყავი. თურმე, შარვალს ვისწორებდი და ვამბობდი, ფეხები მტკივა-მეთქი, თან, წამოდგომას ვცდილობდი. მაგრამ, ყველა მეუბნებოდა, არ ადგეო.
– შენი მეგობრებიც შეესწრნენ ავარიას?
– ბარში ჩემი ძმაკაცები იყვნენ. როგორც ისინი მიყვებიან, მე წამოსვლა დავაპირე და გარეთ გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს ჩემგან მისვლია შეტყობინება. გარეთ გამოსულა და დაუძახია: ეს ესემესი ახლა მომწერე თუ დაგვიანებით მომივიდაო. მითქვამს, რომ გვიან მიუვიდა. ზუსტად ამ საუბრის მომენტში გადავდიოდი ქუჩაზე და ამ დროს დამეჯახა მანქანა. თუმცა, ზუსტად რა ადგილას ვიყავი – ქუჩამდე თუ უკვე მეორე მხარეს, ეგ არ ვიცი. მეგობარს ყველაფერი დაუნახავს და ისიც შოკში ყოფილა.
– მითხრეს: ორი მანქანა ერთმანეთს ეჯიბრებოდა და მათგან ერთ-ერთი დაეჯახაო.
– არა მგონია, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რადგან დაბალი სიჩქარით დავეჯახეო – მძღოლს უთქვამს და გამომძიებელმაც ასე მითხრა. რა ვიცი, ვნახოთ, ყველაფერს დაადგენენ. ამბობენ, რომ 60-70 სიჩქარით დამეჯახა, მაგრამ ორტონიანი მანქანა რომ ამ სიჩქარით დაგეჯახება... რა დღეში ჩამაგდო, თქვენც ხედავთ. მეგობრები მოსულან, მინისტრის მრჩეველიც, იქ მყოფი ადამიანები: ნაცნობი თუ უცნობი, არც ის წასულა, ვინც დამეჯახა. სასწრაფოც გამოიძახეს და კიდევ კარგი, საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება, ვეღარ გადავერჩინე ექიმებს.
– გონს როდის მოხვედი, მოვლენები როდიდან გახსოვს?
– პირველი, რაც მახსოვს, ის არის, რომ თვალი გავახილე რეანიმაციაში და ნათესავი ექიმი დავინახე. ხელი დავუქნიე, მოდი-მეთქი და ვთხოვე, ჩემი და და შეყვარებული ენახვებინათ. მერე ვთქვი, არა შეყვარებული არ მოიყვანოთ, არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში მნახოს-მეთქი. მაგრამ 5 წუთში გადავიფიქრე და ისევ ვთხოვე, მოეყვანათ. როცა ექიმმა მითხრა, 10 დღეა, აქ ხარო, არ დავიჯერე და ჩხუბი დავიწყე.
– ათი დღე ელოდნენ როდის მოხვიდოდი გონს. როგორი იყო ახლობლებთან პირველი შეხვედრა?
– კი, ამ დღეების განმავლობაში ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი და ასე მალე მოვიდოდი გონს. რეანიმაციაში ხმა რომ ამოვიღე, ექიმმა დაიძახა: ეს გოცირიძეა, შენ ლაპარაკობო?! იმდენად მძიმედ ვყოფილვარ, გადარჩენის იმედი არ ჰქონიათ. ორგანიზმში ყველაფერი ჩაწყვეტილი მქონდა. მუცელში ყველაფერი ამოჭრილი და დაჩეხილი მაქვს, ფეხებზე – ღია მოტიხილობები. ერთადერთი, რაც მთელი მქონდა, გულმკერდი და ნეკნები იყო. თავზეც შეშუპება წავიდა და ქალაც ამხადეს. ვინც ოპერაცია გამიკეთა, იმ ექიმებს უთქვამთ, რაღა მაინცდამაინც ჩვენთან უნდა მოხდეს ესო, ყველას ეშინოდა. მაგრამ, ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. მანამდე, ექიმების თქმით, ზოგჯერ ვფხიზლდებოდი, მაგრამ არაადეკვატური ვიყავი: ლოგინიდან ვხტებოდი, ნაკერებს ვიგლეჯდი და მერე ისევ მთიშავდნენ. ვერ გეტყვით, რომ დასთან და შეყვარებულთან პირველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო-მეთქი, რადგან არაფერი მახსოვდა და არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მათი ნამტირალევი სახე რომ დავინახე, ვეკითხებოდი: რა გატირებთ-მეთქი... მერე ჩემი და შეპარვით მიყვებოდა, რაც მოხდა და არ მჯეროდა, მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა, დავიჯერე. რეანიმაციიდან სამ დღეში ჩამომიყვანეს პალატაში და ყველა გაოცებული იყო მდგომარეობიდან ჩემი ასე მალე გამოსვლის გამო. ექიმებმა მითხრეს, სამჯერ წახვედი იქით და ძლივს მოგაბრუნეთ, 98 პროცენტი მკვდარი იყავიო. ორჯერ გულიც გამჩერებია ოპერაციის დროს. შენს ადგილას ფიზიკურად ცოტა პატარა ადამიანი რომ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდაო. ექიმებმა ისიც მითხრეს, საავადმყოფოსგან შორს რომ ყოფილიყავი, ცოცხალი ვერ მოაღწევდიო. ოთხი ლიტრი სისხლი მქონია მუცელში ჩაქცეული. რომ მიმიყვანეს იმწამსვე გადაუსხამთ და ოპერაცია დაუწყიათ. თავზე, მუცელზე ერთდროულად მიკეთებდნენ ოპერაციას. სულ ხუთი ოპერაცია გამიკეთეს: თავზე, ორი მუცლის ღრუში და ორი ფეხებზე. მესამე-მეოთხე დღე იყო ურთულესი – კრიტიკული მომენტი იყო და ექიმებს იმედიც დაუკარგავთ. მაგრამ, მერე უკეთესობისკენ წავედი. მე ამ დროს სიზმრებს ვნახულობდი და მხოლოდ ის მახსოვს, რომ საავადმყოფოში აქეთ-იქით დავფრინავდი, ყველაფერს ზემოდან ვუყურებდი. გონს მოსვლის შემდეგ, სამ დღეში რეანიმაციიდან რომ გამომიყვანეს, ძალიან მიხაროდა, მაგრამ იმ გარემომ ძალიან დამღალა. ექიმს ტვინს ვუბურღავდი, გამიშვით-მეთქი. გადასხმები რომ მორჩა, შემამოწმეს ყველანაირად და მეექვსე დღეს სახლში გამომიშვეს. რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდება. სანამ მუცელზე ნაკერები და ძვლები არ შეხორცდება, მოხრა და წამოჯდომა არ შემიძლია. ექიმები მეუბნებიან, რომ ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ, მაგრამ 3 თვეში წამოჯდომა და ფეხის დაბლა დადება შემეძლება. ძალიან რთული ამბავი გადავიტანე და ახლა რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გამოვჯანმრთელდე.
ანი: სანახავად რომ შევედი, მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მეტირა. თვითონ გიომ მითხრა: შენ რომ დაგინახე, მინდა ვიტირო და თუ გინდა, შენც იტირე, არ შეგეშინდესო. მოვუყევი, მთელი შენი მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, მაყურებლები: ყველანი ქვემოთ ვართ-მეთქი. რამდენიმე წუთი ფიქრობდა და მერე გულშემატკივრებთან ლექსი დამაბარა: „გოცის მოაჭრეს ხორცი, მიყვარხართ, ყველას გკოცნით“. რომ ჩახვალ, ყველას ეს უთხარიო. ეს მოხდა პირველივე დღეს, როცა მდგომარეობიდან ახალი გამოსული იყო. ექიმები გაგიჟდნენ, პასტა და ფურცელი მოუტანეთო (იცინის).
გიორგი: რეანიმაციაში ღამე რომ ვერ ვიძინებდი, ექიმები გავაგიჟე, ათას კითხვას ვუსვამდი. ხან ქალაქობანას ვეთამაშებოდი და ხან რას. იმათაც სხვა რა გზა ჰქონდათ?! იქ სხვა პეციენტებიც ხომ წვანან აპარატზე შეერთებულები. მათ რომ ვუყურებდი, ვიძაბებოდი და არ მინდოდა, შემემჩნია. ამიტომ, ექიმებს ტვინს ვუბურღავდი სანამ შემეძლო. მერე წამალს მიკეთებდნენ და ძალით მაძინებდნენ (იცინის).
– იმ ადამიანს თუ შეხვდი, ვინც საჭესთან იჯდა. როგორც ვიცი, გვერდით ფეხმძიმე ქალი ეჯდა, რომელსაც ექვსი წელი არ ჰყავდა შვილი.
– კი, ეგ მეც მითხრეს. თვითონ ის არ მინახავს, ვინც საჭესთან იჯდა. მითხრეს, თვითონაც არაა კარგადო. მისი ოჯახი და ახლობლები ძალიან ყურადღებიანები არიან. მნახულობენ და გვერდში მიდგანან. თავიდან სასწრაფოც მათ გამოუძახებიათ. 
– ფაქტობრივად, მეორედ დაიბადე. ასეთ დროს ადამიანები ყველაფერს სხვანაირად აღიქვამენ და ბევრი რამის გადაფასება ხდება. შენ თუ გიფიქრია ამ საკითხზე?
– უპირველესად, გულწრფელად ვიტყვი, რომ ცხოვრებაში პირველად დავარღვიე წესი – შუქნიშნისა და ზებრის გარეშე ქუჩაზე გადავედი და მაშინვე მანქანამ გამიტანა. ფეხზე რომ წამოვდგები, მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები შევცვალო. ეს სამსახურს არ ეხება, უფრო პირად ცხოვრებას. მინდა, ეკლესიურად ვიცხოვრო. ამას აქამდეც ვცდილობდი, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ცოცხალი ვარ და იმედია, მალე, ბოლომდე გამოვჯანმრთელდები.

скачать dle 11.3