რატომ არის ეგვიპტე საუკეთესო კურორტი წლის ნებისმიერ დროს
18 მაისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ეგვიპტის დელეგაცია. დელეგაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ეგვიპტის ტურისტული ბაზრის მდგომარეობა და ამ სფეროს ინიციატივები გააცნეს. ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ეგვიპტური ტურისტული კომპანიის რამდენიმე ტუროპერატორიც, რომლებმაც სპეციალური ვორქშოფების მეშვეობით პირდაპირი კავშირი დაამყარეს ქართულ ტუროპერატორებთან. თბილისში, ასევე, იმყოფებოდა ეგვიპტის ელჩი, ტარეკ მაატი, რომელიც დეტალურად გვესაუბრა ტურიზმის მნიშვნელობასა და ქართულ-ეგვიპტურ ურთიერთობებზე ამ კუთხით.
– რამდენად მნიშვნელოვანი ბიზნესია ტურიზმი ეგვიპტეში?
– ეგვიპტის ეკონომიკაში ტურისტულ ბიზნესს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს სფერო მაქსიმალურად განვავითაროთ. ეგვიპტეში ყოველწლიურად 15 მილიონ ტურისტს ვიღებთ. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული უსიამოვნო მოვლენების ფონზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ტურისტების ნდობა და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ.
– რით არის ეგვიპტე ტურისტებისთვის მიმზიდველი?
– ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ისეთი ადგილი, რომლებითაც შეგვიძლია, მოვხიბლოთ ტურისტები; გვაქვს შავი და წითელი ზღვები. ეგვიპტე არის ის ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც აგვისტოში, ასევე დეკემბერში – ჩვენი კლიმატური პირობები იძლევა ამის საშუალებას. ეგვიპტეში არის ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი, რომლებსაც ტურისტები გულგრილად ვერ ჩაუვლიან. მთელი მსოფლიოს არქიტექტურული ძეგლების ერთი მესამედი ეგვიპტეშია თავმოყრილი. ჩვენთან ნახავთ სხვადასხვა რელიგიის არქიტექტურულ ძეგლებს. აქ არის უძველესი კულტურისა და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის იდეალური შერწყმა.
– რა დონის კავშირი გაქვთ საქართველოსთან?
– ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს საქართველოსთან, ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს ქართველ კოლეგებთან, რათა ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს. ტურიზმის მხრივ, ეგვიპტისთვის საქართველო მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს ეგვიპტეში ქართველი ტურისტების რაოდენობა. ყოველწლიურად დაახლოებით 15-17 ათასი ქართველი ტურისტი ჩამოდის ეგვიპტეში; ასევე, ჩამოდიან თქვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, საქართველოს გავლით. დღეისთვის საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით კვირაში სამი რეისი ხორციელდება, მალე დაემატება კიდევ ერთი, პირდაპირი რეისი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით.
– რა განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ იმ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც თქვენთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში?
– ჩვენს დელეგაციასთან ერთად ჩამოსულია 10 ტურისტული კომპანიის ტუროპერატორი, რომლებსაც, პირველ ყოვლისა, იმით შეუძლიათ მოხიბლონ ქართველი ტურისტები, რომ მათი ტურები ღირს ძალიან იაფი; სხვა მხრივ, სხვადასხვა დონის კეთილმოწყობილი სასტუმროები და საკურორტო ზონებთან ახლოს მდებარე თანამედროვე აეროპორტები ტურისტების მაქსიმალური კომფორტის გარანტია.