როდის დასრულდა ზალიკო ბერგერის სასიყვარულო ურთიერთობა ღალატით და ჰქონია თუ არა მას თვითმკვლელობის მცდელობა
ზალიკო ბერგერი ახლახან ახალი ამპლუით წარდგა საზოგადოების წინაშე: მას ერთ-ერთ ტელევიზიაში საკუთარი შოუ – „ზალიკოს ღამე“ მიჰყავს. როგორც თავად ამბობს, ეკრანს, ტელევიზიასა და შოუებს მიჩვეულია და ამიტომ ამ პოზიციაზე მორგებაც არ გასჭირვებია. მუშაობს თუ არა დიზაინერი ახალ კოლექციაზე და როდის აპირებს ის ჩვენების გაკეთებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზალიკო ბერგერი: კოლექციაზე, როგორც ყოველთვის, სულ ვმუშაობ, თუმცა ახლა არ მაქვს აქტიური პერიოდი. თბილისის „ფეშენ-ვიქში” არ მიმიღია მონაწილეობა. აგვისტოს დასაწყისში ბათუმში გაიმართება „ფეშენ-ვიქი” და, შეიძლება, იქ მივიღო მონაწილეობა, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ვმუშაობ აქსესუარებზე და, ალბათ, ჩვენებას ივნისის დასაწყისში გავაკეთებ.
– ცოტა ხანია, რაც საკუთარი გადაცემა მიგყავს – „ზალიკოს ღამე”. როგორ მოერგე ტელეწამყვანობას?
– მსგავსი ტიპის საკუთარი შოუს გაკეთება ყოველთვის მინდოდა და სულ მქონდა იდეა. ბევრი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ასეთი შოუს წაყვანა ძალიან მომიხდებოდა და მეც ვფიქრობდი – რატომაც არა? შოუებში, ფილმებში მონაწილეობა ხშირად მიმიღია; იუმორთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ მქონია; უნივერსიტეტში „კავეენში” ვმონაწილეობდი, ასე რომ, ნამდვილად არ გამჭირვებია. „კავეენში” ჩემთან ერთად მონაწილეობდა ალეკო მალხაზიშვილი – „კომედი შოუს” პროდიუსერი და, მისი იდეა იყო, მე წამეყვანა ეს გადაცემა. „ზალიკოს ღამე” თავად დაარქვეს. ყველას მოსწონს ჩემი ახალი ამპლუა.
– ხშირად მოგზაურობ, უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავ სადმე გამგზავრებას?
– წელს, რაღაც, არ მიმოგზაურია, მარტო ბორჯომში ვიყავი და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ (იცინის). წინა წელს ბევრი ვიმოგზაურე და ნამდვილად თვალი მეცა, გამთვალეს. ევროპისკენ წელს არ გამიხედავს. იმედია, ისე ამოვიღებ ამ დანაკლისს ზაფხულში, რომ ისევ სალაპარაკო გახდება. არ ვაპირებ გაჩერებას და, ისეთ „ბომბას“ გავაკეთებ, რომ ჩემი სოციალური ქსელის მომხმარებლებს და ჩემი მოგზაურობით დაინტერესებულ ადამიანებს გავაოცებ.
– დაოჯახებას წელსაც არ აპირებ?
– რა ვიცი, აბა, ჯერ არ ჩანს ჩემი მეორე ნახევარი. ერთი-ორჯერ დავწერე სტატუსი, რომ ვეძებ მდიდარ საცოლეს, თან – ძალიან. მერე მკითხეს, ძალიან ეძებ, თუ ძალიან მდიდარსო და ახლა ვიტყვი, ძალიან ვეძებ ძალიან მდიდარ საცოლეს (იცინის). არ ვიცი, ჯერ არავინ გამოჩენილია, იმედია, არ დავაგვიანებ.
– ეტყობა, ძალიან არ ეძებ.
– შეიძლება; ან, ძალიან მდიდარი არ გამოჩნდა. მთავარია, ეს კრიტერიუმი ჰქონდეს და დანარჩენში შევხმატკბილდებით (იცინის).
– დედა არ გაჩქარებს?
– კისერში არ მიჭერს ხელს – გინდა თუ არა, სასწრაფოდ მოიყვანე ცოლიო, თუმცა, რასაკვირველია, უნდა, შვილიშვილი რომ ჰყავდეს. მეც მინდა შვილი, მაგრამ, „გამარჯობა და ქუჩაში შვილი გამიჩინა” – ასეთიც არა. იმედია, მალე გამოჩნდება – რაც გინდა, ყოველთვის ახდება ხოლმე, მაგრამ წელს მაინც ჯერ მოგზაურობა მირჩევნია, ვიდრე ცოლის მოყვანა – ბარემ სექტემბრისთვის გადავდებ, სამუშაო სეზონი რომ დაიწყება.
– პასუხისმგებლობას ხომ არ გაურბიხარ ამ საკითხთან მიმართებაში?
– შეიძლება, კარგი ნათქვამია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახი, მე კი ისე მიყვარს გართობა, მეგობრები და ღამის კლუბები, არ ვიცი, ამ ყველაფერს თუ შეველევი. თუ, ოდესმე დავოჯახდი, როგორ უნდა შევიცვალო და როგორ გავხდე ოჯახის კაცი, ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა. ჩემს მეუღლეს აუცილებლად უნდა უყვარდეს გართობა. თუ ძალიან მდიდარი იქნება, ჩემთან ერთად არ მოაკლდება კარგი დროსტარება, იუმორი, გართობა, სახლში პოზიტივი და, მეტი რაღა უნდა?! (იცინის) არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეორე ნახევარი მოდელი იქნებოდა. მოდელები, როგორი ტიპის ბიჭებსაც მოსწონთ, შესაბამისადაც თხოვდებიან (იცინის). რადგანაც მოდელებზე ჩამოვარდა საუბარი, „მის თბილისის” განხილვიდან მოვდივარ და, მინდა ვთქვა, რომ, დღეს სამწუხაროდ, ბევრი გოგო, რომელსაც სამოდელო კარიერის პრეტენზია აქვს, როგორც მოდელი – არ ვარგა. მე როგორ მოდელებსაც ვიცნობდი ბავშვობიდან და როგორი მოდელებიც უცხოეთში მინახავს, ვინატრებდი, ისეთები აქაც ყოფილიყვნენ.
– რაღაც ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ მოდელები ყოვლთვის კარგი მეოჯახეები ხდებიან...
– კი, ნამდვილად. რაც მე ამ სფეროში დავიწყე მოღვაწეობა და გავიგე, რა როგორ იყო, იქიდან მოყოლებული, მოდელი გოგონები სარფიანად თხოვდებიან და, შესაბამისად, კარგი მეოჯახეებიც ხდებიან; ბევრი მათგანი გემრიელ კერძებსაც კი ამზადებს (იცინის). თუმცა, მსგავსი რამ მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. მთელ მსოფლიოში, ლამაზი ქალები ყოველთვის ცდილობენ, მყარი დასაყრდენი მეორე ნახევრები ნახონ, ისე, როგორც მე ვეძებ, მაგალითად, მდიდარ საცოლეს (იცინის); ძალაუფლებიანი კაცები კი პოულობენ მოდელ გოგონებს და ასე შემდეგ.
– ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ღალატის თემა. ამ საკითხზე რას ფიქრობ და შენთვის თუ უღალატიათ?
– რატომ ღალატობენ, არ ვიცი, მაგრამ, ეს არის ზუსტად ის უპასუხისმგებლოდ შექმნილი ოჯახები, ნაჩქარევად რომ იღებენ გადაწყვეტილებებს; ან, რომ აძალებენ – გინდა თუ არა, „მეიყვანე ცოლიო”. „ავარდნილ” ურთიერთობებეზე შექმნილი ოჯახები მალე ინგრევა და, ალბათ, ეგეთი ოჯახის შექმნას, ჯობია, მოიცადო და საფუძვლიანი შექმნა, რომელიც მალე არ დაგენგრევა თავზე. მეც ვყოფილვარ ღალატის მსხვერპლი და მქონია ისეთი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც გულდაწყვეტითა და ღალატით დასრულებულა. ეს საკმაოდ მძიმე და გულდასაწყვეტი ისტორია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნაზე არ ყოფილა ლაპარაკი. კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ თავის დროზე ძალიან განვიცადე. როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც ღალატი იყო ყველაზე მტკივნეული. მქონდა დეპრესიაც. თავს არ ვიკლავდი, მაგრამ ნამდვილად ცუდად ვიყავი მაშინ.
– შენთვის როგორია იდეალური ოჯახი?
– ოჯახი უნდა იყოს პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული. ორი ადამიანის ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს შვილი. თუმცა, ურთიერთობა მხოლოდ ბავშვმა კი არ უნდა გაამყაროს, არამედ, კიდევ არის საჭირო სხვა კრიტერიუმები, რომლებიც ქმნის ბურჯს და არსებობს მრავალი წელი.
– აზარტულ თამაშებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– საერთოდ არ ვარ აზარტული თამაშების მოყვარული, თუმცა, კაზინოში ნამყოფი ვარ. თუ რომელიმე ჩემი მეგობარი წამიყვანს და თანხას მაჩუქებს, ნაწილს წავაგებ, ნაწილს კიდევ ჯიბეში ჩავიდებ (იცინის). კაზინოდან გამოსული მოგებული არავინ მინახავს. ამ თამაშებს არასდროს ჩავუთრევივარ. კაზინოში ღამეც გამითენებია, მაგრამ არ გამჩენია სერიოზული განწყობა. არც ნარკოტიკებს ვეკარები – ესეც არაა ჩემი საქმე, მაგრამ, მიყვარს სასმელი და ეს ცნობილი ამბავია (იცინის). ვისკის მოყვარული უფრო ვარ, ვიდრე სხვა სასმლის, თუმცა ღვინოსაც არ ვიწუნებ.
– ამბობენ, რომ კარგი თამადა ხარ.
– მიყვარს თამადობა და არახერთხელ ვყოფილვარ ამ ამპლუაში. მითამადია დაბადების დღეზე და მერე ყველას უთქვამს – ზალიკო რომ არ ყოფილიყო, ეს დაბადების დღე კარგი არ იქნებოდაო. მოკლედ, თუ კარგ თანხას გადამიხდიან, მოწვევებსაც მივიღებ სათამადოდ (იცინის). ქორწილში ჯერ არ მითამადია, თუმცა, ერთხელ ვიყავი დაპატიჟებული და „გადავაგდე.” ის ცოლ-ქმარი უცხოეთიდან იყო ჩამოსული და ორივემ გააუქმა „ფეისბუქი” – ეტყობა ცუდად დასცადეს და, კიდევ კარგი, რომ არ წავედი (იცინის). სინამდვილეში, იმიტომ არ წავედი, რომ იქ არავის ვიცნობდი.