რა სკანდალში გაეხვივნენ „მის თბილისი“ და „ვიცე-მის თბილისი“ და რატომ ლანძღავდნენ მათი გულშემატკივრები ერთმანეთს
მეოთხე წელია, სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელსი“ ატარებს სილამაზის კონკურსებს „მისტერ თბილისი” და „მის თბილისი“. წლევანდელი კონკურსი საკმაოდ სკანდალური გამოდგა: ზოგიერთი კონკურსანტის ფოტოები სოციალურ ქსელში განხილვისა და სერიოზული კრიტიკის მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა „მის თბილისის“ გვირგვინი „ვიცე-მის თბილისს“ დაადგა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც კონკურსის ორგანიზატორი კახი ხაბეიშვილი ამბობს, ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა ყველა კონკურსანტს სტანდარტული მოთხოვნები წაუყენეს: სიმაღლე, წონა. თუმცა, 4 ფინალისტს, წონის პრობლემა ჰქონდათ, ჟიურიმ მისცა შანსი, მაგრამ, მიუხედავად დიეტისა და ვარჯიშისა, ისინი ვერ ჩადგნენ ფორმაში და, შესაბამისად, ჟიურისგან ვერ მიიღეს კარგი შეფასება. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, ამის შესახებ კახი ამბობს: „ეს ფოტოები იყო ვიღაც ფოტოგრაფის გადაღებული. არ ვიცი, განათების ბრალია თუ რაკურსის, მაგრამ ეს გოგონები ნამდვილად არ არიან ისეთი მახინჯები, როგორც ფოტოზე ჩანს. არადა, ამის გამო მთელი ერი ლანძღავდა კონკურსს“.
ნინა ტაველიშვილი („ვიცე-მის თბილისი“): ვწავლობ უნივერსიტეტში, ვმუშაობ და ვარ მოდელი. ვარ „მის ბიკინი“, „მის ბეემვე“ – ანუ 2015 წელს „ბეემვეს“ ოფიციალური სახე ვიყავი. ბევრ გადაღებაში და რეკლამებში ვარ გადაღებული. „მის თბილისზე“ მომცეს ნომინაცია „მის სექსუალურობა“.
ანი გაბელაია („მის თბილისი“): მეთერთმეტე კლასში ვსწავლობ, მომავალში ვაპირებ, გავხდე ჟურნალისტი – მინდა, ტელეგადაცემა წავიყვანო. გარდა ამისა, ვარ „აზერსელის“ სახე და კიდევ სხვა რამდენიმე ბრენდის. მე და ჯანეტ ქედრიყოშვილი გადაგვიღეს „აზერსელის“ რეკლამაში, რომელიც აზერბაიჯანში გადიოდა. რია ქებურიასთან გამოვედი „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე,“ ანუ, სამოდელო სფეროში გარკვეული გამოცდილება მაქვს.
– დიდი იყო კონკურენცია?
– ღირსეული კონკურენტები გვყავდა. როდესაც ასეთ კონკურსში იღებ მონაწილეობას და ფინალში გადიხარ, რა თქმა უნდა, გაქვს გამარჯვების იმედი და ამაში საკუთარი თავიც უნდა დააჯერო. როცა გავიგე, რომ მე გავიმარჯვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, შოკში ჩავვარდი. დიზაინერმა თორნიკე ჯგერენაიამ გააკეთა კონკურსისთვის გარდამავალი გვირგვინი. როცა გამომაცხადეს გამარჯვებულად, გენერალურ სპონსორს გამოვართვი ავტომობილის პოსტერი და მადლობის სათქმელად ჟიურისკენ გავემართე. იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ თორნიკეს, რომელსაც ჩემთვის თავზე გვირგვინი უნდა დაედგა, ჩავუარე. თორნიკემ კი ნინას დაადგა გვირგვინი, თან, როგორც ვიცი, ნინა მისი რჩეული იყო.
ნინა: როდესაც გამარჯვებულის გამოცხადება დაიწყეს, დარბაზში ისეთი ამბავი ატყდა, იმდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა, გული არ დამწყვეტია. თან, იმწუთასვე გამოაცხადეს, რომ 7 დღით მივდიოდი ამსტერდამში ბიონსეს კონცერტზე. ეს იმდენად გამიხარდა, იმხელა პრიზი მივიღე, რომ გული ვერ დამწყდებოდა.
ანი: სიმართლე გითხრათ, ახლაც არ ვიცი, რა მოხდა იმ მომენტში; ისეთი დაბნეული ვიყავი და ისეთი გახარებული, გვირგვინი აღარ გამხსენებია. თან, უკან რომ დავბრუნდი, იმის მაგივრად, რომ თორნიკესკენ მივბრუნებულიყავი, რომელიც მელოდებოდა, „მისტერ თბილისთან“ მივედი და მას ვულოცავდი გამარჯვებას. ნინასთავის არავის მოუხსნია გვირგვინი, თვითონ მოიხსნა და დამადგა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ნინა: ანიმ თორნიკეს ჩაუარა, თორნიკეც, ადგა და, მე დამადგა თავზე გვირგვინი, თან, მე ვიყავი მისი რჩეული და თავის არჩევანს გვირგვინით დაუსვა წერტილი. რა თქმა უნდა, ამ გვირგვინით მე არ ჩამოვიდოდი სცენიდან, პანიკას არ ავტეხდი – მოვიხსენი თავიდან და გამარჯვებულს გადავეცი.
– ანი, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც დაინახე, რომ შენი გვირგვინი ნინას ედგა?
ანი: სიმართლე გითხრათ, არანაირი რეაქცია არ მქონია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან, ამ კონკურსზე იმიტომ მოვედი, რომ „მის თბილისი“ გავმხდარიყავი. გავხდი კიდეც და იმაზე აღარ დამიწყია ნერვიულობა – ვაიმე, ჩემი გვირგვინი სად არის-მეთქი.
ნინა: ისე მეცინებოდა, ტუჩებს ვიკვნეტდი. თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, რომ არ გამეცინა. ხალხიც გაურკვევლობაში იყო: მე გვირგვინი მადგას თავზე, ანი კი პოდიუმზე მიდის...
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
ანი: ძალიან კარგად არ ვიცნობ ნინას, მაგრამ ვუგებთ ერთმანეთს. ნინა მეგობრულია და ძალიან ლამაზი. „ფეისბუქზე“ ვრცელდება ხოლმე ჭორები, რომ თითქოს მე ნინას რაღაცეებს ვაბრალებ: ნინას წაართვი გვირგვინი, ნინა შენ გჯობიაო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, რადგან ადამიანების კატეგორია ორად იყოფა: ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა.
ნინა: ცოტა შემაწუხებელიც იყო და კახისაც დავურეკე – გადამდგეს-მეთქი. როცა გავიგე, რომ ჟიურის წევრების უმრავლესობის ფავორიტი ვიყავი, რა თქმა უნდა, გამიხარდა. მერე გაუგებრობა მოხდა, ჩაიხლართა რაღაცეები, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემი პრიზითა და ტიტულით კმაყოფილი ვარ. უცხო ხალხისგანაც ცუდი კომენატარები არ ყოფილა. უბრალოდ, ანის მეგობრებს ჰქონდათ აგრესია, თუმცა ანი არაფერ შუაში იყო. ჩემს კედელზე შემოდიოდნენ და მლანძღავდნენ – ანი შენ გჯობიაო. მე არავის ვეცილებოდი გვირგვინს, პირიქით, როგორც აღვნიშნე, ჩემი ხელით მოვიხსენი და მივეცი.
ანი: ეს აგრესია გამოიწვია ნინას ერთ-ერთი მეგობრის კომენტარმა ნინას პოსტზე, რომელზეც ჩემი ფოტო იდო კომენტარით: „ფიცარი, მახინჯი.” ეს რომ ჩემმა მეგობრებმა ნახეს, გაბრაზდნენ და ჩემი დაცვა დაიწყეს. ამ ყველაფერს მოჰყვა ამბავი, თუმცა ამას ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ნინა: კონკურსის გარეთ არ გვქონია ერთმანეთთან ურთიერთობა და, კონკურსს რაც შეეხება – ქაჯობაა... ერთმანეთს ხომ არ მივახტებოდით: შენმა მეგობრებმა ასე ქნეს და, მოდი, ჩვენც დავხოცოთ ერთმანეთიო?!
– პირადში რა ხდება? როგორი მამაკაცები მოგწონთ?
– ამჟამად თავისუფალი ვარ. სიმპათია მაქვს ერთი ბიჭის მიმართ, მაგრამ შეყვარებული არ ვარ. გარეგნულად თუ არ მოგეწონება ადამიანი, მის შინაგან სამყაროს ასე ერთი შეხედვით ვერ გაიგებ. თუმცა, შინაგან სამყაროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაკაცი ყურადღებიანი უნდა იყოს და შენ მისთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლამაზი ქალი დადის, შენ უნდა იყო მისთვის ნომერ პირველი ქალი. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში ურთიერთგაგებაა – როცა ურთიერთგაგებაა, ყურადღებიანია ადამიანი, ვფიქრობ, იქ პრობლემები არ იქნება. სიმკაცრე და აკრძალვები სისულელეა. რაღაცაზე შეიძლება თვალი დახუჭო, როცა ადამიანი მოგწონს, მაგრამ ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ანი: მე დიდი ხანია, შეყვარებული ვარ... პატარა ვარ, მაგრამ, 3 წელია, შეყვარებული მყავს. როდესაც კონკურსზე გამოვდიოდი, მასაც ვკითხე აზრი და, მითხრა, აუცილებლად უნდა გახვიდეო – მოსწონს მოდელი გოგონები. არ აქვს ისეთი დამოკიდებულება: ჩემმა შეყვარებულმა პოდიუმზე საცურაო კოსტიუმით არ უნდა გაიაროს, სხვა ბიჭებმა არ უნდა შეხედონო, რომ ამბობენ... პირიქით, მოსწონს, როცა ჩვენებებზე გამოვდივარ. ჩემი პირველი გულშემატკივარი იყო.
– მოდელები უარს ამბობენ ხოლმე ქალის თეთრეულში ფოტოების გადაღებაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ნინა: „ნუდე” კადრებზე უარს ვამბობ – არ გადამიღია და არც ვაპირებ. საცურაო კოსტიუმში გადაღებაზე არ ვიტყვი უარს, „მის ბიკინიც“ ვარ და ასეთ რაღაცეებზე არ მაქვს პრობლემა. შიდა თეთრეულსა და საცურაო კოსტიუმს შორის განსხვავებასაც ვერ ვხედავ.
ანი: არც მე მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ საცურაო კოსტიუმში არ გადავიღებ ფოტოს, თუმცა, არის რაღაცეები, რაზეც, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი.