როგორ მღეროდა 13 წლის მარიამ აკობია ბარში ღამით და ვინ გახდა მისი „გადამრჩენელი“
„X ფაქტორის“ გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია, რომ პროექტის ახალი, მეხუთე მენტორი დათო ფორჩხიძე გახდა, რომელმაც გაშვებული მონაწილეებიდან 6 დააბრუნა და საკუთარი გუნდი შექმნა. დათოს გუნდის ერთ-ერთი წევრია მარიამ აკობია, რომელიც თიკა ბალანჩინთან და თამარ ჯგუშიასთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე.
მარიამ აკობია: როდესაც პროექტიდან გამოვვარდი, არ მიფიქრია, თუ ოდესმე მომიწევდა დაბრუნება – ეს ძალიან არალოგიკური იყო. მაგრამ პირველი შემთხვევაა მთელი „X ფაქტორის“ მიმდინარეობის შემთხვევაში, რომ დათო ფორჩხიძე შუა სეზონიდან შემოგვიერთდა და გახდა მენტორი. ჩემმა დაქალმა მითხრა – დათო ფორჩხიძე ბრუნდება და, შეიძლება, გაგდებული ბავშვები დააბრუნოსო. რა სისულელეა-მეთქი, არ დავიჯერე. მერე „რუსთავი 2-დან“ დამირეკეს: შენთან საქმე გვაქვს და მოდიო. მე რაღაცას მივხვდი და ხტუნაობა დავიწყე, თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა. მერე, როცა მივედი და გავიგე, რომ დამაბრუნეს, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ძალიან გამიხარდა. თან, დათოსთან მიმუშავია და ძალიან მაგარია. მასთან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რადგან დათო მაქსიმალისტია, ბოლომდე გწურავს, შენს შესაძლებლობებს ბოლომდე იღებს; ნორმალურით არასდროს კმაყოფილდება, არც კარგით, უნდა იყო ძალიან კარგი. დათოს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ჩემს გადამრჩენელს ვხედავ. მასთან ყოველთვის კარგად ვმღერი, თვალებში ვუყურებ, ზუსტად ვიცი, რა მოსწონს და მეც იმის მიხედვით ვმღერი. საოცარ სტიმულს მაძლევს და, ჩემი აზრით, თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველაფერს წერტილ-წერტილ გეუბნება, ვერაფერს გამოაპარებ. თან, ისე გესაუბრება, საოცარ შემართებას გაძლევს. რომ მეუბნება – უკეთესი შეიძლებაო, მე ცოტა ნერვები მეშლება. მინდა, მაქსიმუმი გავაკეთ, რომ დათომ მითხრას – ძალიან მაგარიაო. თუ დათოს მოსწონს, მე უკვე აღარავინ მაინტერესებს – ამაში პროფესიონალებს ვგულისხმობ, თორემ, ხალხს უნდა მოვეწონო, მე ხომ მათთვის ვმღერი.
– უფრო მეტი ბრძოლის ჟინით დაბრუნდი პროექტში? წინა ტურებში საკმაოდ დაძაბული და შეშინებულიც იყავი.
– ხალხს ჰგონია, რომ ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ არ არის ასე. პროექტები რამდენ ხანსაც გრძელდებოდა – ერთი ან ორი თვე – იმდენ ხანს ვმღეროდი და ვმუშაობდი საკუთარ თავზე; მერე ჩემი სიმღერაც მთავრდებოდა და, მაქსიმუმ, ბარში ან რესტორანში მემღერა. გამოცდილება თავდაჯერებულობასაც გმატებს და მე ეს მაკლდა. ახლა ფსიქოლოგიურად ვიმუშავე საკუთარ თავზე და ვიცი: ეს ასე არ უნდა იყოს. თან, ორ გოგოსთან ერთად მომიწევს სიმღერა, ტრიო ვართ. თიკა და თამარი არაჩვეულებრივი გოგონები არიან, მიხარია, რომ მათ გვერდით აღმოვჩნდი.
– დათო ფორჩხიძე თქვენი სახით ბომბს ჩამოაგდებს სცენაზე.
– კი, ატომური ბომბი ვართ. პროექტში ჩემს დაბრუნებას ხომ უნდა ჰქონოდა აზრი. ხალხი შენს განვითარებას ელოდება და, თუ განვითარება არ გექნება, რა აზრი აქვს პროექტში შენს ყოფნას?! დათო კი განვითარების საშუალებას აუცილებლად მოგვცემს. მე ვფიქრობ, რომ სხვა მენტორები დათოსავით ვერ მოგვხედავდნენ. ბრძოლის ჟინიც მომემატა და ორი ისეთი გოგო მიდგას გვერდში, მე ისინი უფრო მაძლიერებენ, როგორც მე მათ, ერთმანეთს ვაძლიერებთ. თან, სამივე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, სხვაგან ვართ სტილისტურად, ხასიათით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეეწყო, ჩვენი ხმები ძალიან მოუხდა, კარგად ვმუშაობთ, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.
– რატომ არ მუშაობდი საკუთარ თავზე?
– ადრე, უფრო პატარა რომ ვიყავი, როდესაც რაღაცაზე გული მეტკინებოდა, მაშინვე გული მიცრუვდებოდა და არაფრის სურვილი აღარ მქონდა ხოლმე. სიმღერისთვის თავი არ დამინებებია, მაგრამ, შეიძლება, ძალიან იშვიათად, თვეში ერთხელ მემღერა და ამ ყველაფერმა უკან დამხია. მე არც პედაგოგი მყოლია და სახლშიც არ ვმუშაობდი – ეს ყველაფერი გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. მაგრამ, პატარა ვიყავი და, ალბათ, არ მესმოდა, ამით რამდენი რამ დავკარგე. მახსოვს, ორი თვე არ მქონდა ნამღერი და ისე ცუდად ვიმღერე, ტირილი დავიწყე – ასე როგორ გავაგრძელო სიმღერა-მეთქი. დავკარგე ხმა. მერე სეზონზე ქობულეთში დავიწყე სიმღერა, შემდეგ ერთ-ერთი პროექტი დაემთხვა და ისევ ავმღერდი. ვიღაცამ თუ არ დამაძალა და ხელი არ მკრა, ჩემთვის ვიჯდები საყვარლად.
– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო.
– რთული პერიოდი ძალიან ბევრი გვქონდა, თუნდაც უსახსრობა, როდესაც დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ.
– რამდენი წლის იყავი მაშინ?
– 11 წლის. დედაჩემი წამოვიდა სახლიდან და მე მას გამოვყევი. ძალიან რთული იყო, თან, პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ეს რატომ ხდებოდა. ბევრი ისეთი დღე გვაქვს გადატანილი... გვიჭირდა ცხოვრება. დედა არ მუშაობდა, მე რას ვიმუშავებდი – პატარა ვიყავი ძალიან. არ ვიცი, მაშინ როგორ გაგვქონდა თავი, ღმერთის იმედით, მეტი არავისი. უბრალოდ, თავი გაგვქონდა. მთავარია, ერთად ვიყავით. მერე დედამ დაიწყო მუშაობა; ცოტა რომ წამოვიზარდე, მეც დავიწყე მუშაობა და ახლა ნორმალურად ვარ.
– მამასთან გაქვს ურთიერთობა?
– კი, ჩემი უფროსი და უმცროსი ძმები მამასთან ცხოვრობენ. მაშინ ბებია (მამის დედა), ცოცხალი იყო და ის ზრდიდა ჩემს ძმებს. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კი – დედასთვის. დღე არ გავა, რომ ჩემი ძმები არ ახსენოს, მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია გასული, რაც ბიჭები დედასთან ერთად აღარ ცხოვრობენ. თუმცა ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ხშირი არა. მეც ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
– რამდენი წლის იყავი, მუშაობა რომ დაიწყე?
– ზაფხულის სეზონზე პირველად 13 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ბარში ღამით მუშაობა, მაგრამ, რა მექნა. თან, როცა ზღვაზე ჩავდივარ, აკლიმატიზაციის გავლა მიჭირს, ხმა საერთოდ მეცვლება და რთული ხდება სიმღერა. მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა, უნდა მემუშავა. მაშინ მიჭირდა, მაგრამ ახლა ისე აღარ, დედაც ისე ძალიან აღარ ნერვიულობს.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– სკოლა დავამთავრე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩავაბარე უმაღლესში, ვერ მოვახერხე, არადა, ძალიან მინდა და, იმედია, ჩავაბარებ – ეს არის ჩემი პირველი ოცნება და მიზანი. ყველაზე მეტად სამედიცინოზე მინდა სწავლა, მაგრამ დიდი დრო უნდა იქ სწავლას და, არ ვიცი, ალბათ, არ გამომივა. მე თუ საქმეს მოვკიდებ ხელს, ბოლომდე მივყვები, შუა გზაში ვერ დავტოვებ, ოღონდ, ერთი საქმე უნდა ვაკეთო. სიმღერა ხელს ვერ შემიშლის, მაგრამ ორი საქმე ერთად არ კეთდება, რა თქმა უნდა, თუ გინდა, რომ იდეალურად გამოვიდეს. ძალიან მაქსიმალისტი ვარ და კრიტიკული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. სალომე ტეტიაშვილი ჩემი მეგობარია და სულ მეუბნება: შეგიძლია, ერთხელ მაინც მოგეწონოს შენი ნამღერიო? ერთხელ, მახსოვს, ჩემი ნამღერი მომეწონა და ტაში დამიკრეს. ყოველთვის ვიჭერ იმას, რაც არ მომწონს და მერე ვცდილობ, გამოვასწორო. ბოლომდე მივყვები ყველაფერს.
– მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად გაქვს?
– დედაჩემი მღეროდა, ჩემნაირი ხმა ჰქონდა. ნიჭიერი იყო, ბავშვობაში გამორჩეულ ხუთეულშიც მოხვდა, მაგრამ მშობლებმა არ გაუშვეს. პატარა რომ ვიყავი, სიმღერა მეზიზღებოდა, მაგრამ დედა ჩამირთავდა მუსიკას, ტექსტებს მასწავლიდა და სამი საათი მამეცადინებდა. რამე თუ არ მოეწონებოდა, თავიდან მაწყებინებდა. თან, მაშინ 5-6 წლის ვიყავი და სასტიკად მეზიზღებოდა სიმღერა. ოღონდ სიმღერა არ ეხსენებინა დედას და, სახლსაც დავალაგებდი და წიგნსაც წავიკითხავდი, მაგრამ ახლა მისი ძალიან მადლობელი ვარ.