კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „არჩენს” თამაზ მეჭიაური ვანო ჯავახიშვილის ოჯახს და რატომ ინახავს ის ბორკილებს

თამაზ მეჭიაური საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე  ხმაურისა და სკანდალების  ეპიცენტრში  არაერთხელ მოექცა.  თავად არ მიიჩნევს, რომ „ბორტს მიღმა” დარჩა და უკვე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატს ქართული პოლიტიკის კულისებში „გზა აებნა”.  მაგრამ, ბოლო რამდენიმე თვეა, მის თავზე იმდენმა ქარცეცხლმა გადაიარა, სათვალავიც კი აერია. ამბობს, რომ მისი ცხოვრება მარტივი  არასდროს ყოფილა. ვის არ ესხმის ის თავს, რა აქვს საერთო მიხოსთან, ექვსი წლის შემდეგ რომ ამოიღო ხმა და  რა აკავშირებდა სტუდენტობის დროს ბიძინა ივანიშვილთან, ამას თავად ბატონი თამაზისგან შეიტყობთ.
–  ბოლო პერიოდში, ხმაურიანი მოვლენების ეპიცენტრში  არაერთხელ მოხვდით, არადა თქვენი  ამ  საპარლამენტო მანდატის ვადა  მშვიდად დაიწყო. სად იყავით ამდენ ხანს,  ასე ყველაფერი ერთად,  ვადის მიწურულს რატომ „გადაწყვიტეთ”?    
–  მე არაფერი გადამიწყვეტია, ასე აეწყო მოვლენები. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო  კომფორტულად არ ვგრძნობ თავს. ეს მდგომარეობა ჩემთვის უჩვეულო არაა. იოლი ცხოვრება არასდროს მქონია, მარტივად, თითქმის არაფერი გამომსვლია. ყველაფერი ბრძოლით მოდიოდა. რატომ „ავხმაურდი” ახლა? ამაზე ერთ ძველ კახურ  ანეკდოტს გაგახსენებთ. მიხო მუნჯია, 6 წლის გახდა და ვერ ლაპარაკობს.  ერთ დღესაც ხაშლამას გადააწვდიან. მიირთმევს და ხაშლამას მარილი აკლიაო,  უცბად ხმას ამოიღებს.   მიხო, აქამდე რატომ არ ამოიღე ხმაო, ჰკითხეს გახარებულებმა.  აქამდე არ  აკლდაო,  უპასუხა მიხომ. ჩემი საქმეც ასეა – აქამდე იმედი მქონდა, რომ  დალაგდებოდა ყველაფერი და ხელმძღვანელობა სწორად წაიყვანდა პროცესებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ პრეზიდენტის ვეტოს მოჰყვა ჩემი რეაქცია. ეს იყო პრეზიდენტის გამოწვევა, თანაგუნდელების მიმართ, რომელზეც დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია. მაგრამ, მეც უანგაროდ დავუჭირე მხარი მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.  გახსოვთ, მან ვეტო დაადო წვალებით მიღებულ კანონს, რაც ძალიან არ მომეწონა.  მერე რესპუბლიკელებმა მედიდურად დაიწყეს ჩემი ლანძღვა, დამცინავ ტონში მომმართეს. მათ პრეზიდენტს დაუჭირეს მხარი. მერე იყო კიდევ რაღაცეები, ერთს მეორე დაემატა და ასე გამოვიდა ეს   ამბავი.  
– არც თქვენ დააკელით რამე! წინა კვირას ელგებეტე  პირების აქციაზე მათ სულ პიდარასტები ეძახეთ და ახალი თემაც „ააგუზგუზეთ.”   
–  არც ამ შემთხვევაში ვიყავი დამნაშავე. ჩემთვის ვიჯექი მანქანაში, მეგობარს უნდა შევხვედროდი. რა ვიცოდი, იქ  მაგ ელგებეტეელებს თავისი აქცია რომ  ჰქონიათ. ვის აქვს უფლება მანქანაში, ტელეფონზე საუბრის დროს შემოგეჭრას? ერთხელ ვუთხარი კულტურულად, მეორედ, არ გაიგო და მეც ვერ გავიგე,  ვინ იყო. ეს ლგბტ ისეთი ენის გასატეხი რამეა, რაც ვიცოდი, ის დავუძახე.  კიდევ კარგი, იქვე პოლიციელები იყვნენ და მათ ვთხოვე, ის ადამიანი წაეყვანათ, რომ პროვოკაციის გამო, მეც ზღვარს არ გადავსულიყავი.   თუ დააკვირდით, მე პირველად არავის დავსხმივარ თავს. ამას ვერავინ დამაბრალებს. მე  საპასუხო რეაქცია მქონდა ყოველთვის, თუმცა წელს ქვემოთ არასდროს ვურტყამ. იმის იქით არ გადავდივარ, რასაც ეს ხალხი კადრულობს ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, გამომჟღვანდება ის ხალხი, ვისაც ჩემნაირი ხედვა აქვს გუნდში.
– თქვენი ბანაკი უკვე გქონიათ –  პოლიტიკისთვის გამოუცდელი არ იყავით, უკვე მესამედ ხართ პარლამენტის  დეპუტატი.  ამის მიუხედავად,   ქართული პოლიტიკის მძიმე კულისებში გზა  ხომ არ აგებნათ?
– არა, ამას ვერ ვიტყვი! 1995 და 1999 წლის მოწვევის  პარლამენტები, რომლის დეპუატატიც მე  ვიყავი, განსხვავებული იყო, ახლა  – განსხვავებულია. კოალიციაში  თავიდანვე გაერთიანდა რამდენიმე საარჩევნო ბლოკი, სადაც თანამოაზრეები კი არა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელები იყვნენ თავმოყრილი.  ეს იყო  პრაგმატული თუ სუბიექტური მიზნებით ჩამოყალიბებული ერთობა. ძველ პარლამენტებში კი ყველა პარტია  ცალ-ცალკე შევიდა და მერე მოხდა გადაჯგუფება.  როცა ხედვები არ არის თავსებადი, ასეთი მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, გარდაუვალია.  ყველაზე მეტად უმადურობას ვერ ვიტან. ფაქტობრივად, გასული ვარ უკვე „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ გინახავთ ვინმეს მიმართ რადიკალური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გავაკეთო? მაქსიმალურად ვიკავებ თავს.
– ეს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის გამო, რომელთანაც ურთიერთობა ახალგაზრდობიდან   გაკავშირებთ. აწყენინეთ ძველ მეგობარს?
–  არა, მე მას ორჯერ  შევხვდი. ადრე უფრო არ  ვნახულობდი, თუმცა სატელეფონო კონტაქტი სულ გვქონდა.   ცოტა დრო ხომ არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ამ ურთიერთობის გამო   ბევრ საკითხზე მისთვის ბრმად დამიჭერია მხარი. ერთხელ ისეთ რაღაცას დავეთანხმე ბიძინას ხათრით, რაც ჩემთვის მისაღები არ იყო, ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვგულისხმობ.  ბოლო მომენტამდე ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მიმაჩნია, რომ ამ გზით  სიარული ბრმად რომ გავაგრძელოთ, შეიძლება დაიღუპოს ეს ქვეყანა. ეს ვუთხარი კიდეც ბიძინას, მაგრამ მას თავისი აზრი აქვს, მე – ჩემი.   
– სტუდენტობის დროს ახლო ურთიერთობა გქონდათ?
–  ჩვენ ვიყავით თანაკურსელები, საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მე ვსწავლობდი მშენებლობის ეკონომიკა-ორგანიცაზიის სპეციალობაზე,  ის – მანქანათმშენებლობის. ბიძინა ჯერ საღამოს დასწრებულზე სწავლობდა, რადგან დღისით მუშაობდა, მერე დღის სექტორზე გადმოვიდა და  ღამე მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში.  ამაზე მაშინ არაფერს ამბობდა, ან რა უნდა  ეთქვა? თავს ინახავდა თავისი შრომით.  ხინკალსა და ლუდზე ერთად წავსულვართ, მაგრამ მას არ ეცალა გასართობად. ცოტა, ალბათ, ერიდებოდა,  რადგან მაშინ ჩვენი ფაკულტეტი ელიტარულად ითვლებოდა, ისეთი ოჯახის შვილები სწავლობდნენ.  თუმცა, გამონაკლისებიც ვიყავით. მამაჩემი დურგალი იყო, ასე თუ ისე მინახავდა და არ მჭირდებოდა, თვითონაც მემუშავა, როგორც ბიძინა მუშაობდა.  მე კომაროვი მქონდა დამთავრებული და უფრო მიადვილდებოდა ურთიერთობებიც, სწავლაც. თუმცა, ორივემ წითელი დიპლომები ავიღეთ. ჩემი წითელი დიპლომი ადვილად იყო მოპოვებული, კომაროვის გავლენით  პირველი ორი კურსი მათემატიკის სწავლა არ  დამჭირვებია. ბიძინას კი მართლაც ბევრი შრომა უწევდა.
– თქვენი კონსპექტები გამოუყენებია? 
– სად მქონდა კონსპექტები, მე თვითონ სხვებს ვართმევდი. ლექციებზე არ დავდიოდი. ამის გამო უნივერსიტეტიდან გამრიცხეს კიდეც. ჩემს მეგობარს, რამაზ გახოკიძეს გავყევი როსტოვში,  სადოქტორო დისერტაციის  დასაცავად. დედამისმა მთხოვა, გაყევიო და წავედი. ცოტა ხანს იქ დავრჩით. რომ ჩამოვედი, უკვე გარიცხული ვიყავი უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტში არ იყო რთული, მაგრამ მერე ჩემი ცხოვრება რთულად წავიდა. ჯარში მომიწია წასვლა შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირს იქით, სადაც მძიმე იყო სავალდებულო სამსახურის გატარება.  იქ იატაკი ყველას მოუწმენდია... მაგრამ მე არ გამჭირვებია იერარქიულ კიბეზე ასვლა. სამშენებლო ბატალიონში ვიყავი, მეთვალყურეც ვყოფილვარ და ზამთარში ბამზე,  შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიის ზღვასთან, ტრანშეიც  კი მითხრია. 
–  რაც თქვენ იქ  ტანჯვა გადაგიტანიათ, პრორუსულ ორიენტაციაში აღარ უნდა იყოთ „შემჩნეული”.
– რა შემამჩნიეთ, როდის ვთქვი, რუსეთი მიყვარს-მეთქი?  რუსეთის მიმართ ემოციები ჩემს ჯართან არაა კავშირში. მაშინ ყველა იქით მივყავდით, ჯარი  ყველასთვის მძიმე იყო. მე არ ვემალები სიმძიმეებს.    არ ვიცი, რატომ, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  წავედი თიანეთში. ვინ მიშლიდა აქ დარჩენას, ვყოფილიყავი თბილისში. იქ ისე ვერ წავიდა ცხოვრება როგორც ვფიქრობდი, თუმცა რაიკავშირის თავმჯდომარეც ვიყავი და პრეფექტის მოადგილეც. იმდენ თანამდებობაზე ვარ ნამუშევარი და ახლა ქირით ვცხოვრობ ჩემს შვილთან ერთად.
– სახლშიც „ხმაურიანი” ხართ?
– სახლში ხმაურიანი ვისთან უნდა ვიყო, ან პრეტენზიული. მე და ჩემი შუათანა  შვილი მარტო ვცხოვრობთ. ექვსი შვილი მყავს, სამი ბიჭი და სამი გოგო  და კიდევ  სამი შვილიშვილი. 
– ბინა  რატომ  არ გაქვთ?
– თიანეთში კი, მაგრამ თბილისში სახლი არ მაქვს. ახლა თუ კარგად გაგრძელდა ყველაფერი, უნდა ავიღო კრედიტი და სახლი ვიყიდო.  ნაციონალებმა რომ დამიჭირეს, იმ პერიოდში ვფიქრობდი  ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არც მაშინ გამომივიდა. ჩემი  ბიჭის, ზაზას  გამო დამიჭირეს,  რომელიც ლევან გაჩეჩილაძის შტაბის უფროსი იყო. სამი დღე  ვიყავი დაჭერილი, ვერც მე შემკერეს და ვერც საქმე – ჩემ წინააღმდეგ. ალბათ, ჩემს იმუნიტეტსაც მოერიდნენ  და გამომიშვეს, მაგრამ   ქვეყანა დამატოვებინეს.  ეს მოხდა  2007 წლის ნოემბრის მოვლენების მერე, უკრაინასა და ბელორუსიაში მომიწია რამდენიმე თვე ცხოვრება. საქართველოში მაშინ ჩამოვედი, როცა აქედან ხალხი იპარებოდა. კენჭისყრა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ უამრავი პრობლემა შემიქმნეს.  2011 წლის 25 მაისის ღამეს, არც პარტიის წევრი ვიყავი,  არც არაფერი, მაგრამ ხალხი ალყაში რომ მოაქციეს, მეც იქ, შიგნით შევედი.   დასარბევად მომწყვდეულ ხალხს შევუერთდი და მეც მოვყევი დარბევაში, დამაკავეს კიდეც. ის ბორკილები ახლაც მაქვს შენახული სააკაშვილის „სახსოვრად” (იცინის).  იმ ღამეს, ბორკილებდადებული, ჩემთვის უცნობმა ნიღბიანმა გამიშვა, არ ვიცი, რატომ  გააკეთა ეს.   უცებ მესმის, ბუნკერს იქიდან ვიღაც მეძახის: თაზო, თაზო! ღამის ორი საათი იყო, გადავირიე, გავიხედე და ადა მარშანია არაა? ჩვენ ერთად ვიყავით დეპუტატები.  იმ ღამეს  ადას  ქმარიც დაიჭირეს, ადა იმალებოდა. არ გაიგონ, რომ  ჩემი ქმარია, სცემენო.  ადა სისხლს უშრობდა მიშა სააკაშვილს და მის ქმარზე იყრიდა ჯავრს.  მაგარი საყურებლები ვიყავით იმ ღამეს ორივე,  მე ბორკილებდადებული ვარ  და  ადა მომდევს ჟანდარმივით (იცინის).
– მოკლედ, პოლიტიკამ გაგირთულათ ცხოვრება.
–   კი, ცხოვრება გამირთულა. წამოწოლილი ცხოვრება და სიმშვიდეც არასდროს მხიბლავდა. ყველაზე საშინლად ის პერიოდები მახსენდება, როცა უსაქმოდ ვიყავი. პასიური მეთვალყურის როლში არასდროს გადავსულვარ. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი,  იქაურობას კვალს ვამჩნევდი. ვინც იბრძოდა, იმის მხარეს გადავდიოდი. ჩე გევარასავით დავყვებოდი ყველას რევოლუციებზე.  თუმცა, მე არაფერს შევუცვლივარ, ცოტა უფრო დიპლომატი გავხდი. ხომ ნახეთ კადრები,  რამდენი ვიწვალე  რუსთაველზე, რომ პიდარასტი არ მეთქვა (იცინის).
– ბოლო პერიოდში  ხშირად ხდებით იუმორისტული  გადაცემების პერსონაჟი. მოგწონთ თქვენი თოჯინა ცნობილ სერიალში? 
– მაგაზე შევუთვალე ვანო ჯავახიშვილს, ვიღაც ძალიან გამწარებულს  აქვს გაკეთებული ჩემი თოჯინა, რაც შეიძლება მახინჯი რომ გამოსულიყო, თორემ ცხოვრებაში ბევრად უფრო სიმპათიური ვარ-მეთქი. ჩემი თოჯინა ვანოზე უშნო მაინც არ გამოვიდა. მაგის ოჯახს მაინც მე ვინახავ, ჩემ გარეშე ერთ გადაცემას არ აკეთებს და მომანათლინოს ბავშვი, რომ მთლად მაგას არ დაემსგავსოს (იცინის).

скачать dle 11.3