ნანობს თუ არა თეო ფერაძე ქმართან, მილიონერ თემურ უგულავასთან დაშორებას და ვის გაჰყვა ის ცოლად
თეო ფერაძე – ეს სახელი და გვარი კარგად არის ცნობილი ბომონდურ საზოგადოებაში. მას ხშირად ნახავთ ლაუნჯ კაფე-ბარებსა და გლამურულ საღამოებზე. ძალიან მომხიბვლელი, შარმიანი საქმიანი ქალი. ბიზნესლედის იმიჯი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ მოირგო და მოიხდინა, მისი ყოფილი მეუღლის, თემურ უგულავას დამსახურებაა – ბიზნესი მან დააწყებინა სერიოზული ინვესტიციების ჩადებით. თემურ უგულავას ყველაზე უკეთ ალბათ მაინც თბილისში იცნობენ, თავისი საქმითა და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრებით. ბოლო დროს კი კიდევ მეტად მიიქცია საზოგადოების ყურადღება, კერძოდ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში „აჭარაბეთის“ მფლობელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 150 ათასი ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, პირველი მეუღლის, თეო ფერაძის შემდეგ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, მის ცხოვრებაში ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი ქალი იყო; როგორც ამბობენ არცერთს სკანდალით არ დაშორებია და არც ისინი არიან მასზე ნაწყენი. დღემდე ყველას ეხმარება ფინანსურად: ზოგს სახლი უყიდა, ზოგს ძვირად ღირებული მანქანა; ხოლო, მეორე მეუღლეს, ბაია დავითაიას, რომელთანაც განქორწინების პროცედურები ჯერ არ დასრულებულა ქონებრვი დავის მიზეზით, სრულ მმართველობაში გადასცა სასტუმრო „Holliday Inn“. იმასაც ამბობენ, რომ ბიზნესმენს ხშირად შეხვდებით „Rooms“-ში, სადაც ქალბატონები თურმე სპეციალურად მის გასაცნობად მიდიან. მსახიობ ეკა ნიჟარაძისა და დიზაინერ იკა ბობოხიძის შემდეგ 19 წლის მოდელმა, ნინი ნებიერიძემ მიიპყრო მისი ყურადღება. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია არა მილიონერი თემურ უგულავა, არამედ, მისი ყოფილი მეუღლე თეო ფერაძე. თეო ბიზნესმენ გიორგი ფარღალავას გაჰყვა ცოლად და სულ ახლახან, 16 მაისს, მას მესამე შვილი – გაბრიელი შეეძინა, ჩვენ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ სამშობიაროში ჩავწერეთ.
– თეო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ვაჟიშვილის დაბადებას! ამდენი წლის შემდეგ რთული არ იყო თქვენთვის მესამე შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება?
– რთული არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. სექტემბერში გავთხოვდი და ნოემბერში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მესამე თვეში. ნამდვილად არ ველოდი ამ ასაკში, ასე რომ, გადასაწყვეტი არც არაფერი იყო.
– როგორი იყო მთელი ცხრა თვე თქვენისთანა აქტიური ქალისთვის, რომელიც თითქმის ოცდაოთხი საათი მეგობრების წრეშია, გლამურულ საღამოებზე და თავისი საქმეებით დაკავებული?
– თავიდან ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას, ჩემს საქმეებსაც რვა თვემდე ისევ იმ ტემპით ვაგრძელებდი, საჭესთანაც ბოლომდე ვიჯექი. გართობა კი, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით შემეზღუდა.
– თქვენი შვილები როგორ შეხვდნენ დედის ფეხმძიმობის ამბავს? როგორი იყო მათი რეაქცია, თუ გეკითხებოდნენ და გირჩევდნენ რამეს?
– ვინაიდან ჩემი შვილები ნიუ-იორკში სწავლობენ და ცხოვრობენ, დიდად არ შეხებიათ ჩემი ფეხმძიმობის ცხრა თვე. ვფიქრობ, ეს სიახლეც ნორმალურად მიიღეს, თუმცა, ისევე, როგორც ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის, მათთვისაც წარმოუდგენელი იყო, ვერც კი იფიქრებდნენ ამას. ეს დღეები სკაიპით სულ კონტაქტში არიან გაბრიელთან, სულ უნდათ, რომ უყურონ.
– მინდა, თემურთან დაშორების გადაწყვეტილებაზეც გკითხოთ: ალბათ, ეს ყველაზე რთული მომენტი იყო თქვენს ცხოვრებაში. მაინც, რა მოხდა?
– დაშორების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, თვითონ გადაწყვიტა წასვლა და წავიდა. მიზეზი, რა გითხრათ, არ ვიცი. ცოტა საკუთარ თავსაც ვაბრალებ. ნუცა რომ გაჩნდა, დედაჩემთან ვცხოვრობდი და იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი, რამდენსაც ბავშვს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ეტყობა, რომ არ მენერვიულა, მიმალავადნენ, სხვა რომ ჰყავდა (მსახიობი ეკა ნიჟარაძე – ავტორი) მერე გავიგე. დავშორდით. მერე შევრიგდით. რადგან ჩემს თავსაც ვაბრალებდი, შანსი მივეცი. დავიწყეთ ცხოვრება თავიდან: ახალი სახლი შევიძინეთ, ყველაფერი კარგად იყო, მერე გეგა შეგვეძინა. მის ცხოვრებაში ჩნდება კიდევ სხვა ქალი (ბაია დავითაია – ავტორი). მერე ვიგებ, რომ იმ ქალთან (ეკა ნიჟარაძესთან – ავტორი) შვილი შესძენია. ეს გავიგე, ბავშვი უკვე ორი წლის რომ იყო. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყველაფერი დარტყმა იყო – ძნელია, როცა იგებ, რომ შენს ზურგს უკან სერიოზული ამბები ხდება. მოკლედ, ხან ჩემთან იყო, ხან მასთან. ამ ქალმა სახლი აყიდვინა და ერთად დაიწყეს ცხოვრება. მოვიდა და პატიოსნად მითხრა: ასე აღარ შემიძლია, მირჩევნია გითხრა, რომ სხვასთან ვარო და წავიდა... ძალიან რთული პერიოდი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან.
– წყენიდან გამომდინარე, არ გაგიჩნდათ ჟინის მომენტი, დაგემტკიცებინათ მისთვის, რომ ყველა იმ ქალზე მაგარი ხართ, ვისთანაც მან საქმე დაიჭირა?
– არანაირი ჟინის მომენტი არ გამჩენია, არც არავისთვის რამის დამტკიცება არ მიცდია, უბრალოდ, ჩემს თავზე და ბავშვებზე უფრო მეტად მობილიზებული გავხდი, ანუ დავიწყე ცხოვრება თავიდან, რომელშიც მისი ადგილი აღარ იყო. ზოგადად, ვფიქრობ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს შორდება, ეს ურთიერთობაში მომხდარი ცვლილებების ბრალია, ანუ ორივეს თანაბარი წილი მიუძღვის, იქ მესამე არაფერ შუაშია. მესამე ჩნდება მერე, როცა ურთიერთობას ბზარი უჩნდება. ამიტომ ჩაჯინება და ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება უაზრობად მიმაჩნია. ერთ დღესაც, სრულად შევიგრძენი რეალობა და გავაგრძელე ცხოვრება ამ მოცემულ რეალობასთან ერთად.
– ასეთ დროს ქალი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ცდილობს, საკუთარი თავის რაც შეიძლება მეტი რეალიზება მოახდინოს, გამორჩეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში, ვიდრე, მაგალითისთვის, მის ყოფილ მეუღლეს ან ნებისმიერ სხვას უკავია. ასეთი სურვილი გქონდათ?
– სრულყოფილი ქალი რეალიზებული უნდა იყოს – რეალიზებული სოციუმში და კარიერაში, რეალიზებული როგორც დედა. თუ მათგან რომელიმე დარღვეულია, მაშინ ბედნიერი და სრულყოფილი ვერასოდეს იქნები; მე ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ, ყველა ეს კომპონენტი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ყოველთვის ამისკენ ვილტვი. ასე რომ, ვცდილობ, ყველაფერი ერთმანეთს შევუსაბამო და ჯერჯერობით ვახერხებ.
– ერთი წუთითაც არ გაგჩენიათ შურისძიების მომენტი?
– არა, არანაირად. ზოგადად, არ ვარ ასეთი პიროვნება, არც სხვა ურთიერთობაში, ასე რომ, ყოველგვარი ასეთი რაღაცისგან შორს დგომა გამომივიდა. ყველამ იცის ირგვლივ, რომ ჩვენ ყველას – ქალს, კაცს, ბავშვს, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ყველა თვითონ მართავს თავის ცხოვრებას. მე არავისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორი ცხოვრებაც ავირჩიეთ – სულ ეს არის.
– ჩვეულებრივი დეპრესია გამოიარეთ?
– თავიდან რაღაც ეტაპი რთული იყო და ძალიან დიდი სტრესი მივიღე ამ მოულოდნელობებისგან, მაგრამ დავძლიე და გამოვძვერი.
– პრობლემები ფინანსურადაც შეგეხოთ?
– ფინანსური პრობლემები არ მქონია არანაირად, მან უზრუნველყოფილი დაგვტოვა, შემდეგ უკვე მე ჩემი ბიზნესები განვავითარე, რომელიც მან დამაწყებინა სულ თავიდან.
– გაბრიელზე და მის მამიკოზეც გვითხარით რამე.
– გაბრიელი საკეისრო კვეთით დაიბადა, 3 კილოგრამი და 500 გრამი. ძალიან კარგი ბიჭია. მამას ჰგავს. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, გიორგი ფარღალავა ბიზნესმენია, ასაკით ჩემზე უმცროსია. მას ინგლისელი ერთი წლის შვილი ჰყავს ლონდონში. აი, ასე მოულოდნელად შემოიჭრა გაბრიელი ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან გაგვახარა. უბედნიერესი დედა ვარ სამი შვილით, ხანდახან თვითონ არ მჯერა.
– როგორი გეგმები გაქვთ მომავალში, რას აპირებთ? ალბათ, საქმეებს არ ჩამოშორდებით და არ დაჯდებით სახლში.
– გეგმები, რაც გაბრიელამდე მქონდა, არ შეცვლილა, უბრალოდ, ცოტა ხნით გადაიდო. მე და ჩემი მეუღლე ვაპირებთ ბიზნესის განვითარებას ნიუ-იორკში, სადაც ჩემი შვილები ცხოვრობენ. როცა გაბრიელის წაყვანა იქნება შესაძლებელი, მაშინ დავიწყებთ ახალ საქმეებს.
– ამბობენ, კაცის ცხოვრებაში რამდენი ქალიც არ უნდა არსებობდეს, ის პირველი მაინც სულ ახსოვსო. ქალებისთვისაც ასეა? თქვენთვის როგორ არის, თემური ხომ თქვენთვისაც პირველი ქმარი იყო?
– ასე ამბობენ, მაგრამ, გააჩნია. ჩვენ ჩვენი გზით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობთ. მე თემურმა უზრუნველყოფილი დამტოვა, როგორც უკვე ვთქვი, პირველი ბიზნესიც მისი ფინანსებით დავიწყე და მას მერე არანაირი მოთხოვნები არ მქონია მასთან – ის უკვე სხვისი ქმარი იყო და, რა უნდა მომეთხოვა?! ჩვენს საერთო შვილებზეც ფინანსურად დღემდე ის ზრუნავს.
– ამბობენ, რომ მეორე ცოლს, ბაია დავითაიას სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ აჩუქა. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
– ბაიას რაც შეეხება, ეს მისი უფლებაა და მათი საქმეა.