შვილიშვილმა ბებიას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
26 წლის კოტე ი-ძე სამართალდამცველებმა ორი მოხუცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მან გაძარცვის მიზნით, დანით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა ორ მოხუცს, მათგან ერთ-ერთი, 71 წლის ვერა დ-შვილი სიკვდილს გადაურჩა. მისი და კი, 69 წლის ქეთევან დ-შვილი, მიყენებული ჭრილოებბისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულები მეზობელმა ქალმა შემთხვევიდან რვა-ათი საათის შემდეგ აღმოაჩინა. ჩვენების მიხედვით, მას ორივე ქალი გარდაცვლილი ეგონა და დასახმარებლად მეზობლებს უხმო. ამონაწერი თვითმხილველის ჩვენებიდან „ქეთევან დ-შვილის მეზობელი ვარ. ათ წელზე მეტია, რაც მისი ორი შვილი საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა, ქალი მარტო ცხოვრობს, მე და რამდენიმე მეზობელი ვართ მისი პატრონი. ვერაც ხშირად მოდიოდა მასთან, რჩებოდა კიდეც. მაგრამ, ის ქალაქში ცხოვრობს და ბოლო წლებში ფეხის ტკივილის გამო, სოფელში ჩამოსვლა უჭირდა. ქეთევანს ასევე, ჰყავს ერთი დისშვილიშვილი, რომელიც მისი გარდაცვლილი ნახევარდის შვილიშვილია და სხვა სოფელში ცხოვრობს. დროდადრო ისიც მოდიოდა ბებიასთან, რომელიც შვილების გამოგზავნილი ფულით, მასაც ეხმარებოდა. ნუკრი რამდენიმე წელი ციხეში იჯდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ქეთევანს ძალიან ეცოდებოდა მშობლების გარეშე გაზრდილი ბიჭი და სულ იმას ამბობდა, გზიდან აცდა და უნდა დავეხმაროო. იმ დღეს, როდესაც ქეთევანი და მისი და – სტუმარად მოსული ვერა, დაჭრილები აღმოვაჩინე, დღის ორი საათი იქნებოდა. დილით ეზოდან ქეთევანის ხმა რომ არ შემომესმა, გამიკვირდა. ასაკის მიუხედავად, ქეთევანი დილიდანვე ფეხზე იყო და შრომობდა. ვიცოდი, რომ წინა დღეს ვერა ესტუმრა. ვიფიქრე, ალბათ, საუბარს შეყვნენ, გვიან დაიძინეს და ადგომა გაუჭირდათ-მეთქი. ცოტა მოგვიანებით, კიდევ რომ ვერ დავინახე ქეთევანი, დაუკაკუნებლად შევედი სახლში. სასტუმრო ოთახში იატაკზე ეგდო ორივე ცხედარი, ირგვლივ კი სისხლის გუბეები იდგა. შიშისგან შოკში ჩავვარდი, სასწრაფოდ უკან გამოვვარდი და მეზობლებს დავუძახე დასახმარებლად. პოლიციის მოსვლამდე სახლში შევედი. ქეთევანს პირველ სართულზე ორი ოთახი ჰქონდა. ყველაფერი გადმოყრილი იყო – კომოდი, კარადა. როგორც ჩანს, ვინც მათ დანით ჭრილობები მიაყენა, სახლში რაღაცას ეძებდა“.
პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მოსვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი ცოცხალი იყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერა დ-შვილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი გადარჩება ექიმებმა შეძლეს. სწორედ დაზარალებული ქალბატონისგან გახდა ცნობილი, რაც იმ ღამეს მოხდა ქეთევან დ-შვილის სახლში. მისი ჩვენების საფუძველზე, სამართლადამცველებმა დააკავეს კოტე ი-ძე და ქალების დის შვილიშვილი, ნუკრი ო-შვილი, რომელმაც მეგობარს მოხუცების გაძარცვა დაავალა. თუმცა, მერე ორი ქალის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.
საქმის მასალების მიხედვით, რაც დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ქალებზე თავდასხმა მათმა დის შვილიშვილმა, ნუკრი ო-შვილმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც შემთხვევით, მოხუცების საუბარს მოუსმინა. ამონაწერი ვერა დ-შვილის ჩვენებიდან: „იმ დღეს ჩემს დასთან დილითვე ჩამოვედი. ერთ თვეზე მეტი იყო, არ მენახა. ორ-სამ საათში, ნუკრი გვესტუმრა. ის ჩვენი გარდაცვლილი ნახევარდის შვილიშვილია. ქეთევანთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ბავშვობაში ხშირდა იყო ქეთევანის სტუმარი. ჩემთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. უფრო მეტიც, მე მის ბებიასთან, ჩემს ნახევარდასთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა, რაც ალბათ, ნუკრისთვისაც ცნობილი იყო. ამიტომ, ისიც ყოველთვის თავს მარიდებდა. ნუკრიმ ქეთევანს უთხრა, რომ დაღლილი იყო და რამდნიმე საათი დასაძინებლად შემოუარა. აშკარად არ ელოდა, რომ ქეთევანთან დავხვდებოდი. მე და ქეთევანი, იმ ოთახის წინ, აივანზე ვისხედით, სადაც ნუკრის ეძინა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ის დასაძინებლად არ დაწვა და ჩვენი საუბარი მოისმინა. საგვარეულო, ძველისძველი ყელსაბამი მეკეთა, დაღესტნელი ხელოსნების მიერ იყო დამზადებული. ასეთი ყელსაბამი ჰქონდა ქეთევანსაც და ვკითხე, შენ რატომ არ იკეთებ ამ ბოლო წლებში, შვილს აჩუქე-მეთქი? არაო, მითხრა ქეთევანმა, ვცადე, ქალიშვილისთვის მეჩუქებინა, მაგრამ არ აიღო, სახლში მაქვს შენახულიო. ამ საუბრიდან, ალბათ, 20 წუთში, ნუკრი აივანზე გამოვიდა და ქეთევანს უთხრა, რომ დაურეკეს და სასწრაფოდ უნდა წასულიყო. მე იმ ღამეს ქეთევანთან დავრჩი. გვიანობამდე ვისაუბრეთ. ალბათ, ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, კარზე კაკუნი გავიგონეთ. ქეთევანი გაეპასუხა, ვინ ხარო? ნუკრის მეგობარი ვარ, ნუკრიმ გამომგზავნა თქვენთან საქმეზეო, – გავიგეთ ახალგაზრდა მამაკაცის ხმა. ქეთევანმა კარი გააღო, ახალგაზრდა ოთახში შემოვიდა თუ არა, ჩვენი წამება დაიწყო – ჯერ მე დამარტყა მუშტი, მერე ქეთევანს. ორივე გავუძალიანდით, განსაკუთრებით ქეთევანი. დანა ყელზე მომაბჯინა და მითხრა: ქალბატონო, ყელსაბამი მოიხსენითო. ქეთევანი მთელი ძალით ეცა. სწორედ ამ დროს დაარტყა ორჯერ დანა ქეთევანს გულ-მკერდში. მე ქეთევანს მივვარდი, რომელიც ძირს ეგდო და ამ დროს, ზურგში ორჯერ ვიგრძენი დანის ჩარტყმა. ამ დროს ახალგაზრდამ ყელიდან ყელსაბამი ჩამომგლიჯა და სახლში კარადების გადმოყრა დაიწყო. ქეთევანიც ძირს ეგდო გონდაკარგული და მეც, ამ დროს ოთახში ნუკრი შემოვიდა. ბუნდოვნად მესმოდა მათი საუბარი, რადგან უკვე გონს ვკარგავდი, მაგრამ მივხვდი, რომ კამათობდნენ. ნუკრი მიხვდა, რომ მე ცოცხალი ვიყავი, მეგობარს დანა გამოართვა და კიდევ ერთხელ დამარტყა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც გონება დავკარგე.”
საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მეგობრებს ორივე მოხუცი გარდაცვლილი ეგონათ, ბინაში საგვარეულო ყელსაბამის ძებნა დაიწყეს. მათ ვერ მიაგნეს ქეთევანის კუთვნილ ყელსაბამს და ორსაათიანი ძებნის შემდეგ, ბინა დატოვეს. მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, გამოძიებამ ორივე ახალგაზრდას მეგობრის აგარაკზე მიაგნო. ნუკრი ო-შვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, მას ყელსაბამი წაგებული ფულის ჩასაბარებლად სჭირდებოდა და მოხუცებზე თავდასხმაც ამ მიზნით დაგეგმა. მისი აღსრულება მეგობარს მიანდო, თვითონ კი ეზოში ელოდებოდა. სასამართლომ კოტე ი-ძეს 12 წლით, ნუკრი ო-შვილს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.