როგორ გადაჰყვა ხანძთის ეკლესიის დანგრევის ბრძანებას „ეპისკოპოსი“ ცქირი
გრიგოლ ხანძთელს და მის საძმოს კლარჯეთში გამოუჩნდა გავლენიანი მტერი, ვინმე ცქირი. ცქირი ტფილისში იყო გაზრდილი ამირა საჰაკის კარზე. ამირა საჰაკი (ისჰაკ იბნ-შუაბი) ამბიციური პოლიტიკოსი გახლდათ. მან ტფილისის საამირო გააძლიერა და ცდილობდა, მეზობელ სამთავროებზე გავლენა მოეპოვებინა. ასევე, უნდოდა, სახალიფოს გავლენისგან დაეღწია თავი და ტფილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოეყალიბებინა.
როგორც ჩანს, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რაც მოხდა ანჩის საეპისკოპოსო კათედრაზე.
ცქირი ტფილისის ამირა საჰაკის ელჩად დადიოდა დიდ აშოტ კურაპალატთან. იმ პერიოდში გარდაიცვალა ანჩის ეპისკოპოსი და ცქირმა გადაწყვიტა, ეს კათედრა დაეკავებინა. რა თქმა უნდა, ტფილისის ძლიერ ამირა საჰაკს აწყობდა თავისი ერთგული კაცის ასეთ მნიშვნელოვან კათედრაზე დასმა, თანაც ტაო-კლარჯეთში, სადაც ბაგრატიონი აშოტი მთავრობდა. ამირამ კარგად იცოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა ქართულ სამთავროებში ეკლესიას და ამის გამოყენებაც თავის სასარგებლოდ უნდოდა.
ამ დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საჰაკთან რაღაც შეთანხმება ჰქონდა მცხეთის კათალიკოსს, რომლის იურიდიული ტერიტორიაც იყო ანჩი. ტფილისში და მის გარშემო, სადაც ამირის ხელისუფლება ვრცელდებოდა, მოქმედებდა ქართული ტაძრები, საჰაკის თანხმობით.
სოფელი ანჩა, სადაც იდგა ღვთაების სახელობის ანჩის ტაძარი და არსებობდა საეპიკოპოსო კათედრა, მდებარეობდა სამკალის ველზე, შავშეთსა და ლიგანის ხეობას შორის, ჭოროხის შუა წელზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. საეპისკოპოსოს იურისდიქციაში შედიოდა არტანუჯის მხარე, კლარჯეთი, ლიგანის ხეობის გაღმა-გამოღმა ტერიტორია გონიომდე, ფორჩხის ხევამდე. ანჩის კათედრა ძველი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი.
მოთხოვნა ამირა საჰაკის სახელით წაუყენეს აშოტ კურაპალატს. ეტყობა, აშოტ ბაგრატიონმაც, რაიმე მიზეზის გამო, დაუთმო საჰაკს. ამგვარად, ცქირმა ამირას დახმარებით, მძლავრობით, თავი ანჩის ეპისკოპოსად გამოაცხადა.
ცქირი იქცეოდა ისე, როგორც არ ეკადრება ეპისკოპოსს, რამაც გამოიწვია საეკლესიო მოღვაწეთა და მრევლის უკმაყოფილება.
ცქირის უწესო საქციელს ამხელდნენ კლარჯეთის უდაბნოების ბერები, სხვა პატიოსანი სასულიერო პირები, განსაკუთრებით მამა გრიგოლი, რომელიც არქიმანდრიტი იყო კლარჯეთის მონასტრებისა და რომელიც მუდამ იდგა ზნეობის სადარაჯოზე.
ამპარტავანმა ცქირმა გადაწყვიტა, მოეშორებინა ქართული ეკლესიის მნათობი. მოძებნა ერთი ანჩელი მაგარი მოისარი, ურცხვი და უნამუსო ადამიანი. შეპირდა, სამ გრივ ფეტვს (გრივი წონის ერთეულია, საკმაოდ დიდი) და ხუთ თხას მოგცემო და გააგზავნა გრიგოლ ხანძთელის მოსაკლავად.
მოისარმა დაზვერა ხანძთის მიდამოები და ჩაუსაფრდა მსხვერპლს მშვილდ-ისრით შეიარაღებული. მამა გრიგოლი აგარაკიდან მონასტერში ბრუნდებოდა, გზად ცრემლმორეული ლოცულობდა, როგორც ყოველთვის და სულიწმიდასთან კავშირით ხარობდა.
ის იყო სასროლად მოემზადა ანჩელი მეისარი, რომ უცებ დაინახა – მამა გრიგოლის თავზე ნათლის სვეტი ცამდე ასულიყო და თვალისთვის ძნელად გასასწორებელი ცისარტყელას მსგავსი ჯვარი გამოსახოდა.
შეძრწუნდა ანჩელი მოისარი, შიშისგან ძალა წაერთვა, მიწაზე დაეცა უძლური.
გრიგოლ ხანძთელი რომ მიუახლოვდა ძირს დაგდებულ ანჩელს, დაინახა, მივიდა და უთხრა:
– შე საწყალო, შეასრულე ნაბრძანები მისი, ვინც გამოგგზავნა, რადგან ხარ უარისმყოფელი ქრისტესი. საჩუქრის გამო მოხუცი ადამიანის სისხლი უნდა დაღვარო? განა სამი გრივი ფეტვისა და ხუთი თხის გამო არ ხარ ჩემს მოსაკლავად მოსული, ჰოი უგუნურო?
ამ დროს, ალბათ, 70 წელს იყო გადაცილებული უდაბნოს ვარსკვლავი.
ანჩელი მოისარი ტიროდა და ევედრებოდა ქართველთა სიამაყეს:
– შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული მკვლელი და მიემსგავსე ქრისტეს, რომელმაც შეუნდო თავის მკვლელებს! ძალა არ მაქვს, ვერ ვდგები, სასწაული ვიხილე შენს თავზე, რომელმაც დამკვეთა და დამაგდო.
წმიდა გრიგოლმა ჯვარი გადასახა დაუძლურებულ მოისარს, განკურნა და გახარებული გაუშვა შინ.
ანჩელმა მოისარმა ყველაფერი მოახსენა ცქირს. ცქირი უფრო გაბოროტდა და სიძულვილმა უფრო მეტად დაუბრმავა გონება.
კიდევ მრავალი ბოროტება ჩაიდინა ცქირმა მამა გრიგოლის, მისი საძმოსა და უბრალო მორწმუნე ერისკაცების წინააღმდეგ. ეს ყველაფერო აუწყეს აშოტ კურაპალატს. მისი ბრძანებით ანჩელმა მოწესეებმა წერილი მისწერეს ქართლის კათალოკოსს და ყოველივე აუწყეს. კათალიკოსმა საქმის შესასწავლად ეპისკოპოსები გააგზავნა ანჩში. მივიდნენ მეუდაბნოე მამებიც.
კრებას დაესწრო სასწაულთმოქმედი დედა ფებრონია და მრევლი. ეპისკოპოსების წინაშე მრევლმა და მამებმა ამხილეს ცქირი, წარმოადგინეს მისი უსამართლობა, უსჯულოება.
კათალიკოსის რწმუნებულმა ეპისკოპოსებმა განკვეთეს სამღვდელმთავრო პატივისგან ცქირი. მამა გრიგოლმა და დედა ფერბრონიამ საკურთხევლის წინაშე მიიყვანეს ცქირი და ყველამ ერთად, სამღვდელმთავრო შესამოსელისგან განძარცვეს და გააძევეს ეკლესიიდან.
ცქირი გაემგზავრა ტფილისს და თავის პატრონ ამირას შესჩივლა. საჰაკმა კვლავ სთხოვა აშოტ კურაპალატს და კვლავ დაიყოლია. ისევ დაიპყრო მძლავრებით ცქირმა ანჩის კათედრა. შურისძიება მამა გრიგოლის წინააღმდეგ კვლავ გულში ედო ცქირს.
შეკრიბა ცქირმა თავისი ქვეშევრდომი ანჩელები და გააგზავნა ხანძთის მონასტრის დასანგრევად. ამ დროს, გაბრიელ დაფანჩულის დახმარებით, უკვე აშენებული იყო პირველი, უძველესი ქვის ტაძარი, საოსტიგნე (სატრაპეზო), ბერების სენაკები და მთელი ინფრასტრუქტურა.
როცა ცქირის მიერ გაგზავნილები მივიდნენ ხანძთაში და აუწყეს მამა გრიგოლს ცქირის გადაწვეტილება, უდაბნოს ვარსკვლავმა სთხოვა:
- შვილებო, შუადღემდე მოგვეცით დრო მე და ჩემს ძმებს, რათა წმიდა ეკლესიაში ვილოცოთ უფალი იესო ქრისტეს წინაშე და ვთხოვოთ, შეგვეწიოს წმიდა გიორგი და სხვა წმიდანები. და მოახდენს უფალი კეთილ სასწაულს.
ცქირის წარგზავნილები მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ, მათ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ ტაძრის დანგრევისა. ყველასთვის ცნობილი იყო მამა გრიგოლის სიწმიდისა და სასწაულმოქმედებების შესახებ. კი ეშინოდათ ცქირის, მაგრამ ისმინეს მოხუცი ბერის სიტყვები და დრო მისცეს. თვითონაც დიდი იმედით ელოდნენ სასწაულს, ტაძრის გადარჩენას, რათა ღმერთს აეცილებინა ისინი დიდი ცოდვისგან, ტაძრის დანგრევისგან.
და მართლაც, ჰოი საოცრებავ! ლოცვის დროს სასწაულებრივად ეუწყა მამა გრიგოლს და მის საძმოს, რომ ცქირი მოკვდებოდა. „ორი დღით მიეცა სიცოცხლის ვადა, რათა გაემგზავროს ანჩიდან და არ დაიმარხოს საეპისკოპოსო ეკლესიაში“. უდაბნოს ვარსკვლავი გამოვიდა ცქირის მიერ გამოგზავნილების წინაშე კვლავ და უთხრა:
- ნუღარ გეშინიათ თქვენი გამომგზავნისა, რადგან უფალმა რისხვით მოკლა იგი!
ამ დროს მოვიდა მაცნე ხანძთაში, რომელმაც განაცხადა: „ნუღარ იკადრებთ დიდებული ხანძთის დარღვევას, რამეთუ დამარღვეველი მისი მოკვდა“.
ყველას ძალიან გაუხარდა ტაძრის გადარჩენა, ბერებსაც და ტაძრის დასანგრევად გამოგზავნილებსაც. ანჩელები ანჩისკენ გაემგზავრნენ სიხარულით და ადიდებდნენ ღმერთს.
თურმე ასე მომხდარა ეს ამბავი:
როცა ცქირმა გააგზავნა ხალხი ხანძთის დასანგრევად, თვითონ წავიდა ქორთაში, ართვინთან ახლოს, კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ სოფელში. იქ ჰქონია ქონება შენახული. როცა ქორთას მიაღწიეს, ცქირი უცებ მოკვდა. მასთან ერთად ყოფილა პატიოსანი მღვდელი ანჩიდან. მღვდელმა სასწრაფოდ მალემსრბოლი გააგზავნა ხანძთაში და შეუთვალა იქ მყოფს, ცქირი მოკვდა და ხელი არ ახლოთო ხანძთას. ცქირი იქვე დამარხეს.
ასე გადარჩა ხანძთის მონასტერი.