დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-20(803)
რუსების ხსენებაზე ჩიტომ გაოცებული სახით შეხედა კაკუბავას. ვარლამმა კი ხელით ანიშნა მას – არაფერი თქვაო და გაგნიძეს მიუბრუნდა:
– რას იტყვი, თანახმა ხარ, რომ სიმართლე თქვა?
– თანახმა ვარ, – მიუგო პროფესორმა.
– მაშინ, დავიწყოთ, – თქვა ვარლამმა და პაუზის შემდეგ დაამატა: – შენ რომ მოკალი, იმ კაცის ვინაობა მითხარი.
– ვასო რუხაძე, – თქვა გაგნიძემ.
– რას წარმოადგენდა ეგ ვასო რუხაძე?
– საქართველოში „გრუს“ აგენტების მუშაობას უწევდა კოორდინაციას.
– ესე იგი, რეზიდენტი იყო?
– კი.
– რატომ მოკალი? – ჰკითხა კაკუბავამ და პროფესორს თვალი თვალში გაუყარა.
გაგნიძემ თვალი მოარიდა ვარლამს და პაუზა გააკეთა, ცოტა ხნის მერე კი ხმის კანკალით უთხრა:
– ჩავარდნის პირას ვიყავი და ამის გამო.
– დააკონკრეტე, – თქვა ვარლამმა.
– ცენტრიდან, ანუ მოსკოვიდან დაავალეს ვასო რუხაძეს, რომ ამერიკელებზე მომუშავე აგენტ „კოლხის“ ვინაობა დაედგინა და გაენეიტრალებინა ის; კოლხი კი მე ვარ და სხვა გზა არ მქონდა, – თქვა პროფესორმა, პაუზა გააკეთა და დაამატა: – ვასო რუხაძე ისეთი კაცი იყო, რომ აუცილებლად გამშიფრავდა და ამიტომ მოვახდინე მისი ლიკვიდაცია.
– „გრუში“ რამდენი ხანია, მუშაობ?
– საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე. იმ პერიოდში მოსკოვში ვმუშაობდი სადოქტორო დისერტაციაზე. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ „გრუდან“. შემპირდნენ, რომ ფულს მომცემდნენ და კლინიკასაც გამახსნევინებდნენ, ოღონდ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი და აქ მემუშავა. სწორედ მაშინ გავიცანი ვასო რუხაძეც და, ფაქტობრივად, ერთად ჩამოვაყალიბეთ მძლავრი ანტიტერორისტული სადაზვერვო ქსელი.
– კოლხად როდის იქეცი?
– ექვსი თვის წინ, გასული წლის დეკემბრის მიწურულს, – ენის ბორძიკით მიუგო გაგნიძემ.
– რამ გაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა?
– უბედურებამ.
– კონკრეტულად?
გაგნიძემ პაუზა გააკეთა. ამოიხვნეშა და თქვა:
– გასული წლის 25 დეკემბერი იყო. კათოლიკური შობის დღე და, ამერიკის საელჩოს მიწვევით, მათ შენობაში ვიყავი საშობაო ალაფურშეტზე. ცოტა რომ დავლიე და გავმხიარულდი, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, დონალდ ონილად გამეცნო და მთხოვა, მისთვის ათიოდე წუთი დამეთმო, რადგან ჩემთან პირისპირ სურდა საუბარი. ონილის სახელი გაგონილი მქონდა და ვიცოდი, რომ „ეფბეერის“ წარმომადგენელი იყო საქართველოში, თუმცა, მანამდე ნანახი არ მყავდა. მისი სახელი რომ გავიგონე, გულმა რეჩხი მიქნა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუთხარი:
– კი, ბატონო. ვისაუბროთ პირისპირ.
– ოღონდ, აქ არა, მეორე სართულზე ავიდეთ და მყუდრო ვითარებაში დავილაპარაკოთ, – მითხრა ონილმა და ვინმე სემუელ ფოქსის კაბინეტში განვმარტოვდით.
– სავაჭრო ატაშეს კაბინეტში, ხომ? – ჩაეცინა კაკუბავას, რადგან ფოქსის სახელი რატი პეტრიაშვილისგან იცოდა.
– დიახ. შენ რა იცი? – გაუკვირდა გაგნიძეს, ვარლამმა კი მოკლედ მოუჭრა:
– ვიცი. განაგრძე.
– სკამებზე რომ მოვთავსდით, მანამდე მოღიმარმა ონილმა სერიოზული სახით მითხრა:
– თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს, ბატონო მერაბ.
– რა ინფორმაცია? ბრძანეთ, ბატონო ონილ.
– ოცდაოთხი საათის წინ ბერლინში თქვენი ვაჟი, კოტე გაგნიძე დააკავეს და ის გაუპატიურებასა და სხეულის მძიმე დაზიანებაშია ეჭვმიტანილი, – მითხრა ონილმა კოტიკოზე. კოტიკო ჩემი უფროსი ვაჟია და ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე. ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანია და ონილის სიტყვები ბოროტ ხუმრობად მომეჩვენა. თან, იქ მე ახლობლები მყავს, ვისთანაც კოტიკო ცხოვრობს და, რამე რომ მომხდარიყო, აუცილებლად შემატყობინებდნენ. ერთი სიტყვით, არ დავიჯერე და ონილს ვუთხარი:
– ალბათ ხუმრობთ, ბატონო ონილ. ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და ასეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენდა. თანაც, რამე რომ მომხდარიყო, აუცილებლად შემატყობინებდნენ. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
ონილი მოელოდა ჩემს კითხვას და პასუხიც მზად ჰქონდა: მან საწერი მაგიდის უჯრიდან ფაილი ამოიღო, მაგიდაზე დამიდო და მითხრა:
– აი, ბატონო მერაბ, ეს ფაილი დაათვალიერეთ და დარწმუნდებით, რომ არაფერს გატყუებთ.
ფაილიდან აკანკალებული ხელით ამოვიღე შიგთავსი და იქ აღმოჩნდა ჩემი შვილის აღიარებითი ჩვენება. დაზარალებული გოგონას ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა. აგრეთვე, საკანში გადაღებული ჩემი შვილის, კოტიკოს სურათები. ეს ყველაფერი რომ ვნახე, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე და ონილს ვკითხე:
– თქვენ ეს ფაილი საიდან გაქვთ?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ამ ინციდენტის მოგვარება შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ეს გსურთ.
აშკარა იყო, რომ ონილი მაშანტაჟებდა, მაგრამ, რა მიზნით, ვერ ვხვდებოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მან „გრუსთან“ ჩემი ურთიერთობის ამბავი იცოდა, რადგან საიმედო ხალხისგან შემდგარი ღრმად კონსპირაციული ჯგუფი გვყავდა და მოღალატე არ მეგულებოდა ჩვენში. ვიფიქრე, რომ ონილი, უბრალოდ, ჩემს „დავერბოვკებას“ ცდილობდა და საამისოდ კოტიკოს ამბავს იყენებდა. ამიტომ გადავწყვიტე, ის მომეტყუებინა და კოტიკო გამომეხსნა. ყველაფერი კი ჩემებისთვის მომეყოლა და ერთად შეგვემუშავებინა საპასუხო ზომები. ამიტომ ონილს ვუთხარი:
– რა თქმა უნდა, მსურს, მაგრამ, რის საფასურად? არ მგონია, ჩემი შვილი უანგაროდ გამოიხსნათ ან ფული მოითხოვოთ. ალბათ, რაღაცის გაკეთებას დამავალებთ.
– დიახ, თქვენ სწორად ჩაწვდით ჩვენი შეხვედრის მთავარ მიზანს, მაგრამ, გაფრთხილებთ: აზრადაც არ გაივლოთ ჩვენი მოტყუება და პატიოსნად მოგვექეცით.
– გისმენთ. თქვით, რა უნდა გავაკეთო, – ვუთხარი ონილს.
– მოდი, ასე ვქნათ, – მითხრა ონილმა, – ფუჭი ილუზიები რომ არ გქონდეთ, გეტყვით, რომ ჩვენმა უწყებამ მშვენივრად იცის თქვენი კავშირების შესახებ „გრუსთან“ და რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის შესახებ. ამიტომ, არ გირჩევთ ორმაგ თამაშს და ჩვენთან თანამშრომლობას გთავაზობთ. თქვენ, თუ, რა თქმა უნდა, გსურთ, რომ თქვენი ვაჟი გაუშვან და ჩვენთან თანამშრომლობაზე დათანხმდებით, ყველა თქვენს ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადმოგვცეთ და თან ჩვენი მითითებები შეასრულოთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?
ონილის სიტყვებით ისე ვიყავი შოკირებული, რომ არაფრის გარკვევა არ მიცდია და მივუგე:
– თანახმა ვარ, მაგრამ, იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ მე ამ საქმეში მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოვადგენ და ბევრით ვერაფრით დაგეხმარებით. დიდი-დიდი, ორი აგენტის ვინაობა დაგისახელოთ, რაც, ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით.
– მოდი, ასე ვქნათ, – მითხრა ონილმა, – ხვალ ამ დროს აქვე შევხვდეთ ერთმანეთს და, იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო ფასეულ რამეს შემოგვთავაზებთ, ვიდრე ახლა. მე მესმის თქვენი – ახლა თქვენ შოკირებული ხართ. დაისვენეთ და ყველაფერი მოიფიქრეთ.
სახლში რომ დავბრუნდი, ონილის სიტყვები საფუძვლიანად გავიაზრე და მეორე დღეს თანამშრომლობაზე დავთანხმდი. სიმართლე გითხრა, თავიდან კოტიკოს გაწირვაც კი მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ, მაინც მისი შველა გადავწყვიტე. თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ კოტიკოს ამბავი ამერიკელების მოწყობილი ყოფილა და ეს ყველაფერი ჩემს გადასაბირებლად იყო გაკეთებული.
– შენი შვილის გამოხსნის სანაცვლოდ, ამერიკელებს რა გადაეცი? – ჰკითხა ვარლამმა მერაბ გაგნიძეს, რომელმაც ამოილუღლუღა:
– ჩვენი აგენტების სრული სია.
– მდაა... – ამოთქვა კაკუბავამ და დაამატა, – „გრუს“ მთელი ანტიტერორისტული ქსელი ჩაგიგდია. მოსაკლავი ხარ.
– შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე. შვილს გაწირავდი? – შემოუტია კაკუბავას გაგნიძემ.
– სამშობლოს არ გავწირავდი! – შეტევითვე უპასუხა კაკუბავამ, – „გაესროკათ“ ბოლო-ბოლო შენი შვილი, მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ ყოფილა და „გაუჩალიჩეს“. არ უნდა გეღალატა, „გრუ“ დაგეხმარებოდა. ახლა კი მოღალატე ხარ. მთელი სისტემა ამერიკელებს ჩააბარე და შენი სამშობლო დარტყმის ქვეშ დააყენე. რა, არ მეთანხმები?
– რას მიპირებთ, უნდა მომკლათ თუ რუსებს გადამცეთ?
– რიტორიკული შეკითხვაა, რომელზეც პასუხი ჯერ არ მაქვს, – თქვა ვარლამმა. ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ რეზოს უთხრა:
– საიმედო ადგილი ხომ არ იცი, სადაც ამას (ვარლამმა გაგნიძისკენ გაიშვირა ხელი) დროებით გამოვამწყვდევთ?
– ვიცი, – მიუგო ჩიტომ.
– სად?
– ჩემი ძმის აგარაკზე, წყნეთში. იქ ერთი კეთილმოწყობილი სარდაფია და ვერსად გაგვექცევა.
– აგარაკზე არავინ ცხოვრობს?
– არა. ჩემები უცხოეთში არიან ერთი წლით. ჩემმა ძმამ მე დამიტოვა გასაღები და ახლავე შეგვიძლია, იქ ავიდეთ.
– რაღას ვუცდით. წავედით. ამის მანქანა კი აქ იყოს, – უთხრა ვარლამმა რეზოს.
მერაბ გაგნიძე კაკუბავას მანქანის უკანა სალონში მოათავსეს და რეზო გვერდით მიუჯდა. კაკუბავამ კი ძრავა ჩართო და ადგილიდან დაიძრა. წყნეთში რომ ავიდნენ, ინათა. დატყვევებული პროფესორი სარდაფში ჩაიყვანეს. ცალი ხელით ფოლადის ძელზე მიაბეს და ვარლამმა უთხრა:
– აქ იქნები, სანამ შენი ბედი გაირკვევა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად შენ გაწყობს. ამერიკელებმა რომ შეიტყონ, გაიშიფრე, აგაორთქლებენ. არც რუსები დაგაყრიან უკეთეს დღეს ღალატისთვის.
– ვიცი. განწირული ვარ და მთელი ცხოვრება მალვაში უნდა ვიყო, – ხმის კანკალით დაუდასტურა კაკუბავას პროფესორმა, – ერთი რამის დარდი მაქვს. ამერიკელებიც და რუსებიც ძებნას დამიწყებენ და რომ ვერ მიპოვონ, ჩემს ოჯახზე არ იძიონ შური. სწორედ ჩემი ცოლ-შვილის გამო გავები ასეთ შარში და ჯერ „გრუს“ შევეკარი, შემდეგ – ამერიკელებს, თორემ რა ჯანდაბა მინდოდა ან ერთთან, ან მეორესთან. ვიქნებოდი ჩემთვის და ვუმკურნალებდი ადამიანებს. მაგრამ, ძალიან მძიმე დრო იყო. ომი, გაჭირვება, ქაოსი. შვილები პატარები მყავდნენ. ცდუნებას ვერ გავუძელი და აი, შედეგიც, – პროფესორმა თავისუფალი ხელი ჩაიქნია და გაფითრდა.
– შედეგი არაა სახარბიელო, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა, – თქვა ვარლამმა.
– ფიქრობ, ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება? – იმედიანი ტონით იკითხა გაგნიძემ.
– შენთან მიმართებაში რა მოგახსენო, – მხრები აიჩეჩა კაკუბავამ, – ხოლო, რაც შეეხება მომავალ უბედურებას, რომელიც არ ვიცით, როდის და როგორ დაგვატყდება, აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან. შენი აღიარების შემდეგ ვხედავ, კიდევ უფრო რთულადაა საქმე და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ ამერიკელებს ხელი ავაღებინოთ თავის გეგმებზე. ისინი რომ კარგს არაფერს გეგმავენ, ცხადზე ცხადია, მაგრამ რას, როდის და როგორ? მოსაკლავი ხარ, მოსაკლავი... როგორ ჩააბარე ამერიკელებს ანტიტერორისტული ქსელი. ახლა მათ თავისუფალი არეალი აქვთ და რასაც მოისურვებენ, იმას იზამენ. მაგრამ რას, რას, რას?!
ვარლამ კაკუბავა უცებ გაღიზიანდა. გააბოლა და სარდაფში ბოლთის ცემას მოჰყვა. შემდეგ, პროფესორის წინ შეჩერდა და ჰკითხა:
– ჩემზე რა იციან ამერიკელებმა?
– შენზე – არაფერი, – მიუგო გაგნიძემ.
– სიმართლე მითხარი და არ მომატყუო.
– სიმართლეს გეუბნები. ამერიკელებმა შენზე არაფერი იციან, – გაიმეორა პროფესორმა.
– რატომ? დამინდე? მიფრთხილდები? – ირონიით იკითხა კაკუბავამ.
– არა. უბრალოდ, ამერიკელებმა მომთხოვეს „გრუს“ შტატიანი თანამშრომლების სია. შენ კი შტატში არ ხარ და რატომ დაგასახელებდი?
– ყველა შტატიანი „ჩააგირავე“?
– კი. ვინც „გრუს“ შტატშია და ვიცოდი, ყველა დავასახელე.
– პეტრე შანიძეც?
– კი.
– სადაა ახლა პეტრე?
– დღეს უნდა ჩამოვიდეს მოსკოვიდან.
– რომელ საათზე?
– ერევნის გავლით მოფრინავს და თუ არ ვცდები, დილის ცხრაზე.
– ანუ, საათ-ნახევარში, – თქვა კაკუბავამ. ჩაფიქრდა და პროფესორს ჰკითხა:
– შენთან კონტაქტზე ვინ იყო ამერიკელებისგან?
– მხოლოდ დონალ ონილი და მასაც ერთხელ შევხვდი, გადაბირების შემდეგ, ისევ საელჩოში. ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მიმიწვიეს და ისიც იქ იყო. თუმცა, ერთმანეთს მხოლოდ მივესალმეთ. სულ ეს იყო.
– როგორ, ამ ექვსი თვის განმავლობაში არაფერი დაუვალებიათ შენთვის ამერიკელებს? – გაუკვირდა ვარლამს.
– ნამდვილად არაფერი.
– უცნაურია, – თავი გააქნია ვარლამმა, – ხომ არ მატყუებ?
– არა, რას გატყუებ. კოტიკოს გეფიცები.
– სადაა ახლა შენი კოტიკო.
– თბილისში. ხვალ უნდა დაბრუნდეს ბერლინში, – მიუგო პროფესორმა ვარლამ კაკუბავას. შემდეგ ჩაფიქრდა და ჰკითხა:
– რატომ მკითხე კოტიკოზე?
– მაინტერესებდა.
– რაში გაინტერესებს? – გაფითრდა გაგნიძე.
– ერთი აზრი მომივიდა თავში.
– რა აზრი, – აკანკალდა გაფითრებული პროფესორი.
– კარგად მომისმინე და გაიაზრე, რასაც ახლა გეტყვი, – უთხრა ვარლამმა გაგნიძეს. თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა, – მისმენ?
– გისმენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში