რა საიდუმლო დავალება მისცა ცოლს ლადო ასათიანმა
ის წერდა იმაზე, რაზეც ეწერებოდა. მისი პირველი ლექსების კრებული – „წინაპრები” უნდა გამოსულიყო და, უკვე გამზადებული იყო, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს და მთელი ტირაჟი დაჭრეს.
ეს ხომ ყველზე მძიმე და სასტიკი 1937 წელი იყო ჩვენი ინტელიგენციის წინააღმდეგ. არადა სხდომაზე, რომელზეც მისი წიგნის შესახებ ცენტრალური კომიტეტის ბრძანება წაიკითხეს, ღირსეული ადამიანები ესწრებოდნენ: შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, რაჟდენ გვეტაძე; სხდომის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძე გახლდათ. ეს საშინელება იყო არა მხოლოდ ლადოსთვის, არამედ ყველასთვის; ეს იყო ერთ-ერთი შავი ლაქა საბჭოთა სისტემიდან, როდესაც ადამიანებს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა დაედასტურებინათ. წინააღმდეგობები თუ უბედობა მას კიდევ მრავლად ჰქონდა ცხოვრებაში: 20 წლის ჭაბუკს დედა გადაუსახლეს „ლაყბობის” ბრალდებით, თავად კი სიცოცხლის ბოლო წლები თითქმის სულ აბასთუმანში გაატარა... გთავაზობთ ლადო ასათიანის პირად მიმოწერას ცოლთან და მეგობრებთან.
„ძმას – გიორგი ასათიანს
ქუთაისში
გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს... ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე... რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელეებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.
ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს... ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს…
თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო. ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.
მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერ, ანდა რად უნდათ მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი...
ქ. ქუთაისი, გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ რედაქცია
ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერ – წაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა... თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ!
სოფელში ყოფილხარ, ბიჭო, გაზეთის მუშაკი ხარ, ცოტა დაწვრილებით რომ მოიწერო, არ შეგიძლია?! რა არის ეს ორი პწკარი!.. თუ მოახერხო, გამოიარე აქეთ. მანდ წესიერად იყავი, წერილები მოიწერე. მოგიკითხეს ანიკომ და მანანამ. მომიკითხე ჩვენები და რედაქციის ხალხი. იყავი კარგად.
თბილისი
***
ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია: ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც, მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!
აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი; მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის განთავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს… როგორც ხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია მოაწყო ეს ყველაფერი, ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ… ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ.
თბილისში უნდა დავბრუნდე. უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები. თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და სადაც დაწყნარებულად ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის.
რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას. მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!
შენი ლადო
***
ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს… „მნათობისათვის”. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუნდაც ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე... იცოდე, გავგიჟდები რომ სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ გადააბეჭდინებენ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს... ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით გაბარებ, იცოდე!..
გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი
თბილისი, „მწერალთა კავშირი“, „ჩვენი თაობის“ რედაქცია
ნიკალაი ჩემო! როგორც იქნა, ჩავედით „უკანასკნელ განსასვენსა ალაგსა“... რანაირად ვარ, ნიკალაი, რომ იცოდე, თვალები დაგისველდება. დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირის” ოცდამეთორმეტე ტაეპი წაიკითხე და ისე ვარ, იქ რომ წერია.
ისე, ჩემი საქმე ჯერ არაა გარკვეული, სად ჩამრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მონაწილეობა მირჩევნია!.. გამომიგზავნე მისამართი – წერილს მივწერ. ფული ჯერჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არავის მოგერიდებით.
მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტათი კიდეც მიხდება და ნამდვილ ბუმბერაზს ვგავარ.
***
გამარჯობა, ნიკოლოზ, ძვირფასო! ანიკომ მომწერა აბასთუმანში, ფრონტზე არისო, სხვა არაფერი არ ვიცოდი. ვწუხდი, რასაკვირველია… კარგია, რომ ღონივრად და მაგრად ყოფილხარ, ისიც კარგია, რომ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ უფრთხილდი, არაფერი მოგეწიოს, აგიაშვილო!.. ომი არაა, ძამია, მე და შენი საქმე. მე და შენ ვიკინგებად არ გამოვდგებოდით, მით უმეტეს, კოჭებამდე წყალში ცურვაც ძლივს რომ იცი. თუმცა ისიც წამიკითხავს, ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მეკობრეს, რომელიც თურმე თავზარსა სცემდა მთელ ხმელთაშუა ზღვას, ცურვა არ სცოდნია და ცოფიანივით ეშინოდა წყალში ჩასვლის…
მე – დაწყევლილი ლადო ასათიანი – ერთი კვირაა, რაც გეახელით თბილისს. თითქმის ხუთი თვე გავატარე აბასთუმანში აბსოლუტურად მარტომ – სულ წიგნებთან, არავითარი გაუმჯობესება არ მიმიღია ჯანმრთელობის მხრივ. ჩემი ფილტვების მიხედვით მე მალე უნდა მივიცვალო, ძვირფასო და, აბა, შენ იცი, ცრემლებს თუ დაღვრი. როცა ჩამოხვალ, შენ ნახავ ჰეგზამეტრებით წარწერილ ეპიტაფიას ჩემი სამარის ქვაზე... თუ ცოცხალი დავრჩი და შენც ცოცხალს მომისწარი, როცა ჩამოხვალ, კაი ლამაზ წიგნს დაგახვედრებ… მგონი, არ იქნება ცუდი. ვინძლო მისმა გამოსვლამ ეს უღიმღამო სიცოცხლე ოდნავ გამიხანგრძლივოს. ესაა ჩემი იმედი…
მომენატრე! ახლა, ალბათ, სადღაც ზღვისპირეთის მთებში იქნები შებუდებული და გერმანელ სნაიპერებს ემალები. ღმერთმანი მომენატრე. უთუოდ – შენც გენატრება ლადო ასათიანი და აქაურობაც… ჩამოდი, ჩამოდი, მაგ ძაღლთაპირ ფაშისტებს უშენოდაც მოუვლიან!..
***
...ნიკალაი, ძვირფასო! რომ იცოდე, როგორი გაზაფხულია თბილისში, ყველაფერი ჰყვავის, ყველაფერი ხალისობს...
ნეტავი შენ, რომ ბევრ რამეს საკუთარი თვალით ნახავ და მერე მოსაგონარი გასახსენებელი აღარ დაგელევა.
საერთოდ, ვეღარ ვძლებ შინ მყოფი, ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო?! ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქოს ყოველ ღამითა და დღისითაც, როცა ოდნავ წავთვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება.
ახლა ჩემთვის უძილობის გამო საუკუნის ღამე ჩამოდის და, თვალს დავხუჭავ თუ არა, საშინელი სიზმრები არ მასვენებენ… სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე – უცვლელად: ვითომც, ვწევარ ერთს შავ რკინის კუბოში, გარშემო უამრავი კელაპტარი უნთია, მათ ლიფლიფზე შავ კატებს მხრებზე შეუდგამთ ის კუბო და ამაზრზენი კნავილ-ჩხავილით, კუდების სხმარტალითა და შესაზარი თვალთა ბრიალით, „კუბო”, „კუბო-ს” ერთობლივი შემაძრწუნებელი ძახილითა და გნიასით მიმაქროლებენ სადღაც… შემდეგ ის კატები ქრებიან, კუბო ჟღრიალით ენარცხება მიწას და ის კატებიც დახოცილნი მაცვივიან თავზე. კუბო ივსება მათი გახრწნილი, რბილ-რბილი, ამყრალებული ლეშით, გავურბი მძორის საშინელ მყრალ სუნს, მაგრამ მუხლები მეკვეთება, ძირს ვეცემი და ვიღვიძებ ოფლში გალუმპული. ჯერ არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი.
შენ იცი, როგორ მიყვარდა ცხოველები და მათ შორის კატები!..
ახლა ამ საშინელმა სიზმრებმა ყველაფერი შემაძაგეს და შემაზიზღეს…
მენატრება ამხანაგები, სტუდენტობის მეგობრები...
იყავნ მშვიდობით, ჯვარიმც გეწეროს…
ვერ გეტყვი, ნახვამდის-მეთქი, გნახავღა კი?
რევაზ მარგიანს
ძმაო რეზო!
მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ... მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. უკვე მომწყინდა, იდიოტობაა ირგვლივ...
რაც შეეხება „ვინმე” კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი… მაგისი ასე და ისე! მაგისი გასაბითურებელი თუ ვარ, მაგასაც ნახავს მაგ უთავო, მაგი! ბიჭო, მე, კაცი, რომელიც ლექსისთვის ვარ დაბადებული, რომელსაც ნახევარჯერ არ მძინავს, რომელსაც სტრიქონი არ დამიწერია ყალბი, ერთი ცუდი საქმე არ ჩამიდენია, მაგან უნდა გამაბითუროს, მაგ სულელმა?! როდის წერდენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა?!
ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ?! თუ ამას ჩვენს მწერლობაში ერთი ჭკვიანი კაცი იტყვის, მე ხელს ვიღებ ყველაფერზე. მაგრამ მაგ სულელმა არ იცის, რომ ფიროსმანზე თითო-ოროლა სტრიქონი თუ ვინმეს აქვს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფიროსმანის „პრიმიტივი” მესმის როგორც მაღალი ხელოვნება. ყოველი დიდი კულტურული პოეტი ასე რომ აკეთებდეს ლექსებს, როგორც ფიროსმანი თავის სურათებს, რაღა გვიჭირდა მაშინ! ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსებისათვის; კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი -ხატავს, მორჩა და გათავდა. რამდენი „კულტურული” მხატვარი ინატრებდა მის სურათებს!
ვიმეორებ, ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვარი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი... მეც ვწერ და სხვანაირად რომ ვწერ, ამის გამოცნობა ჭკვიანს არ გაუჭირდება და სულელებისათვის მე არ ვწერ… ეს უნდა ყველამ იცოდეს… მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსების თემა მუდამ საქართველოა… იჭია-ბიჭია, ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის... ეს, რასაკვირველია, შენ კარგად იცი, მაგრამ მაინც გწერ, რომ გული ვიჯერო. მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ! ნიკას წააკითხე ეს წერილი, ქაქანს რომ დაიწყებს...
ასე! გკოცნის შენი ლადო ასათიანი.“