რატომ ვარდებიან მორწმუნეები დიდ განსაცდელში და რატომ უნდა გამოიკვლიონ მათ თავიანთი წარსული, აწმყო და მომავალი
დღეს, როცა ირგვლივ ძალიან ბევრი განსაცდელია, ხშირად გვიჭირს მათთან ბრძოლა, გამკლავება. ასეთ დროს, არასწორად თუ ვიქცევით, საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტ განსაცდელში ვაგდებთ. რა ბრძოლები და განსაცდელი ხვდება ადამიანს და როგორ უნდა დახვდეს მას, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, ადამიანს ხშირად უჭირს საკუთარი განსაცდელის, ბრძოლების გააზრება. ვერ ხვდება ეს რატომ დაემართა და ამბობს: მე ასე კარგად ვიქცევი, ასეთი კარგი ვარ და რატომ შემხვდა ამდენი პრობლემა, განსაცდელი?
– ყველა ვალდებულია, გამოიკვლიოს: ვინ არის, საიდან მოვიდა და საით მოუწევს წაბრძანება. ხშირად მოდიან ჩვენთან, მოძღვრებთან და გვეკითხებიან: სად არის ღმერთი, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში? ამდენს ვშრომობ, ვწვალობ და მაინც მიჭირს; ნაკლებად ურწმუნო უფრო კარგ მდგომარეობაშია და ასე შემდეგ. ეკლესიას ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, აქვს პასუხი: განკაცებული ღმერთი მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, სოფელმა ვერ იცნო. არავინ დაუჯერა, ერთეულთა გარდა. როგორ შეიძლება, ეკლესიას მოსთხოვო პასუხი, თუ არ ცხოვრობ ეკლესიურად? როგორ შეიძლება, ღმერთს მოსთხოვო პასუხი და ამ დროს ღვთის სიტყვას არ იცავდე, ასრულებდე. მაცხოვარი ამბობს: თუ გიყვარვარ, ჩემი მცნებები დაიცავი. ვინ არის დღეს ღვთის მცნებების დამცველი? თუ მცნებებს იცავ, მაშინ იცი, რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში და თუ არ იცავ, ესე იგი, არ იცავ მამის რჯულს, სწავლებას. მაშინ, რატომღა გაქვს პრეტენზია, რატომ ითხოვ წყალობას? ამიტომ, პრობლემა საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ. ახალი აღქმა გეუბნება: შეიცან, ადამიანო, საკუთარი თავი და შეიცნობ შენ ღმერთს. ანუ, იმით კი არ უნდა იამაყო მხოლოდ, რომ ქართველი ხარ, ლამაზ კუთხეში ცხოვრობ, ლამაზი თვალები გაქვს, არამედ იმით, რომ დაუმსახურებლად მოგეცა უფლის ხატება და მსგავსება. ყველა ადამიანი მეუფეა, ხელმწიფე და მას ღმერთმა ჩააბარა ხილული სამყაროს მმართველობა, მეუფება.
– ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს ბელადების, წინამძღვრების მოძებნა, რომლებიც გვგონია, რომ ჩვენს საქმეს გააკეთებენ, დაგვეხმარებიან და ყველაფერი უკეთესად იქნება.
– ეს სხვა ერებშიც ხდება, მაგრამ ქართველები განსაკუთრებით ცდილობენ, მოძებნონ გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ჩამოეკიდება მთელი ერი. შემდეგ, ძალიან მალევე, დაინახავენ, რომ ვერაფერი უშველა. როცა ადამიანი არასწორად იწყებს მსახურებას, ის თავიდანვე სიცრუის მსახურებაში დგება და ბუნებრივია, მას მომავალი არ ექნება. დღესაც პრობლემების მოგვარებას სხვა ქვეყნებში ვეძებთ, მდიდარ ადამიანებში, მდიდარ პარტიებში. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და არც არასდროს მოუტანია. ჩვენი პრობლემები დღითი დღე იზრდება, რადგან არასწორი კურსი გვაქვს აღებული. ქრისტე ღმერთი ჩვენთვის მოვიდა, მაგრამ მისი იმედი არ გვაქვს, მის მცნებებს არ ვიცავთ და სადღაც, სულ სხვა მხარეს ვიყურებით. ცოტა ხნის წინ დასრულდა დიდმარხვა და მიმოიხედეთ ეკლესიაში რამდენი ადამიანი დარჩა. ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ მიმოვიფანტეთ, რადგან გვგონია, აღდგომის ზეიმით ჩვენი რელიგიური გრძნობები დავიკმაყოფილეთ. არ გასულა რამდენიმე კვირა და ეკლესიები დაცარიელდა. უამრავი ადამიანი დაუბრუნდა თავის ძველ ცხოვრებას. მერე კი გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში? თუ ქრისტეა ჩვენი ღმერთი – ქრისტე ვადიდოთ, თუ ცრუ ბელადები, წინამძღოლები გვყავს, მათ ვუკმიოთ. ღმერთი კი გვეუბნება: არ შეიძლება ორი ბატონის მსახურება. დღეს ხშირად კითხულობენ ადამიანები: რა გვეშველება? თავად ეს კითხვა, ალბათ, ურწმუნო ადამიანის ნათქვამია. თუ ღმერთი მოვიდა, განკაცდა, რატომ ამბობ: რა გვეშვლება? უკვე გვეშველა ღმერთის ამქვეყანად მოსვლით, მაგრამ შველა შენი გულის კართან არის. ქრისტე ამბობს: მე შენი გულის კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. შენ თუ არ გაუღებ ღმერთს გულის კარს, ის არ შემოგიმტვრევს, როგორც ეშმაკი. არაერთხელ მითქვამს, რომ ღმერთი არავის ცხოვრებაში არ შემოდის მძლავრებით. ღმერთი არის აბსოლუტური სული, თავისუფლება, სიყვარული... მას არ უნდა, რომ მის მიერ შექმნილი ადამიანი იყოს ბიორობოტი, გაიზარდოს ისე, როგორც წიწილა ინკუბატორში. მას სურს, რომ ადამიანმა თავისი მოწოდების სიმაღლე კეთილი ნების გონივრული გამოყენებით დაამტკიცოს. ამიტომაც მისცა იმის საშუალება, რომ მასთან ყოფილიყო. მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ადამიანი დაეცა. ეშმაკმა ზემოქმედება მოახდინა ევაზე, ევამ – ადამზე და ადამიანმა დააშავა, მან იხმია აკრძალული ნაყოფი. მაგრამ, ღმერთი არ არის უსამართლო, მას მაშინვე არ გამოუძევებია ადამიანი სამოთხიდან. ღმერთმა იცის‚ რა მდგომარეობაშია, მაგრამ, უნდა, რომ მის ხატებასა და მსგავსებაში გააღვიძოს სინანულის განცდა. ადამიანს რომ ეთქვა: აქ ვარ, დაცემული, შემცდარი, გაოგნებულიო, ღმერთი მაშინვე მიუტევებდა. მაგრამ, ადამი ყვედრის უფალს: შენ რომ დედაკაცი მომეცი, მან შემაცდინა და მომცა აკრძალული ხილიო. ამ შემთხვევაში იმავე უგუნურებას სჩადის ევა, რადგან‚ როდესაც მას ეკითხებიან: „რატომ ჩაიდინე ეს“, ის გველს აბრალებს. ევას მაინც რომ მოენანიებინა თავისი დანაშაული, ღმერთი კაცთმოყვარეობით მიუტევებდა ორივეს. მაგრამ, ღმერთი კაცთმოყვარეა, ანუგეშა ადამიანი და აღუთქვა სამოთხეშივე ხსნა, რომ დედაკაცის თესლი, ანუ ღვთისმშობელი, მოავლინებდა მესიას. უფალი ამბობს: „გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი“. სუფრაზე ქართველ კაცს რომ ვინმემ მოუსმინოს, იტყვის: ეს ხალხი გმირები, ვაჟკაცები, გონიერები არიანო. მაგრამ, როგორც კი სუფრა დასრულდება, მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრაბახია. ამიტომ, ჯობია, ნაკლები ვიქეიფოთ, ნაკლები ვიზარმაცოთ, მეტი ვიშრომოთ, ვილოცოთ როგორც საქმით, ასევე ქმედებით, რაც თავმდაბლობაში, სიყვარულსა და სასოებაში გამოიხატება. რადგან, რაც გვჭირს, ეს ჩვენი ამპარტავნების ბრალია.
– რა უნდა ითხოვოს ადამიანმა, რომ მისი მომავალი ცხოვრება უკეთესი იყოს და არ კითხულობდეს ყოველდღე – ნეტავ, რა გვეშველება?
– წმიდა მამების დარიგებით, არსებობს რამდენიმე თხოვნა, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს უფლის წინაშე. ყველა ადამიანი არის დაცემული, სუსტი, მერყევი არსება. ამიტომ, ყველა უნდა ითხოვდეს ძალას. ძალა არის უფლისა, სულიწმიდა, ცხონება, სიკეთე. წმიდა მამა ასეთ სიტყვებს ამბობს: მე ვითხოვე ძალა და მან სირთულეები მომცა‚ რათა ძლიერი გავხდე. უნდა ითხოვოთ სირთულეები, ოღონდ ისეთი, რის გადატანაც შეგიძლიათ. ითხოვე სიბრძნე, რაც აკლია ყველა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. წმიდა მამა ამბობს: ვითხოვე სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რომ მომეგვარებინა ისინი. ანუ‚ ღმერთი ჯერ გიგზავნის პრობლემებს და შემდეგ გეხმარება მათ მოგვარებაში. გაჩნდა რამე პრობლემა, მიხვდი: ეს ღმერთმა დაუშვა და იმ სიბრძნესაც მოგცემს, მდგომარეობიდან გამოსვლაში რომ დაგეხმარებათ. ითხოვეთ სიმდიდრე – მე ვითხოვე სიმდიდრე და მან ძალა და ღონე მომცა, რათა მემუშავა და მეშრომა. მე ვითხოვე სიყვარული, მან კი ადამიანები მომცა, რომლებსაც დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში. თუ გინდა, სიყვარული გქონდეს, ირგვლივ მიიხედ-მოიხედე, დაინახავ ბევრ გაჭირვებულს და დაეხმარე მათ. მთავარია‚ ისინი შეიყვარო, ვისაც უფალი გიგზავნის, ვისაც არ უყვარხარ, ვინც გწყევლის და მათთან ერთად გაიზრდები სიყვარულში. მე ვითხოვე სიკეთე და მან შესაძლებლობა მომცა‚ მეკეთებინა სიკეთე. გინდა სიკეთე? – ღმერთი მოგცემს საშუალებას, რომ ეს აკეთო. დღეს ადვილია დავინახოთ‚ რამდენი სიკეთეა გასაკეთებელი, მაგრამ ვერ ვხედავთ. თუმცა‚ როცა ვიგებთ‚ ეკლესია, სამრეკლო შენდება, მაშინვე მილიონები მიგვაქვს. სამაგიეროდ‚ გვერდზე ვერ ვხედავთ გაჭირვებულს, ისეთს, ვისაც ჩვენი შემწეობა სჭირდება.