ბელგიური პოლიცია – ყველაზე მზრუნველი პოლიცია
პირადი გრძნობების გარეშე…
ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ, როგორც ჭეშმარიტად ხალხზე მზრუნველმა, თავის მოსახლეობას მოუწოდა, არც მეტი, არც ნაკლები, არ გამოიყენოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ახალი ემოციები: თვით სიცილი, გაოცება, ბრაზი, სიყვარული და მოწყენა.
ამ მოწოდების მიზეზი შემდეგნაირია: თურმე, ამ ახალი ემოციების გამოყენებაზე დაკვირვებით, სოციალური ქსელი, ახალი ალგორითმების მეშვეობით, მომხმარებელთა ემოციურ მდგომარეობას შეისწავლის, რათა ამის საფუძველზე სპეციალურად მათთვის შერჩეული რეკლამები შესთავაზოს.
ეს კი, ბელგიელ სამართალდამცველთა ღრმა რწმენით, სხვა არაფერია, თუ არა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა!
როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შავი კატა არ არის, რომელმაც ბელგიელ პოლიციელებსა და „ფეისბუქის“ მესვეურებს შორის ჩაირბინა: ბელგიელ სამართალდამცველებს არც ის ფუნქცია მოსწონთ, რის მიხედვითაც, ეს კონკრეტული სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებზე ინფორმაციას აგროვებს (მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, „ფეისბუქს“ შეუძლია, მათი აქტივობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია).
ჩვენ არ ვიცით, იღებენ თუ არა ბელგიელები ყურად უფლებათა დაცვის სადარაჯოზე მდგარი თავიანთი პოლიციელების შეგონებებს; სამაგიეროდ, ვიცით, რომ მიგრაციულ საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანს უბრძანებია, საქართველოსთვის, უკრაინისა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება გონივრული არ იქნებაო, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: თუ არა ემოციები, მაშ, როგორ უნდა გამოხატო ადეკვატური დამოკიდებულება ბელგიის სახელმწიფო მდივნის ნააზრევისადმი?! ერთი ისაა, რომ ამ მდგომარეობის გამომხატველი ემოცია ჯერჯერობით თვით „ფეისბუქსაც“ კი არ მოეპოვება თავის არსენალში. –