ვისზე ემართება „ლომკა“ ბახვა ბრეგვაძეს და ვის დასახსნელად იბრძოდა ის ხუთი ბიჭის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ არის, ბახვა ბრეგვაძემ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოახერხა მაყურებლის სიყვარულის მოპოვება და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟად იქცა. საინტერესოა, ვის აღიზიანებს ბახვას წარმატება და როდის იყურება მუშტებზე ის რეალურ ცხოვრებაში. რა ხდება სასურველი სასიძოს პირად ცხოვრებაში და როგორი ქალი წარმოუდგენია მას გვერდით. ბახვასთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულებს მასთან თიკო სადუნიშვილი დაგვხვდა.
– ბახვა, გამოჩენის დღიდან ყველას ძალიან უყვარხარ. არავისგან გამიგია შენ შესახებ ცუდს ამბობდეს. შენ თუ გსმენია რამე?
– ძალიან მიხარია თუ ჩემში არის უნარი, ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინო. ჩემი პრინციპიც ესაა – ურთიერთობისას, ადამიანში აქცენტს ყოველთვის დადებით თვისებებზე ვაკეთებ. რაც შეეხება ცუდს, არც მე მსმენია ასეთი რამ ჩემ შესახებ და ძალიან მიხარია (იცინის).
– ბევრს ძალიან აღიზიანებს სხვისი წარმატება და სხვადასხვა გზით ცდილობენ მის დაკნინებას. მსგავსი შემთხვევა გქონია?
– კი, ჩემ მიმართ მიგრძნია უარყოფითი დამოკიდებულება. ასეთ მომენტში ვიფიქრე, ეტყობა, უკვე ძალიან დიდი დოზით ვარ ამ ყველაფერში და დროა, ცოტა დავასვენო ხალხი-მეთქი. ამის გამო, პატარა ტაიმაუტიც ამიღია. უთქვამთ, ყველგან შენ როგორ ხარო?! ამას მეგობრებიც მეუბნებიან, მაგრამ მეგობრის ხუმრობა და ვიღაცეების არასასიამოვნო დამოკიდებულება სულ სხვადასხვაა. რაღაც შემთხვევაში, დავეთანხმე კიდევაც მათ. ვიფიქრე, არაა საჭირო, ყველგან შენ იყო და ადამიანს თავი მოაბეზრო-მეთქი.
– ჭორები, რომელიც შენზე გსმენია.
– ძალიან ბევრი. ხან ვისთან დამაწყვილეს, ხან ვისთან. ლიკა ევგენიძე ჩემთვის უახლოესი ადამიანია, მისი შვილის ნათლია ვარ. გავიგე, რომ მე და ლიკას, თურმე ადრე ძალიან გვყვარებია ერთმანეთი (იცინის). ჩემი და ნინი ბადურაშვილის რომანი ხომ იმდენად გახმაურდა, კინაღამ თვითონაც დავიჯერეთ (იცინის).
– რადგან ცნობილ ადამიანებზე დავიწყეთ საუბარი, გიორგი ბახუტაშვილზე გკითხავ. თქვენი მეგობრობა სერიალიდან დაიწყო თუ მანამდეც იცნობდით ერთმანეთს?
– კი, სერიალიდან დაიწყო. გიორგი ძალიან მიყვარს და კადრს მიღმაც ისევე ვმეგობრობთ, როგორც სერიალში. მაგრამ, სინამდვილეში, თანასწორი ურთიერთობა გვაქვს, ისე არ მჩაგრავს, როგორც იქ (იცინის).
– იმ ორიგინალური საჩუქრის შესახებაც მოგვიყევი, რომელიც ბეას, გიორგის შვილს გაუკეთე დაბადებისას.
– ბეა რომ დაიბადა, ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლებოდა, გახარებოდათ და უცებ მომაფიქრდა, ბეას სახელობის კონიაკის ჩამოსხმა. დავთქვით, რომ ეს კონიაკი ბეას ქორწილზე უნდა გავხსნათ. მგონი, მართლაც ორიგინალური საჩუქარია (იცინის). ეს ბავშვი იმდენად საყვარელია, რომ მასზე დამოკიდებული გავხდი. პერიოდულად „ლომკა“ მემართება. მინდა, მივვარდე და ჩავეხუტო. ყველაფერთან ერთად, ულამაზესი პატარაა.
– შენი ოჯახი გაგვაცანი.
– მშობლებთან და მამიდასთან ერთად ვცხოვრობ. უმცროსი ძმა მყავს, რომელიც ახლახან დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად, ხან ცალკეა, ხან ჩვენთან. მოკლედ, ერთი დიდი ოჯახი ვართ. კიდევ მყავს ძაღლი, რომელიც მაჩუქეს როგორც პიდბული, მაგრამ სინამდვილეში, სხვა ჯიშის აღმოჩნდა (იცინის). თუმცა, ულამაზესია და ისიც ჩვენი ოჯახის წევრია.
– ამბობენ, ბახვა ნანი ბრეგვაძის ნათესავიაო.
– ნათესავი არა, მაგრამ ძალიან ახლობლები ვართ ოჯახებით. დედაჩემი და მათი ოჯახი კარის მეზობლები იყვნენ და ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. შესაბამისად, ძალიან ახლოს ვართ და მათი ოჯახი ძალიან მიყვარს. უნიჭიერესები არიან და მიხარია, რომ მათ გზას ნატალიაც აგრძელებს.
– ბოლო პერიოდში სერიალში სულ ნაცემი ხარ, რამაც შენი გულშემატკივრები აღაშფოთა. ნაკლებად, მგონია, ცხოვრებაში მუშტებზე იყურებოდე, მაგრამ რაღაც დოზით, მაინც არის ეს მომენტი ყველა ბიჭის ცხოვრებაში.
– კი, ჩემთანაც იყო ეგ პერიოდი, მაგრამ უფრო პატარა ასაკში. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ სხვა გზითაც შეიძლება პრობლემის მოგვარება. ბავშვობაში, ერთხელ ვიღაცამ სკოლაში ნაყინი მესროლა. ძალიან მომწონდა ის ზედა, რომელიც იმ მომენტში მეცვა და ამის გამო დაიწყო ჩხუბი, ერთი ამბები (იცინის). მახსოვს, გუდაურში „კანატკაზე“ ვიყავი და იქიდან დავინახე, რომ ჩემი ძმა ჩხუბობდა. გადავხტი „კანატკიდან” და პირდაპირ ჩხუბში ჩავხტი (იცინის). ჩემს ძმას ხუთი ბიჭი ურტყამდა და რა გამაჩერებდა – თხილამურის ჯოხით დავიწყე ბრძოლა მის დასახსნელად (იცინის). რომ წამოვიზარდე, მცირე დოზით იყო ქუჩა და ყველასთვის ცნობილი სიტუაციები, მაგრამ მალევე გადავერთე სწავლაზე. ქუჩაში დგომისთვის დრო აღარ მრჩებოდა. თუმცა, საერთო ჯამში, სერიალში რომ სულ დაჩაგრული და ნაცემი ვარ, სინამდვილეში, ასე არაა. მეც არაერთხელ გამომიყენებია მუშტები. თან, პუტკუნა ვიყავი და ძალის ნაკლებობას არ ვუჩიოდი (იცინის).
– ცნობილ ქართველ მამაკაცებს შორის, სიმპათიური და სასურველი სასიძოების ათეულში მოხვდი. მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ობიექტურად რომ ვთქვა, ეს შეფასება გადამეტებულია, მაგრამ ჩემთვის მაინც სასიამოვნოა. მიხარია, თუ ასე ფიქრობენ. პირად ცხოვრებას, რაც შეეხება, რამე სერიოზული რომ იქნება, გეტყვი. ერთად დაგვხდებით ინტერვიუზე ხელიხელჩაკიდებულები (იცინის). მაგ ათეულის გარდა, მსახიობების „ტოპ-ათეულშიც“ მოვხვდი (იცინის). სულ ვამბობდი, მე მსახიობი არ ვარ-მეთქი, მაგრამ ისეთი დიდი გამოცდილება მივიღე, სერიალში, რომ ვხუმრობ, „ფორმულა კრეატივის“ სამსახიობო სკოლაში ვსწავლობ-მეთქი.
– ძალიან კარგი. პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ – როგორი ქალი წარმოგიდგენია შენს მეუღლედ?
– ჩემი ცოლი გარეგნულად შარმიანი და ცხოვრებაში აუცილებლად რეალიზებული უნდა იყოს. თავის საქმე უნდა ჰქონდეს. „ქალი სამზარეულოში“ – ძალიან მოძველებული სტერეოტიპია. მაგრამ, თუ ქალს ამის სურვილი თვითონ აქვს, კი ბატონო.
– თუმცა, ვიცი, რომ გურმანი ხარ.
– კი და სასურველი იქნება, თუ გემრიელი კერძების მომზადება შეეძლება. მეც რომ შემეძლოს, მოვუმზადებდი. სხვათა შორის, რაღაცების მომზადება ვიცი.
– ოჯახში როლების განაწილებაზე რას ფიქრობ – საჭმელი, დალაგება, ბავშვი და ასე შემდეგ...
– ჩემი აზრით, ვისაც რისი გაკეთება შეუძლია და სურვილი აქვს, ის უნდა გააკეთოს. თუ დრო გვაქვს, შეგვიძლია სახლი ერთად დავალაგოთ, რა პრობლემაა?! მგონია, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, ყველაფრის კეთება გსიამოვნებს. ვერც დალაგებაში ვხედავ პრობლემას და ვერც ბავშვის დატოვებაში, როცა მეუღლეს სადღაც წასვლა უწევს. ისიც არ მინდა, მე მითხრას, გინდა თუ არა, შენ უნდა იდგე სამზარეულოშიო (იცინის). რა თქმა უნდა, ასე არ იქნება და არც მე დავაძალებ მსგავს რამეებს ჩემს მეორე ნახევარს. მგონია, რომ ადამიანს სურვილი უნდა ჰქონდეს, რამით გაგახაროს, რით? – უკვე მისი გადასაწყვეტია. საუკეთესო ვარიანტია, როცა წყვილი რეალიზებულია და საოჯახო საქმეებში ერთმანეთს ეხმარება შეძლებისდაგვარად. მე, მაგალითად, უთოობა არ ვიცი და ვერ დავახვედრებ გაუთოებულ ტანსაცმელს, მაგრამ ის თუ დამახვედრებს, ძალიან გამიხარდება. მერე მე ჩემებურად გავახარებ (იცინის). მაგრამ სურვილისამებრ, არანაირი „უნდა“!
– მიმდინარე მოვლენებსაც შევეხოთ. როგორც ვიცი, ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან მეგობრობ. რა შეგიძლია, მითხრა მათ დაპატიმრებასთან დაკავშირებით?
– მეძინა და ერთ-ერთმა საინფორმაციომ დამირეკა, შენი მეგობრები დაიჭირეს და სასწრაფოდ კომენტარი გააკეთეო. კინაღამ ვეღარ გავიღვიძე, ისე განვიცადე ეს ამბავი. ამასთან დაკავშირებით, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. მინდა, რაც შეიძლება, მალე ვნახო ორივე გარეთ. ძალიან დიდი ხანია, როსტოსთან ვმეგობრობ. კურტანა მართალია ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
– სასამართლოზე როსტომ განაცხადა, რომ ლაშა საქმის კურსში არ იყო, რა იყო მანქანაში. მის ადგილას, შესაძლოა, ჩემი მშობლებიც მსხდარიყვნენ და მათაც ბრალს ხომ არ წაუყენებდითო.
– როგორც თქვა, ალბათ, ეგრეა. ერთადერთი ის მინდა, რომ ძალიან მალე ვნახო ისინი გარეთ. ყველანი ძალიან ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, მათ ბიოგრაფიას გაითვალისწინებენ, არცერთს აქამდე მსგავსი რამ არ შემთხვევია. იმედია, ეს იმოქმედებს და ყველაფერი კარგად დამთავრდება.