ვინ ეჭვიანობდა სოფო გელოვანზე ქმრის გამო და როგორ ეხმარება მას მეუღლე სიმშვიდის მოპოვებაში
სოფო გელოვანი თავის უმცროს, 10 წლის დაზე, ანო გელოვანზე, 20 წლით უფროსია. შესაბამისად, მას ანოს დაბადება ძალიან კარგად ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობაა, ისინი კარგი მეგობრები არიან და რაც მთავარია, ძალიან საყვარელი, ჭკვიანი ანო სოფოს ასლია.
სოფო გელოვანი: კარგად მახსოვს, დედა რომ მოვიდა ჩემთან და ჩემს ძმასთან და გვითხრა – შვილს ველოდებიო. ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ველოდებოდით ანოს დაბადებას, დავდიოდით მაღაზიებში ტანსაცმლის საყიდლად. სამნი ვიყავით და ვიცოდით, რამხელა ბედნიერებაა, დედმამიშვილი რომ გყავს. არცერთი არ ვიყავით პატარა და ყველას ძალიან ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა. სხვათა შორის, დედაჩემი ანოზე რომელმა ექიმმაც ამშობიარა, მერე იმან მამშობიარა მეც. ანოს დაბადება კარგად მახსოვს. უცბად მოხდა ყველაფერი, კონცერტი მქონდა, ჩემმა ძმამ დამირეკა: გილოცავ, ანა დაიბადაო. ძალიან ლამაზი, მშვიდი ბავშვი იყო, ადვილად გასაზრდელი. სანამ გავთხოვდებოდი, ჩემს ხელში გაიზარდა ანო.
– ფაქტობრივად, შენი პირველი შვილია.
– კი, პირველი შვილი იყო. ღამეებს ვუთენებდი, ფაქტობრივად, პრაქტიკა გავიარე მასზე. სამივე დედმამიშვილს ძალიან დიდი ამაგი გვაქვს ანოზე.
ანო გელოვანი: ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ – ყველაზე მეგობრული დაა მთელ მსოფლიოში. მოსიყვარულეც არის. კუდივით დავყვები აბსოლუტურად ყველგან. გულახდილად რომ ვთქვა, სოფოსთან ერთად ყველაზე კარგად ვერთობი.
როცა სახლში მარტო ბავშვების გარეშე ვართ, სულ ვჭორაობთ. ჩემს საიდუმლოებებს ვეუბნები ხოლმე. სკოლასთან, მეგობრებთან დაკავშირებით ვეკითხები და რჩევებს მაძლევს – როგორ უნდა მოვიქცე. ისე, სოფო ძალიან მკაცრია, თუ რამე მაქვს შესასწორებელი, მეუბნება: ასე არ შეიძლებაო. თუ საჭიროა, ტონსაც იცვლის.
სოფო: ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ როცა კარგი ნიშანი ექნება, კარგად ისწავლის, ჩემგან სიურპრიზს უნდა ელოდოს. როცა კარგ ნიშანს იღებს, პირველი მე მირეკავს, რადგან იცის, ძალიან გამიხარდება. მისი კარგად სწავლა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია. ძალიან უყვარს ჩემს ახალ სახლში დარჩენა. დათა და ანო და-ძმასავით არიან. ანო დათასთვის უფრო დაა, ვიდრე დეიდა.
ანო: ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს იტყვის ხოლმე დათა: ჩემი მეორე დედა ხარო. რომ გამაბრაზებს, მერე ვეუბნები: გაჩერდი, მე შენი დეიდა ვარ, შენზე უფროსი ვარ-მეთქი.
– სოფო, ნოდიზე ან შენს შვილზე ხომ არ ეჭვიანობდა?
ანო: ერთი პერიოდი, პატარა რომ ვიყავი, ვეუბნებოდი: შენი ქმარი უნდა წაგართვა, მე უფრო მიყვარს-მეთქი.
სოფო: იმდენად უყვარს ნოდი, რომ ჩემზე ეჭვიანობდა. ნოდისაც მასზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. ეს ადამიანი ყველას გვაერთიანებს. მან სხვანაირად დაგვანახვა ცხოვრება, დედაჩემიც სხვანაირი გახდა. სულ ამბობს: ანა რომ არ მყავდეს, უფრო მეტად მოვეშვებოდიო. სტიმული აქვს, ცდილობს, უკეთ იყოს. მამაც ცდილობს, ფორმაში იყოს. სამ ძმისშვილთან ერთად იზრდება ანო და მათზეც ზრუნავს. რამეს რომ მივიტან, აუცილებლად სამივეს გადაუნაწილებს.
ანა: დეიდაც ვარ და მამიდაც. მინდა, მალე ნათლიაც გავხდე, მაკლია რაღაც. ჩემს ძმისშვილებს უფრო ხშირად ვეუბნები: მამიდა არ გააბრაზოთ-მეთქი, რადგან მათთან უფრო ხშირად ვარ.
სოფო: სხვათა შორის, უცბად რაღაც საქმე რომ გამომჩენია, ანოსთვის ცოტა ხნით დამიტოვებია 1 წლის აკა.
ანო: პირველად ხელში რომ ავიყვანე, შემეშინდა, მაგრამ ახლა ვაბზრიალებ. დათაზე რომ იყო ორსულად, არ ვიცოდი, მერე „სკაიპში“ დაველაპარაკე და დიდი მუცელი ჰქონდა. 3 თუ 2 წლის ვიყავი და რომ ვკითხე, რატომ გაქვს დიდი მუცელი-მეთქი, ბურთი მიდევს შიგნითო. დედას ვკითხე: რატომ უდევს მუცელში ბურთი-მეთქი – იმიტომ, რომ დათას ელოდებაო. ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა... თავიდან ცოტას ვეჭვიანობდი დათაზე, მაგრამ მერე, ცოტა რომ წამოზარდა, ვთამაშობდით. შემიყვარდა.
სოფო: ანო ჩემი ასლია, ისე მგავს. ოღონოდ უფრო ჭკვიანი, გონებაგახსნილი და თამამია. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მეცეკვა და ახლა, ანო რომ ბალეტზე დადის, ამით ჩემი ოცნება ავისრულე.
ანო: „ჯეოსტარში“ რომ იყო სოფო, ფრჩხილებს ვიკვნეტდი: ნეტავ, გადავიდა თუ არა... ძალიან ვნერვიულობდი. დარბაზში ვიყავი ფინალზე და ვიტირე: რატომ არ გაიმარჯვა – სოფო ხომ ყველას ჯობია-მეთქი.
– არ გიყვარს სოფოს ლამაზი კაბების ჩაცმა?
– ძალიან მიყვარს. ერთხელ შევიპარე, ქუსლიანები ჩავიცვი და ფოტოც გადავიღე.
სოფო: მე სახლში არ ვიყავი და ფოტო დადო „ფეისბუქზე“: ჩემი კაბა აცვია, ფეხსაცმელი და პოზიორობს. ჩემი ოცნება იყო ქალიშვილი მყოლოდა, მაგრამ თუ არ მეყოლება, მშვიდად ვარ, გოგო უკვე მყავს. ანოს, როგორც შვილს, ისე ვუყურებ, ვიდრე დას. ანო, გახსოვს, ზაფხულში ქარმა კინაღამ რომ მოგიტაცა? მოკლედ, წავკისში საშინელი ქარი ამოვარდა. გავიხედე და ანო ხეზეა და ქარს მიაქვს. გავგიჟდი, ფეხებში მოვკიდე ხელი და სახლში შემოვათრიე. იმის მერე ცოტა ქარის შიში გვქონდა.
– სოფო, შენი და-ძმა რას საქმიანობს?
– ჩემი ძმა უფროსია და გატაცებულია მეღვინეობით. მეც შემაყვარა ღვინო, მასწავლის კარგი ღვინის ფასს. წყლულეთში იყიდა სახლი, სადაც ვენახი გააშენა. ახალი ჯიშის ვაზი დარგო და მეც დავეხმარე დარგვაში. პროცესი იყო სასწაული. ვხვდები, რომ მეც ნელ-ნელა სხვანაირად ვგრძნობ ღვინის ფასს, სხვანაირად ვსვამ. ვამაყობ ჩემი ძმით, იშვიათი ადამიანია. რაც შეეხება დას, ის ჩვენ შორის ყველაზე ნიჭიერია, გერმანიაში სწავლობს, თან მუშაობს. ჩემთვის ოჯახი ყველაფერია და ოჯახზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. ბავშვს ბევრი სიყვარული უნდა მისცე. მერე, რომ იზრდები, გინდა, ისეთივე ოჯახი შექმნა, როგორშიც გაიზრდე. სიყვარულში გავიზარდეთ, მამა უფრო მკაცრი გვყავდა, თუმცა, რადგან ხშირად იყო გასული, უფრო მეტად დედამ გაგვზარდა.
– თქვენს ოჯახში როგორ არის?
– მეც და ნოდიც ორივე ჩართულები ვართ ბავშვების აღზრდაში. როცა ქმარი ამ თემასთან დაკავშირებით გეხმარება, შენც მშვიდად ხარ. აბსოლუტურად თანაბარი ვართ გადაწყვეტილებების მიღებაში. გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობენ, ძალიან მოდაშია. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. შეიძლება არიან ქალები, რომლებსაც სიამოვნებთ, რომ კაცია ყველაფერი და იყვნენ ასე, თუ უნდათ. არის ოჯახები, სადაც ქალი როგორც არის, ისეა კაციც და ყველას თავისი შეხედულება აქვს. ჩვენ ერთად ვწყვეტთ ყველაფერს, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
– ცოტა ხნის წინ ახალ სახლში გადახვედი, რომელიც ძალიან ლამაზი და მყუდროა.
– მე და ნოდი ბავშვებთან ერთად გადმოვედით, თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ მივეჩვიეთ. სახლი ორივეს გემოვნებით მოვაწყვეთ მინიმალისტურად, სადად. მთავარია, სახლში მყუდროდ და მშვიდად გრძნობდე თავს.
– არ აპირებ მესამე შვილის გაჩენას?
– არ ვიცი, ჯერ დასვენება მინდა. ერთი წლის აკამ ისე დამღალა, ისე გადამრია, საერთოდ არ მძინავს. ამიტომ, ზოგჯერ ეგოისტურად ვარ, საკუთარი თავი მეცოდება.
– ჯერ ადრეა ანოს გათხოვებაზე საუბარი, მაგრამ სადღაც ხომ მაინც უშვებ ამას.
– დიდი რენტგენის გავლა მოუწევს ანოს ქმარს, ამდენი ვართ. თან, ის პატარებიც გაიზრდებიან. ჩემი შვილი ისეთი ეჭვიანია, ვინმეს ხელს რომ ჰკიდებს, გიჟდება. ასე რომ, ანოს დიდი ამბები ელოდება.