რა ტრაგიკული შემთხვევები დაემთხვა ბარბარა სამხარაძის გამარჯვებას და რატომ ვერ ასწრებს ის სიხარულის გააზრებას
მხიარული, ხალისიანი და საყვარელი ბარბარა სამხარაძე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი გოგონას ცხოვრებაში, გამარჯვების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პიროვნულად ის ისევ ისეთი თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე დარჩა. მომავალი სასწავლო წლიდან მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ის სწავლას თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გააგრძელებს, შემდეგ კი სასურველ პროფესიას, პროგრამირების განხრით, უნივერსიტეტში დაეუფლება. რა ხდება მომღერლის ცხოვრებაში, სტატიიდან შეიტყობთ.
ბარბარა სამხარაძე: „ნიჭიერის” შემდეგ ჩემს ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჩემი მატერიალური შესაძლებლობები. რაც ეკრანზე გამოვჩნდი, ხალხმა გამიცნო და ახლა, როგორც კონკურსანტს, ისე კი არ მომიხსენიებენ, არამედ, როგორც გამარჯვებულს. ბევრი მეგობარი შევიძინე, მაგარი ადამიანები გავიცანი და უფრო დავუახლოვდი ისეთ ხალხს, რომელთა გაცნობა კი არა, დანახვაც ოცნებად მქონდა გადაქცეული. ბავშვობაში დედაჩემს ვეუბნებოდი: გზაში რომ გაივლი, გაგაჩერებენ და გკითხავენ: შენ ბარბარა სამხარაძის დედა არ ხარო? ხშირად მესიზმრებოდა, რომ სცენაზე ვიდექი და ტაშს მიკრავდნენ. ცრემლებით ვიღვიძებდი. ისეთი ტკბილი სიზმრები იყო, გაღვიძება არ მინდოდა და ბევრჯერ სიკვდილი მინატრია, რადგან, რაც მესიზმრებოდა, ის არასოდეს დამთავრებულიყო. ახლაც, ისევ ისე, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც გამარჯვებამდე.
– თბილისში გადმოხვედი საცხოვრებლად?
– ამჟამად ჩემი საბუთები სოფლის სკოლაშია. მე-10 კლასს როგორც კი დავამთავრებ, აქეთ გადმოვალ სასწავლებლად. ძირითადად, თბილისში ვცხოვრობ. ჩვეულებრივად შევეგუე აქაურობას, მაგრამ ხალხში არ ვმოძრაობ. არ მიყვარს ხალხში გასვლა, რადგან ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვექცევი და თავს უხერხულად ვგრძნობ. მართალია, ყველა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, მაგრამ არის მომენტები, როცა ჩემი პირადი პრობლემები მაქვს და ღიმილი არ შემიძლია. ხალხს კი, როგორიც მოსწონხარ, ისეთი უნდა იყო – ისე უნდა შეხვდე. ამიტომ მირჩევნია, ხშირად არ ვიყო მათ გარემოცვაში. როცა, სადმე გასვლა მჭირდება, ტაქსით გადავადგილდები ხოლმე.
– სოფელში ხშირად ჩადიხარ? როცა თბილისში გადაწყვიტე გადმოსვლა, მშობლებმა რა გითხრეს?
– ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას, მაგრამ, როცა იქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მშობლებს დავეხმარო და შეძლებისდაგვარად, საქმე შევუმსუბუქო. ძალიან მენატრება ჩემი სოფელი. დღე არ გავა, რომ არ ვიწუწუნო. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ სოფელში უკვე სტუმრის სახელით მიწევს ჩასვლა – ჩემს სახლშიც სტუმარი ვარ. დედას რომ ვუთხარი, აღარ გამომადგებოდა სოფელში ყოფნა და იგივე საქმის კეთება, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირიქით, მითხრა, რომ, როგორც შეძლებდა, ხელს შემიწყობდა, დამეხმარებოდა. უბრალოდ, მთხოვა, სწავლა გამეგრძელებინა. რამდენიმე ხნის წინ ვუთხარი, რომ ბარში მინდოდა მემღერა, მაგრამ გამიპროტესტა. ჯერ ისწავლე და მერე, რაც გინდა, ის ქენიო. საზოგადოებაში ჩაიძირები, თუ არ ისწავლიო და მართალიცაა. მამამ გზა დამილოცა და წარმატება მისურვა, რათა უფრო ვასახელო კახეთი, ოჯახი და ჩემი სოფელი. მამასთან და დედასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მამასთან უფრო ახლოს ვარ. მასთან ძალიან გულახდილი ვარ. ერთხელ სკოლაში უთანხმოება მქონდა. ბიჭებთან ჩემი მეგობრობა ზოგმა ცუდად გაიგო და რაღაც პრობლემა გაჩნდა. მამას მოვუყევი ამის შესახებ და ვუთხარი: თუ გიყვარვარ, დედას არ უთხრა-მეთქი. ვიდრე დედას თვითონ არ ვუთხარი, მანამდე სიტყვა არ დაუძრავს. მამას, „მამას” არ ვეძახი, გიორგი ჰქვია და გიოთი მივმართავ. როცა მამას ვეძახი, მეკითხება: რა გინდა? (იცინის) უკვე ხვდება, რომ რაღაცა უნდა ვთხოვო.
– დედასთან მიჯაჭვული იყავი, როგორც ვიცი. მშობლების გარეშე ცხოვრება არ გიჭირს?
– ჩემი მეორე დედა ჩემი დაა. ყველაფერში დედას აზრს ვითვალისწინებ. იქაც არ ვასვენებ და ყოველდღე ვურეკავ – ხან რას ვეკითხები, ხან რას. მისი რჩევებით განვაგრძობ ცხოვრებას. არასდროს წამიგია, როცა მისთვის დამიჯერებია. ხანდახან ვეწინააღმდეგები და ჩემს აზრს გამოვთქვამ, მაგრამ ბოლოს, მაინც დედას აზრზე ვრჩები. რამდენჯერაც არ დავუჯერე, იმდენჯერ ცხვირი წავიტეხე. ახლა არ ვგულისხმობ რაიმე სერიოზულს და საგანგაშოს, მაგრამ პატარ-პატარა წვრილმანებში ყოველთვის ასე ხდებოდა. ძალიან მომწონს ჩემი დღევანდელი ცხოვრება. გამარჯვებამდე რთული ნაბიჯებით მივედი, მით უმეტეს, ნახევარფინალამდე, რადგან ამ დროს გარდამეცვალა უახლოესი მეგობარი და ბებია. ამიტომ, ის სიხარული ვერ ვიგრძენი, რაც რეალურად უნდა განმეცადა. რომ ვმღეროდი, იმათი სახე წარმომიდგებოდა ხოლმე. როცა ეს ყველაფერი ჩამთავრდა, მეორე ბებია გარდაიცვალა. შეიძლება ითქვას, ვერ ვასწრებ ამ სიხარულის გააზრებას. ბევრი ტრაგიკული შემთხვევა დაემთხვა ჩემს გამარჯვებას.
– გადაწყვეტილი გაქვს, სამომავლოდ რა პროფესიას უნდა დაეუფლო?
– დიახ, პროგრამისტობა მინდა. გოგოსთვის ცოტა უცხოა, მაგრამ როცა გავიგე, ხმის ჩამწერი სტუდია 100 000 დოლარი ღირდა, მაშინ გამიჩნდა ამის სურვილი. ვიდრე „ნიჭიერში” გამოვჩნდებოდი, მანამდე მინდოდა, საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია მქონდოდა, სადაც თავად შევქმნიდი ჩემს მუსიკას. სიმღერების წერაც გამომდის – მუსიკისა და ტექსტისაც. ერთადერთი, რაც მაკლდა, აპარატურა და იმის ცოდნაა, თუ, როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. ამიტომ, გადავწყვიტე, გავხდე პროგრამისტი. ვიმედოვნებ, 25 წლამდე ჩემი შემოსავალი მექნება და აპარატურასაც შევიძენ. ამ ასაკიდან ერთგულად შევუდგები ჩემი მუსიკის კეთებას. ჩემს მეზობლად არის მიტოვებული სამსართულიანი სახლი. დედას სულ ვეუბნებოდი, თუ ოდესმე სტუდიას გავხსნი, ამ სახლში მექნება-მეთქი. ჩემი ცხოვრება სოფლის გარეშე ვერ წარმომიდგენია და დღემდე მიზნად მაქვს, ის სახლი ჩემი სტუდია იყოს, თუ მანამდე არ გაიყიდა (იცინის).
– საქართველოში მომღერლებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი ჰონორარით უზრუნველად იცხოვრონ? მოგწონს პოპულარობა?
– მომღერალი, როგორც ასეთი პროფესია, არ არსებობს. მომღერალს მეორადი პროფესიაც უნდა ჰქონდეს. აბა, ხმა რომ დაკარგოს, უკვე არაფერი იქნება. ამიტომ, უნდა ჰქონდეს კიდევ სხვა პროფესია, რომელსაც დაეყრდნობა. რაც შეეხება პოპულარობას, დასაწუნი არაფერი აქვს (იცინის). როცა ცნობილი ხდები შენი ხასიათი მეორეხარისხოვანი ხდება და ყველას უნდა გაუღიმო, გაუცინო. ამ დროს საკუთარ პრობლემებს გვერდზე დებ. ვინმესთან რომ სურათი არ გადაიღო, მერე ამბობენ: „თავში აუვარდა”, „მაგას რა ჰგონია, ეგ სოფლელი” და ასე შემდეგ. ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაც ხელოვნურად გავუღიმე ერთ ქალს და მომაძახა: რა გგონია, შენ საიდან ხარ მოსულიო. ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა მეგობრებმა, მეზობლებმა, კლასელებმა არ აღმიქვან ისე, როგორც „ნიჭიერის” გამარჯვებული ბარბარა. მინდა, მთვლიდნენ თავიანთ მეგობრად, კლასელად, რომელთანაც 9 თუ 10 წელი გაატარეს. ვცდილობ, შევინარჩუნო ის სახელი და ადამიანობა, რაც აქამდე მქონდა. შევეცდები, არასდროს დავკარგო საკუთარი „მე”.
– შეყვარებული გყავს?
– არა და ამ შეკითხვაზე სულ მეცინება. საერთოდ, ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ვხედავ. არასოდეს მყვარებია ვინმე და ალბათ, არც არასდროს შემიყვარდება ისე, თან რომ გადავყვე. ვფიქრობ, სიყვარული 22-დან 30 წლამდე უნდა გეწვიოს. ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული ხარ და იცი, რა გინდა. არასდროს ვყოფილვარ ისეთი, მაგალითად, ბიჭი რომ კუნთს დაჭიმავდა და ყველა გოგო ძირს ეფინებოდა. პირიქით, მეც ვეუბნებოდი: ნახე, რა მაგარი კუნთი მაქვს-მეთქი. ბიჭს ბიჭობაში არ ჩამოვუვარდებოდი და დღემდე მიყვარს, როცა ბიჭი „ძმაოს” ან „ჯიგარს” მეძახის. გოგო რომ დაქალს მიწოდებს, შეურაცხყოფად მიმაჩნია. გოგო მეგობარი თითქმის არ მყავს, რადგან მათ ვერ ვენდობი. გოგო ყოველთვის გაგჭორავს სხვასთან, ბიჭი ამას არასოდეს გააკეთებს – არ დაგტოვებს ტალახში მიგდებულს. ჩემთვის ბიჭი უფრო სანდოა, ვიდრე გოგო.