რისთვის ითხოვდა თაზო გახარია დახმარებას ჩაჩავას სამშობიაროში და რატომ აფარებდა მსახიობი სცენაზე კაბას თეკლა ჯავახაძეს, შემოხევის ნაცვლად
ახალგაზრდა მსახიობი თაზო გახარია მაყურებელმა ერთდროულად ორ სერიალში ნახა: GDS-ზე – „მზარეულებში“ და „მაესტროზე” – „ჩვენ გვერდით“. თაზო ორივეგან შეყვარებული ბიჭის როლს ასრულებს, თუმცა, ერთგან მორცხვი, მიამიტი და მხიარული ბიჭია, მეორეგან კი – მოძველბიჭო მამიკოს ბიჭი. საკუთარი ნიჭისა და გარეგნობის წყალობით, მან მალევე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა.
თაზო გახარია: ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ბიძაჩემიც თეატრალურზე სწავლობდა. არ დაუმთავრებია და მსახიობადაც არ შემდგარა, მაგრამ მის გამო და ზოგადადაც, მინდოდა ეს ყოფილიყო ჩემი პროფესია. ოჯახიც ბოლომდე მიწყობდა ამაში ხელს. წყალბურთზეც დავდიოდი და ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ერთი წუთით დავფიქრდი კიდეც, სპორტს ხომ არ გავყვე-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით. მოკლედ, თეატრალურში ჩავაბარე, მაგრამ, რომ არ მოგატყუო წარმატებული სტუდენტი არ ვყოფილვარ. სწავლისას პატარ-პატარა როლები იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. მერე რაღაც პერიოდი შემოქმედებითი თვალსაზრისით პაუზა მქონდა. ცოტა ხნის წინ კი, ორი სერიალი დაიწყო ჩემი მონაწილეობით: GDS-ზე – „მზარეულები“ და „მაესტროზე” – „ჩვენ გვერდით“, რომელიც უკვე დამთავრდა. რაც შეეხება „მზარეულებს“.
– თეატრში რა ხდება?
– სანამ სერიალების გადაღებები დაიწყებოდა, მარჯანიშვილისა და ვაკის სარდაფში ვიყავი დაკავებული. მაგრამ, მივხვდი, სერიალის გადაღებებს დიდი დრო სჭირდებოდა და ფიზიკურად ამდენს ვერ მოვასწრებდი. ამიტომ, სერიალების გამო მსხვერპლის გაღება მომიწია და თეატრიდან წამოვედი.
– „მზარეულების“ კოტიკოს ჰგავხარ რამით?
– სანამ გადაღებებს დავიწყებდით, რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ მითხრა: კოტიკო ცოტა მოდებილო ბიჭი უნდა იყოს, ბევრჯერ რომ სჭირდება ყველაფრის ახსნა და გოგოებთან ურთიერთობისასაც კომპლექსდება, თუმცა ძალიან ერთგულიო. თავიდან ცოტა გამიჭირდა მისი ხასიათის დაჭერა. პირველ სერიებს რომ ვუყურებ, ვატყობ, ცოტა აჭრილი ვარ. მაგრამ, მერე მსახიობებიც შევთამაშდით და ყველაფერი დალაგდა. მიუხედავად იმისა, რომ კოტიკოს ნათია უყვარს, მაინც არ შეუძლია, მასთან ბოლომდე ისეთი იყოს, როგორიც თვითონ უნდა. რაღაც მომენტებში ჩაგრავს კიდეც ნათია. ის ძალიან დამთმობია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, წინ ვეღარავინ დაუდგება. მე კოტიკოს საერთოდ არ ვგავარ. ერთ მსგავსებასაც კი ვერ ვხედავ. ზუსტად ვიცი, დებილი არ ვარ (იცინის). არც გოგოებთან ურთიერთობა მიჭირს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ამის პრობლემა არ მქონია. მისგან განსხვავებით, მე ძალიან ადვილად ვბრაზდები, მაგრამ მსუბუქ ფორმებში – პატიება მარტივად შემიძლია.
– შეყვარებული თუ ხარ?
– კი, მეც შეყვარებული ვარ. ვისზე – ამის თქმა არ მინდა. თუმცა ძალიან კარგი გოგოა (იცინის). ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით და ყველაფერი თავისით მოხდა. ჩვენს გრძნობებში მალევე გავერკვიეთ. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ, დაახლოებით 4-5 თვე.
– ეგ არც ისე დიდი დროა.
– ჩემთვის ძალიან დიდია. რადგან, ბავშვობისდროინდელ ამბებს თუ არ ჩავთვლით, არასდროს არავინ მყვარებია. სხვათა შორის, ჩემი ბავშვობის სიყვარული აქაა, „მზარეულებში“ – ალექსანდრა პაიჭაძეს ვგულისხმობ. ჩვენ კლასელები ვიყავით და „წუნა და წრუწუნასაც“ კი ვთამაშობდით ერთად ზეიმზე (იცინის). ბავშვურად გვიყვარდა თუ მოგვწონდა ერთმანეთი და ახლაც ვხუმრობთ ხოლმე: ჩემი პირველი გატაცება და ასე შემდეგ... (იცინის).
– მას შემდეგ აღარავინ გყვარებია?
– არა. ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის მსგავსი არაფერი ყოფილა, სანამ ბოლო ურთიერთობა არ დაიწყო. ვფიქრობდი: ნეტა, საერთოდ შემიძლია სიყვარული-მეთქი?! ჩემი ძმაკაცებიდან ზოგს ცოლი ჰყავს, ზოგს შეყვარებული, მე კი 26 წლამდე არავინ მყვარებია. ცოტა შემეშინდა კიდეც, რადგან გამიგია, ზოგს საერთოდ არ აქვს სიყვარულის უნარიო და ვიფიქრე, მეც მათ რიგს ხომ არ მივეკუთვნები-მეთქი. თუმცა, ახლა აღმოვაჩინე, რომ სიყვარული მეც შემძლებია.
– შეყვარებული თაყვანისმცემელ გოგონებზე არ ეჭვიანობს?
– კი, ავადმყოფურად ეჭვიანია (იცინის), ყველგან და ყოველთვის. თუმცა თაყვანისმცემელ გოგოებს ძალიან ჩვეულებრივად უყურებს... თუ რამე, თავსაც გადაპარსავს (იცინის). სადმე ერთად რომ ვყოფილვართ და გოგოები მოსულან – ვაიმე, კოტიკოოო და ჩამხუტებიან, მაგ დროს გვერდზე გახედვაც არ მინდა: ვფიქრობ, ნეტა ახლა მშვიდად თუ დგას-მეთქი? ისეთი თვალებით შეუხედავს იმ გოგოსთვის, რომ... (იცინის).
– აქ რომ ბავშვობის სიყვარული გყავს, მასზე არ ეჭვიანობს?
– არა. ისე, შეიძლება ეჭვიანობს, მაგრამ არ ამჟღავნებს (იცინის).
– ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?
– მყავს მშობლები და პატარა ძმა – 13 წლის სანდრო, რომელსაც გენიოსას ვეძახით. კომაროვში სწავლობს და ყოველ სამ დღეში ერთხელ სახლში დიპლომებითა და სერტიფიკატებით ბრუნდება. თავის ასაკის ბავშვებში პირველია სკოლაში და მისით ძალიან ვამაყობთ. მე ხომ უფროსი ვარ, მაგრამ მთელ ოჯახს მისი იმედი გვაქვს.
– როგორც ვიცი, ბავშვობაში ძალიან ხიფათიანი იყავი.
– კი, ყველაფერი მოტეხილი მაქვს: ორივე ხელი, ორივე ფეხი და თან არაერთხელ – ლავიწი. მარტო თავი იმდენჯერ მაქვს გატეხილი, რაოდენობა აღარ მახსოვს. ერთხელ, მახსოვს, ფეხბურთის თამაშისას ფეხი ვიღრძე და პანიკაში ჩავვარდი. ძალიან მტკიოდა და სახლში ძმაკაცებმა ხელით მიმიყვანეს. როგორც კი ისინი წავიდნენ, ისტერიკული ტირილი მოვრთე. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდნენ, რომ ტირილით გული მეჯერებინა. ბიჭებთან მაინც თავს ვიკავებდი (იცინის). მე და გიორგი მახარაძე ჯგუფელები ვართ. ერთხელ ის რაღაც ტურნიკზე დაეკიდა და ჩავთვალე, რომ ამის გაკეთება მეც უპრობლემოდ შემეძლო. სამწუხაროდ, მასავით მოქნილი არ ვარ და ჩემი მცდელობის შედეგად, მაჯა მოვიტეხე. საშინელი სანახავი იყო – ეს მაჯა მთლიანად ზემოდან მომექცა. ვყვიროდი, დროზე ხელი გამისწორეთ-მეთქი. რომელ გასწორებაზეა საუბარი, ზედ ვერც კი მიყურებდნენ, ისეთი საშინელება მჭირდა. ფილარმონიასთან ახლოს ვიყავით და რაც შეგვხვდა, პირველივე საავადმყოფოში შევვარდით – ჩაჩავას სამშობიაროს ვგულისხმობ (იცინის). ექიმს ვეუბნები, სწრაფად ხელი გამისწორეთ-მეთქი. შვილო, რა უნდა გაგისწორო, მე ქალებს ვამშობიარებ და მშობიარობა თუ გინდა, კი ბატონოო, მითხრა (იცინის). იქიდან რესპუბლიკურში წამიყვანეს, გზაში სამჯერ წამივიდა გული და სახეში მიტყაპუნებდნენ, არიქა, მოვასულიეროთო. წამივიდეს გული, რა იყო-მეთქი ვიხვეწებოდი – ტკივილს მაინც აღარ ვიგრძნობდი (იცინის).
– „მზარეულებში” შენს პარტნიორთან, თეკლა ჯავახაძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს სინამდვილეში?
– მე, თეკლა და გიორგი მახარაძე ჯგუფელები ვართ და ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებს. ერთი ოჯახივით ვართ. რატომ? – არ ვიცი, მაგრამ მე და თეკლა ყველგან ერთად ვთამაშობთ. ხან ცოლ-ქმრის, ხან საყვარლების და ხანაც შეყვარებულების როლს. ერთ სცენაში, ჩემი გმირი თეკლას პერსონაჟს აუპატიურებს. რეჟისორი მეუბნება კაბა უნდა შემოახიო და მაქსიმალურად შეხვიდე როლშიო. დარბაზი ხალხით იყო სავსე და იმის მაგივრად, რომ კაბა შემომეხია, ვუსწორებდი, არაფერი გამოგიჩნდეს ამდენი ხალხის წინაშე, სირცხვილია-მეთქი და თეკლა გაგიჟდა (იცინის).