14-17 აპრილს, ნიუ-იორკში, მსოფლიოში ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაზე – „არტექსპო 2016,“ გიზო ვაშაკიძის ნახატებს დიდი წარმატება ხვდა წილად
14-17 აპრილს ნიუ-იორკში გაიმართა მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – „არტექსპო 2016.“ რომელიც უკვე 38 წელს ითვლის და წლიდან წლამდე უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებთან ერთად, გამოფენაში რამდენიმე ქართველი მხატვარიც მონაწილეობდა, რომელთა შორის იყო გიზო ვაშაკიძეც.
გიზო ვაშაკიძე: ნიუ-იორკში 2016 წლის სექტემბერში ჩავედი, სადაც ბერძნული თემის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ამ გამოფენის შემდეგ სხვადასხვა გალერეას გადავუგზავნე ნამუშევრები. რამდენიმე გალერეიდან მოვიდა პასუხი და მათ შორის იყო „არტექსპოც“. მატყობინებდნენ, რომ განიხილეს ჩემი ნახატები და მიმიწვიეს სან-დიეგოს, მაიამისა და ნიუ-იორკის „არტექსპოზე“. გამოფენაზე წარდგენილი მქონდა როგორც პეიზაჟები, ასევე ნატურმორტები და აბსტრაქციები. გამოფენა-გაყიდვამ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ვარ როგორც გაყიდვებით, ასევე, ირგვლივ მყოფთა დაინტერესებით. მოწვევა მივიღე ჩელსის გალერეიდან და ფესტივალიდან. შესაბამისად, იგეგმება რამდენიმე გამოფენა. ამ ეტაპზე, რაც ზუსტადაა ცნობილი, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მონაწილეობას მივიღებ მაიამიში ხელოვნების გამოფენაზე. მოლაპარაკების პროცესშია სექტემბერში ნიუ-იორკში, ჩელსის გალერეაში ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი ცხადია, ნიუ-იორკმა ახალი სუნთქვა გამიხსნა.
რაც მთავარია, დამთვალიერებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ გიზო ვაშაკიძის ფერწერული ტილოების ნახვისას. ძალიან ბევრმა მისი ფერწერა ძველი იმპრესიონისტების ტილოებს შეადარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალბატონი, რომელიც ყოველდღე მიდიოდა ნახატებთან და თვალმოუშორებლად შესცქეროდა მათ. როგორც გაირკვა, ის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის პროფესორია და, თქვა, რომ ეს არის ნამუშევრები, რომელთა ცქერაც არასოდეს მოგწყინდება.