როგორ გადაარჩინა 19 წლის ასაკში საკუთარი ცხოვრება დანგრევისგან ცირა კობიაშვილმა
„და მაინც, არც ერთი წარმატება არ არის ცხოვრებაში სრულყოფილი ჩემთვის უშენოდ, უსიყვარულოდ...“ – ეს პოსტი ცოტა ხნის წინ „X ფაქტორის“ კონკურსანტმა, ნიჭიერმა და მომხიბლავმა ცირა კობიაშვილმა თავის „ფეისბუქ-გვერდზე,“ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოზე დაწერა. მისი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია უკვე არავისთვისაა უცხო. ცირამ შეძლო, საკუთარ თავში ეპოვა იმის ძალა, რომ „X ფაქტორში“ გამოსულიყო, ცხოვრება თავიდან დაეწყო და რაც მთავარია, თითოეული წარმატება თუ ნაბიჯი გარდაცვლილი შეყვარებულისთვის მიეძღვნა.
ცირა კობიაშვილი: გადავედი ფინალურ ეტაპზე, ოთხი სკამის ტურიც გადავლახე და ახლა უკვე ორ სკამზე ვარ. ასე, ნელ-ნელა, ჩემი ოცნება სრულდება. თუმცა, კონკურსების ყოველთვის მეშინოდა: დაპირისპირებები, შოუს ელემენტები, ჟიურის წევრებისგან ისეთი კომენტარების მიღება, რაც შეიძლება, არ გესიამოვნოს – ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. ყველამ იცის, ჩემს ცხოვრებაში რა მოხდა და ამ ყველაფერმა მომცა იმის ძალა, გამოვსულიყავი და გვერდით გადამედო ჩემი შიში. უფრო ძლიერი უნდა ვიყო. თუმცა, დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დატვირთვის ქვეშ ვარ, რადგან დიდი ტრაგედიის შემდეგ, უცებ დამატყდა თავზე დიდი ბედნიერება. თუმცა, ეს ბედნიერებაც დიდი წინააღმდეგობებით, ემოციებითა და სტრესითაა სავსე. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ორი სკამის ტურზე საერთოდ ვიმღერებდი, რადგან წინა გამომსვლელის შემდეგ დამემართა პანიკა, ვეღარ გამოვდიოდი სცენაზე. მაგრამ, ჩემი მენტორის, გიორგის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ოთხი სკამის ტურზე ჩემი ნამღერით არავინ დარჩა კმაყოფილი, მან მომცა შანსი და უფლება არ მქონდა, ორი სკამის ტურზე ცუდად გამოვსულიყავი. სიმღერით კმაყოფილი ვარ, ცუდად არ მიმღერია, უბრალოდ, ძალიან გამიჭირდა, რადგან შინაგანად ვიყავი ცუდად. ამას დაემატა ისიც, რომ სოფო ნიჟარაძე ძალიან კრიტიკული იყო ჩემ მიმართ და ცოტა უსამართლოც. თუმცა, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მეტად გიორგის აზრი მაინტერესებს და მიხარია, რომ ის ჩემით კმაყოფილია.
– საზოგადოების მხრიდან შენს ისტორიას, ემოციებსაც მოჰყვა გარკვეული კრიტიკა?
– 90 პროცენტი ძალიან დადებითად არის განწყობილი და ხვდებიან, რეალურად, რაც ხდება. 10 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პოპულარობისთვის გავაკეთე და ვმანიპულირებ. ორჯერ იყო ამ თემაზე პრომო და ამით დამთავრდა. ახლა მე უკვე ვიწყებ ბრძოლას. თუ ხმა არ გაქვს და ვერ მღერი, ვერანაირი ისტორია ვერ გიშველის. რადგან ჩემი ისტორია მოვყევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო გადამიყვანეს. ბევრმა ჩემი ისტორია დაივიწყა და ამბობენ, რომ გარეგნობის გამო გადამიყვანეს. გიორგი გაბუნია აფასებს სიმღერას და მე რომ არ ვიყო პროექტში დარჩენის ღირსი, გარეგნობისა და ისტორიის გამო არ დამტოვებდა.
– იმ ტრაგედიის შემდეგ, რამ მოგცა იმის ძალა, სცენაზე დამდგარიყავი, შენი ისტორია მოგეყოლა და თან, გემღერა?
– მივხვდი: სახლიდან გაუსვლელობა, დეპრესია, არაფრის კეთება, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდებდა. ვიყავი იმის პირას, რომ ჩემი ცხოვრება დანგრეულიყო და მივხვდი – 19 წლის ასაკში ვერ დავინგრევდი ცხოვრებას. რადგან მომღერალი ვარ და მიყვარს ჩემი საქმე, გადავწყვიტე, პროექტში გამოვსულიყავი. თუმცა, ეს აზრი მე არ მეკუთვნოდა – მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან წამოვიდა. მე კი იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მიმეძღვნა. „X ფაქტორმა“ გამომიყვანა მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, არ მავიწყდება. ვფიქრობ, მაგრამ, უბრალოდ, დიდი დრო არ მრჩება ამაზე ფიქრისთვის. თუმცა, არ ვიცი, პროექტი რომ დამთავრდება, მერე როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება.
– მას მოსწონდა შენი ნამღერი?
– პირველივე შეხვედრისას სიმღერა ვუმღერე და იცოდა, რომ ვმღეროდი. ყველგან ამბობდა: ჩემი შეყვარებული მომღერალიაო. ჩვეულებრივ კარაოკეში რომ ვმღეროდი, ისეთი აღფრთოვანებული იყო და წარმოიდგინეთ, დიდ სცენაზე რომ დამინახავდა ასეთ პოპულარულს, როგორი ბედნიერი იქნებოდა. დღეს მე, მის გვერდში დგომას რომ არ ვხედავდე, ვერ ვგრძნობდე მას ჩემ გვერდით, ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდი, ცუდად ვიქნებოდი. ვგრძნობ მის მხადაჭერას. ვგრძნობ, როგორ მიდგას გვერდში, რადგან ძალიან დიდი წინააღმდეგობის წინაშე ვდგავარ ყოველი გამოსვლისას. ერთი წელი ვიყავით ერთად და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ჩვენ შორის სერიოზული გრძნობა ყოფილიყო. ეს არ იყო თინეიჯერული გართობა.
– რა გააკეთა მან იმისთვის, რომ ასეთი სიყვარული გქონოდათ?
– ისეთ პიროვნება, ადამიანი იყო, ისეთი მიდგომა ჰქონდა ურთიერთობისას, რომ არასდროს გადაგატანინებდა ყურადღებას სხვა რამეზე. სხვა შარმი ჰქონდა. სადაც ის იყო, სხვანაირი აურა იგრძნობოდა და სადაც არ იყო, იქ ყოველთვის რაღაც აკლდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მეც მინდოდა, მასთან ერთად ყურადღების ცენტრში ყოფნა. არასდროს მოუცია იმის საშუალება, სხვისკენ გამეხედა. ძალიან ეჭვიანიც ვარ, ყველაფერზე რეაქცია მქონდა, მასაც, მაგრამ არ იმჩნევდა. მე ცოტა ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს ემოციებს, მაგრამ ზოგჯერ ისე ზედმეტადაც კი, რომ ბრაზდებოდა: მშვიდად იყავი, თავი ღირსეულად გეჭიროსო. თვითონაც ძალიან ეჭვიანი იყო და ჩემ გარეშე, თავი ვერ წარმოედგინა. როგორი თბილიც იყო ჩემ მიმართ, ისეთივე მკაცრიც იყო. ერთ დღეს უმნიშვნელო რაღაცაზე გავბრაზდი და გადავწყვიტე, გამომეცადა: გშორდები-მეთქი, მისი რეაქცია მაინტერესებდა. მეგონა, აგრესიულად მიპასუხებდა და უცებ დასერიოზულდა და მითხრა: თუ ჩემთან ბედნიერი არ ხარ, შეგიძლია, წახვიდე იმასთან, ვისთანაც ბედნიერი იქნები. მე შენი ბედნიერებით ვიქნები ბედნიერი და ალბათ, სიყვარულიც ეს არის. თუ ჩემთან არ ხარ ბედნიერი, არ მინდა, უბედური იყო, მაგრამ არც შენი დაკარგვა მინდაო. გავგიჟდი, ეს პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო.
– ამ ეტაპზე, ალბათ, არ ფიქრობ სიყვარულზე. როგორ უყურებ ამ კუთხით შენს მომავალს?
– ოდესმე ვიღაც შემიყვარდება. ის ჩემი მეგობარიც იყო, შეყვარებულიც, ძმაკაციც, დამრიგებელიც, მშობელიც – გამზარდა. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს ვიპოვი.
– რას გულისხმობ გაზრდაში?
– ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა, ყოველთვის იცოდა – ვინ ვინ იყო. ცხოვრებისეულად გამზარდა, ჩამახედა დღევანდელ რეალობაში.
– როგორია ძველი ცირა და ახლანდელი?
– სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ცირა იყო ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ჰყავდა შეყვარებული, უნივერსიტეტში სწავლობდა. იმ ამბის მერე კი, ფაქტობრივად, ცოცხალი არ ვიყავი. მშობლებიც ვერაფერს აკეთებდნენ. სახლში ვიჯექი და რაღაცას ველოდებოდი. რომ ვიფიქრე, ეს ყველაფერი სიგიჟეში გადამდიოდა და ამისთვის კი პატარა ვიყავი, მივხვდი: ცოტათი მაინც უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მუსიკამ, ფაქტობრივად, გადამარჩინა, 100 პროცენტით არა, მაგრამ ჩემმა სტრესულმა მდგომარეობამ ცოტა უკან დაიხია. დღეს ბევრ რამეს მარტივად ვუყურებ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვინც იყო, ის აღარ არის და ამიტომაც, მარტივად ვუყურებ ყველაფერს.