კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უვლის მოსკოვში გაჭირვებაში მყოფ თენგიზ კიტოვანს და რომელ პარტიას შესწირა მისმა ქალიშვილმა 45 000

საქართველოს უახლესი ისტორია თავისას იტყვის: ვინ მტყუანი იყო, ვინ მართალი ყველა იმ ბრძოლაში, რითაც ჩრდილი მიადგა და საძირკველი გამოეთხარა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, შეიწირა ადამიანები, გაქრა ყველაფერი ღირებული და დღემდე არაფერი სწორდება. ისტორია  მოუყვება მომავალ თაობებს სიმართლეს, რადგან ის ყველაზე მიუკერძოებელი მართლმსაჯულებაა. დღეს, იმ წლების, 90-იანების მთავარი პერსონის, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მხატვრის თენგიზ კიტოვოვანის ცხოვრების შესახებ გიამბობთ. მას ხომ ყველა ამ მოვლენის დროს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ ერთგვაროვანია და  არ შეცვლილა, მაგრამ მოდი, გავიგოთ, ვინ არის სინამდვილეში თენგიზ კიტოვანი. ამისთვის მისი სამი ქალიშვილისგან არჩევანი უმცროსზე, ნათია კიტოვანზე შევაჩერე. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მისმა სახელმა და გვარმა სულ ახლახან გაიჟღერა მედიასივრცეში.  მან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 45 ათასი ლარი შესწირა. თუ როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა  პოლიტიკური პარტიის შემომწირველთა სიაში მე-80 ნომრად თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი, ამ და ბევრ საინტერესო ამბავს თვითონ გიამბობთ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
– ნათია, გვითხარით სად არის მამა, როგორ ცხოვრობს, რა უჭირს, რა ულხინს?          
– მოსკოვიდან მოშორებით  ცხოვრობს სოფელში,  კოტეჯში, საკმაოდ მძიმე პირობებში. მოგეხსენებათ, იქ როგორი ზამთარი იცის, ხის სახლია, შეშა სჭირდება. ბუნებრივი აირი იქ არ არის და არაფერი. ამიტომ სულ „ფეჩი” უნთია.  ორი წელი ვცხოვრობდი მასთან. თან, გული აწუხებს და მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ახლა მოხუცი ქალი ჰყავს აყვანილი და ის უვლის.  თვითონ იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას, მაინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება. სულ რაღაც ხდება – ხან მოქალაქეობას ართმევენ, ხან რაღაცას ედავებიან... მარგველაშვილს  მიმართა თხოვნით ორმაგ მოქალაქეობაზე და წერილობით კატეგორიული უარი მივიღეთ მისგან.  ასაკშია, თავის ოჯახთან უნდა, ძალიან უჭირს, სულაც არ მოსწონს იქ ყოფნა. მგელივით მარტო ვარო, იძახის. სულ რაღაც წინააღმდეგობები ხვდება საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით. რუსეთის მოქალაქეც იმიტომ გახდა, რომ სააკაშვილმა არ შემოუშვა. პასპორტს დრო რომ გაუვიდა, მივიდა საქართველოს საკონსულოში, გადაიხადა ასი დოლარი და არ გაუგრძელეს, უცებ დარჩა უპასპორტოდ, არალეგალად. ამიტომ, იძულებული გახდა რუსული პასპორტი აეღო. ჩვენ, მთელი ოჯახი სააკაშვილის მომხრეები ვიყავით, ნამდვილად გვინდოდა რაღაც შეცვლილიყო უკეთესობისაკენ, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მძიმე, არაადამიანურ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ერთხელაც, რომ ჩამოვიდა  მოსკოვიდან, მერაბიშვილის წარმომადგენელი დახვდა აეროპორტში. მეც მამაჩემს ველოდებოდი აეროპორტში და მან უთხრა:  დიდხანს არ დარჩეთ, მალე უნდა წახვიდეთო. სულ პოლიტიკური ნიშნით ხდება მისი დევნა, თორემ არანაირი სამართლებრივი დევნა თენგოზე არ არსებობს. თუმცა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა პირდაპირ თქვა:  ეგ კაცი დასაჭერიაო.  
– როგორ არ არსებობს, არსებობს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბრალდება.  მან რკინიგზის დაცვის საბაბით, აფხაზეთში სამხედრო შენაერთები შეიყვანა. არძინბას პროვოკაციასაც  წამოეგო, როდესაც მან თქვა: მე გაიძულებთ, პირველმა თქვენ  გაისროლოთო. კიტოვანმაც გაისროლა.   
– სამწუხაროდ, ესეც პროპაგანდის ნაწილია. მამა მართალია, მე ამ ყველაფრის მომსწრე ვარ.  აფხაზეთში შესვლა არა მამაჩემის ნებით, არამედ შევარდნაძის გადაწყვეტილებით მოხდა. შევარდნაძეს შეეშალა, რომ იქ შეიარაღებული ძალები შეიყვანა. რაც იქ მერე მოხდებოდა, მას უნდა სცოდნოდა. ატყდა გაუთავებელი სროლა. მაშინ დაიჭრა რომან გვენცაძე   და კიდევ ბევრი. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. მამა ყველაფრის მომსწრეა. ის იძახის, რომ შევარდნაძის დროს ძალიან ბევრი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  მაღალჩინოსნებიც, რაც არავინ იცის.  
– გამსახურდიასთან რა უთანხმოება ჰქონდა, რატომ დაუპირისპირდა. ხომ კარგად იყვნენ ერთმანეთთან?   
– ზვიადის დროსაც ამბობდა ხმამაღლა, რაც იყო. ეუბნებოდა:  ზვიად, მე შენ ჯარს არ დაგაშლევინებ და მილიციად არ გადაგაკეთებინებო. ზვიადის და მამაჩემის შეჯახება მოხდა ჯარის საკითხზე, სხვა არაფერზე. ზვიადს უნდოდა, ეროვნული გვარდია  მილიციად გადაეკეთებინა. მთელი ოჯახი გვერდით ვედექით ზვიადს, როცა ეროვნულ მოძრაობასთან ერთად მოვიდა, იმიტომ რომ, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდით. პირველი მაჩვენებელი დამოუკიდებლობისა კი იყო ეროვნული გვარდია. თენგიზ კიტოვანმა შექმნა საქართველოს შეიარაღებული ძალები, თორემ საქართველოს ჯარი არ ეყოლებოდა. როგორც მამაჩემი ამბობს, ზვიადს მანანასი ეშინოდაო. მართლა ასე იყო. თქვენც არ იცით, რა გააკეთა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მოიპარა, რომელზეც მამაჩემს აქვს ხელი მოწერილი და პირველი მოწვევის პარლამენტმა მიიღო. დღემდე არ არის ორიგინალი არქივში. თენგიზს უყვარდა ზვიადი და გული შესტკიოდა მაშინაც, როცა მის გვერდით აღარ იყო. არ მიატოვებდა, არ არსებობს,  მაგათ მოუვიდათ იდეოლოგიური დაჯახება. 26 მაისს ჩატარდა არნახული სამხედრო აღლუმი. 16 ათას ჯარისკაცს ჩააცვა, დაახურა, შეაიარაღა და ჩამოაყალიბა როგორც ჯარი. თენგო ვერ იტანს ადამიანების დაჩაგვრას,  უსამართლობას. ყოველთვის ამბობდა სიმართლეს. ვეუბნებოდი:  შენ არ გაქვს, მამა, არანაირი საბუთი იმისა, რასაც ამბობ-მეთქი. მაგრამ, ამბობს: მე მანდ ვიყავი, ფაქტობრივად, პირველი და ყველა საბუთი ჩემს ხელში იყოო.
– ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ზვიადის მკვლელობაზე  სიმართლე იცის. პირდაპირ ამბობს, ვინც მოკლა. ასევე, პირდაპირ ამბობს, ჯაბა იოსელიანზეც, რომ ის მოკლულია.          
– დიახ, ზვიადის მკვლელობასთან დაკავშირებითაც თავისი არგუმენტები აქვს.  
– რაც შეეხება „მხედრიონს“. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კიტოვანი მათთან ერთად იყო, როცა სამეგრელოში დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ და ღლეტდნენ ადამიანებს. ამაზე რა იცით?  
–  აბრალებენ თენგოს, ვითომ „მხედრიონთან“ ერთად იყო, ვითომ მთელი სამეგრელო ააწიოკა. ესეც იცით, როგორი ტყუილია?.. შანსი არაა, მამაჩემმა ვინმე აწამოს და ააწიოკოს. მაგ სიბინძურეში არსოდეს მიიღებდა მონაწილეობას. სულ სხვადასხვა პოზიციაზე იდგნენ ჯაბა და თენგიზი, სულ ჩხუბობდნენ. ნამდვილად ადამიანურად მოიქცა მამა,  როცა ჯაბა გაათავისუფლა (ზვიადმა ცეცხლი მოუკიდა ციხეს, სადაც ჯაბა და ჭანტურია ისხდნენ – ავტორი).  ამის მერე გაერთიანდნენ, თორემ მამას ჯაბასთან უთანხმოება მაგ ფაქტორით იყო განპირობებული სწორედ, რომ რაღაც საოცრებებს ყვებოდნენ „მხედრიონზე“.  
– ხვალ რომ მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელმაც შეიძლება, იმ სისხლიანი წლების გადახედვა მოინდომოს და ამ ცალკეული პიროვნებების გასამრთლება. იმიტომ რომ, ეს ომი კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ჩვენებმა იქ გააკეთეს, თუ გიფიქრიათ ამაზე?      
– სამართლებრივი ბრალდება რომ წამოვიდეს ძალიანაც კარგი იქნება. მე, მაგალითად, თენგოს ადგილას, ვუჩივლებდი ამ პროპაგანდისტებს, ვინც მას ცილი დასწამა და საქვეყნოდ გამართლდებოდა ყველაფერში. ასე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ შევარდნაძის ბრძანებით შევიდა აფხაზეთში თენგიზი, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს.
– და მაინც, თენგიზ კიტოვანი, ხალხის აზრით, არის რუსეთის აგენტი.
– ვინც აპირებდა ქართული ჯარის დაშლას, სწორედ ის იყო რუსეთის აგენტი. ზუსტად ვიცი, რომ  მაგ ცილისწამებაზე ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც ასე, ხელაღებით თენგიზზე რამეს ამბობს. ფაქტები დევს.    
– როგორ ფიქრობთ, როდის დაუშვა მამათქვენმა შეცდომა?
– უნდა გადამდგარიყო და არ შესულიყო აფხაზეთში. არ უნდა შეესრულებინა ეს ბრძანება. უნდა გაეთვალა, რომ შევარდნაძე ჩამოსული იყო როგორც ამერიკის პროექტი. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რომ ეს ომი მაინც საქართველოს დაშლისკენ იყო მიმართული. ჩვენ ვერაფერი ვერ მოვიგეთ.  
– ახლა როგორია მისი ყოფა?    
– ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს. ნახატებს ყიდის. ზოგჯერ მე ვუგზავნი პროდუქტებს და ფულს. სხვათა შორის, ძალიან კარგად ხატავს – უდაბნო, კოსმოსი, პინგვინები. პინგვინებზე გიჟდება ივანიშვილივით.  
–  სახატავი მასალები რომ ძალიან ძვირია, როგორ ახერხებს შეძენას?
– ნახატებს რომ გაყიდის, იმით ყიდულობს. თან, იქ ქართველი მეგობრებიც ჰყავს, იგივე  ზურა წერეთელი. მამაჩემს თუ როდესმე რამე ჰქონია, ყოველთვის ზურა იდგა სათავეში.
– მამათქვენი მხატვარია. მოხდა ისე, რომ ხატვას თავი დაანება და პოლიტიკაში ჩაერთო. არასდროს გითქვამთ მისთვის, პოლიტიკაში არ გარეულიყო?
– არა, არასდროს. მამაჩემი არ გაუშვებდა ყურადღების მიღმა მნიშვნელოვან მოვლენებს. თან ისეთი პერიოდი იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის დაიწყო ხომ ყველაფერი?  ზვიადი და თენგო კლასელები იყვნენ. პირველი სკოლიდან მოდიოდნენ. იცით, უფრო როდის ვეუბნებოდით? შევარდნაძის დროს.  სულ იძახდა ამდენი მკვლელობები ხდებაო. ჩვენ ვეუბნებოდით, არ გინდა, ნუ ამბობ, მაინც არაფერი შეიცვლებაო. სულ ამბობდა, რისკის ქვეშ აყენებდა თავის თავსაც და ოჯახსაც.  
– ახლა უკვე ყველაფერს ჩამოშორდა, როგორც ვიცი.
– კი, ჩამოშორებულია. თავისთვის არის, მაგრამ მაინც სულ აინტერესებს მიმდინარე მოვლენები, სულ ტელევიზორს უყურებს. ყურში ძალიან ცუდად ესმის, მაგრამ მაინც. ახლა დამირეკა და მითხრა: საქართველომ თურქეთთან ძალიან ცუდ რაღაცას მოაწერა ხელი. არ შეიძლება, საქართველო მუსლიმანური სახელმწიფოების შუაში აღმოჩნდეს აბსოლუტურად დაუცველიო. როგორმე სამღვდელოებასა და  პატრიარქს უნდა შევატყობინოთ. სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავერკვიე კარგად, რა ხელშეკრულებაზე ლაპარაკობს. მაგრამ, როგორც ამბობს, ეს თურმე ძალიან საშიშია.
– 78 წლისაა, მგონი, მაგრამ, რომ შესთავაზონ, ისევ რაიმე თანამდებობა,  როგორ ფიქრობთ, დათანხმდება?  
– არა, მამაჩემს არ აქვს არავისთან ყოფნის სურვილი. არც თავდაცვის მინისტრობა უნდა და არც პოლიტიკა. თენგოს ახლა ყველაზე მეტად უნდა, რომ საქმეები აეწყოს. განიცდის, უნდა, რომ თავისი ფული ჰქონდეს. იქ ძალიან ძნელია ცხოვრება, მარტო ბენზინში რამდენი ფული მისდის.   
– თავისი საქმეები აეწყოსო, თქვით.  რა საქმეები, ბიზნესს ხომ არ იწყებს?
– ბიზნესი უნდა, კი. აი, ერთხელ დამირეკა და მკითხა, რა აზრის ხარ, ლიმონი და მანდარინი რომ შემოვიტანოთ აქო. ნამდვილად კარგი აზრი იყო, მაგრამ არაფერი გამოგვდის. ფული უნდა ამ ყველაფერს და მაგის საშუალება თენგოს არ აქვს.
– მისი ფიზიკურად განადგურების საფრთხე დამდგარა როდისმე?
– კი, ესროლეს, ოღონდ ეს ადრე იყო, ზვიად გამსახურდიამდე. მე არ ვიცი, თვითონ იცის, ვინ ესროლა. ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სადარბაზოში დახვდნენ. სხვათა შორის, არ იყო მძიმედ. წამოდგა და თვითონ წავიდა. ის ტყვიები გაჩერდა, თავში არ შეუვიდა. ყველას აპატია.  
– პატარა გადახვევას გავაკეთებ. თქვენზე არავინ არაფერი იცის – ის, რომ ჯერ გურამ ფანჯიკიძის შვილის, ლაშა ფანჯიკიძის მეუღლე იყავით, შემდეგ ახლანდელი კულტურის მინისტრის, მიშა გიორგაძის, რომელთანაც 16 წელი გაატარეთ. თქვენი მესამე ქმარი კი ახლა გურამ ვაშაკიძეა. გყავთ ორი ქალიშვილი პირველი და მეორე მეუღლისგან. ისევ გავაგრძელოთ მამაზე. თქვენ თქვით, რომ მამას ეხმარებით. სულ ახლახან კი, ერთ-ერთ პარტიას შესწირეთ 45 ათასი ლარი. სად მუშაობთ?   
– რაღაც საქმე მაქვს წამოწყებული და ვეხმარები თენგოს,  დიდი არაფერი. რაც შეეხება შემოწირულობას. ძალიან მინდა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა,“ დათო თარხან-მოურავმა მართოს ქვეყანა. ეს ადამიანი ჩემთვის არის ნამდვილი ქართველი, ეროვნული, ტრადიციების მიმდევარი კაცი. იცის როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. გიორგი სააკაძის შთამომავალია. 45 ათასი ლარი კი არა, მილიონი რომ მქონდეს, იმას შევწირავდი.
– მამა მემუარების დაწერას არ აპირებს?  
– ძალიან მინდა მე დავწერო ეს მემუარები თენგიზზე. მე  გავუკეთებ  ორგანიზებას, თვითონ კი დაჯდეს და მოყვეს ყველაფერი, რა და როგორც იყო. იმიტომ რომ ძალიან დამღალა უსამართლობამ. „გულაობენ” თენგოზე.

скачать dle 11.3