ვის დაეძებს ქეთი ქარდავა ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ და როგორ გახდა ის ღირსების ორდენის „რეკორდსმენი”
გასულ კვირას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპული ბიუროს ჟურნალისტი ქეთი ქარდავა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ის უკვე მეორედ გახდა ამ ორდენის კავალერი. ბრიუსელის ტერაქტის ეპიცენტრში მოხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 22 მარტის ტერაქტი, 12 უნიკალური კადრი და ემოციები ცნობილ ჟურნალისტს დღემდე მძაფრად შემორჩა. ქეთი ამ ისტორიის შესახებ ჩვენთან ექსკლუზიურად საუბრობს.
ქეთი ქარდავა: ჩემთვის სიურპრიზი იყო ის, რომ პრეზიდენტი ჩემს დაჯილდოებას აპირებდა ღირსების ორდენით. პირად საქმეებზე ვიყავი ჩამოსული თბილისში, დამირეკეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლა მთხოვეს. ვიფიქრე, ჟურნალისტებთან იყო შეხვედრა მოახლოებულ „ნატოს“ სამიტთან დაკავშირებით და კიდევ ათასი რამ გავიფიქრე. მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციაში ჩემი ახლო მეგობარი მუშაობს, მან ასევე არაფერი იცოდა. მისთვის ეს ამბავი „გასაიდუმლოებული” იყო (იცინის). ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ ყველგან დავდივარ ჟურნალ-გაზეთებით, ტერაქტის მასალებით რომ არის სავსე და ჩემზეც ბევრი დაიწერა მათში. მაინცდამაინც ადმინისტრაციაში მივედი ჟურნალ-გაზეთების გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, მომკითხეს. ჩემთვის დიდი პატივია ღირსების ორდენის კავალრობა. ახალი ხელისუფლების პირობებში მე ვარ პირველი ჟურნალისტი, ვინც ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
– მეორედ გახდი ღირსების ორდენის კავალერი, ამ მხრივ „რეკორდსმენი” ხარ.
– ასე გამოვიდა (იცინის). პირველი ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ევროპული მოვლენების გაშუქებისთვის, რაც ახლანდელი პრეზიდენტისთვის სიურპრიზი იყო – არ იცოდნენ ამის შესახებ. ის ორდენი, ბრიუსელში გამომიგზავნეს, ახლა პირადად გადმომცა გიორგი მარგველაშვილმა. ძალიან მიხარია, რომ დაფასდა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის შრომა. ვინაიდან აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, მესამე ორდენსაც დაველოდები, თუმცა როგორც ვიცი, მესამედ ღირსების ორდენით დაჯილდოება არ შეიძლება, რამე უნდა „მოვიფიქროთ” (იცინის).
– ამჯერად დაჯილდოვდი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ბრიუსელის ტერაქტის დროს, სადაც შენ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდი. შენ იყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო შემთხვევის ადგილიდან.
– ერთ-ერთმა პირველმა არა, პირველმა. ყველაფერი ისე აეწყო, რომ მე იმ დროს იქ, ზავენტემის აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი. ჟენევაში მივფრინავდი ოპერატორის გარეშე. მივედი აეროპორტში დილით. რეისზე, რომელიც რვა საათზე იყო, ბილეთის ყიდვა ვერ მოვასწარი. მე რომ პირველი რეისით გავფრენილიყავი, ტერაქტის დროს იქ არ აღმოვჩნდებოდი. სხვა ბილეთის ძებნა დავიწყე, რამდენიმე ავიაკომპანიის ოფისთან მივედი, ყველამ გამაგზავნა იმ წერტილში, სადაც ტერაქტი მოხდა. მე რომ ბილეთი სხვაგან მეყიდა, აფეთქების ხმას კი გავიგონებდი, მაგრამ ეპიცენტრიდან მაინც შორს ვიქნებოდი. 20 წუთი მქონდა დრო, აეროპორტში არის სტარბაქსის კაფე, აბსოლუტურად ყველა, ვინც აეროპორტში ხვდება, ყავას სვამს ამ კაფეში. ეს ჩემთვისაც ჩვეულებრივი ამბავია. რატომღაც იმ დღეს ეს ტრადიცია დავარღვიე – ვიფიქრე, ჯერ ბილეთი ამეღო და ყავა მერე დამელია. მე რომ კაფეში შევსულიყავი, ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი – აფეთქება სტარბაქსის წინ მოხდა. ბევრმა ვერ შეძლო კაფედან გამოსვლა და იქვე დაიღუპა. მე დავინახე ჩანთა, რომელიც აფეთქდა. ტელეფონზე ვესაუბრებოდი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯერს და ინსტინქტურად ვიყურებოდი აქეთ-იქით. დავინახე შავი ჩანთა, რომელიც იდო ტაბლოს წინ. ასეთი რამ მეც გამიკეთებია, ჩანთა დამიტოვებია და გავსულვარ. ალბათ, ამიტომ მიიქცია იმ ჩანთამ ჩემი ყურადღება, თუმცა ის ჩანთა თვალს ცუდად მოხვდა. ამ დროს სამხედრო პატრულმა გამოიარა. ვიფიქრე, ისინი მიაქცევდნენ ჩანთას ყურადღებას და ამის გაფიქრება მოვასწარი – უცებ მოხდა აფეთქება. იმ წამებში მქონდა აბსოლუტური შოკი. მივხვდი, რაც მოხდა. მერე, როდესაც ტერაქტის დროს დაჭრილებს ვესაუბრებოდი, ისინი მეუბნებოდნენ, რომ ვერ მიხვდნენ, რა მოხდა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. შოკის მიუხედავად, რაც პირველ წუთებში მქონდა, მე არ გავქცეულვარ. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. იმის მიუხედავად, რომ არანაირი ინსტრუქტაჟი არ მქონია გავლილი და ეს ყველაფერი ტერაქტის მერე გავიგე, ჩემზე ხუმრობდნენ კიდეც, ახლა შენ ინსტრუქტაჟი რაღად გინდა, ჩვენ უნდა გვასწავლიდე, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთო (იცინის). მერე, როგორც პოლიციელებმა მითხრეს, ჩემი ინსტინქტი აღმოჩნდა სწორი. ტერაქტების ისტორიის მიხედვით, ყოველთვის ასეა – ერთი აფეთქების შემდეგ ადამიანები მირბიან ხმის საწინააღმდეგო მხარეს, სადაც ხდება სწორედ მეორე აფეთქება. ასე მოხდა ზავენტემის აეროპორტშიც. მე ვიყურებოდი აქეთ-იქით და მხოლოდ მეორე აფეთქების შემდეგ მივხვდი, რომ უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. მთელი ჩემი ყურადღება მიმართული იყო ზევით, საიდანაც აეროპორტის ნაფლეთების, ფანჯრების, „სინკარების,” მინის ნამსხვრევების „წვიმა” წამოვიდა.
– და შენ ამ დროს დაიწყე გადაღება კადრების, რომელიც მოხვდა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. როგორ გითხრა, იღბლიანი ყოფილხარ, იქ რომ მოხვდი-მეთქი.
– იღბლიანი აღმოვჩნდი იმით, რომ გადავრჩი. იმის მიუხედავად, რომ ასეთი რამ მოხდა, ამას ვერ ვიტყვი, რომ იქ მოხვედრა იღბალი იყო. თუმცა, ამ ისტორიამ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. მე ვყოფილვარ ცხელ წერტილებში. კიევში ვიყავი იმ დროს, როცა ერთ დღეს 100 კაცი დაიღუპა. მაშინაც ახლოს ვიყავი მოვლენების ეპიცენტრთან, მაგრამ მაშინ არ იყო ისეთი საფრთხე, რაც ტერაქტის დროს გადავიტანე. ეს იყო განსხვავებული სიტუაცია. არ ვიცი რა დამემართა, შიში არ მიგრძნია. ჩემ გარშემო ვხედავდი უამრავ დაჭრილს და ვყვიროდი მხოლოდ ერთ სიტყვას; ექიმები: რამდენიმე მეტრში, ვერაფერს ხედავდი, კვამლისგან ხილვადობა საერთოდ არ იყო. იქ, სადაც წუთების წინ უამრავი ხალხი იდგა რიგში, აღარავინ ჩანდა – ეს იყო საშინელი განცდა. საპირისპირო მხარეს დავინახე ფოტოჯიხური, სადაც მეც გადამიღია ფოტო საბუთებისთვის. შევვარდი იმ ჯიხურში, რომ ზემოდან წამოსული მინის ნამსხვრევებისგან თავი დამეცვა. არ ვიცი, რატომ, ინსტინქტურად, ჯიხურში შესულმა ის მოკლე ფარდაც კი გადავწიე, რაც ჯიხურს ჰქონდა (იცინის). ჯიხურის წინ იდგა ხანდაზმული იაპონელი ქალი, რომელიც აქეთ-იქით არაადეკვატურად იყურებოდა. იმ ქალბატონსაც შევთავაზე ჯიხურში შემოსულიყო – თან ეშინოდა, თან უნდოდა შემოსვლა. ბოლოს დამთანხმდა, თუმცა როგორ გამოვედით ჯიხურიდან, არ მახსოვს. ფოტოჯიხურიდან დავდე პირველი ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. ჩემი პირველი ფოტო გადაღებულია რვა საათსა და სამ წუთზე, აფეთქებიდან სამ წუთში. პირველი ფოტო იყო სებასტიანი, ამ დროს გადავიღე დაჭრილი, სისხლიანი ქალბატონი ყვითელ ტანსაცმელში.
– ეს ფოტო მოხვდა „ნიუ-იორკ თაიმსის” პირველ გვერდზე. როგორც ვიცი, შენსა და სებასტიანს შორის, ახლო ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
– სებასტიანი იყო პირველი, ვისაც ფოტო გადავუღე. ის ბრაზილიაშია დაბადებული, თუმცა ბელგიის მოქალაქეა. ის, ტერაქტის პირველივე წუთებში გადავიღე. სებასტიანი იყო პირველი გმირი, რომელსაც შევხვდი. მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონი თხოვნა ჰქონდა მიღებული, რომ ჩვენი შეხვედრა გადაეღოთ, მაგრამ მხოლოდ კანადის ტელევიზიას დასთანხმდა. მასთან შეხვედრა ძალიან გამიჭირდა. საავადმყოფოს მაღაზიასთან გავჩერდი, დიდხანს ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა მისთვის – ვიყიდე ვარდისფერი სპილო და ყავისფერი დათვი მისი ქალიშვილებისთვის. ამ სათამაშოებით მივედი საავადმყოფოს პალატაში, მაგრამ ოთახში შესვლა ძალიან მიჭირდა. სებასტიანი რომ დავინახე, ემოციები ვერ დავფარე. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დღეში რამდენჯერმე ვწერთ ერთმანეთს. ვესაუბრები მის მეუღლეს, ორ დღეში ერთხელ მაინც მივდივარ მასთან საავადმყოფოში, რაც ძალიან ახარებს.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი „აიფონით” გადაღებული ფოტოები მოხვდებოდა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. სულ გადავიღე 12 ფოტო და ეს გავაკეთე 60 წამში – იმ დროს, როცა სამხედროებს გავყავდით აეროპორტიდან. როგორც კი მივხვდი, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, დაიწყო და რა დაიწყო... საიდან აღარ მირეკავდნენ. იყო ზარები ისრაელიდან, ეგვიპტიდან, აფრიკიდან, პალესტინიდან. საბედნიეროდ, ჩემი „აიფონი” დატენილი იყო, თავის ბანკიანად. ასე რომ, მთელი დღე ჩემი ტელეფონი გმირულად მემსახურა. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახლის წინ დადგებოდა იმ ჟურნალისტების რიგი, რომელთაც მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი, ან ერთად ვმდგარვართ ჩართვებზე. ჩვენი სახლის კონსიერჟი, ამდენი კამერის დანახვით, გაგიჟებული იყო (იცინის). ძალიან ბევრი გამოცემა მირეკავდა და მთხოვდნენ ნებართვას, გამოეყენებინათ ჩემი ფოტოები. ყველა ელოდა, რომ ამ ფოტოებს გავყიდდი. მქონდა შემოთავაზებები, თითო ფოტოში 5 ათას ევროს მთავაზობდნენ, მაგრამ აი, აქ გამოჩნდა ჩემი ქართული ხასიათი – ისე მივეცი ყველას ჩემი გადაღებული ფოტოები, ერთი წუთითაც არ მიფიქრია ამაზე. როდესაც გვიან, ღამით სახლში მივედი, მაშინ მივხვდი, რა გადავიტანე მთელი დღის განმავლობაში. იმ დღის შემდეგ ყურსასმენს ვეღარ ვიკეთებ. მგონია, ამ დროს რაღაც მოხდება და ეს ხმა მე გამომრჩება. ღამით კოშმარები მაწუხებდა. ექიმმა მითხრა, რომ ეს სტრესის შედეგია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამივლის.
– შენ იპოვე შენი ფოტოების თითქმის ყველა პერსონაჟი. რატომ გადაწყვიტე ამის გაკეთება?
– გარდა პროფესიული ინტერესისა, ეს იყო ძალიან მძაფრი ემოციური დამოკიდებულება. მე ვიპოვე ყველა ჩემი გმირი, გარდა ერთისა, ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი ხელჩანთით, რომელიც დაჭრილს ისე ჩაუვლის გვერდით, რომ არც კი უყურებს. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანსაც აუცილებლად ვიპოვი. პოლიციაშიც მაქვს გაცხადებული მის შესახებ. ძალიან გამიხარდა, როცა „ფეისბუქზე” მივიღე წერილი ახალგაზრდა სტუდენტისა, რომელიც ასევე მოხვდა ჩემს კადრში. ვგეგმავ, ჩავიდე მუმბაიში და შევხვდე ქალბატონს – ინდოეთის ავიახაზების სტიუარდესას, რომელიც 46 დღე იყო კომაში. ის 25 წელია, ამ ავიაკომპანიაში მუშაობს. მათგან სამადლობელი წერილი მივიღე. ქალბატონი, რომელმაც პირველი კომენტარის გაკეთებისას მხოლოდ სამი სიტყვა თქვა: „ამ ფოტომ გადამარჩინა,” – იქცა ამ ტერაქტის სახედ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფილმის გაკეთება, რომელშიც ყველა ჩემი გმირი მოხვდება საკუთარი ისტორიებით. ფილმი ტიტრებით გავა რამდენიმე ცნობილი ტელეკომპანიის ეთერით. ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო იქნება ის, რაც ჯერ არ გადამიღია.