სანდრო ბაზაძეს უნდა, რომ მისმა შეყვარებულმაც დაიწყოს ფარიკაობაში ვარჯიში
ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე 23-წლამდე მოასპარეზეთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ახალგაზრდებს შორის კონტინენტის პირველობა უკვე მესამედ მოიგო. ტურნირი ბულგარეთში, პლოვდივში გაიმართა. სანდრომ ფინალში იტალიელი მეტოქე 15:10 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და ოცწლიანი პაუზის შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი იქნება რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. აღსანიშნავია, რომ ის მერაბ ბაზაძის, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის შვილია.
სანდრო ბაზაძე: თავიდან, არ მინდოდა ფარიკაობა, თან ფეხბურთზე დავდიოდი. შემდეგ ჩემმა ძმამ და მამიდაშვილმა დაიწყეს ამ სპორტზე სიარული. მერე მეც დავინტერესდი. პირველად, დარბაზში რომ მივედი, საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. მომეწონა და მამაჩემს ვუთხარი, ორ სპორტზე ვივლი-მეთქი. ასე, ნელ-ნელა დავიწყე ვარჯიში. მერე იმდენად მომეწონა, ფეხბურთს გავანებე თავი და მარტო ფარიკაობას გავყევი. ერთი წლის დაწყებული მქონდა ვარჯში, საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. საერთო ჯამში, რვა წელია, ვფარიკაობ და წარმატებები ამ ეტაპისთვის საკმარისად მაქვს. ზოგადად, ფარიკაობაში ბრძოლის სამი სახეობაა: დაშნა, რაპირა და ხმალი. პირველად სამივე დამაჭერინეს და რომელიც მოგეწონება, ის აირჩიეო. ხმალს რომ მოვკიდე ხელი, აღარ გავუშვი. უფრო მამაკაცურია, თან მამაჩემიც ხმლით ასპარეზობდა. ძალიან ემოციური სპორტია, რთულია წარმატების მიღწევა, დიდ შრომას მოითხოვს. ერთი წლის წინ გერმანიაში ვიყავი. იქ ისეთი ვარჯიშები მქონდა, ძილის გარდა ვერაფერს ვასწრებდი. 8 საათს ვვარჯიშობდი დღის განმავლობაში – მარტო ვჭამდი და მეძინა. ამ სპორტში წლის განმავლობაში 12 მსოფლიო თასია. ასეთ რეჟიმში ცხოვრება ძალიან რთულია.
– სამგზის ევროპის ჩემპიონი გახდი. რთული იყო ეს შეხვედრა?
– დიახ, მესამედ გავხდი ჩემპიონი. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემთვის 2013 წელს იყო, როცა პირველად მოვიგე ევროპა. მაშინ, არავინ ელოდებოდა ჩემს გამარჯვებას. თხუთმეტ ქულამდე იყო ორთაბრძოლა და თოთხმეტით ათს ვაგებდი. ბოლო წუთებში დავამარცხე მოწინააღმდეგე. გაგიჟებულები ვიყავით. შემდეგ 2014 წელს გავიმეორე. ერთი წელი ჩავარდნა მქონდა. მსოფლიო თასიც მოვიგე და ახლა, ისევ გავხდი ევროპის ჩემპიონი. წლევანდელი ჩემპიონატიდან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვე. ეს უდიდესი რამეა. ჩემი ოცნება იყო ოლიმპიადაზე ასპარეზობა და სანახევროდ ავიხდინე. ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებ ოლიმპიადაზე. რთული ტურნირი იყო. ჯგუფშიც ყველა დავამარცხე. ძალიან მინდოდა, სამგზის ევროპის ჩემპიონი გავმხდარიყავი. მომზადებული და მობილიზებული ვიყავი. რაც ყველაზე მთავარია, შარშანწინ ევროპაზე დავამარცხე რუსი სპორტსმენი. წელს ნახევარფინალში ისევ ის შემხვდა და კვლავ მოვუგე. ფინალში უკვე იტალიელს შევხვდი და ჩემი გამარჯვებით დასრულდა ტურნირი.
– ბურთიდან ხმალზე გადასვლა ცოტა უცნაურია. ფეხბურთი ასე მარტივად დათმე?
– კონკრეტულად ვერ გეტყვით პასუხს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე გამოვიდა. აქ ვიპოვე ჩემი თავი, თან ყოველთვის ინდივიდუალური სპორტი მომწონდა. როცა საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, სხვა რამეა, ფეხბურთი მაინც გუნდურია. აქაც არის გუნდური ტურნირები, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული.
– მამა საქართველოს ნაკრების მწვრთნელია. მისი გავლენაც ხომ არ იყო, ფარიკაობა რომ აირჩიე?
– არა, გავლენა არ ყოფილა. როცა ვუთხარი, ფარიკაობაზე მინდა სიარული-მეთქი, გაუკვირდა, მერე – გაუხარდა. თვითონაც ტიტულოვანი სპორტსმენი იყო და სურვილი ჰქონდა, მისი გზა გამეგრძელებინა, მაგრამ არასდროს დაუძალებია. ჩემით რომ მივიღე გადაწყვეტილება, ძალიან ესიამოვნა.
– როგორ ვარჯიშობთ მამა-შვილი?
– თავიდანვე მამასთან დავიწყე ვარჯიში. 15 წლის ვიყავი, ხმალი პირველად რომ დავიჭირე ხელში და მამამ მასწავლა ყველაფერი, რაც ამ სპორტს უკავშირდება. სასიამოვნოა ჩემთვის მასთან ერთად ვარჯიში, ამით არანაირი პრობლემა არ მექმნება. არის შემთხვევები, როცა მამას, როგორც მწვრთნელს ისე ვუყურებ (იცინის). შეიძლება, ვიღაცას მიაჩნდეს, რომ მაინც მამაა და ლმობიერად მექცევა ვარჯიშის დროს ან რაიმე მსგავსი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე არ არის. ძალიან მკაცრი მწვრთნელი და საკუთარი საქმის პორფესიონალია.
– სპორტის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– 22 წლის ვარ და ჯერჯერობით, ისეთ დონეზეა ჩემი სპორტული კარიერა, მხოლოდ მას ვაქცევ ყურადღებას. ახლა ვაპირებ სპორტის აკადემიაში ჩაბარებას და ვნახოთ, რა იქნება. სამომავლოდ, მინდა, ფარიკაობას ბოლომდე გავყვე. 33 წლამდე შემიძლია, აქტიურ სპორტში ვიყო. მიყვარს ეს საქმე, ჩემი ცხოვრებაა.
– სავარჯიშო დარბაზიდან სახლში რომ ბრუნდებით, ისევ სპორტზე საუბრობთ?
– ახლა უფრო აღარ (იცინის). მე ჩემს ოთახში ვარ, ბრძოლებს ვუყურებ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. არის სპორტზე საუბარიც. მამაჩემი დაგვიჯდება და გვიხსნის, ასე უნდა გააკეთოთ, ასე უმჯობესიაო. მუდმივი მწვრთნელი გვყავს (იცინის).
– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული მყავს და ძალიან ლამაზი გოგონაა. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ცოლად მოყვანას, მაგრამ ძალიან მიყვარს და სამომავლოდ, აუცილებლად შევქმნით ოჯახს. ჩემი შეყვარებული გამაცნო ჩემმა ძმაკაცმა. მისი კლასელი იყო და მომეწონა. ბათუმში გავიცანით ერთმანეთი და უკვე ერთი წელია, ერთად ვართ. მის დაბადების დღეზე ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ძალიან კარგი და კეთილი გოგოა.
– ალბათ, ყველაზე მეტად გგულშემატკივრობს.
– კი, ჩემი პირველი გულშემატკივარია. ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა და არანაირ პრობლემას არ მიქმნის. თუ მართლა ვუყვარვარ, ეს ეტაპიც არ უნდა იყოს მისთვის რთული. ვუგებთ ერთმანეთს და კარგად ვართ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.
– ისიც მოფარიკავე ხომ არაა?
– არა (იცინის). ვეუბნები, დაიწყე და ერთად ვიაროთ შეჯიბრებებზე, შენც მოიგებ და მეც-მეთქი. მაგრამ, რა ვიცი, აბა... სამოყვარულოზე შეუძლია, თან მე თვითონაც მინდა, რომ იაროს (იცინის). ჯერ სწავლობს და დრო არ აქვს.