როგორ იძიებდა შურს პაკისტანის გურჯი პოლკოვნიკი წინაპართა მტრების შთამომავლებზე
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ციხეში მოხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის რიგაში წავიდა თავისი გერმანელი ცოლის ნათესავებთან, მერე პრაღაში გაემგზავრა და ასე მოხვდა ემიგრაციაში.
ჰიტლერის მთავრობის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესახებ, ემიგრაციაში მყოფი ქართველი მამულიშვილების უდიდესმა ნაწილმა რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან საქართველოს გამოხსნის შანსად ჩათვალა. პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე და მისი ვაჟი, ლეიტენანტი გაიოზი, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. შალვა მაღლაკელიძემ მიხეილ წულუკიძესთან, სოლომონ ზალდასტანთან და სხვა პატრიოტებთან ერთად, დააარსა „მესამე რაიხის ქართული ლეგიონი,” რომლის მეთაურიც მაღლაკელიძე გახდა.
ლეგიონში იღებდნენ ყველას, ვინც საქართველოდან იყო და ვინც იბრძოლებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 1944 წელს მაღლაკელიძეს გერმანელებმა გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. მაღლაკელიძის მეცადინეობით, უამრავი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი გადარჩა დახვრეტასა და საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრას და ქართული ლეგიონის წევრი გახდა. შალვა მაღლაკელიძემ მოახერხა და ომის მსვლელობის კარგა ხნის განმავლობაში ქართული ლეგიონი არ იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ლეგიონი განიხილებოდა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალ ჯარად, რომელიც გერმანელების მიერ საქართველოს გათავისუფლების მერე უნდა ჩამდგარიყო გარნიზონად ჩვენს ქვეყანაში.
ომის მერე სტალინმა შალვა მაღლაკელიძისა და 12 გენერლის გადაცემა მოითხოვა, მაგრამ გაიოზმა მოახერხა და ამერიკელებმა გაუშვეს მამამისი. ყოფილმა გენერალ-გუბერნატორმა იტალიაში მეორედ იქორწინა პოლონეთში დაბადებულ ქართველზე, მარიამ ცოტაძეზე. საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბატოს დახმარებით, მაღლაკელიძე დაინიშნა პაკისტანის არმიის ხელმძღვანელის, გენერალ აიუბი-ხანის მრჩევლად (აიუბი-ხანი მერე პრეზიდენტი გახდა), იტალიელი გენერლის ამადარის გვარით. პაკისტანში ყოფნის დროს მაღლაკელიძემ გაიცნო ერთი იქაური პოლკოვნიკი, რომელიც ფერეიდნელი ქართველების შთამომავალი აღმოჩნდა.
გთავაზობთ ძალიან საინტერესო მოგონებას მაღლაკელიძის ცხოვრებიდან, რომელიც დაკავშირებულია პაკისტანში მისი ყოფნის პერიოდთან:
„...ჩემს ცოლს მეგობარი ქალი ჰყავდა იქ (პაკისტანში), იტალიელი, რომელიც პაკისტანელი პოლკოვნიკის ცოლი იყო. ცოლების მეგობრობით ჩვენც დავახლოვდით... პოლკოვნიკ ახმედ ხაშმის, როგორც გითხარით, ცოლი იტალიელი ჰყავდა, რომელიც ქმრის სიყვარულის გამო სულ მის ადათ-წესებზე იყო გადასული. თავის ბავშვებს ურდუს ენაზე ელაპარაკებოდა. თვითონ ხაშმიზე ხმა დადიოდა, რომ წარმოშობით არაბი იყო – სხვებს იქ არ ჰქონდათ სახელთან ერთად გვარიც.
და, აი, ამ ხაშმიმ, ერთ მშვენიერ დღეს, განმიცხადა, რომ ქართველი იყო, გურჯი იყო ფერეიდნიდან, უფრო სწორად, მამამისი ყოფილა იქიდან გადმოსული. მამამისი გამხდარა დიდი სასულიერო პირი, რაღაც წმინდანის მსგავსი და მას „პირ“-ად იხსენიებდნენ. ეს გვარი, ხაშმი, მამაჩემს ჰქონდაო და მეც ვატარებო. მე კი ვიფიქრე, ალბათ, ჩვენეული სოფელ ხაშმიდან იყვნენ ამათი წინაპრები და აქედან წარმოდგა მათი გვარიც-მეთქი. ამ ახმედმა მამამისის საფლავიც მაჩვენა – დიდი კედლებით იყო გადმოკიდებული.
იმ მიდამოებში ხეები არ არის შეშისთვის და ბორცვებზე მხოლოდ ბუჩქები იზრდება. აი, ამ ბუჩქების ძირებისგან აკეთებს ღატაკი ხალხი ნახშირს და მერე ყიდიან. ამას ტვირთავენ ხოლმე ვირებზე და სწორედ ასეთი ჯოგები ჩამოდიოდა ამ საფლავის მიმდებარე გზაზე. ამ საფლავთან იყო კოკებში სიცხისაგან გაცხელებული წყალი და „პირ“-ის საფლავთან ყველა გამვლელი ვალდებული იყო, წყალი დაელია და ურნაში ფული ჩაეგდო. ამას იქ მდგარი ვიღაც ჩალმიანი აკონტროლებდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ახმედ ხაშმიმ დაგვპატიჟა მუნგოს დღესასწაულზე. ეს მუნგო, აქ, ჩვენთან, მანგოს ეძახიან და კონსერვებში მინახავს, მაგრამ ვერავითარ შედარებაში ვერ მივა იქაურთან, – დიახ, ეს მუნგო როცა დამწიფდება, ყვითლდება და ისეთი დიდებული სასმელია მისი წვენი, რომ რაღაც განუმეორებელი რამ არის. ესე იგი, იქ იმართება ამის დღესასწაული, როგორც, მაგალითად, ჩვენთან რთველი რომაა, ისე. დიახ, მივედით მე და ჩემი მეუღლე, ცოტაძის ქალი და დაგვხვდნენ იქ სხვა სტუმრებიც – ინგლისელები.
შემოიტანა დიდი ლანგრით მსახურმა მუნგოები, მაგრამ, გასაკვირად, ზემოდან მწვანეები აწყვია, ესე იგი, მკვახე. რაღაც ჩაილაპარაკა ახმედმა ურდუს ენაზე, თავი მდაბლად დაუკრეს და მოართვეს მათრახი.
აქ მოხდა უსიამოვნო სცენა: გადაჰკრა და გადაკრა ძლიერ რამდენჯერმე მათრახი ახმედმა მსახურს. ის თავდახრილია, ხელები გულზე აქვს დაწყობილი და ახმედს ზურგს უშვერს. მე მეწყინა და შემრცხვა – ახმედს ქართველად ვთვლი და, ახლა ასეთი სცენა ყველას დასანახად. დამთავრდა ეს ამბავი და ახმედმა მითხრა: განგებ დავაწყობინე ეს მუნგო ზემოდან... როგორ გგონია, მე მამაჩემიდან მომდევს ყველა ამათი ზიზღი და შურს ვიძიებ როგორც გურჯიო: იქ იმათ ცხელ წყალს ვასმევ და ამათ მათრახს ვუშენო. რა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, ძნელი წარმოსადგენია ასეთი წყურვილი შურისძიებისა.
დიახ, ღირსშესანიშნავი შემდეგ იყო ცხენბურთი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე. ეს ხდებოდა სამხედრო სასწავლებლის დამთავრებულისათვის საზეიმო გამოშვების დღეს. უნდა მოგახსენოთ, რომ პაკისტანელები დიდებული ცხენოსნები არიან. ამ გამოშვების დღეს მე განსაკუთრებულ პატივს მცემდნენ – ცალკე სავარძელზე მსვამდნენ ყვავილის გვირგვინებით შემკულს. ასეთ პატივს არ სცემდნენ იქ დარჩენილ ინგლისელ სამხედროებს (ამ დროისათვის ინგლისი უკვე გასული იყო იქიდან). სიმართლე უნდა ითქვას, ის დარჩენილები ნამდვილი ინგლისელები არც იყვნენ. ნამდვილი ინგლისელები, მით უმეტეს, გენერალი, თავს არ იწუხებს სხვა ენის ცოდნით – ინგლისურად უნდა ელაპარაკო მას; ხოლო ესენი კი სულ გერმანულად მელაპარაკებოდნენ, მათი ენა – იდიში – ხომ თითქმის გერმანულია. ხოლო ესენი დარჩნენ იქ წმინდა კომერციული მოსაზრებით.
დიახ, ვზივარ ამ დღესასწაულზე და წინ ბროშურები მიწყვია სხვადასხვა ენაზე. ავიღე გერმანული ბროშურა, გადავშალე და შიგ ეწერა, რომ ცხენბურთის სამშობლოა კოლხეთი და ივერიაო. დიახ, ჩემო ბატონო, ეს ვნახე საკუთარი თვალით.
საოცარია, სიცხისაგან იქ ხე ერთ დღეს ფოთოლს დაყრის, ხოლო მეორე დღეს ისევ ამწვანდება – ჩვენს ეზოში ვაკვირდებოდი ამას.
უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუს ენაზე ერთი ანდაზა: „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“. რას ნიშნავს ახლა ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას შეუძახაბენ ხოლმე ამ ანდაზას – „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!“ – ესე იგი, ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი არა ხარო, ანუ, ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა „გურჯს“, მისი მნიშვნელობა არც კი იციან.
დიახ, შემდეგ იქ ერთი ყადისგან მოვისმინე საინტერესო რამ: პაკისტანის ერთ შორეულ პროვინციაში, რომლის დიდი ნაწილიც ინდოეთს ეკუთვნის, არის ადგილი, რომელსაც „ჯანდაბისტანს” უწოდებენ. იმ ადგილას უხსოვარი დროიდან ვეებერთელა მეტეორიტია ჩამოვარდნილი, რომლის გარკვეული ნაწილი მიწის ზევით ჩანს. ვინც მას გადაშორდებაო, ყველა იღუპება – ადამიანია ეს, ცხოველი თუ ფრინველი და, აი, გადმოცემით, ჩვენ ვიცით, რომ გურჯებმა გადააადგილეს ეს მეტეორიტი და სიცოცხლეს მეტი ტერიტორია მოუპოვესო.
არადა, მე ვფიქრობ, ჩვენში რომ არის გავრცელებული გამოთქმა „ჯანდაბას იქით იყოს მათი თავი და ტანიო“, – აქედან ხომ არ მოდის?!“